„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3627-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.018077
3627-XIIIმს-Xმპ
01/11/2023
ვებგვერდი, 21/11/2023
010110000.04.001.018077
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.“.

2. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.“.

3. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“.

4. 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.“.

5. 24-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით განსაზღვრული პირობებისა) არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61−64 პუნქტები:

„61. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის წარდგენამდე. აღნიშნული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

62. თუ პირს აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, ამ პირის აღნიშნული შემოწმებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

63. საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგი, რომელიც შესაბამის პირს უფლებას აძლევს, სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება, ძალაშია 1 წლის განმავლობაში.

64. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად სააგენტოსთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის პროცედურა, მისი ცოდნის დონის შემოწმების წესი და შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საქართველოში გადასახდელი, 2023 წლის 7 ივნისს მოქმედი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის დადგენილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის უმაღლეს განაკვეთს.“.

6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.“.

7. 322 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“.

მუხლი 2

1. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე ნორმებთან შესაბამისობა, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 მაისამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე ნორმებთან შესაბამისობა, რომლებიც 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

3. ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის 11 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 2024 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვასა და შესაბამისი საქმის წარმოებაზე. აღნიშნული განცხადების განხილვა და შესაბამისი საქმის წარმოება 2024 წლის 1 იანვრიდან გაგრძელდეს 2024 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სათანადო წესით.

4. ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6−63 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება 2024 წლის 1 მაისამდე წარდგენილი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვასა და შესაბამისი საქმის წარმოებაზე. აღნიშნული განცხადების განხილვა და შესაბამისი საქმის წარმოება 2024 წლის 1 მაისიდან გაგრძელდეს 2024 წლის 1 მაისამდე მოქმედი სათანადო წესით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების 2024 წლის 1 იანვრამდე მიღების შემთხვევაზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტები და მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3627-XIIIმს-Xმპ