დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1679 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/10/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 07/12/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.05.001.000.447 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია 2025 წლის 1 იანვრიდან - 28.06.2023, №3339)
საქართველოს კანონი
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების წესსა და მისი სახელმწიფო რეგულირების სისტემის საფუძვლებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს ამ სფეროში.
2. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა – ფიზიკურ პირებზე ფულადი სახსრების (პენსიების) რეგულარულად გაცემა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო მოგების ხარჯზე;
ბ) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა – საპენსიო სქემების დაფუძნება, საპენსიო შენატანების აკუმულირება და აღრიცხვა, საპენსიო დანაგროვთა ფორმირება და ფიზიკურ პირებზე პენსიების რეგულარულად გაცემა;
გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემა (შემდგომ – საპენსიო სქემა) –არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის სისტემა;
დ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (შემდგომ დამფუძნებელი) – იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) მეანაბრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომ – მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) საპენსიო დანაგროვი – მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები;
თ) სახელობითი საპენსიო ანგარიში – საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა;
ი) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები;
ი1) საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები – საქართველოს ეროვნული ბანკის წესით განსაზღვრული, საპენსიო დანაგროვთა დასაფარავად (საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები;
ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
მ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭო – დამფუძნებლის ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მოქალაქეთა არასახელმწიფო პენსიებით უზრუნველყოფას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს მონაწილეთა ინტერესებს;
ნ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;
ო) ფილიალი – დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი.
მუხლი 3. ფიზიკურ პირთა არასახელწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის უფლება
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უზრუნველყოფილ იქნენ არასახელმწიფო პენსიებით. ეს უფლება არ შეიძლება იყოს გირავნობის საგანი და არ ექვემდებარება გასხვისებას. დამფუძნებლები, აქტივების მმართველი კომპანიები და სპეციალიზებული დეპოზიტარები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ.
მუხლი 4. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
1. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ (შემდგომ – ხელშეკრულება) იდება დამფუძნებელსა და მეანაბრეს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად დამფუძნებელი, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს მონაწილის არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებას, ხოლო მეანაბრე – საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულებას.
2. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს:
ა) დამფუძნებელსა და მეანაბრეს შორის, სხვა ფიზიკური პირის სასარგებლოდ;
ბ) დამფუძნებელსა და მონაწილეს შორის, თუ მონაწილე ამავე დროს არის მეანაბრე თავის სასარგებლოდ;
გ) დამფუძნებელსა და საპენსიო სქემის მუშაკებს შორის, თუ დამფუძნებელი ამავე დროს არის მეანაბრე თავისი მუშაკების სასარგებლოდ.
3. მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ჩანაწერს საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართულებებისა და საპენსიო სქემის ფინანსური შედეგების ამ დანაგროვის ოდენობაზე ასახვის პირობების შესახებ.
4. მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
თავი II
არასახელმწიფო პენსიის სახეები და მისი გაცემის წესი
მუხლი 5. არასახელმწიფო პენსიის სახეები
1. არასახელმწიფო პენსიის სახეებია:
ა) მუდმივი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე;
ბ) განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.
2. მუდმივი პენსია არის ინდივიდუალური ან ერთობლივი. ინდივიდუალური პენსია მონაწილეს ერიცხება და ეძლევა გარდაცვალებამდე. პენსიის დარიცხვა და გაცემა წყდება მონაწილის გარდაცვალებისთანავე. ერთობლივი პენსია მიეცემა საპენსიო სქემის წევრ მეუღლეებს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ პენსიის ნახევარი მიეცემა მეორე მეუღლეს. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ ყოფილ მეუღლეს უფლება აქვს მიიღოს ერთობლივი პენსიის ნახევარი.
3. ერთობლივი პენსიის შესახებ მეუღლეთა შორის წამოჭრილი დავა განიხილება სასამართლოს მიერ.
4. განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში საპენსიო უზრუნველყოფის ვადის დამთავრებამდე მიეცემა მის მემკვიდრეებს.
მუხლი 6. პენსიის გაცემა
1. პენსია მონაწილეს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ განცხადების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში ანდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მან ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგა შრომის უნარი.
2. მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღების დრო.
თავი III
საპენსიო დანაგროვის ფონდი
მუხლი 7. საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირება, ხარჯვა და შეფასება
1. საპენსიო დანაგროვის ფონდი არის დამფუძნებლის მიერ თავისი მონაწილის სასარგებლოდ ფორმირებული სახსრები, რომლებიც იქმნება მეანაბრეთა საპენსიო შენატანებისა და საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის (საინვესტიციო საქმიანობის) შედეგად მიღებული მოგების ან ზარალის გათვალისწინებით.
2. მუდმივი პენსიების გაცემის მიზნით დამფუძნებელი აქტუარული გაანგარიშების საფუძველზე ქმნის მუდმივი პენსიების გასაცემ ფონდს, რომელშიც ჩაირიცხება მონაწილის საპენსიო დანაგროვის ფონდის გაანგარიშებული ოდენობის თანხები პენსიის გაცემის დაწყების წინ, უკანასკნელი კვარტალის მონაცემების მიხედვით.
მუხლი 8. საკუთრების უფლება საპენსიო დანაგროვზე
1. საპენსიო სქემის მონაწილე ითვლება სახელობითი საპენსიო დანაგროვის გაანგარიშებული სიდიდის მესაკუთრედ, მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვის ფონდისათვის გადაცემული სახსრების გარდა.
2. მუდმივი პენსიების გასაცემი დანაგროვი ითვლება იმ მონაწილეთა ერთობლივ საკუთრებად, რომლებმაც მოიპოვეს მუდმივი პენსიის მიღების უფლება.
მუხლი 9. საპენსიო შენატანები
1. საპენსიო შენატანებს იხდიან ფულადი სახით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით:
ა) მეანაბრე ფიზიკური პირები;
ბ) მეანაბრე იურიდიული პირები, თუ მათ არა აქვთ ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ან სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდების დავალიანება.
2. საპენსიო შენატანების გადახდა ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების სახსრების ხარჯზე არ დაიშვება.
3. მეანაბრე, თუ იგი არ არის საპენსიო სქემის მონაწილე თავის სასარგებლოდ, საპენსიო შენატანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს მატერიალური ზიანი გადაუხდელობის პერიოდში შენატანებისა და შესაძლო საინვესტიციო მოგების მიუღებელი თანხების ოდენობით.
4. მეანაბრის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საპენსიო დანაგროვზე მონაწილის უფლებების შეზღუდვის მიზეზად.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6915 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)
მუხლი 11. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება
1. (ამოღებულია).
2. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებად არ ითვლება:
ა) ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემიტენტები არიან დამფუძნებლები ან მეანაბრეები, აგრეთვე მათი აფილირებული პირები, აქტივების მმართველი კომპანიები, სპეციალიზებული დეპოზიტარები, რომლებთანაც დადებულია შეთანხმება საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ, და მათი აფილირებული პირები;
ბ) წარმოებული ფასიანი ქაღალდები;
გ) უძრავი ქონების ობიექტები, რომელთა გასხვისებაც აკრძალულია.
4. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება საპენსიო სქემის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 12. აქტივების მმართველი კომპანია
1. საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებას ახორციელებენ მხოლოდ აქტივების მმართველი კომპანიები საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.
2. აქტივების მმართველმა კომპანიამ საქმიანობის განსახორციელებლად უნდა მიიღოს ლიცენზია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აქტივების მმართველი კომპანია არ შეიძლება იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებლის, მეანაბრისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აფილირებული პირი ან თვით დამფუძნებელი ან სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. დამფუძნებელი თვითონ ირჩევს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მმართველ ერთ ან რამდენიმე კომპანიას. მას უფლება აქვს, რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად დადოს ხელშეკრულება აქტივების მართვის შესახებ.
5. აქტივების მმართველი კომპანია მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს დამფუძნებლისა და მონაწილეთა წინაშე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აქტივების მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მონაწილეთა წინაშე დამფუძნებლის ვალდებულებებისათვის, აგრეთვე დამფუძნებლის, მეანაბრეებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის დავალიანების ან გაკოტრების გამო.
6. აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობას ახორციელებს საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელით.
7. აქტივების მმართველ კომპანიას საპენსიო დანაგროვი გადაეცემა ფულადი ფორმით, თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით ცალ-ცალკე.
8. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია აქტივების მართვის პროცესში საპენსიო დანაგროვების ინვესტირება განახორციელოს მხოლოდ სპეციალიზებული დეპოზიტარის მეშვეობით.
მუხლი 13. სპეციალიზებული დეპოზიტარი
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირს ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესასრულებლად. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით დადოს სადეპოზიტო ხელშეკრულება სპეციალიზებულ დეპოზიტართან. სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა ბანკისა, არ შეიძლება იყოს აფილირებული პირი:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლისა;
ბ) მეანაბრისა;
გ) აქტივების მმართველი კომპანიისა, რომელთანაც დამფუძნებელს დადებული აქვს ხელშეკრულება.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიიღოს და შეინახოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სპეციალიზებულ დეპოზიტარს არჩევს და მასთან ხელშეკრულებას დებს აქტივების მმართველი კომპანია საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან.
5. ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომლებიც საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივს წარმოადგენს და სადეპოზიტო ხელშეკრულებით სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის არის გადაცემული, მის საკუთრებაში არ გადადის.
6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის ნომინალური მფლობელის ფუნქცია;
ბ) განახორციელოს საპენსიო დანაგროვის აღრიცხვა დეპოზიტარისა და მასთან ხელშეკრულებაში მყოფი სხვა პირების კუთვნილი ქონებისგან განცალკევებით.
თავი IV
საპენსიო სქემები
მუხლი 14. საპენსიო სქემის სახეები
შენატანებისა და გასაცემი თანხების ოდენობის მიხედვით საპენსიო სქემები იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სქემები, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა და დამფუძნებლის ვალდებულება შექმნას მონაწილეთა სახელობითი საპენსიო დანაგროვი და მის ხარჯზე რეგულარულად გასცეს პენსიები ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად;
ბ) სქემები, სადაც განსაზღვრულია გასაცემი პენსიის ოდენობა და დამფუძნებლის მიერ გათვალისწინებულია პენსიების გადახდა, რომელთა ოდენობა დამოკიდებული არ არის სახელობითი საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე.
მუხლი 141. დამფუძნებლის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა
1. დამფუძნებელმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;
ბ) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.
2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არ არის ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:
ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ დამფუძნებელი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას დამფუძნებლისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) დამფუძნებელი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.
მუხლი 15. პროფესიული საპენსიო სქემა
1. პროფესიული საპენსიო სქემა არის დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან სხვა იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემა, რომლის მეანაბრეც არის დამსაქმებელი.
2. დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი. პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანება, აგრეთვე ამ გაერთიანების წევრები არ შეიძლება იყვნენ სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემის მეანაბრეები.
3. დამსაქმებელს, რომელიც არ არის პროფესიული საპენსიო სქემის დამფუძნებელი ან დამფუძნებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს იყოს სხვა დამფუძნებლის ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის მეანაბრე.
4. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში მეანაბრე დამქირავებელთან. მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე.
5. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი შეიძლება იყვნენ დამფუძნებლის (მეანაბრის) მუშაკთა ცალკეული კატეგორიები ან პროფესიული ჯგუფები. იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილენი, განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.
6. შრომის ხელშეკრულების პირობები მუშაკის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებით მის სასარგებლოდ განსაზღვრულ პირობებს და არ უნდა ითვალისწინებდეს მეტ ან ნაკლებ შეღავათებს იმასთან შედარებით, რაც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
7. პროფესიული საპენსიო სქემების საპენსიო შენატანებს იხდიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელი და მონაწილე ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თუ შენატანებს იხდის მხოლოდ დამსაქმებელი, ყველა მუშაკი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული სქემის მონაწილე, გაერთიანებული უნდა იყოს ამ სქემაში.
მუხლი 16. დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა
1. დამსაქმებელთა გაერთიანება (ასოციაცია, კავშირი) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, თუ საპენსიო სქემით დადგენილი წესები შეთანხმებულია პროფესიულ კავშირებთან.
2. დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. დამსაქმებელთა გაერთიანებების საპენსიო სქემების საქმიანობის კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარს მონაწილეთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მონაწილეთა ინტერესების დასაცავად თავისი წევრებიდან ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი.
მუხლი 17. დამსაქმებლის საპენსიო სქემა
1. დამსაქმებლის საპენსიო სქემას ადგენს დამსაქმებლის მმართველი ორგანო პროფესიულ კავშირებთან შეთანხმებით.
2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ იდება დამსაქმებელსა (დამფუძნებელი და მეანაბრე) და იმ მუშაკს შორის, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე, ან დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების სახით.
3. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ, პროფესიული კავშირების არარსებობისას კი – მონაწილენი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავის მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე.
მუხლი 18. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები, რომელთა მეანაბრედ ითვლება დამსაქმებელი
1. დამსაქმებელს, რომელიც არ არის საპენსიო სქემის დამფუძნებელი დამსაქმებელთა გაერთიანების წევრი, უფლება აქვს როგორც საპენსიო სქემის მეანაბრემ დადოს ხელშეკრულება დამფუძნებელთან თავისი მუშაკების სასარგებლოდ. ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებლის მმართველი ორგანო.
2. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება თან ერთვოდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას, თუ ასეთი არსებობს.
3. სხვა იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე, სადაც მეანაბრე არის დამსაქმებელი, ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები.
თავი V
ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები
მუხლი 19. ბანკების საპენსიო სქემები
1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია) მეშვეობით, რომელშიც ბანკი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს.
2. ბანკის შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით.
3. ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა.
4. სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციას) და მასთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ, იყვნენ ბანკის შვილობილი კომპანიის მეანაბრეები.
5. საპენსიო დანაგროვის მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკის შვილობილმა კომპანიამ ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.
6. ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვა; ამასთანავე, იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.
7. აკრძალულია საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ბანკის შვილობილი კომპანიის – საპენსიო სქემის დამფუძნებლის, სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის), სათავო საწარმოს დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული პირების აქტივებში, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან ამ ბანკის შვილობილი კომპანიის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების მეანაბრეებად.
8. საპენსიო დანაგროვის ინვესტირებისას ბანკების შვილობილმა კომპანიებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები.
მუხლი 20. სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სქემა
1. სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული დაზღვევის ლიცენზიისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.
2. სადაზღვევო კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს თავისი მუშაკების არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა როგორც დამსაქმებელ-დამფუძნებელმა.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია უშუალოდ მართოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები, ამასთანავე იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.
მუხლი 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები
1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-20 მუხლით არ არის განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბანკში მათი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციის წესსა და სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ოდენობას ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად;
ბ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირება განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის მეშვეობით და საპენსიო დანაგროვი შესანახად გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს;
გ) შექმნას ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია
1. საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და საპენსიო სქემების რეესტრს აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 23. საპენსიო სქემის წესები
1. საპენსიო სქემის წესებს ადგენს საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი ორგანო – სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს ეროვნულ ბანკში.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია:
ა) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები შეუთანხმოს სამეთვალყურეო საბჭოს;
ბ) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აცნობოს თითოეულ მონაწილეს რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 30 დღისა;
გ) ყველა დაინტერესებულ პირს მისცეს საპენსიო სქემის რეგისტრირებული წესების, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გაცნობის შესაძლებლობა.
4. მეანაბრეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი პენსიებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობა ან არასრულად გადახდა არ შეიძლება გახდეს ადრე გადახდილი სადაზღვევო შენატანებით მინიჭებული უფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვის საფუძველი.
მუხლი 24. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა
1. საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლად ითვლება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რის შედეგადაც წყდება საპენსიო სქემით განსაზღვრული ვალდებულებანი გამსვლელი მონაწილის მიმართ და იხურება გამსვლელი მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში.
2. ხელშეკრულება (პროფესიული საპენსიო სქემის მიხედვით დადებული ხელშეკრულების გარდა) უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო სქემიდან მონაწილის ნებაყოფლობითი გასვლის უფლებას, ამავე დროს მონაწილეს უნდა ჰქონდეს სახელობითი საპენსიო დანაგროვის შეუმცირებლად მიღების უფლება.
მუხლი 25. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა
1. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლად ითვლება სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემაში ან ამავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა.
2. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის შემთხვევაში საპენსიო სქემის წესების შესაბამისად იხურება მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში და დამფუძნებლის მოვალეობანი გადაეცემა იმ საპენსიო სქემის დამფუძნებელს, სადაც გადავიდა მონაწილე.
3. დამფუძნებელთან დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის უფლებასა და პირობებს.
4. პროფესიული საპენსიო სქემა უნდა ითვალისწინებდეს მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობებს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მონაწილის დათხოვნისას ან დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ინვალიდობის დადგენისას;
ბ) დამქირავებლის გაკოტრებისას.
5. საპენსიო სქემის შეწყვეტისას მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა ხდება მონაწილის ინიციატივით (თანხმობით) და სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. დამფუძნებელი, რომლის სქემიდანაც გადადის მონაწილე, ვალდებულია, სხვა დამფუძნებელს, რომლის სქემაშიც გადადის მონაწილე, გადასცეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საპენსიო სქემის წესებისა და მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების, აგრეთვე ამ დოკუმენტებში შეტანილი ყველა ცვლილებისა და დამატების ასლები;
ბ) ანგარიში დარიცხული და გაცემული პენსიებისა და საპენსიო დანაგროვის ფორმირების შესახებ;
გ) მონაწილის სახელობითი საპენსიო დანაგროვის დამადასტურებელი საბუთი ფულადი ფორმით გადაცემის დღისათვის, რომლის საანგარიშო სიდიდე განისაზღვრება ამ კანონით.
6. მონაწილის გადასვლა იმავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში ხდება მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 26. საპენსიო სქემის შეწყვეტა
1. საპენსიო სქემის შეწყვეტის საფუძველია:
ა) დამფუძნებლის მიერ ყველა მონაწილის მიმართ პენსიების გაცემის ვალდებულების შესრულება;
ბ) მონაწილეთა სხვა საპენსიო სქემებში გადასვლა;
გ) საპენსიო სქემიდან მონაწილეთა გასვლა;
დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა;
ე) დამფუძნებლის გადაწყვეტილება;
ვ) დამფუძნებლის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ზ) დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის არამდგრადობა;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და საქართველოს ეროვნულ ბანკს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.
4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.
5. დამფუძნებელის ლიკვიდაცია არ შეიძლება მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის შეწყვეტამდე.
თავი VI
საპენსიო სქემის დამფუძნებელთა, აქტივების მმართველ კომპანიათა და სპეციალიზებულ დეპოზიტართა მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება
მუხლი 27. მონაწილეთა საპენსიო ანგარიშები
1. დამფუძნებელი ვალდებულია მისი საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს გაუხსნას საპენსიო ანგარიში, რომელზეც აღირიცხება საპენსიო დანაგროვების საანგარიშო და გადახდილი თანხები.
2. იმ სქემის მონაწილეს, სადაც განსაზღვრულია გადასახდელი შენატანების ოდენობა, ყოველწლიური პენსია დაერიცხება მის მიერ სადაზღვევო სტაჟის დაგროვების ან პენსიის ოდენობის განმსაზღვრელი სხვა პირობების მიხედვით, საპენსიო სქემის წესის შესაბამისად.
3. მუდმივი პენსიის გასაცემი დანაგროვის ფონდის ფორმირების დროს საპენსიო დანაგროვი აღირიცხება მონაწილის სახელობით საპენსიო ანგარიშზე.
მუხლი 28. მონაწილეთა ინფორმაციით უზრუნველყოფა
1. დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მისი ინდივიდუალური ანგარიშის, საგადასახადო სისტემაში, აქტივების მმართველ კომპანიებსა და სპეციალურ დეპოზიტარებში მომხდარი ცვლილებებისა და დამფუძნებლის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ.
2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები (გარდა მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაციისა) კონფიდენციალური არ არის. მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.
22. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეს ინფორმაცია მიაწოდოს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმება.
3. დამფუძნებელი მონაწილისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან დაგვიანებით მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის მიწოდების ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის თანხის 0.01 პროცენტის ოდენობით, თავისი ქონების ხარჯზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ანგარიშის წა - რუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 29. აღრიცხვა-ანგარიშგება
1. დამფუძნებელი ვალდებულია:
ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალ-ცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან;
ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განსახორციელებლად;
გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და გაცემული პენსიების აღრიცხვა;
დ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს დამფუძნებელი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.
2. დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.
3. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია:
ა) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების ცალ - ცალკე აღრიცხვა;
ბ) განახორციელოს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით მისთვის გადაცემული საპენსიო დანაგროვებისა და ინვესტირების შედეგად მიღებული მოგების აღრიცხვა;
გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი;
დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) აღრიცხოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო დანაგროვი ცალ-ცალკე;
ბ) განაცალკევოს საპენსიო სქემების მიხედვით და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული საპენსიო დანაგროვები ერთმანეთისაგან;
გ) განაცალკევოს საპენსიო დანაგროვი საკუთარი და სამართავად მისთვის მინდობილი ქონებისაგან;
დ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოებისათვის.
5. საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება აქტუარული დათვლებით.
6. აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
თავი VII
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო რეგულირება და სტიმულირება
მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 31. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში
1. საქართველოს ეროვნული ბანკი:
ა) ახორციელებს დამფუძნებელთა, როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა, რეგისტრაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გარდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებადი პირებისა;
ბ) ადგენს დამფუძნებლების მიმართ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის წესს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას დამფუძნებელთა საქმიანობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს;
ე) ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;
ვ) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას;
ზ) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის წესებს;
თ) ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;
ი) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემებში ცვლილებების შეტანის ან საპენსიო სქემების შეწყვეტის შესახებ;
კ) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას;
ლ) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებას;
მ) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულებაზე;
ნ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ;
ო) ადგენს მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ;
პ) ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის წესებს, საინვესტიციო დეკლარაციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას;
ჟ) აკონტროლებს/ამოწმებს დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;
რ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) აქტივების მმართველ კომპანიებს, სპეციალიზებულ დეპოზიტარებსა და დამფუძნებლებს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები;
ბ) შეამოწმოს დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობა;
გ) ამ კანონის 311 მუხლში მითითებული დარღვევებისთვის დაუწესოს სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს, აქტივების მმართველ კომპანიებსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარებს, გაუუქმოს დამფუძნებელს რეგისტრაცია, გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია. სანქციების ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
ლოლმუხლი 311. დარღვევები და სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ:
ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება;
ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
გ) დამფუძნებელმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.
4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. დამფუძნებლისათვის, აქტივების მმართველი კომპანიისათვის და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 312. დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობის კრიტერიუმები
დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები:
ა) (ამოღებულია - 20.03.2015, №3384);
ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;
გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის;
დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრები.
მუხლი 32. (ამოღებულია)
მუხლი 33. (ამოღებულია)
მუხლი 34. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო სტიმულირება
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სახელმწიფო სტიმულირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VIII
საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა
მუხლი 35. დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა
დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. თუ პირის სამართლებრივი ფორმა არ ითვალისწინებს კაპიტალის არსებობას, მას უნდა ჰქონდეს საგარანტიო ფონდი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
მუხლი 36. (ამოღებულია)
მუხლი 37. (ამოღებულია)
მუხლი 38. მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა
1. დამფუძნებლის მიერ პენსიის მორიგი გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ამ პერიოდისათვის პენსიების გასაცემად საკმარისი აქტივების უქონლობის შემთხვევაში მონაწილენი ითვლებიან დამფუძნებლის კრედიტორებად და უფლება აქვთ პირადად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინონ სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის გადახდისუუნაროდ (ბანკროტად) ცნობის შესახებ.
2. პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მონაწილის სარჩელი მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანების გადახდის შესახებ, როგორც მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე, დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს აღძრას სარჩელი პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის.
4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მის ნებისმიერ წევრს ან მუშაკთა უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას მონაწილეთა ინტერესები დამსაქმებლის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მათი უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში.
5. მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სხვა პირის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მისი უფლებების შეზღუდვის გამო.
6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად.
7. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საგარანტიო, საკომპენსაციო, სადაზღვევო, საგადაზღვევო ან სხვა ფონდებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 39. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები
1. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აქტივების მმართველი კომპანიების და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან საკომპენსაციო და სხვა ფონდებს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი IX
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40. გარდამავალი დებულებები
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ;
გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;
დ) საპენსიო სქემის წესების შესახებ;
ე) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვის – საპენსიო ვალდებულების შექმნის წესის შესახებ;
ვ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის შესახებ;
ზ) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ;
ი) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ;
კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;
ლ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;
მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;
ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;
ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ;
პ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
ჟ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
რ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
ს) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
ტ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
უ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
ფ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813);
ქ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
ღ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;
ყ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების შეზღუდვის სახელმძღვანელო პირობების შესახებ;
შ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;
ჩ) არასახელმწიფო საპენსიო რეზერვების დაფარვის მიზნით დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის შესახებ.
თავი X
დასკვნითი დებულება
მუხლი 41. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 30 ოქტომბერი.
№1679_ Iს
დოკუმენტის კომენტარები