მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110329003, 29/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.016305
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
144
25/03/2011
ვებგვერდი, 110329003, 29/03/2011
040150000.10.003.016305
მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/03/2011 - 30/04/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 144

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი.

 მუხლი 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ქონებაზე.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1.  ეს წესი ადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის პირობებს.

2.  იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია – ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული პროექტისწინა და საპროექტო დოკუმენტების ერთიანი სისტემა, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა სამართლებრივი, ტერიტორიულ-სივრცითი და ფუნქციური განვითარების საფუძველს;

ბ) მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – შენობა, რომელიც გაასხვისა კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ შესაბამისი მიწის ნაკვეთის გარეშე;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 – ამ წესის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

დ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 – ამ წესის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

ე) მესაკუთრე – პირი, რომელმაც შეიძინა ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთი.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელობა.

თავი II

შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა და მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

    მუხლი 3. შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წესი

1. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის (შემდგომში – შენობა) მიწის ნაკვეთის საზღვრები დგინდება მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

2. შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება:

ა) განაშენიანების ფართობის გაყოფით მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტ კ-1-ზე;

ბ) განაშენიანების ინტენსივობის ფართობის გაყოფით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტ კ-2-ზე.

3. შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას და შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრისას დაცული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსების პირობები.

4. შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის სიდიდე მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტების შესაბამისად გაანგარიშებული ფართობებიდან მაქსიმალური სიდიდის შესაბამისი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსასაზღვრად საჭირო კ-1 და კ-2 კოეფიციენტების გამოანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

6. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, სარეკრეაციო ზონაში, სასოფლო-სამეურნეო ზონასა და სპეციალურ ზონაში განთავსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო ერთი მეტრი მანძილის დაშორებით შემოვლებული კონტურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის სიდიდის შესაბამისი, ხოლო საწარმოო და სამრეწველო შენობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო სამი მეტრი მანძილის დაშორებით შემოვლებული კონტურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის სიდიდის შესაბამისი. იმ შემთხვევაში, თუ შენობას აქვს შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენება მისი ფუნქციონირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ იგი არ აღემატებოდეს ამ შენობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთის ფართობს.

7. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია.

8. შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრისას შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა ამ ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებულ, მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტით განსაზღვრული მცირე ზომის მიწის ნაკვეთ(ებ)ის ხარჯზე, რომლის გამოყენება ცალკე საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია.

9. მიწის ნაკვეთის გეგმის პროექტზე სხვა მიწის ნაკვეთ(ებ)ის სასარგებლოდ დადგენილი უნდა იქნეს სერვიტუტი, თუ მათი სარგებლობისათვის ეს აუცილებელია.

10. საქალაქო, რაიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სატრანსპორტო კვანძები, საინჟინრო მაგისტრალური კომუნიკაციები გასხვისების ზოლებით, სკვერები, პარკები, მწვანე ნარგავების მასივები არ შედის შენობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

11. დაუშვებელია შენობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა მომიჯნავე ნაკვეთების ხარჯზე.

12. არსებულ ბუნებრივ საზღვრებში მოქცეული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი განისაზღვრება ამ საზღვრების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალური რეჟიმის მქონე ტერიტორიების (ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ლანდშაფტის, სანიტარიულ-დაცვითი, საინჟინრო ნაგებობების, ტერიტორიების საინჟინრო მომზადებისა და სხვ.) დაცვის ზონები და მათი საზღვრები.

13. თუ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რამდენიმე შენობისათვის, რომელთაც აქვთ საერთო ტერიტორია, შესაძლებელია ამ შენობებს მიეკუთვნოს ერთიანი მიწის ნაკვეთი, თუ აღნიშნული მიზანშეწონილია შენობების ექსპლუატაციის პირობების (ფუნქციონალური, სატრანსპორტო, სოციალური და სხვ.) გაუმჯობესებისათვის.

    მუხლი 4. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შემადგენლობა

1.  შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობაში შედის:

ა) მიწის ნაკვეთის გეგმის პროექტი (1:500 ან 1:1000);

ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);

გ) მიწის ნაკვეთის საზღვრების სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000);

დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა/რუკა;

ე) განმარტებითი ბარათი;

ვ) ნაკვეთის მისამართი, ფართობი, შეზღუდვები, გამოყენების სახეობა, ამ წესით გაანგარიშებული ფართობი (დანართი 1);

ზ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა.

2. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტში შენობა, შენობისათვის მიკუთვნებული და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები აღინიშნება შესაბამისი პირობითი აღნიშვნებით (დანართი 2).

თავი III

შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის დამუშავების საფუძველი და ინფორმაციის საჯაროობა

    მუხლი 5. შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის დამუშავებისა და განსაზღვრის წესი

1. მიწის ნაკვეთის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციას ამუშავებს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დაინტერესებული მხარის დაკვეთით.

2. განცხადებას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს წარუდგენს შენობის მესაკუთრე, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან სხვა დაინტერესებული მხარე.

3. განცხადებას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთის საზღვრების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. სამინისტროს მიერ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია შენობაზე, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს საინფორმაციო დაფა და წარუდგინოს სამინისტროს საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი.

5. სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 6. ინფორმაციის საჯაროობა

1. შენობის მესაკუთრე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის მიწის ნაკვეთზე, თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იქნეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრების შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) მიწის ნაკვეთის/შენობის მისამართი;

ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება და მისამართი, განცხადების განხილვის საგანი და ვადები;

გ) განმცხადებლის მონაცემები.

2. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პერიოდში და მოიხსნას შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

დანართი 1

მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, გამოყენების სახეობა, ამ წესით გაანგარიშებული ფართობი

მიწის ნაკვეთის

მიწის ნაკვეთის მდებარეობა (შენობის მისამართი)

შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი /კვ.მ/

შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა

შეზღუდვები

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2