„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2989-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 240060000.05.001.020896
2989-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
240060000.05.001.020896
„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“.

2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სააქციო საზოგადოება − საქართველოს განვითარების ფონდი

1. სააქციო საზოგადოება − საქართველოს განვითარების ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფომ დააფუძნა.

2. ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა შემოიფარგლება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით განსაზღვრული აქციონერის უფლებამოსილების განხორციელებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მფლობელი აქციონერის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო არ მონაწილეობს ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში.

3. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, ფონდის წესდებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ფონდის აქციონერისა და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები, მის მმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობები და აქციონერის მიმართ სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით.

4. ფონდის მიზნებია:

ა) კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;

ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;

გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობით;

დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული, ფონდის კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები

1. ფონდის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) ამ საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობა და ფონდის მონაწილეობა მხოლოდ იმ პროექტებში, რომლებშიც სახელმწიფო არაპირდაპირ არის წარმოდგენილი ფონდის მიერ მინორიტარულ წილში, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სხვა ინვესტიციების მოზიდვას;

ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად;

გ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით.

2. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის:

ა) არანაკლებ 3 მილიონი ლარისა;

ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა;

გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა.

3. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებია:

ა) მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება;

ბ) ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები);

გ) ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;

დ) იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის (გარდა სათამაშო ბიზნესისა) განხორციელება, რომელშიც საქართველოს ეკონომიკას სხვა ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით ფარდობითი უპირატესობა აქვს.

4. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებიდან გამონაკლისი შემთხვევების განსაზღვრის უფლებამოსილება.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროექტის განხორციელებისას ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დგინდება ფონდის ვალდებულება თავისი წილის 100 პროცენტის გასხვისების ვადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტში ფონდის მონაწილეობისთვის საჭიროა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, თუ ფონდის წესდებით ან/და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პროექტი ფინანსდება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტი არ შეიძლება დაფინანსდეს თანადაფინანსების გარეშე.“.

4. მე-5−მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ფონდის მმართველობის ორგანოები

ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო.

მუხლი 6. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება ფონდის წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის წევრებისგან. სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ფონდის აქციონერთა საერთო კრება.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მოსაწვევი პირის შერჩევის პირობები/კრიტერიუმები, აგრეთვე მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობა ანაზღაურდება ფონდის აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით.

4. სამეთვალყურეო საბჭო დირექტორთა საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით იღებს საინვესტიციო პროექტის დაფინანსების მიმართულებების, კრიტერიუმებისა და წესების შესახებ გადაწყვეტილებას ფონდის წესდების შესაბამისად.

5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის/შესრულების მონიტორინგს, აგრეთვე ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. ფონდის დირექტორთა საბჭო

1. დირექტორთა საბჭოს ძირითადი ფუნქციებია საინვესტიციო პროექტების შემუშავება, ფონდის აქციონერთა საერთო კრებისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოსთვის − ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში პროექტების წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა, აგრეთვე ფონდის წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

3. დირექტორთა საბჭოს სტრუქტურა, მისი წევრების რაოდენობა, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები რეგულირდება ფონდის წესდებით.“.

5. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქციონერთა საერთო კრებას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ფონდის მიერ წინა წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ შემოწმებული ფონდის წლიური ფინანსური ანგარიშგება.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, როგორც სს „საპარტნიორო ფონდის“ აქციონერმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს:

ა) სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ბ) სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების  შესარჩევად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N2989-XIმს-Xმპ