„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 04/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 440.020.010.05.001.003.331
  • Word
532
21/11/2008
სსმ, 34, 04/12/2008
440.020.010.05.001.003.331
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის:

ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა და აკადემიისთვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

     „მუხლი 161. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.

5. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, ამასთანავე, ამ კანონის მიღებამდე მოქმედი აკადემიკოსის გამოთავისუფლებულ ადგილზე ამ კანონის მიღებამდე არსებული წევრ-კორესპონდენტის არჩევის შემთხვევაში იგი ღებულობს აკადემიკოსის ანაზღაურებას.

6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 800 და 500 ლარისა.

7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება.

8. თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება ოცდაათს. ამ კანონის ამოქმედებიდან წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევა.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 161 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 161 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 ნოემბერი.

№532–IIს