დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2052 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20(27), 09/06/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.001.000.569 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/03/2003 - 22/03/2005)
საქართველოს კანონი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
თავი I.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო
ეს კანონი ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს.
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
მუხლი 3. უფლებაუნარიანობა
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. თუ იგი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც მოხდა ადმინისტრაციული აქტის მიღება.
3. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. გარიგებები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები. მის მიმართ არ გამოიყენება ნორმები კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ.
მუხლი 4. სტრუქტურა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება იყოს პირთა წევრობაზე დაფუძნებული (საჯარო სამართლის კორპორაცია), ანდა შეიქმნას საჯარო ან სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით (დაწესებულება). დაწესებულებას არ ჰყავს წევრები.
თავი II.
დაფუძნება
მუხლი 5. უფლებაუნარიანობის შეძენა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას:
ა) კანონით;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება ერთობლივად დააფუძნოს რამდენიმე სახელმწიფო მმართველობის ორგანომ.
მუხლი 6. წესდების (დებულების) შინაარსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის:
ა) სახელწოდებას მითითებით "საჯარო სამართლის იურიდიული პირი";
ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს;
გ) მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას;
დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას;
ე) სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს;
ვ) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით;
ზ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს;
თ) წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 7. ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება ან დაფუძნების აქტით განისაზღვრება მისი ქონების ფორმირების წესი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით.
3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება იქმნება შესატანების ან საწევროების ხარჯზე, დაფუძნების აქტში უნდა განისაზღვროს მათი ოდენობა და შეტანის წესი.
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2033-სსმI, №8, 14.04. 2003წ., მუხ42
თავი III.
ორგანიზაცია, საქმიანობა
მუხლი 8. წევრების უფლებამოსილება
1. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის უმაღლესი ორგანოა მისი წევრების საერთო კრება. კრებებს შორის პერიოდში მისი ფუნქციები შეიძლება დაეკისროს წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ სხვა ორგანოს.
2. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრთა კრება მონაწილეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წესდების (დებულების) შესახებ, ირჩევს მართვის ორგანოებს და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამ პირის საქმიანობის თაობაზე. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ ამ პირის წესდების (დებულების) ძირითადი დებულებები.
მუხლი 9. საქმიანობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.
2. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.
თავი IV.
მართვა, წარმომადგენლობა, სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 10. მართვა და წარმომადგენლობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და ამ პირის წესდებით (დებულებით).
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, პრეზიდენტის ბრძანებულების, წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს _ წევრთა საერთო კრება.
5. ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. კანონით, ადმინისტრაციული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები, აგრეთვე, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული, წევრთა კრების მიერ არჩეული წევრები და შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები.
მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 12.საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 13. დაფინანსება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ბიუჯეტში. საჯარო სამართლის ფონდები იქმნება "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.
მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი V.
საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
მუხლი 15. საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტს არსებობას:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
გ) დაფუძნების აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 16. საქმიანობის შეწყვეტის აქტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი აგრძელებს არსებობას.
1. მუხლი 17. ლიკვიდაცია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
2. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
მუხლი 18.ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
2. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა ხორციელდება დამფუძნებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით.
თავი VI.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 19. კანონის მოქმედება დროში
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მათი შექმნის დროის მიუხედავად.
2. ამ კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონის ნორმებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური კანონის ნორმები.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების გასხვისება ან სხვაგვარად დატვირთვა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2052-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2033-სსმI, №8, 14.04. 2003წ., მუხ42
დოკუმენტის კომენტარები