საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 440.020.010.05.001.003.076
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5600
14/12/2007
სსმ, 47, 26/12/2007
440.020.010.05.001.003.076
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/12/2013 - 25/11/2015)

საქართველოს კანონი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

პრეამბულა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის უძველესი ქართული აკადემიების – გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ატრიბუტი, საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება.

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობის წესს.

    მუხლი 2. აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით.

 

თავი II. აკადემიის სტატუსი, აკადემიის მიზნები და ამოცანები

    მუხლი 3. აკადემიის სამართლებრივი სტატუსი

1. აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი შედგება აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტებისაგან, აგრეთვე საპატიო აკადემიკოსებისაგან და აკადემიის უცხოელი წევრებისაგან.

2. აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი.

3. აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.

4. დაუშვებელია ტერმინის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“ გამოყენება ამ კანონში გამოყენებულისგან განსხვავებული მნიშვნელობით.

5. დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად ან წევრ-კორესპონდენტად ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა.

    მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემიის მიზნებია:

ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად;

ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა;

გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა;

დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა.

2. თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას;

ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;

დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;

ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;

ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში;

თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის;

ი) იხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს;

კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა და ჯილდოებს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.

 

თავი III. აკადემიის მართვა

    მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და მართვის ორგანოები

1. აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

2. აკადემიის მართვის ორგანოებია:

ა) აკადემიის საერთო კრება;

ბ) აკადემიური საბჭო;

გ) აკადემიის პრეზიდენტი.

    მუხლი 6. აკადემიის საერთო კრება

1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება. აკადემიის საერთო კრების მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოში მყოფი საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.

2. აკადემიის საერთო კრება:

ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებას საერთო კრების დადგენილებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

გ) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, აკადემიკოს მდივანსა და აკადემიის საბჭოს სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიური საბჭოს წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით;

ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე;

ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებს, ამტკიცებს საპატიო აკადემიკოსებსა და აკადემიის უცხოელ წევრებს;

ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება აკადემიის წესდებით დადგენილი წესით.

4. აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც.

    მუხლი 7. აკადემიური საბჭო

1. აკადემიური საბჭო შედგება: აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, აკადემიკოს-მდივნისა და აკადემიის სხვა წევრებისაგან. აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით. აკადემიური საბჭოს წევრები არ არიან საჯარო მოხელეები.

2. აკადემიური საბჭოს წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის ფორმა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

3. აკადემიური საბჭო ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.

4. აკადემიური საბჭო ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე.

5. აკადემიურ საბჭოს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი.

6. აკადემიური საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

    მუხლი 8. აკადემიის პრეზიდენტი

1. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვაზე. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

2. აკადემიის პრეზიდენტი აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის საერთო კრებას.

3. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან (აკადემიკოსთაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. აკადემიის პრეზიდენტი შეიძლება არჩეულ იქნეს არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადით.

4. აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა არის ადმინისტრაციული თანამდებობა. მასზე არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა.

5. აკადემიის პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

 

თავი IV. აკადემიის სტრუქტურა, აკადემიის შემადგენლობა და აკადემიის წევრის ანაზღაურება

    მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა

აკადემიის სტრუქტურა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

    მუხლი 10. აკადემიის შემადგენლობა

1. აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება სამოცდაათს.

2. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) და წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტით სარგებლობს.

3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნეს საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე – საქართველოს მოქალაქე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში.

4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – უცხო ქვეყნის მოქალაქე.

5. აკადემიის საერთო კრებასა და აკადემიურ საბჭოში აკადემიის წევრის საქმიანობა არ ითვლება ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებად.

    მუხლი 11. აკადემიის წევრის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევა

აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევის წესები განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

    მუხლი 12. აკადემიის წევრის ანაზღაურება

1. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით.

2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

3. აკადემიის წევრის ანაზღაურება გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. აკადემიის ნამდვილ წევრსა (აკადემიკოსსა) და წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის წევრის სამეცნიერო სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება.

 

თავი V. აკადემიის ქონება, დაფინანსება და აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

     მუხლი 13. აკადემიის ქონება

1. საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით, გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო .

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

    მუხლი 14. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.

2. აკადემიის დაფინანსების დამატებითი წყაროებია:

ა) სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ფონდები;

ბ) გრანტები და ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული შემოსავლები;

გ) ფულადი სახსრები, რომელთა მიღება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 15. აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 16. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ -კორესპონდენტები

1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, უცხოელი და საპატიო წევრები ავტომატურად იძენენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტების, საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის უცხოელი წევრების სტატუსს.

3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება აკადემიის იმ ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებზე, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.

4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება მიღებულ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 6 თვისა.

5. აკადემიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები ამ კანონისა და ახალი წესდების საფუძველზე იმართება წესდების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

6. 2009 წლის 1 მაისიდან წყდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევა.

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა და აკადემიისთვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ.

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214

    მუხლი 161. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.

5. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, ამასთანავე, ამ კანონის მიღებამდე მოქმედი აკადემიკოსის გამოთავისუფლებულ ადგილზე ამ კანონის მიღებამდე არსებული წევრ-კორესპონდენტის არჩევის შემთხვევაში იგი ღებულობს აკადემიკოსის ანაზღაურებას.

6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 1400 და 900 ლარისა.

7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება.

8. თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება ოცდაათს. ამ კანონის ამოქმედებიდან წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევა.

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214

საქართველოს 2013 წლის  26  დეკემბრის კანონი №1881  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.  

    მუხლი 17. კანონის მიღებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს აკადემიისათვის ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 18. ძალადაკარგულად ცნობილი აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 129).

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის  მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5600–რს

12. 13/06/2024 - საქართველოს კანონი - 4278-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2024 11. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3838-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 10. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 352-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 9. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5275-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 8. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4272-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 7. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3032-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 6. 22/02/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/863 - ვებგვერდი, 28/02/2018 5. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5575-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4561-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 3. 26/12/2013 - საქართველოს კანონი - 1881-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 2. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 1. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 532 - სსმ, 34, 04/12/2008