დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2319-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110000.04.001.016108 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2021 - 16/12/2022)
|
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები; ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში; გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან); დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი; ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია; ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს; თ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; ი) ოჯახის წევრი − საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; კ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობის წარმომადგენელი.
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა 1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. 2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. 3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 21 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა 1. საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. 2. საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა ნორმატიული აქტები, მისი ტერიტორიული მთლიანობა და იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგული. 4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.
მუხლი 5. მოქალაქეობის შენარჩუნება 1. საქართველოს მოქალაქის უცხოელზე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე დაქორწინება ან მასთან განქორწინება არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას. 2. ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას. 3. მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას. 4. ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მისი/მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას. 5. სხვა ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა არ იწვევს არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლას. 6. საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლების გარეთ ცხოვრება არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.
მუხლი 6. არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა 1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 2. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 3. მხარდაჭერის მიმღების (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის – თუ იგი მხარდაჭერის მიმღებია) მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 7. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა უცხოელს, რომელსაც თავისი სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლებითაც დაინტერესებულია საქართველო, და მისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, შეიძლება მიენიჭოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მისი თანხმობით.
მუხლი 8. საქართველოს მოქალაქის ფიცი პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მოიპოვა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქართულ ენაზე დებს და ხელმოწერით ადასტურებს საქართველოს ერთგულების ფიცს: „მე, (სახელი, გვარი), ვხდები საქართველოს მოქალაქე და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა სხვა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურს; ვალდებულებას ვიღებ, პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.“.
თავი II საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს: ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს; გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
მუხლი 11. უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.
მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. 2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400). 2 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით.
მუხლი 13. არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. 2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა. 3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.
მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომ − კომისია) ნორმატიული აქტით − კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 4. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება 1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების ფაქტის დადასტურების მიზნით საქმის განმხილველი ორგანო გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად. 2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს. 4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 7. (ამოღებულია - 21.07.2018, №3260).
თავი III საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
მუხლი 19. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 20. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა 1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ: ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება; ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს. 3. საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას; ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. 4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 211. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება 1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. 2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. 3. არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით. 4. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
თავი IV საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 21. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
მუხლი 23. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.
მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა 1. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. 2. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 3. თუ კომისიის წევრი სამსახურიდან თავისუფლდება იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც კომისიაში წარმოადგენს, ეს ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სამსახური. 6. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 7. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შესახებ, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 8. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით. 9. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. 10. თუ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 26. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 27. მომსახურების საფასური 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება შესაბამისი მომსახურების საფასური, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.
მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. 2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. 5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30. (ამოღებულია) მუხლი 301. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. 2. დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი № 2481 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. 2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს პირის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის სათანადო ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის სათანადო განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვს, შესაბამისად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას. 5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ.
მუხლი 31. (ამოღებულია) საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ.
მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ კანონის 302 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ.
მუხლი 32. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66). მუხლი 321. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში 1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. მუხლი 322. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება 1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 4. საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას არ გავრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მის არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით. 6. საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
მუხლი 33. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 34. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. (ამოღებულია - 25.05.2021, №490). 3. ამ კანონის 302 და 311 მუხლები მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ. |
ქუთაისი, 30 აპრილი 2014 წ. N2319-IIს |
დოკუმენტის კომენტარები