არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 07/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.05.001.000.447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1679
30/10/1998
სსმ, 5, 07/12/1998
290.160.000.05.001.000.447
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2006 - 24/09/2009)

საქართველოს კანონი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ადგენს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების წესსა და მისი სახელმწიფო რეგულირების სისტემის საფუძვლებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს ამ სფეროში.

2. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა – ფიზიკურ პირებზე ფულადი სახსრების (პენსიების) რეგულარულად გაცემა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო მოგების ხარჯზე;

ბ) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა – საპენსიო სქემების დაფუძნება, საპენსიო შენატანების აკუმულირება და აღრიცხვა, საპენსიო დანაგროვთა ფორმირება და ფიზიკურ პირებზე პენსიების რეგულარულად გაცემა;

გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემა (შემდგომ – საპენსიო სქემა) –არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის სისტემა;

დ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (შემდგომ დამფუძნებელი) – იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) მეანაბრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომ – მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) საპენსიო დანაგროვი – მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები;

თ) სახელობითი საპენსიო ანგარიში – საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა;

ი) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები;

კ) აქტივების მმართველი კომპანია – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე;

ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარი _ კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და საპენსიო დანაგროვთა აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

მ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭო – დამფუძნებლის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მოქალაქეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს მონაწილეთა ინტერესებს.

    მუხლი 3. ფიზიკურ პირთა არასახელწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის უფლება

ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უზრუნველყოფილ იქნენ არასახელმწიფო პენსიებით. ეს უფლება არ შეიძლება იყოს გირავნობის საგანი და არ ექვემდებარება გასხვისებას. დამფუძნებლები, აქტივების მმართველი კომპანიები და სპეციალიზებული დეპოზიტარები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ.

    მუხლი 4. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

1. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ (შემდგომ – ხელშეკრულება) იდება დამფუძნებელსა და მეანაბრეს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად დამფუძნებელი, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს მონაწილის არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებას, ხოლო მეანაბრე – საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულებას.

2. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს:

ა) დამფუძნებელსა და მეანაბრეს შორის, სხვა ფიზიკური პირის სასარგებლოდ;

ბ) დამფუძნებელსა და მონაწილეს შორის, თუ მონაწილე ამავე დროს არის მეანაბრე თავის სასარგებლოდ;

გ) დამფუძნებელსა და საპენსიო სქემის მუშაკებს შორის, თუ დამფუძნებელი ამავე დროს არის მეანაბრე თავისი მუშაკების სასარგებლოდ.

თავი II

 არასახელმწიფო პენსიის სახეები და მისი გაცემის წესი

    მუხლი 5. არასახელმწიფო პენსიის სახეები

1. არასახელმწიფო პენსიის სახეებია:

ა) მუდმივი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე;

ბ) განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.

2. მუდმივი პენსია არის ინდივიდუალური ან ერთობლივი. ინდივიდუალური პენსია მონაწილეს ერიცხება და ეძლევა გარდაცვალებამდე. პენსიის დარიცხვა და გაცემა წყდება მონაწილის გარდაცვალებისთანავე. ერთობლივი პენსია მიეცემა საპენსიო სქემის წევრ მეუღლეებს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ პენსიის ნახევარი მიეცემა მეორე მეუღლეს. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ ყოფილ მეუღლეს უფლება აქვს მიიღოს ერთობლივი პენსიის ნახევარი.

3. ერთობლივი პენსიის შესახებ მეუღლეთა შორის წამოჭრილი დავა განიხილება სასამართლოს მიერ.

4. განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში საპენსიო უზრუნველყოფის ვადის დამთავრებამდე მიეცემა მის მემკვიდრეებს.

    მუხლი 6. პენსიის გაცემა

1. პენსია მონაწილეს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ განცხადების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში ანდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მან ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგა შრომის უნარი.

2. მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღების დრო.

თავი III

 საპენსიო დანაგროვის ფონდი

    მუხლი 7. საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირება, ხარჯვა და შეფასება

1. საპენსიო დანაგროვის ფონდი არის დამფუძნებლის მიერ თავისი მონაწილის სასარგებლოდ ფორმირებული სახსრები, რომელიც იქმნება მეანაბრეთა საპენსიო შენატანებისა და საპენსიო დანაგროვის აქტივების მართვის შედეგად მიღებული სახსრების – საინვესტიციო მოგების ხარჯზე.

2. მუდმივი პენსიების გაცემის მიზნით დამფუძნებელი აქტუარული გაანგარიშების საფუძველზე ქმნის მუდმივი პენსიების გასაცემ ფონდს, რომელშიც ჩაირიცხება მონაწილის საპენსიო დანაგროვის ფონდის გაანგარიშებული ოდენობის თანხები პენსიის გაცემის დაწყების წინ, უკანასკნელი კვარტალის მონაცემების მიხედვით.

    მუხლი 8. საკუთრების უფლება საპენსიო დანაგროვზე

1. საპენსიო სქემის მონაწილე ითვლება სახელობითი საპენსიო დანაგროვის გაანგარიშებული სიდიდის მესაკუთრედ, მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვის ფონდისათვის გადაცემული სახსრების გარდა.

2. მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვი ითვლება იმ მონაწილეთა ერთობლივ საკუთრებად, რომლებმაც მოიპოვეს მუდმივი პენსიის მიღების უფლება.

    მუხლი 9. საპენსიო შენატანები

1. საპენსიო შენატანებს იხდიან ფულადი სახით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით:

ა) მეანაბრე ფიზიკური პირები;

ბ) მეანაბრე იურიდიული პირები, თუ მათ არა აქვთ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ან სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდების დავალიანება.

2. საპენსიო შენატანების გადახდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების ხარჯზე არ დაიშვება.

3. მეანაბრე, თუ იგი არ არის საპენსიო სქემის მონაწილე თავის სასარგებლოდ, საპენსიო შენატანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს მატერიალური ზიანი გადაუხდელობის პერიოდში შენატანებისა და შესაძლო საინვესტიციო მოგების მიუღებელი თანხების ოდენობით.

4. მეანაბრის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საპენსიო დანაგროვზე მონაწილის უფლებების შეზღუდვის მიზეზად.

    მუხლი 10. საინვესტიციო მოგება

1. საინვესტიციო მოგებად ითვლება საპენსიო დანაგროვის აქტივების მართვის შედეგად მიღებული შემოსავალი ხარჯების გამოკლებით.

2. საპენსიო დანაგროვის აქტივების მართვის ხარჯებს მიეკუთვნება:

ა) აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურებისათვის საპენსიო სქემით დადგენილი წესების შესაბამისად გადახდილი თანხები;

ბ) საპენსიო სქემით დადგენილი ნორმატივების შესაბამისად დამფუძნებლის მომსახურებისა და საქმის წარმოებისათვის გაცემული თანხები.

3. საინვესტიციო მოგება ნაწილდება საპენსიო დანაგროვისა (მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვის გამოკლებით) და მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვის ფონდების საშუალო კვარტალური სიდიდეების პროპორციულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 11. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება

1. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება მხოლოდ საპენსიო დანაგროვის შენახვისა და გაზრდის მიზნით მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა სასარგებლოდ.

2. საპენსიო დანაგროვის აქტივებად ითვლება:

ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშებსა და ანაბრებში ჩადებული თანხები;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;

გ) უცხო ქვეყნების ფასიანი ქაღალდები;

დ) უცხოელ ემიტენტთა აქციები და ობლიგაციები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) საქართველოს სააქციო საზოგადოებათა აქციები და ობლიგაციები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე;

ვ) უძრავი ქონება.

3. საპენსიო დანაგროვის აქტივებად არ ითვლება:

ა) ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემიტენტები არიან დამფუძნებლები ან მეანაბრეები, აგრეთვე მათი აფილირებული პირები, აქტივების მმართველი კომპანიები, სპეციალიზებული დეპოზიტარები, რომლებთანაც დადებულია შეთანხმება საპენსიო დანაგროვთა აქტივების მართვის შესახებ და მათი აფილირებული პირები;

ბ) წარმოებული ფასიანი ქაღალდები;

გ) უძრავი ქონების ობიექტები, რომელთა გასხვისებაც აკრძალულია.

4. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება დამფუძნებლის საინვესტიციო დეკლარაციის შესაბამისად.

    მუხლი 12. აქტივების მმართველი კომპანია

1. საპენსიო დანაგროვთა აქტივების, მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებას ახორციელებენ მხოლოდ აქტივების მმართველი კომპანიები საპენსიო დანაგროვთა აქტივების მართვის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

2. აქტივების მმართველმა კომპანიამ საქმიანობის განსახორციელებლად უნდა მიიღოს ლიცენზია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებლის, მეანაბრისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აფილირებული პირი ან თვით დამფუძნებელი ან სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა სადაზღვევო კომპანიისა და ბანკისა.

4. დამფუძნებელი თვითონ ირჩევს საპენსიო დანაგროვთა აქტივების მმართველ ერთ ან რამდენიმე კომპანიას. მას უფლება აქვს რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად დადოს ხელშეკრულება აქტივების მართვის შესახებ.

5. აქტივების მმართველი კომპანია მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს დამფუძნებლისა და მონაწილეთა წინაშე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აქტივების მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მონაწილეთა წინაშე დამფუძნებლის ვალდებულებებისათვის, აგრეთვე დამფუძნებლის, მეანაბრეებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის დავალიანების ან გაკოტრების გამო.

6. აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობას ახორციელებს საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელით.

7. აქტივების მმართველ კომპანიას საპენსიო დანაგროვი გადაეცემა ფულადი ფორმით, თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით ცალ-ცალკე.

8. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია აქტივების მართვის პროცესში საპენსიო დანაგროვების ინვესტირება განახორციელოს მხოლოდ სპეციალიზებული დეპოზიტარის მეშვეობით.

    მუხლი 13. სპეციალიზებული დეპოზიტარი

1. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით დადოს სადეპოზიტო ხელშეკრულება სპეციალიზებულ დეპოზიტართან. იგი არ შეიძლება იყოს აფილირებული პირი:

ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის;

ბ) მეანაბრის;

გ) აქტივების მმართველი კომპანიის, ვისთანაც დამფუძნებელს დადებული აქვს ხელშეკრულება (ბანკის გარდა).

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიიღოს და შეინახოს საპენსიო დანაგროვის აქტივები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სპეციალიზებულ დეპოზიტარს არჩევს და მასთან ხელშეკრულებას დებს აქტივების მმართველი კომპანია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან.

5. ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომლებიც საპენსიო დანაგროვის აქტივს წარმოადგენს და სადეპოზიტო ხელშეკრულებით სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის არის გადაცემული, მის საკუთრებაში არ გადადის.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:

ა) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის ნომინალური მფლობელის ფუნქცია;

ბ) განახორციელოს საპენსიო დანაგროვის აღრიცხვა დეპოზიტარისა და მასთან ხელშეკრულებაში მყოფი სხვა პირების კუთვნილი ქონებისგან განცალკევებით.

თავი IV

 საპენსიო სქემები

    მუხლი 14. საპენსიო სქემის სახეები

შენატანებისა და გასაცემი თანხების ოდენობის მიხედვით საპენსიო სქემები იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) სქემები, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა და დამფუძნებლის ვალდებულება შექმნას მონაწილეთა სახელობითი საპენსიო დანაგროვი და მის ხარჯზე რეგულარულად გასცეს პენსიები ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად;

ბ) სქემები, სადაც განსაზღვრულია გასაცემი პენსიის ოდენობა და დამფუძნებლის მიერ გათვალისწინებულია პენსიების გადახდა, რომელთა ოდენობა დამოკიდებული არ არის სახელობითი საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე.

    მუხლი 15. პროფესიული საპენსიო სქემა

1. პროფესიული საპენსიო სქემა არის დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან სხვა იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემა, რომლის მეანაბრეც არის დამსაქმებელი.

2. დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი. პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანება, აგრეთვე ამ გაერთიანების წევრები არ შეიძლება იყვნენ სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემის მეანაბრეები.

3. დამსაქმებელს, რომელიც არ არის პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი ან დამფუძნებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს იყოს სხვა დამფუძნებლის ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის მეანაბრე.

4. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში მეანაბრე დამქირავებელთან. მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე.

5. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი შეიძლება იყვნენ დამფუძნებლის (მეანაბრის) მუშაკთა ცალკეული კატეგორიები ან პროფესიული ჯგუფები. იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი, განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.

6. შრომის ხელშეკრულების პირობები მუშაკის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებით მის სასარგებლოდ განსაზღვრულ პირობებს და არ უნდა ითვალისწინებდეს მეტ ან ნაკლებ შეღავათებს იმასთან შედარებით, რაც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

7. პროფესიული საპენსიო სქემების საპენსიო შენატანებს იხდიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელი და მონაწილე ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თუ შენატანებს იხდის მხოლოდ დამსაქმებელი, ყველა მუშაკი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული სქემის მონაწილე, გაერთიანებული უნდა იყოს ამ სქემაში.

    მუხლი 16. დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა

1. დამსაქმებელთა გაერთიანება (ასოციაცია, კავშირი) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, თუ საპენსიო სქემით დადგენილი წესები შეთანხმებულია პროფესიულ კავშირებთან.

2. დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

3. დამსაქმებელთა გაერთიანებების საპენსიო სქემების საქმიანობის კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარს მონაწილეთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ.

4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მონაწილეთა ინტერესების დასაცავად თავისი წევრებიდან ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 17. დამსაქმებლის საპენსიო სქემა

1. დამსაქმებლის საპენსიო სქემას ადგენს დამსაქმებლის მმართველი ორგანო პროფესიულ კავშირებთან შეთანხმებით.

2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ იდება დამსაქმებელსა (დამფუძნებელი და მეანაბრე) და იმ მუშაკს შორის, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე, ან დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების სახით.

3. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ, პროფესიული კავშირების არარსებობისას კი – მონაწილენი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავის მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე.

    მუხლი 18. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები, რომელთა მეანაბრედ ითვლება დამსაქმებელი

1. დამსაქმებელს, რომელიც არ არის საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს როგორც საპენსიო სქემის მეანაბრემ დადოს ხელშეკრულება დამფუძნებელთან თავისი მუშაკების სასარგებლოდ. ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებლის მმართველი ორგანო.

2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება თან ერთვოდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას, თუ ასეთი არსებობს.

3. სხვა იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე, სადაც მეანაბრე არის დამსაქმებელი, ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები.

თავი V

 ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები

    მუხლი 19. ბანკების საპენსიო სქემები

1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევას და უზრუნველყოფას ახორციელებენ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიებისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.

2. ბანკი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პროფესიული საპენსიო სქემის მიხედვით.

3. ბანკს უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა.

4. საპენსიო დანაგროვთა მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკმა ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.

5. დამფუძნებელ ბანკს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვთა აქტივების მართვა;

ბ) წარმართოს მის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების დეპოზიტური მომსახურება.

6. აკრძალულია საპენსიო დანაგროვთა ინვესტირება ბანკის, ბანკის დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული პირების, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან ამ ბანკის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების მეანაბრეებად.

7. საპენსიო დანაგროვთა აქტივების ინვესტირებისას ბანკებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით საპენსიო აქტივების ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები.

    მუხლი 20. სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სქემა

1. სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ დადგენილი წესით ლიცენზირებული და რეგისტრირებული საპენსიო სქემების შესაბამისად.

2. სადაზღვევო კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს თავისი მუშაკების არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა როგორც დამსაქმებელ-დამფუძნებელმა.

3. საპენსიო სქემის დამფუძნებელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია უშუალოდ მართოს საპენსიო დანაგროვის აქტივები, ამასთან იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.

    მუხლი 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები

1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-16–21 მუხლებით არ არის განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელიც არც ბანკია და არც სადაზღვევო კომპანია, ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად;

ბ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირება აწარმოოს აქტივების მმართველი კომპანიის მეშვეობით და საპენსიო დანაგროვი შესანახად გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს;

გ) შექმნას სამეთვალყურეო საბჭო.

    მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია

1. საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

     2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და რეესტრს აწარმოებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 23. საპენსიო სქემის წესები

1. საპენსიო სქემის წესებს ადგენს საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი ორგანო – სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.

3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია:

ა) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები შეუთანხმოს სამეთვალყურეო საბჭოს;

ბ) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აცნობოს თითოეულ მონაწილეს რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 30 დღისა;

გ) ყველა დაინტერესებულ პირს მისცეს საპენსიო სქემის რეგისტრირებული წესების, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გაცნობის შესაძლებლობა.

4. მეანაბრეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი პენსიებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობა ან არასრულად გადახდა არ შეიძლება გახდეს ადრე გადახდილი სადაზღვევო შენატანებით მინიჭებული უფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 24. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა

1. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლად ითვლება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რის შედეგადაც წყდება საპენსიო სქემით განსაზღვრული ვალდებულებანი გამსვლელი მონაწილის მიმართ და იხურება გამსვლელი მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში.

2. ხელშეკრულება (პროფესიული საპენსიო სქემის მიხედვით დადებული ხელშეკრულების გარდა) უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო სქემიდან მონაწილის ნებაყოფლობითი გასვლის უფლებას, ამავე დროს მონაწილეს უნდა ჰქონდეს სახელობითი საპენსიო დანაგროვის შეუმცირებლად მიღების უფლება.

    მუხლი 25. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა

1. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლად ითვლება სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემაში ან ამავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა.

2. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის შემთხვევაში საპენსიო სქემის წესების შესაბამისად იხურება მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში და დამფუძნებლის მოვალეობანი გადაეცემა იმ საპენსიო სქემის დამფუძნებელს, სადაც გადავიდა მონაწილე.

3. დამფუძნებელთან დადებული ხელშეკრულება, პროფესიული საპენსიო სქემის მიხედვით დადებული ხელშეკრულების გარდა, უნდა ითვალისწინებდეს სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის უფლებასა და პირობებს.

4. პროფესიული საპენსიო სქემა უნდა ითვალისწინებდეს მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობებს შემდეგ შემთხვევებში:

ა) მონაწილის დათხოვნის ან დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საპენსიო ასაკის მიღწევის ან ინვალიდობის დადგენისას;

ბ) დამქირავებლის გაკოტრებისას;

გ) საპენსიო სქემის შეწყვეტისას.

5. საპენსიო სქემის შეწყვეტისას მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა ხდება მონაწილის ინიციატივით (თანხმობით) და სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. დამფუძნებელი, რომლის სქემიდანაც გადადის მონაწილე, ვალდებულია, სხვა დამფუძნებელს, რომლის სქემაშიც გადადის მონაწილე, გადასცეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საპენსიო სქემის წესებისა და მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების, აგრეთვე ამ დოკუმენტებში შეტანილი ყველა ცვლილებისა და დამატების ასლები;

ბ) ანგარიში დარიცხული და გაცემული პენსიებისა და საპენსიო დანაგროვის ფორმირების შესახებ;

გ) მონაწილის სახელობითი საპენსიო დანაგროვის დამადასტურებელი საბუთი ფულადი ფორმით გადაცემის დღისათვის, რომლის საანგარიშო სიდიდე განისაზღვრება ამ კანონით.

6. მონაწილის გადასვლა იმავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში ხდება მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 26. საპენსიო სქემის შეწყვეტა

1. საპენსიო სქემის შეწყვეტის საფუძველია:

ა) დამფუძნებლის მიერ ყველა მონაწილის მიმართ პენსიების გაცემის ვალდებულების შესრულება;

ბ) მონაწილეთა სხვა საპენსიო სქემებში გადასვლა;

გ) საპენსიო სქემიდან მონაწილეთა გასვლა;

დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა;

ე) დამფუძნებლის გადაწყვეტილება;

ვ) დამფუძნებლის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ზ) დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის არამდგრადობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა.

3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.

4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.

5. დამფუძნებელის ლიკვიდაცია არ შეიძლება მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის შეწყვეტამდე.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

თავი VI

 საპენსიო სქემის დამფუძნებელთა, აქტივების მმართველ კომპანიათა და სპეციალიზებულ დეპოზიტართა მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება

    მუხლი 27. მონაწილეთა საპენსიო ანგარიშები

1. დამფუძნებელი ვალდებულია მისი საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს გაუხსნას საპენსიო ანგარიში, რომელზეც აღირიცხება საპენსიო დანაგროვების საანგარიშო და გადახდილი თანხები.

2. იმ სქემის მონაწილეს, სადაც განსაზღვრულია გადასახდელი შენატანების ოდენობა, ყოველწლიური პენსია დაერიცხება მის მიერ სადაზღვევო სტაჟის დაგროვების ან პენსიის ოდენობის განმსაზღვრელი სხვა პირობების მიხედვით, საპენსიო სქემის წესის შესაბამისად.

3. მუდმივი პენსიის გასაცემი დანაგროვის ფონდის ფორმირების დროს საპენსიო დანაგროვი აღირიცხება მონაწილის სახელობით საპენსიო ანგარიშზე.

    მუხლი 28. მონაწილეთა ინფორმაციით უზრუნველყოფა

1. დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მისი ინდივიდუალური ანგარიშის, საგადასახადო სისტემაში, აქტივების მმართველ კომპანიებსა და სპეციალურ დეპოზიტარებში მომხდარი ცვლილებებისა და დამფუძნებლის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ.

2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები არ ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს, გარდა მონაწილეთა ანგარიშების შესახებ ინფორმაციისა.

    3. დამფუძნებელი მონაწილისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან დაგვიანებით მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის მიწოდების ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის თანხის 0.01 პროცენტის ოდენობით, თავისი ქონების ხარჯზე, ხოლო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის ანგარიშის წარუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 29. აღრიცხვა-ანგარიშგება

1. დამფუძნებელი ვალდებულია:

ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალ-ცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან;

ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განსახორციელებლად;

გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და გაცემული პენსიების აღრიცხვა.

2. საპენსიო სქემების დამფუძნებლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ საბუღალტრო აღრიცხვის ტიპურ ფორმებთან ერთად კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.

3. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია:

ა) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა აქტივების ცალ-ცალკე აღრიცხვა;

ბ) განახორციელოს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით მისთვის გადაცემული საპენსიო დანაგროვებისა და ინვესტირების შედეგად მიღებული მოგების აღრიცხვა;

გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია (შემდგომში – ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია);

დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:

ა) აღრიცხოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო დანაგროვი ცალ-ცალკე;

ბ) განაცალკევოს საპენსიო სქემების მიხედვით და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული საპენსიო დანაგროვები ერთმანეთისაგან;

გ) განაცალკევოს საპენსიო დანაგროვი საკუთარი და სამართავად მისთვის მინდობილი ქონებისაგან;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოებისათვის.

5. საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება აქტუარული ანგარიშებით.

    6. აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

თავი VII

 არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო რეგულირება და სტიმულირება

    მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები

    არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობებს არეგულირებენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 31. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური:

ა) ახორციელებს საპენსიო სქემების დამფუძნებელთა, როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა, ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ახორციელებს ზედამხედველობას დამფუძნებელთა საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს;

    დ) ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან ერთად ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;

ე) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას;

ვ) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის წესებს;

ზ) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ;

თ) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას;

ი) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებას;

კ) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულებაზე;

ლ) აღძრავს სარჩელს იმ მეანაბრეთა მიმართ, რომლებიც არ იხდიან საპენსიო შენატანებს და ამავე დროს არ ითვლებიან მონაწილეებად;

მ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ;

ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ო) დამფუძნებელს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქცია;

     პ) უფლებამოსილია შეამოწმოს საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობა.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 32. (ამოღებულია)

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 33. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

1. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია:

ა) ადგენს მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ;

ბ) ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის წესებს, საინვესტიციო დეკლარაციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას;

გ) აკონტროლებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;

დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია უფლებამოსილია:

ა) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად შეამოწმოს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობა, აგრეთვე დამოუკიდებლად – დამფუძნებლის საქმიანობა;

ბ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით აქტივების მმართველ კომპანიებს, სპეციალიზებულ დეპოზიტარებსა და საპენსიო სქემების დამფუძნებლებს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 34. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო სტიმულირება

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო სტიმულირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VIII

 საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა

    მუხლი 35. საპენსიო სქემის დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა

დამსაქმებლის და დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემის რეგისტრაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მისი კაპიტალის ოდენობა უკანასკნელი საანგარიშო პერიოდისათვის არ იქნება დამსაქმებელთა ყველა მონაწილის სასარგებლოდ დაგეგმილ წლიურ შენატანზე ნაკლები.

    მუხლი 36. საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასება

1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ფინანსურად მდგრადია, თუ:

ა) საპენსიო სქემის ყოველი მონაწილის საპენსიო დანაგროვის აქტივების შეფასებული ღირებულება, რომელიც სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის არის გადაცემული (იმ საპენსიო დანაგროვის გარდა, რომელიც გადაეცემა მუდმივი პენსიების გასაცემ დანაგროვის ფონდს) უდრის ამ სქემის მონაწილეთა საპენსიო დანაგროვის გაანგარიშებულ სიდიდეს;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის გადაცემული საპენსიო დანაგროვის აქტივების შეფასებული ღირებულება და მუდმივი პენსიების გასაცემი ფონდის აქტივების ღირებულება ამ ფონდის გაანგარიშებული სიდიდის ტოლია.

2. საპენსიო სქემის ფინანსური მდგრადობის შეფასებას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს კვარტალში ერთხელ, დამფუძნებლის ანგარიშის მიღებისას.

3. დამფუძნებელი ვალდებულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს 15 დღის განმავლობაში შეატყობინოს ყველა შემთხვევის შესახებ, რომელმაც იმოქმედა ან შეუძლია იმოქმედოს მისი საპენსიო სქემის ფინანსურ მდგრადობაზე და რომელიც მის წინა კვარტალურ ანგარიშში ასახული არ იყო.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 37. საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის აღდგენა

1. საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში დამფუძნებელი ვალდებულია შეიტანოს დამატებითი შენატანი საპენსიო დანაგროვთა გადახდილ და გაანგარიშებულ თანხებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ოდენობით, გარდა იმ საპენსიო დანაგროვისა, რომელიც გადაცემულია მუდმივი პენსიების გასაცემ დანაგროვთა ფონდში.

2. ფინანსური მდგრადობის აღდგენამდე დაუშვებელია დამფუძნებელმა გაზარდოს მონაწილეთა რიცხვი მის ნებისმიერ საპენსიო სქემაში.

    3. თუ დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობა არ აღდგა მისი არადამაკმაყოფილებლად შეფასებიდან 3 თვის განმავლობაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მიიღოს ზომები დამფუძნებლის საპენსიო სქემების შეწყვეტისა და მისი გაკოტრების შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მიზნით.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 38. მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა

1. დამფუძნებლის მიერ პენსიის მორიგი გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ამ პერიოდისათვის პენსიების გასაცემად საკმარისი აქტივების უქონლობის შემთხვევაში მონაწილენი ითვლებიან დამფუძნებლის კრედიტორებად და უფლება აქვთ პირადად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინონ სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის გადახდისუუნაროდ (ბანკროტად) ცნობის შესახებ.

2. პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მონაწილის სარჩელი მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანების გადახდის შესახებ, როგორც მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე, დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს აღძრას სარჩელი პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის.

4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მის ნებისმიერ წევრს ან მუშაკთა უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას მონაწილეთა ინტერესები დამსაქმებლის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მათი უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში.

5. მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სხვა პირის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მისი უფლებების შეზღუდვის გამო.

6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად.

7. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საგარანტიო, საკომპენსაციო, სადაზღვევო, საგადაზღვევო ან სხვა ფონდებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

    მუხლი 39. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები

1. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან საკომპენსაციო და სხვა ფონდებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

თავი IX

 გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 40. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ;

გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;

დ) საპენსიო სქემების წესების შესახებ;

ე) საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესის შესახებ;

ვ) მინიმალური მოგების გარანტიის ვალდებულებების განსაზღვრის წესის შესახებ;

ზ) საპენსიო შეთანხმების წესის შესახებ;

თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ;

ი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ;

კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე;

ლ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;

მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;

ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;

ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ.

2. ფასიანი ქაღალდების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

გ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ;

ე) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;

ვ) აქტივების მმართველი კომპანიის პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ;

ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზირების წესის შესახებ;

თ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

ი) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

კ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;

ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ;

მ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების შეზღუდვების სახელმძღვანელო პირობების შესახებ;

ნ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;

ო) საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის შესახებ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად.

საქართველოს 200 2 წლის 3 დეკემბრ ის კანონი № 1813 - სსმ I,  № 32 , 20 . 12 .200 2 წ., მუხ. 155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31. 12 .2006 წ., მუხ.440

თავი X

დასკვნითი დებულება

    მუხლი 41. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 ოქტომბერი.

№1679_ Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155

      2. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440