სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4522-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413019, 13/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 240060000.05.001.016271
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4522-Iს
08/04/2011
ვებგვერდი, 110413019, 13/04/2011
240060000.05.001.016271
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

     მუხლი 1. სააქციო საზოგადოება − საქართველოს განვითარების ფონდი

1. სააქციო საზოგადოება − საქართველოს განვითარების ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფომ დააფუძნა.

2. ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა შემოიფარგლება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით განსაზღვრული აქციონერის უფლებამოსილების განხორციელებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მფლობელი აქციონერის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო არ მონაწილეობს ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში.

3. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, ფონდის წესდებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ფონდის აქციონერისა და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები, მის მმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობები და აქციონერის მიმართ სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით.

4. ფონდის მიზნებია:

ა) კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;

ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;

გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობით;

დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული, ფონდის კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5099 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

     მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები

1. ფონდის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) ამ საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობა და ფონდის მონაწილეობა მხოლოდ იმ პროექტებში, რომლებშიც სახელმწიფო არაპირდაპირ არის წარმოდგენილი ფონდის მიერ მინორიტარულ წილში, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სხვა ინვესტიციების მოზიდვას;

ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად;

გ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით.

2. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის:

ა) არანაკლებ 3 მილიონი ლარისა;

ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა;

გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა.

3. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებია:

ა) მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება;

ბ) ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები);

გ) ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;

დ) იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის (გარდა სათამაშო ბიზნესისა) განხორციელება, რომელშიც საქართველოს ეკონომიკას სხვა ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით ფარდობითი უპირატესობა აქვს.

4. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებიდან გამონაკლისი შემთხვევების განსაზღვრის უფლებამოსილება.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5099 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 3. ფონდის სახსრები და დაფინანსების წყარო

1. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ.

2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

3. ფონდის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და სახელმწიფო, როგორც ფონდის აქციონერი, პასუხს არ აგებს ფონდის ვალდებულებებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5099 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

     მუხლი 4. პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმა

1. პროექტის განხორციელებისას ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დგინდება ფონდის ვალდებულება თავისი წილის 100 პროცენტის გასხვისების ვადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ.

2. წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით.

3. პროექტში ფონდის მონაწილეობისთვის საჭიროა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, თუ ფონდის წესდებით ან/და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პროექტი ფინანსდება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტი არ შეიძლება დაფინანსდეს თანადაფინანსების გარეშე.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 41 . საგადასახადო რეჟიმი

ფონდის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსი ს მოქმედება .

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

     მუხლი 5. ფონდის მმართველობის ორგანოები

ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 6. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება ფონდის წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის წევრებისგან. სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ფონდის აქციონერთა საერთო კრება.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მოსაწვევი პირის შერჩევის პირობები/კრიტერიუმები, აგრეთვე მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობა ანაზღაურდება ფონდის აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით.

4. სამეთვალყურეო საბჭო დირექტორთა საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით იღებს საინვესტიციო პროექტის დაფინანსების მიმართულებების, კრიტერიუმებისა და წესების შესახებ გადაწყვეტილებას ფონდის წესდების შესაბამისად.

5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის/შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1256 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

     მუხლი 7. ფონდის დირექტორთა საბჭო

1. დირექტორთა საბჭოს ძირითადი ფუნქციებია საინვესტიციო პროექტების შემუშავება, ფონდის აქციონერთა საერთო კრებისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოსთვის − ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში პროექტების წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა, აგრეთვე ფონდის წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

3. დირექტორთა საბჭოს სტრუქტურა, მისი წევრების რაოდენობა, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები რეგულირდება ფონდის წესდებით.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

     მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

     მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქციონერთა საერთო კრებას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ფონდის მიერ წინა წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ შემოწმებული ფონდის წლიური ფინანსური ანგარიშგება.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.  
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1256 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2989 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

    მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია

ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5746 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი       . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4522I