„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5401-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019671
5401-Iს
29/11/2019
ვებგვერდი, 10/12/2019
040030000.05.001.019671
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი:

„მუხლი 103. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნა და თანამდებობებიდან გათავისუფლება

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობებზე ნიშნავს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურების შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისთვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე. 

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი/მისი მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ:

ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) გადადგა თანამდებობიდან;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

თ) ჯეროვნად ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) ან შინაგანაწესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ან თუ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც თანამდებობიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს/მის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2019 წ.

N5401-Iს