„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 796-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 450130010.05.001.017015
796-IIს
28/06/2013
ვებგვერდი, 15/07/2013
450130010.05.001.017015
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა;“.

 2. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;

გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;

ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს;

კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).“;

ბ) მე-9−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად მინისტრისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისთვის წარსადგენი კანდიდატურის განხილვის უფლებამოსილება სარეკომენდაციო საბჭოს და სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.

10. სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით, ხოლო სამხატვრო საბჭოსთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურის წარდგენის წესი − თეატრის დებულებით.              

11. კანდიდატი ვალდებულია სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სარეკომენდაციო საბჭოს წარუდგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.“; 

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„15. თეატრის დირექტორს:

ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

გ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებული წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“.

3. მე-15 მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე კანონის შესაბამისად უზრუნველყონ სარეკომენდაციო საბჭოების ჩამოყალიბება და მათი დებულებების დამტკიცება.

5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გამოცხადდნენ მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სამხატვრო ხელმძღვანელთა და თეატრების დირექტორთა დანიშვნამდე. პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალურ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრების დირექტორები ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ივნისი 2013 წ.

N796-IIს