„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5575-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 440020010.05.001.018207
5575-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
440020010.05.001.018207
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) აწესებს სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც აკადემიის წევრები არ არიან, აკადემიის სტიპენდიატებად ირჩევს;“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და აკადემიის მართვის ორგანოები

1. აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

2. აკადემიას მართავენ:

ა) აკადემიის საერთო კრება;

ბ) აკადემიის პრეზიდიუმი;

გ) აკადემიის პრეზიდენტი.

3. აკადემიის პრეზიდენტისა და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობებია.

4. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.“.

4. მე-6 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები.

2. აკადემიის საერთო კრება:

ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებასა და აკადემიის სტრუქტურას აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სიითი შემადგენლობის (შემდგომ − სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით;

ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

გ) აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ − განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებს და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით;

ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე;

ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს;

ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.“.

5. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აკადემიის პრეზიდიუმი

1. აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

2. აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. აკადემიის პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და აკადემიის საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.

4. აკადემიის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე.

5. აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი.

6. აკადემიის პრეზიდიუმის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

მუხლი 8. აკადემიის პრეზიდენტი

1. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვისთვის. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. მისი სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

2. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

6. მე-9−მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა

1. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.

2. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს და აკადემიის სტიპენდიატებს. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

3. განყოფილებებისა და აკადემიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, აგრეთვე მათი ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

მუხლი 10. აკადემიის წევრები და აკადემიის სტიპენდიატები

1. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს.

2. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში.

4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება აირჩეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე.

5. აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.

6. აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

7. აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ორმოცს არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 11. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა

აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

მუხლი 12. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტისა და აკადემიის სტიპენდიატის ანაზღაურება

1. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით.

2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

3. აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. მათი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

5. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.

6. აკადემიის სტიპენდიატს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სამეცნიერო სტატუსების შესაბამისი ანაზღაურება.“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოქმედ პრეზიდენტსა და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტებს უფლებამოსილება უწყდებათ არჩევის ვადის გასვლისთანავე.

2. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს აკადემიის წესდების ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე აკადემიის სტიპენდიატთა პირველი არჩევნების ჩატარება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5575-IIს