დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 262 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110010.10.003.017882 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (01/04/2014 - 01/05/2014)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა. 2. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემა; ბ) პროგრამის პირობების ორსულების, მშობიარეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის გაცნობა, მათ შორის, ამ პროცესებში სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობა. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (შემდგომში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) უზრუნველყოს პროგრამის განმახორციელებლისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცულ იმ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ადმინისტრირებისათვის, სააგენტოსთან ურთიერთშეთანხმებულ ფორმატში. 5. სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ყოველწლიურად უზრუნველყოს სააგენტოსთვის რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში ქალაქის და სოფლის მიხედვით ბუნებრივი მატების წლიური მაჩვენებლების მიწოდება ურთიერთშეთანხმებულ ფორმატში. 6. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხელი შეუწყონ ამ პროგრამის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან. |
|
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.
მუხლი 2. პროგრამაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს ამ პროგრამის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი – პირი, რომელსაც დადგენილი წესის შესაბამისად დანიშნული აქვს ფულადი დახმარება; ბ) ბუნებრივი მატება - სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის; გ) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე სააგენტოში წარდგენილი დადგენილი ფორმის მოთხოვნა; დ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც რეგისტრირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; ე) მაღალმთიანი რეგიონი - დასახლებული ტერიტორია „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას; ზ) სააგენტო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; თ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტი, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას; ი) ფულადი დახმარება – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ პროგრამითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენლი წესით განსაზღვრული ოდენობითა და პირობებით.
მუხლი 3. პროგრამის ადმინისტრირება 1. პროგრამის ადმინისტრირების ორგანოა სააგენტო, რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) ფულადი დახმარების დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) ფულადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება. 2. ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 4. ფულადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები 1. პროგრამის ბენეფიციარს უფლება აქვს: ა) მიიღოს ფულადი დახმარება ამ პროგრამით დადგენილი ოდენობითა და პირობებით; ბ) დამატებით მიიღოს არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. პროგრამის ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ფულადი დახმარების გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5. პროგრამის ბენეფიციარი, ფულადი დახმარების ოდენობა და დაფინანსების წყარო 1. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი. 2. ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო არა მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით. 3. ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის შემდგომი თვის 1 რიცხვიდან 2 წლის ასაკამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. 4. დაუშვებელია ორი ან მეტი ფულადი დახმარების მიღება ერთი და იგივე ბენეფიციარზე. 5. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით ,,სოციალური დახმარებების“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნება.
მუხლი 6. ფულადი დახმარების გაცემა 1. ფულადი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე, სოციალური დახმარების სახით. 2. ფულადი დახმარების მიღება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის ფულადი დახმარების გაცემა წარმოებს იმავე თვეში.
მუხლი 7. ფულადი დახმარების ოდენობის გადაანგარიშება სააგენტოს მიერ ფულადი დახმარების ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობის ცვლილებების შემთხვევაში ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მაღალმთიანი რეგიონიდან არა მაღალმთიან რეგიონში გადასვლა ან პირიქით) შეცვლისას, თუ ახალი მისამართი აკმაყოფილებს ამ პროგრამის პირობებს.
მუხლი 8. ფულადი დახმარებიდან თანხის დაკავება 1. ფულადი დახმარებიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ზედმეტად დარიცხული ფულადი დახმარების დაბრუნება შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით დანიშნული ფულადი დახმარების არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
|
დოკუმენტის კომენტარები