დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2319-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110000.04.001.016108 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (27/05/2016 - 06/06/2018)
|
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები; ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში; გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან); დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც 18 წლის ასაკის მიღწევამდე დაქორწინდა; ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია; ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს; თ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა 1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. 2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. 3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა 1. საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. 2. საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა ნორმატიული აქტები, მისი ტერიტორიული მთლიანობა და იყვნენ საქართველოს ინტერესების ერთგული. 4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.
მუხლი 5. მოქალაქეობის შენარჩუნება 1. საქართველოს მოქალაქის უცხოელზე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე დაქორწინება ან მასთან განქორწინება არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას. 2. ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას. 3. მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას. 4. ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მისი/მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას. 5. სხვა ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა არ იწვევს არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლას. 6. საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლების გარეთ ცხოვრება არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.
მუხლი 6. არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა 1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 2. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 3. მხარდაჭერის მიმღების (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის – თუ იგი მხარდაჭერის მიმღებია) მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 7. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა უცხოელს, რომელსაც თავისი სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლებითაც დაინტერესებულია საქართველო, და მისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, შეიძლება მიენიჭოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მისი თანხმობით.
მუხლი 8. საქართველოს მოქალაქის ფიცი პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მოიპოვა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქართულ ენაზე დებს და ხელმოწერით ადასტურებს საქართველოს ერთგულების ფიცს: „მე, (სახელი, გვარი), ვხდები საქართველოს მოქალაქე და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა სხვა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურს; ვალდებულებას ვიღებ, პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.“.
თავი II საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს: ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს; გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
მუხლი 11. უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.
მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. 2. (ამოღებულია - 20.03.2015, №3400). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 13. არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. 2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა. 3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.
მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. 4. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება 1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად. 2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს. 4. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 5. მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 7. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
თავი III საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
მუხლი 19. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 20. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა 1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ: ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება; ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს. 3. საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას; ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. 4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის გამოვლენამდე აღმოიფხვრა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი IV საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 21. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, ან მიმართავს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 23. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინება საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.
მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 2. თუ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაუცველად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, იმ პირობით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზი დასაბუთებული იქნება.
მუხლი 26. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
მუხლი 27. მომსახურების საფასური 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება შესაბამისი მომსახურების საფასური, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.
მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. 2. განმცხადებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებისა, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. 2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვთ, შესაბამისად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიებს. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი № 5141 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.
მუხლი 31. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
მუხლი 32. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66).
მუხლი 321. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 33. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 34. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლები მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე. |
ქუთაისი, 30 აპრილი 2014 წ. N2319-IIს |
დოკუმენტის კომენტარები