საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ

საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016083
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
158
09/07/2013
ვებგვერდი, 15/07/2013
480610000.22.030.016083
საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/07/2013 - 02/10/2013)

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №158

2013 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ

   ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის N206 დადგენილებით დამტიკებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საკონსულო დაწესებულების გახნის წესი და ტიპობრივი დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე



საქართველოს  საკონსულო  დაწესებულების  გახსნის  წესი  და  ტიპობრივი  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება“ განსაზღვრავს საქართველოს საკონსულო დაწესებულების, გარდა საქართველოს საპატიო კონსულის მეთაურობით გახსნილი საკონსულო დაწესებულებისა, გახსნის წესს და პროცედურას, საქართველოს საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციონალურ დატვირთვას და ორგანიზაციულ მოწყობას.
2. საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომში-საკონსულო დაწესებულება) არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს.

მუხლი 2. საკონსულო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. საკონსულო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და     შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ  აღიარებული  პრინციპები და     ნორმები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი, ეს ბრძანება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.
2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო დაწესებულების, საკონსულო თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების ხელშეუხებლობა, პრივილეგიები და იმუნიტეტები განისაზღვრება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, ასევე საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს      შორის      დადებული      საერთაშორისო ხელშეკრულებით და ჩვეულებითი სამართლის ნორმებით.

მუხლი 3. საკონსულო დაწესებულებები და მათი საქმიანობის ზოგადი პრინციპები
1. საკონსულო დაწესებულებებია: საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს საკონსულო, საქართველოს ვიცე-საკონსულო, საქართველოს საკონსულო სააგენტო.
2. საკონსულო დაწესებულება ექვემდებარება სამინისტროს.
3. საკონსულო დაწესებულება თავის საქმიანობას წარმართავს შესაბამისი ფორმით შემუშავებული წლიური სამოქმედო  გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
4. საკონსულო   დაწესებულების   საკონსულო   საქმიანობაზე   ზედამხედველობას ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში-საკონსულო დეპარტამენტი).
5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის საქმიანობას, გარდა საკონსულო საქმიანობისა,            ადგილსამყოფელ  სახელმწიფოში ზოგად  კოორდინაციას   უწევს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (შემდგომში-ხელმძღვანელი).
6. საკონსულო დაწესებულების შენობაზე და/ან მის ტერიტორიაზე, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელის რეზიდენციაზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს სახელმწიფო დროშა აგრეთვე განთავსდება დაწესებულების ხელმძღვანელის ავტომობილზე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) არსებული საპროტოკოლო პრაქტიკის შესაბამისად.
7. საკონსულო დაწესებულების   შენობის  წინა  ფასადზე განთავსდება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, რომლის ქვეშაც განთავსდება  აბრა საკონსულო დაწესებულების  შესაბამისი  დასახელებით  ქართულ  და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენებზე.
8. სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების სხვა შემთხვევები  განისაზღვრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) არსებული საპროტოკოლო პრაქტიკის შესაბამისად.
9. საკონსულო დაწესებულება, გარდა ვიცე-საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოსი, წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს.
10. საკონსულო დაწესებულებას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა      და   თავისი  სახელწოდებით,   შესაბამისი   ბეჭდები   და შტამპები, ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
11. საკონსულო დაწესებულება, მასში დასაქმებული მოსამსახურეები და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ჩვეულებებსა და ტრადიციებს.
12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია მივლინებულ იქნენ საქართველოს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურათა წარმომადგენლები, რომლებიც თავისი საქმიანობისას და გადაწყვეტილებათა    მიღებისას    კოორდინირებულად    მოქმედებენ    საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელთან.
13. საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად საკონსულო დაწესებულებასთან შეიძლება ფუნქციონირებდეს სკოლა.

მუხლი 4. საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში საკონსულო საქმიანობის განხორციელება
1. სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს საკონსულო დეპარტამენტმა, ან მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ.
2. საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება ასევე განახორციელოს დროებით მივლინებულმა საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა.
3. საკონსულო  და/ან  დიპლომატიური  ურთიერთობების  შეწყვეტის შემთხვევაში ადგილსამყოფელ            სახელმწიფოში  საქართველოს   ფიზიკური   და   იურიდიული პირების უფლებების დაცვა შესაძლოა განახორციელოს მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქართველოს ინტერესთა სექციამ.

მუხლი 5. საკონსულო  ურთიერთობების  დამყარება
1. სახელმწიფოთა შორის საკონსულო ურთიერთობა მყარდება მხარეთა შეთანხმებით.
2. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე თანხმობა ნიშნავს საკონსულო ურთიერთობის დამყარებაზე თანხმობას, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ იწვევს საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტის აუცილებლობას.
4. საკონსულო ურთიერთობების შესახებ შეთანხმება შესაძლოა გამოიხატოს ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან სხვაგვარი ფორმით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში  არსებული პრაქტიკის შესაბამისად.
5. საკონსულო ურთიერთობების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს, საკონსულო დაწესებულების გახსნისას, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებას.

მუხლი 6. საკონსულო  დაწესებულების  გახსნა, რეორგანიზაცია და დახურვა
1. საკონსულო დაწესებულების გახსნის, რეორგანიზაციისა და დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2. საკონსულო დაწებულება იხსნება მინისტრის ბრძანებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
3. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, კლასი და საკონსულო ოლქი  განისაზღვრება მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
4. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელის, კლასის და საკონსულო ოლქის შეცვლა შესაძლებელია  მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
5. იმ შემთხვევაში თუ არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოთხოვნა, საკონსულო დაწესებულებაში  საკონსულო  თანამდებობის პირთა რაოდენობისა და კლასის დადგენა, ასევე მათი შეცვლა განხორციელდება მინისტრის გადაწყვეტილებითა და შესაბამისი სახელმწიფოს თანხმობით.
6. საკონსულო დაწესებულების გახსნის აუცილებლობის თაობაზე, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, წინადადებას ამზადებს და მინისტრს განსახილველად წარუდგენს საკონსულო დეპარტამენტი.
7. საკონსულო დაწესებულების, გარდა ვიცე - საკონსულოს და საკონსულო სააგენტოსი, გახნის თაობაზე წინადადებას ასევე უნდა დაერთოს სამინისტროს შესაბამისი ფუნქციონალური და ტერიტორიული დეპარტამენტების დასკვნები საკონსულო დაწესებულების გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე.
8. ვიცე - საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოს გახსნის შესახებ საკონსულო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ წინადადებაში ასახული უნდა იქნეს შესაბამისი გენერალური საკონსულოს და საკონსულოს არგუმენტაცია მათი გახსნის მიზანშეწონილობაზე.
9. საკონსულო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ წინადადებაში განსაზღვრული უნდა იქნეს საკონსულო დაწესებულების სავარაუდო ადგილსამყოფელი, კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულო  თანამდებობის  პირთა  რაოდენობა  და  კლასი, რაც შესაძლოა შეიცვალოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმების პროცესში. ხოლო, ვიცე - საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოს შემთხვევაში ასევე ის საკონსულო ფუნქციები, რომლითაც უნდა აღიჭურვონ შესაბამისი საკონსულო დაწესებულებები.
10. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წინადადების მოწონების შემთხვევაში საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოლაპარაკების/კონსულტაციების დაწყებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო დაწესებულების გახსნის თაობაზე.
11. ადგილსამყოფელ   სახელმწიფოსთან   საკონსულო   დაწესებულების   გახსნის საკითხის შეთანხმების პროცესში, ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის შემთხვევაში, განხორციელდება ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 
12. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების/კონსულტაციების წარმატებით დასრულების შემდეგ გამოიცემა მინისტრის ბრძანება საკონსულოს გახსნის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, კლასი, საკონსულო ოლქი და საკონსულო  თანამდებობის  პირთა  რაოდენობა და კლასი. ხოლო ვიცე - საკონსულოსა და საკონსულოს სააგენტოს შემთხვევაში ასევე ის საკონსულო ფუნქციები, რომლითაც უნდა აღიჭურვონ შესაბამისი საკონსულო დაწესებულებები.
13. საკონსულო   დაწესებულების   გახსნის  შესახებ   მინისტრის   ბრძანების მიღების შემდეგ სამინისტროს:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტოს შესაბამისი წლის სამინისტროს ბიუჯეტში საკონსულო დაწესებულების გახსნისათვის საჭირო ასიგნებების გამოყოფას;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საშტატო ნუსხის დამტკიცებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;
გ) საკონსულო     დეპარტამენტი  უზრუნველყოფს  საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის საკონსულო პატენტით უზრუნველყოფას და ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან ეგზეკვატურის მიღებას და საკონსულო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური თუ სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას.
14. საკონსულო დაწესებულების სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
15. საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია საკონსულო დაწესებულების   ადგილსამყოფელის,  კლასის,  საკონსულო ოლქის და საკონსულო თანამდებობის  პირთა  რაოდენობისა და კლასის ცვლილებასთან, უნდა განხორციელდეს საკონსულო დაწესებულების გახსნისათვის ამ წესის  შესაბამისად დადგენილი პროცედურით.
16. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარ გამოთქმული თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია საკონსულო დაწესებულების განყოფილების გახსნა, რომელიც არსებული საკონსულო დაწესებულების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ საკონსულო დაწესებულებისგან განსხვავებული ადგილმდებარეობა აქვს.
17. საკონსულო დაწესებულების განყოფილების, რომელსაც ექნება განსხვავებული ადგილმდებარეობა, გახსნის  მიზანშეწონილობის    საკითხი    საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის   მიერ   წერილობით   უნდა   შეთანხმდეს სამინისტროსთან. სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოსგან თანხმობის მიღების მიზნით.
18. საკონსულო დაწესებულება შესაძლოა დაიხუროს:
ა) საკონსულო  და/ან  დიპლომატიური  ურთიერთობების  შეწყვეტის გამო;
ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით;
გ) სამინისტროს გადაწყვეტილებით.
19. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საომარი ვითარების, არეულობის, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე საკონსულო დაწესებულების დახურვის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულება ხელმძღვანელობს სამინისტროს მითითებების შესაბამისად.
20. ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში  საქართველოს   ფიზიკური   და   იურიდიული პირების უფლებების დაცვა შესაძლოა განახორციელოს მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქართველოს ინტერესთა სექციამ.
21. საქართველოს  ინტერესთა  სექციის  გახსნის  საკითხი  ფორმდება  მინისტრის ბრძანებით და შესაბამის სახელმწიფოსთან ორმხრივი შეთანხმებით.
22. საქართველოს   ინტერესთა   სექცია   თავის   საქმიანობაში   ხელმძღვანელობს საქართველოსა  და მესამე სახელმწიფოს  შორის არსებული შეთანხმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
23. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საკონსულო სამსახური.
24. საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა.
25. საქართველოს    ინტერესთა    სექციის    საკონსულო    თანამდებობის    პირის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 7. საკონსულო  დაწესებულებების  იერარქია
საკონსულო დაწესებულებები იერარქიის მიხედვით იყოფა შემდეგ კლასებად:
ა) გენერალური საკონსულო;
ბ) საკონსულო;
გ) ვიცე-საკონსულო;
დ) საკონსულო სააგენტო.

მუხლი 8. გენერალური  საკონსულო
1. გენერალური საკონსულო შესაძლოა გაიხსნას:
ა) იმ სახელმწიფოში სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა;
ბ) იმ სახელმწიფოში სადაც  საქართველოს არ აქვს დიპლომატიური  წარმომადგენლობა.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გენერალური საკონსულო დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით წარმოადგენს საქართველოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას.
3. გენერალური საკონსულო უფლებამოსილია  განახორციელოს საკონსულო საქმიანობა და ამ კუთხით იყოს აღჭურვილი ყველა იმ საკონსულო ფუნქციით     რაც გათვალისწინებულია „საკონსულო საქმიანობის   შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით.
4. გენერალურ საკონსულოს აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
5. გენერალურ საკონსულოს გამოეყოფა დამოუკიდებელი საკონსულო ოლქი საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად.
6. გენერალური საკონსულო უფლებამოსილია წინადადება წარუდგინოს საკონსულო დეპარტამენტს, თავისი საკონსულო  ოლქის ფარგლებში ვიცე - საკონსულოს და/ან საკონსულო სააგენტოს გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე.

მუხლი 9. საკონსულო
1. საკონსულო   შესაძლოა   გაიხსნას   მხოლოდ   იმ   სახელმწიფოში   სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა.
2. საკონსულო უფლებამოსილია განახორციელოს საკონსულო საქმიანობა და ამ კუთხით იყოს აღჭურვილი ყველა იმ საკონსულო ფუნქციით რაც გათვალისწინებულია „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს  კანონით,  გარდა საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობისა.
3. საკონსულოს აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
4. საკონსულოს გამოეყოფა დამოუკიდებელი საკონსულო ოლქი საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად.
5. საკონსულო უფლებამოსილია წინადადება წარუდგინოს საკონსულო დეპარტამენტს, თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში ვიცე - საკონსულოს და/ან საკონსულო სააგენტოს გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე.

მუხლი 10. ვიცე-საკონსულო
1. ვიცე-საკონსულო იხსნება შესაბამისი გენერალური საკონსულოს და/ან საკონსულოს საკონსულო ოლქის ფარგლებში.
2. ვიცე-საკონსულო უფლებამოსილია განახორციელოს საკონსულო საქმიანობა და ამ კუთხით იყოს აღჭურვილი ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ რამდენიმე საკონსულო ფუნქციით.
3. ვიცე-საკონსულოს საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად გამოეყოფა საკონსულო ოლქი უშუალოდ გენერალური საკონსულოს ან საკონსულოს ოლქის ფარგლებში.
4. ვიცე-საკონსულოს საკონსულო თანამდებობის პირთა მაქსიმალური ოდენობა შესაძლოა იყოს ორი საშტატო ერთეული.

მუხლი 11. საკონსულო სააგენტო
1. საკონსულო სააგენტო იხსნება შესაბამისი გენერალური საკონსულოს და/ან საკონსულოს საკონსულო ოლქის ფარგლებში.
2. საკონსულო სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საკონსულო საქმიანობა და ამ კუთხით იყოს აღჭურვილი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი კონკრეტული საკონსულო  ფუნქციით. 
3. საკონსულო სააგენტოს,   საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად გამოეყოფა საკონსულო ოლქი უშუალოდ გენერალური საკონსულოს ან საკონსულოს ოლქის ფარგლებში.
4. საკონსულო სააგენტოს საკონსულო თანამდებობის პირთა მაქსიმალური ოდენობა შესაძლოა იყოს ერთი საშტატო ერთეული.

მუხლი 12. საკონსულო დაწესებულების ძირითადი მოვალეობები
1. საკონსულო დაწესებულების ძირითადი მოვალეობებია:
ა) წარმოადგინოს  საქართველო  საკონსულო  ურთიერთობებისას  საკონსულო ოლქის ფარგლებში, ადგილობრივ ორგანოებთან;
ბ) დაიცვას საქართველოს, მისი ფიზიკური და იურიდული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები საკონსულო ოლქის ფარგლებში;
გ) განახორციელოს საკონსულო საქმიანობა იმ ფარგლებში, რაც გამომდინარეობს მისი კლასიდან და მისი დაფუძნების მიზნებიდან (ვიცე - საკონსულო, საკონსულო სააგენტო).
დ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით, საერთაშორისო სამართლის  საყოველთაოდ  აღიარებული  პრინციპებით  და  ნორმებით, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით, დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკა და პატივი სცეს მის ჩვეულებებსა და ტრადიციებს.
2. იმ   შემთხვევაში,   თუ   საკონსულო   დაწესებულება   დაფუძნებულია   იმ სახელმწიფოში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულების მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ანალოგიურად.

მუხლი 13. საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილებები
1. საკონსულო დაწესებულება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) დაამყაროს ურთიერთობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ოლქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან    (საზოგადოებრივ    დაწესებულებებთან    და    ასოციაციებთან), სამეცნიერო და კულტურული წრეებისა და მასობრივი ინფორმაციის  საშუალებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან;
ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებთან ურთიერთობის მიზნით დახმარებისთვის მიმართოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას;
გ) მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციების განხორციელების მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რაც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო დაწესებულება დაფუძნებულია იმ სახელმწიფოში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ანალოგიურად.

მუხლი 14. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელობა
1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელები იყოფიან ოთხ კლასად: გენერალური კონსული, კონსული, ვიცე - კონსული, საკონსულო აგენტი.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს საკონსულო დაწესებულების საქმიანობას;
ბ) საკონსულო    დეპარტამენტის    მიერ    განსაზღვრული    თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფს    თანამშრომელთა    მიერ    მათზე დაკისრებული ფუნქციების  შესრულებაზე ზედამხედველობას;
გ) ზედამხედველობს და უზრუნველყოფს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა მიერ საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის, მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დირექტივების  შესრულებას;
დ) აკონტროლებს საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და ფინანსურ წესრიგს;
ე) პასუხისმგებელია გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საკონსულო დაწესებულებისთვის   სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე;
ვ) უზრუნველყოფს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას და წარუდგენს სამინისტროს წინადადებებს დაწესებულების  საქმიანობის  გაუმჯობესების  თვალსაზრისით;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ;
თ) მიმართავს მინისტრს თხოვნით საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მივლინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ი) გამოსცემს ბრძანებებს  დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მივლინების თაობაზე, ამტკიცებს საკონსულო დაწესებულების შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;
კ) უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას;
ლ) საკონსულო დაწესებულების, საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ატარებს შესაბამის ღონისძიებებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  მოთხოვნათა შესაბამისად;
მ) სამინისტროსთან და საკონსულო დეპარტამენტთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას საკონსულო დაწესებულების შტატგარეშე თანამშრომლებთან და წყვეტს  მათთან  სახელშეკრულებო  ურთიერთობას. 
ნ) გამოსცემს ბრძანებებს საკონსულო დაწესებულების შტატგარეშე თანამშრომლების შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე;
ო) სამინისტროს  და საკონსულო დეპარტამენტს  წარუდგენს  სხვადასხვა  ანგარიშს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) არის საკონსულო დაწესებულების მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურ მენეჯერთან  ერთად;
ჟ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში   საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მიღებული ბრძანებების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი, საფუძველი და ვადები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ვიცე-საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელზე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართვა (წინადადება) ვიცე-საკონსულოსა და საკონსულო სააგენტოს შემთხვევაში წარედგინება შესაბამის საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არ ყოფნის შემთხვევაში, საკონსულო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს მინისტრი. აღნიშნულის შესახებ უნდა განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შეტყობინება.
6. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო დაწესებულება გახსნილია იმ სახელმწიფოში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის უფლებამოსილებების ანალოგიურად.

მუხლი 15. საკონსულო  დაწესებულების  თანამშრომელთა  უფლებები  და  მოვალეობები
1. საკონსულო დაწესებულების თანამშრომლები ექვემდებარებიან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს) და ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებები და დავალებები.
2. საკონსულო დაწესებულებას შეიძლება ჰყავდეს ფინანსური მენეჯერი, რომელიც გარდა დაწესებულების ხელმძღვანელისა ანგარიშვალდებულია სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.
3. ფინანსური    მენეჯერის    ძირითად    ფუნქციას    წარმოადგენს    საფინანსო- საბუღალტრო  საქმიანობა,  „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, დაწესებულების უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.
4. საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის მიერ დადგენილი თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.

მუხლი 16. დასკვნითი  დებულება
დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.