პროფესიული თეატრების შესახებ

პროფესიული თეატრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 530-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 450130010.05.001.016970
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
530-IIს
05/04/2013
ვებგვერდი, 24/04/2013
450130010.05.001.016970
პროფესიული თეატრების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

პროფესიული თეატრების შესახებ

ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, სხვადასხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტს, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიული თეატრების საქმიანობის წესს, მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, სოციალურ და ფინანსურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და განსაზღვრავს თეატრალურ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, პროფესიული თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმებს.                                                                                               

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა პროფესიულ თეატრზე.

მუხლი 2. კანონის მიზანი და ამოცანები

1. ამ კანონის მიზანია:

ა) თეატრალური საქმიანობის შემოქმედებითი თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა;

ბ) ეროვნული თეატრალური კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება;

გ) ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; 

დ) თეატრალურ ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. ამ კანონის ამოცანებია:

ა) პროფესიული სახელმწიფო, მუნიციპალური, შერეული და კერძო  თეატრების საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების  დაცვა;

ბ) თეატრის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო მხარდაჭერის თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელება;

ე) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა;

ვ) თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის სოციალური დაცვის  გარანტიების უზრუნველყოფა;

ზ) სპექტაკლების აუდიო-, ვიდეო- და ელექტრონული ვერსიების შექმნის ხელშეწყობა;

თ) მაყურებლისთვის სპექტაკლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) საერთაშორისო კონტაქტების განვითარება.

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს;

ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა;

გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას;

დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად,  არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია;

ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი;

ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა;

ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი  მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით;

თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და  ქორეოგრაფიას;

ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა;

კ) თეატრის დასი – თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი;

ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები;

მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს;

ნ) მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;

ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას;

პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს;

ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს;

რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;

ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები);

ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;

უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს  მუნიციპალიტეტი  ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი;

ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები);

ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები);

ღ) სამხატვრო ხელმძღვანელი – თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს მის შემოქმედებით მიმართულებას და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის; 

ყ) თეატრის დირექტორი – პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით  დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით);

ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1626 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3046 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3865 – ვებგვერდი, 15.12.2023

მუხლი 4. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და გარანტიები

1. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება:

ა) ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებაში ქართული თეატრის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის აღიარებას;

ბ) თეატრისა და თეატრალური საქმიანობის შემოქმედებით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას;

გ) შემოქმედებითი ნიჭის უნიკალურობის აღიარებას და მის რეალიზებაზე ზრუნვას;

დ) პროფესიული თეატრების ფუნქციონირების სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის გარანტიას;

ე) თეატრალური შემოქმედებით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას;

 ვ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების განუხრელ დაცვას;

ზ) მსოფლიო კულტურულ სივრცეში ქართული თეატრის პოპულარიზაციას.      

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს: 

ა) პროფესიული თეატრების საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვას და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა;

ბ) თეატრალური საქმიანობისთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნას;

გ) პროფესიული სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ინვესტირებას პროფესიული თეატრების ფუნქციონირების და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით;   

ე) პროფესიული კერძო და შერეული თეატრების ფუნქციონირების მიზნით მათთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ვ) ინოვაციური თეატრალური პროექტების შექმნისა და განხორციელების მიზნით თეატრის მოღვაწეების, ახალგაზრდა, ნიჭიერი დრამატურგებისა და შემსრულებლების მოზიდვასა და ხელშეწყობას;   

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას;

თ) საქართველოს თეატრალური მიღწევების პოპულარიზაციას მსოფლიო კულტურულ სივრცეში, საერთაშორისო და ადგილობრივი თეატრალური ფესტივალების, კონკურსების, დათვალიერებების, გასტროლების, მათ შორის, გაცვლითი გასტროლების, ორგანიზებასა და დაფინანსებას.

თავი II

პროფესიული თეატრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

მუხლი 5. პროფესიული თეატრის დაფუძნება

1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს სამინისტრო.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

3. პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებენ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

5. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს მუნიციპალიტეტი.

6. პროფესიულ შერეულ თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები).

7. პროფესიულ კერძო თეატრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები).

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1626 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3046 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3865 – ვებგვერდი, 15.12.2023

    მუხლი 6. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური  თეატრების უფლება-მოვალეობანი

     1. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების უფლებაა:

     ა) შემოქმედებითი საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება;

     ბ) მხატვრული მიმართულებისა და რეპერტუარის თავისუფალი არჩევა;

  გ) საკუთარი თეატრალური პროდუქციით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  დ) საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით) განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

     2. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მოვალეობაა:

     ა) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;

     ბ) შრომითი ურთიერთობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართვა;

    გ) შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგების წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

     დ) შესაბამისი თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა;

  ე) საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით) განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

      მუხლი 7. პროფესიული თეატრის დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) უფლება-მოვალეობანი

  პროფესიული თეატრის დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით).

    მუხლი 8. პროფესიული კერძო და პროფესიული შერეული თეატრების ფუნქციონირება და საქმიანობის პირობები

    პროფესიული კერძო და პროფესიული შერეული თეატრების ფუნქციონირება და საქმიანობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი თეატრის დებულებით (წესდებით).

თავი III

პროფესიული თეატრების სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 9. პროფესიული თეატრის სახეობები

    1. სტატუსის მიხედვით პროფესიული თეატრი შეიძლება იყოს:

    ა) სახელმწიფო;

    ბ) მუნიციპალური;

    გ) შერეული;

    დ) კერძო.

    2. საქმიანობის მიხედვით პროფესიული თეატრი შეიძლება იყოს:

    ა) სარეპერტუარო;

    ბ) სარეპერტუარო სტაციონარული;

    გ) ანტრეპრიზა. 

    მუხლი 10. პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სტრუქტურა და მართვა

    1. პროფესიული თეატრის მართვა ხორციელდება ამ კანონისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.

    2. პროფესიული თეატრი შედგება:

    ა) თეატრის დასისგან;

    ბ) სამხატვრო ხელმძღვანელისგან;

    გ) სამხატვრო საბჭოსგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    დ) დამდგმელი რეჟისორისგან ან/და რეჟისორებისგან, დამდგმელი დირიჟორისგან;

  ე) მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან (დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში და სხვ.);

  ვ) მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორისგან (მუსიკალურ თეატრში), თუ სამხატვრო ხელმძღვანელი პროფესიით არ არის შესაბამისად რეჟისორი ან/და დირიჟორი;

  ზ) მთავარი ბალეტმაისტერის, დამდგმელი ბალეტმაისტერისა და მთავარი ქორმაისტერისგან (მუსიკალურ თეატრში);

    თ) თეატრის დირექტორისგან;

    ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან. 

3. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;

გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;

ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს;

კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).

    4. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით.

    5. (ამოღებულია - 15.07.2020, №6909).

    6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შესაბამის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს 4 წლის ვადით.

    7. მუნიციპალიტეტის მერი პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს 4 წლის ვადით.

    8. მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია:

   ა) დანიშნოს შესაბამის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი;

   ბ) მოსთხოვოს სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურის წარდგენა;

   გ)  სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.

 9. (ამოღებულია - 15.07.2020, №6909).

10. სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით, ხოლო სამხატვრო საბჭოსთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურის წარდგენის წესი − თეატრის დებულებით.              

11. კანდიდატი ვალდებულია სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სარეკომენდაციო საბჭოს წარუდგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.

     12.  სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან:

    ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი:

     ა.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;

     ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;

   ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

  13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.

   14. თეატრის დირექტორი:

    ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

    ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;

  გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

 15. თეატრის დირექტორს:

ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

გ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებული წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

    16. სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით).

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 96 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

თავი IV

პროფესიული თეატრების საქმიანობის ფინანსურ-ეკონომიკური საფუძვლები

     მუხლი 11. პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროები და ქონება

     1. პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროებია:

     ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

     ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები;

     გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრები;

  დ) დამფუძნებელთა კერძო საწესდებო ფონდი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახსრები;

     ე) უცხოური ინვესტიციები;

     ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულებანი;

     ზ) კერძო შემოწირულებანი;

    თ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;

    ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

   2. პროფესიული თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

თავი V

პროფესიული თეატრების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

       მუხლი 12. პროფესიული თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  პროფესიული თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და თეატრის დებულების (წესდების)   შესაბამისად.

 

      მუხლი 13. საერთაშორისო თანამშრომლობა

  პროფესიული თეატრი საერთაშორისო თანამშრომლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.

თავი VI

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

      მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

      პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

   1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.

   2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

   3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე კანონის შესაბამისად უზრუნველყონ სარეკომენდაციო საბჭოების ჩამოყალიბება და მათი დებულებების დამტკიცება.

5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გამოცხადდნენ მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სამხატვრო ხელმძღვანელთა და თეატრების დირექტორთა დანიშვნამდე. პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალურ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრების დირექტორები ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.

   7. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული პროფესიული თეატრები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულად.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 96 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

თავი VIII

დასკვნითი დებულებანი

   მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

  1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის   №3288-Iს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 29.06.2006, მუხ. 187).

   2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 აპრილი 2013 წ.

N530-IIს