„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 13/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.05.001.003.969
  • Word
2833
23/03/2010
სსმ, 19, 13/04/2010
280.050.000.05.001.003.969
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;

ო) ფილიალი – დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ჩანაწერს საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართულებებისა და საპენსიო სქემის ფინანსური შედეგების ამ დანაგროვის ოდენობაზე ასახვის პირობების შესახებ.

4. მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპენსიო დანაგროვის ფონდი არის დამფუძნებლის მიერ თავისი მონაწილის სასარგებლოდ ფორმირებული სახსრები, რომლებიც იქმნება მეანაბრეთა საპენსიო შენატანებისა და საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის (საინვესტიციო საქმიანობის) შედეგად მიღებული მოგების ან ზარალის გათვალისწინებით.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება საპენსიო სქემის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებლის, მეანაბრისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აფილირებული პირი ან თვით დამფუძნებელი ან სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

7. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირს ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესასრულებლად. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით დადოს სადეპოზიტო ხელშეკრულება სპეციალიზებულ დეპოზიტართან. სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ბანკისა, არ შეიძლება იყოს აფილირებული პირი:

ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლისა;

ბ) მეანაბრისა;

გ) აქტივების მმართველი კომპანიისა, რომელთანაც დამფუძნებელს დადებული აქვს ხელშეკრულება.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

     „მუხლი 141. დამფუძნებლის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა

1.დამფუძნებელმა საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

ბ) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ დამფუძნებელი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას დამფუძნებლისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) დამფუძნებელი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. ბანკების საპენსიო სქემები

1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია) მეშვეობით, რომელშიც ბანკი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს.

2. ბანკის შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით.

3. ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა.

4. სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციას) და მასთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ, იყვნენ ბანკის შვილობილი კომპანიის მეანაბრეები.

5. საპენსიო დანაგროვის მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკის შვილობილმა კომპანიამ ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.

6. ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვა; ამასთანავე, იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.

7. აკრძალულია საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ბანკის შვილობილი კომპანიის – საპენსიო სქემის დამფუძნებლის, სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის), სათავო საწარმოს დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული პირების აქტივებში, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან ამ ბანკის შვილობილი კომპანიის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების მეანაბრეებად.

8. საპენსიო დანაგროვის ინვესტირებისას ბანკების შვილობილმა კომპანიებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები.“.

10. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები

1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-20 მუხლით არ არის განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბანკში მათი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციის წესსა და სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ოდენობას ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად;

ბ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირება განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის მეშვეობით და საპენსიო დანაგროვი შესანახად გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს;

გ) შექმნას ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭო.“.

11. 311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 311. დარღვევები და სანქციები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ:

ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება;

ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დამფუძნებელმა დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. დამფუძნებლისათვის, აქტივების მმართველი კომპანიისათვის და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 312 მუხლი:

     „მუხლი 312. დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობის კრიტერიუმები

დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები:

ა) სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ;

ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;

გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის;

დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრები.“.

13. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. გარდამავალი დებულებები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ;

გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;

დ) საპენსიო სქემის წესების შესახებ;

ე) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვის – საპენსიო ვალდებულების შექმნის წესის შესახებ;

ვ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის შესახებ;

ზ) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ;

თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ;

ი) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ;

კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;

ლ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;

მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;

ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;

ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ;

პ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ;

ჟ) აქტივების მმართველი კომპანიის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

რ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

ს) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;

ტ) აქტივების მმართველი კომპანიის პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ;

უ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზირების წესის შესახებ;

ფ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

ქ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

ღ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;

ყ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების შეზღუდვის სახელმძღვანელო პირობების შესახებ;

შ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;

ჩ) არასახელმწიფო საპენსიო რეზერვების დაფარვის მიზნით დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 მარტი.

№2833–Iს