„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5746-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 240060000.05.001.016616
  • Word
5746-Iს
02/03/2012
ვებგვერდი, 15/03/2012
240060000.05.001.016616
„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. სააქციო საზოგადოება − საპარტნიორო ფონდი

1. სააქციო საზოგადოება − საპარტნიორო ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფომ დააფუძნა.

2. ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა შემოიფარგლება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით განსაზღვრული აქციონერის უფლებამოსილებით. სახელმწიფო არ მონაწილეობს ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში და ფონდის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში.

3. ფონდი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, ფონდის წესდებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. ფონდის მიზნებია:

ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;

ბ) ინვესტიციების მოზიდვა;

გ) სამუშაო ადგილების შექმნა;

დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა;

ვ) კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სხვა მიზანი.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფონდის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად;

ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით.

2. ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში − მინიმუმ 30 მილიონი ლარი, თუკი ფონდის სამეთვალყურეო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

3. ფონდის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და სახელმწიფო, როგორც ფონდის აქციონერი, პასუხს არ აგებს ფონდის ვალდებულებებისათვის.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით.

3. ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ფონდის წესდებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროექტის დაფინანსება ხორციელდება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს თანადაფინანსების გარეშეც.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

    „მუხლი 41. საგადასახადო რეჟიმი

ფონდის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედება.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან და კერძო სექტორიდან მოწვეული პირებისგან.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად კერძო სექტორიდან მოსაწვევი პირების შერჩევის პირობები განისაზღვრება ფონდის წესდებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგს, ასევე ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია პროექტების შემუშავება, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა, ასევე ფონდის წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

8. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია ყოველ წელს გამოაქვეყნოს წლიური აუდიტური ფინანსური ანგარიშგების ფორმა.

    მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია

ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 2 მარტი.

№5746-Iს