თავდაცვის კოდექსი

თავდაცვის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 3500-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.021033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3500-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
120000000.05.001.021033
თავდაცვის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

თავდაცვის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

ამ კოდექსის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა.

მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო

ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალურ დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში უნდა აისახოს; სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებისა და სტრუქტურის განსაზღვრა; სამხედრო აღრიცხვა; სამხედრო სამსახურის გავლა; თავდაცვის რეზერვის მართვა; სამხედრო განათლება; საერთაშორისო სწავლება; სამშვიდობო ოპერაცია; წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა; საომარი მდგომარეობის რეგულირება; თავდაცვის სფეროში მოხალისეობა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამოცანით მართვა − სტრატეგიულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება ცენტრალიზებული დაგეგმვისა და დეცენტრალიზებული აღსრულების პრინციპით, მიზანზე ორიენტირებული დავალების გაცემისა და ამოცანის შესრულების პროცესში დისციპლინირებული ინიციატივის წახალისებით, სწრაფად ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტაციისა და დასახული მიზნის ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად;

ბ) გვარეობა − საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ − თავდაცვის ძალები) სახეობის საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის ან/და საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების შემსრულებელი ქვედანაყოფისთვის დამახასიათებელი ტაქტიკის, მისი ტექნიკის, შეიარაღების, ფუნქციების, შესაძლებლობებისა და პერსონალის კარიერული განვითარების ერთობლიობა;

გ) დაქვემდებარებული − თანამდებობით ან/და სამხედრო წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება;

დ) დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დისციპლინური ქმედება;

ე) დოქტრინა − ძირითადი პრინციპებისა და მითითებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მიზნის მიღწევას;

ვ) ეროვნული თავდაცვის სისტემა − ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო თავდაცვაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან მის მართვაში არსებულ საწარმოებს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის მიზნით შექმნილ სამხედრო ქონებასა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას;

ზ) ეროვნული მედეგობა − სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარი, გაუძლონ გარე სამხედრო და არასამხედრო ზემოქმედებას, გაუმკლავდნენ ამ ზემოქმედების შედეგებს და შეძლონ ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება/აღდგენა;

თ) ეროვნული წინააღმდეგობა − სამხედრო და არასამხედრო მეთოდებით მოწინააღმდეგეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნება, რაც მას ხელს შეუშლის ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე სრული კონტროლის დამყარებაში;

ი) თავდაცვის ორგანიზება − სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება შესაბამისი დაგეგმვის მექანიზმების, დამხმარე სისტემებისა და ინფრასტრუქტურის, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ტენდენციების გათვალისწინებით;

კ) თავდაცვის ძალების სახეობა − თავდაცვის ძალების ძირითადი კომპონენტი, რომლის დანიშნულებაა განსხვავებულ საბრძოლო გარემოში სამხედრო ოპერაციების განხორციელება ან/და თვისებრივად განსხვავებული საბრძოლო ფუნქციების შესრულება;

ლ) იუნკერი − სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

მ) კადეტი − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე;

ნ) მართვა − მეთაურის/უფროსის/შტაბის/სამსახურის და მართვის სხვა ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადება და მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულება;

ო) მეთაური − სამხედრო თანამდებობის პირი, რომელიც მართავს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, დაქვემდებარებულის მიმართ გასცეს შესასრულებლად სავალდებულო სამსახურებრივი მითითებები და ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება;

პ) მინისტრი − საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

ჟ) მსმენელი − პირი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ან სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა არსებულ პროგრამაზე;

რ) მხარდამჭერი დოკუმენტი − სამშვიდობო ოპერაციასთან ან საერთაშორისო სწავლებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება (მიუხედავად მისი სახელწოდებისა და ფორმისა), რომელიც არ არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულება. თუ სამშვიდობო ოპერაციაში ან საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად სხვა ადმინისტრაციული ორგანოც მონაწილეობს, მხარდამჭერი დოკუმენტის მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ეს ადმინისტრაციული ორგანო;

ს) რეზერვისტი − პირი, რომელიც ჩარიცხულია თავდაცვის ძალების რეზერვში;                   

ტ) სადისციპლინო ქულა − იუნკრისთვის სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში (პირველ კურსზე მყოფი იუნკრისთვის − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში) მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;

უ) საერთაშორისო სწავლება − საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან ერთზე მეტი უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების, საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით ჩატარებული ერთობლივი სწავლება;

ფ) სამინისტრო − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ქ) სამინისტროს მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურე, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან/და თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირი ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი;

ღ) სამშვიდობო ოპერაცია − საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაცია, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა;

ყ) სამხედრო დისციპლინა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესრიგი, რომლის დაცვა სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებაა;

შ) სამხედრო მოსამსახურე − სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი;

ჩ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა − სამხედრო ამოცანების, ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პროფესიული კვალიფიკაციის, უნარებისა და გამოცდილების ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი  პერსონალის მონაცემთა აღრიცხვის, სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნისა და მათი კარიერული განვითარების საფუძველია;

ც) სამხედრო სასწავლებელი − სამინისტროს სისტემაში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ძ) საპატიო მიზეზი − სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით;

წ) სახელმწიფო თავდაცვა − ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ღონისძიებების ერთობლიობა;

ჭ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკა − ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ საქმიანობას, კერძოდ, ქვეყანაში და მისი ფარგლების გარეთ თავდაცვის სფეროში არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პროგნოზირებას, გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას;

ხ) ტოტალური თავდაცვა − ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ მასზე აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებისა და აქტივების გამოყენება ეროვნული მედეგობის მიღწევისთვის.

თავი II

სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა

მუხლი 4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის არსი

სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა გულისხმობს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება თავდაცვის პოლიტიკის მიზნების, აგრეთვე მისი განხორციელების გზებისა და რესურსების განსაზღვრისთვის.

მუხლი 5. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები

სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;

გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა;

დ) უწყვეტობა;

ე) გეგმურობა;

ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა.

მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტები

სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების საფუძველზე.

მუხლი 7. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები

1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და მისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია:

ა) განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს, მიზნებს, პრინციპებს, ამოცანებსა და საშუალებებს;

ბ) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს;            

გ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას.

3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებელ უწყებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ავალდებულებს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა არის აღნიშნული უწყებების განვითარების გეგმების ერთობლიობა, რომლებშიც გაწერილია დრო და რომლებიც უზრუნველყოფს თავდაცვის მიზნების მიღწევას.

4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია  გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით.

5. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების, წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 8. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები

1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე. მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან  დაკავშირებით,  აგრეთვე ამ უწყების ხედვა, ღირებულებები და პრინციპები, აღნიშნული უწყების გამოწვევები და მის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი დაძლევის გზები, საშუალებები (რესურსები) და ვადები, აგრეთვე სათანადო პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები.

2. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტი მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად. მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების ამოცანები და ამ უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი გადაჭრის გზები და საშუალებები.

3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტი − შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის განხორციელების წესი და ვადები, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები და რეგულირების სფერო განისაზღვრება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულებით, რომელიც მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.

5. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტის, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.

6. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.

თავი III

სამინისტრო

მუხლი 9. სამინისტრო

1. სამინისტრო არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებისთვის.

2. სამინისტროში დასაქმებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სამოქალაქო პირები.

3. სამინისტროს ხელმძღვანელობს და მართავს მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მათი ფუნქციების გათვალისწინებით ერთიანდებიან სამინისტროს სამოქალაქო ოფისში (შემდგომ − სამოქალაქო ოფისი) ან თავდაცვის ძალებში.

5. მინისტრი სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას, აგრეთვე ახორციელებს დემოკრატიულ კონტროლს თავდაცვის ძალებზე.

6. მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

7. მინისტრის უფლებამოსილებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება დელეგირებულ იქნეს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეზე. 

8. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები, სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის უფლება-მოვალეობები, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების რაოდენობა და უფლება-მოვალეობები, სამინისტროს სისტემა, სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების სხვა არსებითი საკითხები განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

9. მინისტრი და მისი მოადგილეები სამხედრო მოსამსახურეები არ არიან.

10. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება აღნიშნული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

11. სამინისტრო ასრულებს ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

12. სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებითა და განხორციელებით;

ბ) თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პროგრამებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის გეგმების განსაზღვრა/შემუშავება;

გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მომზადება;

დ) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;

ე) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება;

ვ) თავდაცვის ძალების საჭირო შეიარაღებით, ტექნიკით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალური საშუალებებით/მარაგებით უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეკომენდაციების, აგრეთვე სამოქალაქო იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;

თ) სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლის განხორციელება.

13. თავდაცვის ძალების ფუნქციებია:

ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა;

ბ) თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

გ) სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სამხედრო სწავლებების დაგეგმვა და ჩატარება;

ე) სამხედრო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა და შესრულება;

ვ) დადგენილი წესით ლოჯისტიკური დაგეგმვის განხორციელება, სამინისტროში არსებული ლოჯისტიკური მარაგებით, სამხედრო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონებით, აგრეთვე მომსახურებით უზრუნველყოფა;

ზ) სარეზერვო სამხედრო სამსახურის სისტემის მართვა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;

ი) სამხედრო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

კ) სამხედრო ობიექტების დაცვა და თავდაცვა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;

მ) საინფორმაციო ოპერაციების ჩატარება;

ნ) თავდაცვის ძალების განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განსაზღვრა/შემუშავება;

ო) ქვედანაყოფების დასახელებებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების ადგილების განსაზღვრა/შერჩევა, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, აფეთქებასაშიში საგნებისგან/ნივთიერებებისგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღების ორგანიზება;

ჟ) შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზაციის, მოდიფიკაციის, თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღებისა და შეიარაღებიდან მოხსნის შესახებ წინადადებების მომზადება, რომლებიც დადგენილი წესით მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

რ) მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ს) ქვეყანაში წვრთნების ჩატარებისას მათში სხვა უწყებების ჩართულობის კოორდინაცია;

ტ) საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

უ) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ფ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო მიმართულებით ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება.

14. სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოში საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს დადგენილი წესით რეაგირება;

ბ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება/მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო საფრთხეებისა და ომის საშიშროების განსაზღვრა;

დ) სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევებისა და მეცნიერების განვითარება;

ე) სამხედრო და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობა-განვითარება;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისა და მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მისი ოჯახის წევრის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება, მათი სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში;

ზ) სამხედრო ქონებისა და სამხედრო პროდუქციის მართვა;

თ) სამინისტროს ორგანიზაციული მოწყობის უზრუნველყოფა, მისი ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თავდაცვის/სამხედრო სფეროში თანამშრომლობა;

კ) თავდაცვის მიზნებისთვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება, ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების განხორციელება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს;

მ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა; 

ნ) სამინისტროს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

15. სამინისტროს, თავდაცვის ძალებსა და მათ შემადგენლობას, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ შესაბამისი დროშა, ემბლემა, ინსიგნია და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, რომლებიც „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის/სტრუქტურული ერთეულებისთვის თავდაცვის ძალების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს მიკუთვნების საკითხი განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

16. აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობისა და ობიექტების მშენებლობის წესი დგინდება საქართველოს საჰაერო კოდექსით, ხოლო ნებისმიერი სხვა საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება:

ა) დასახლებულ ზონაში სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში;

ბ) დაუსახლებელ ზონაში სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 300 მეტრის რადიუსში.

17. სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების:

ა) მფლობელობაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მართვის (მისი განკარგვის, აღრიცხვის, ჩამოწერის, ამ ქონებით სარგებლობისა და სხვა) წესი;

ბ) მონაწილეობით დაგეგმილ ან მიმდინარე ღონისძიებებში (წვრთნა/სწავლება, კურსი, სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი და სხვა) მონაწილე ან სტუმრად მყოფი პირების (მათ შორის, უცხო ქვეყნების წარმომადგენლების) კვებით, ტრანსპორტით, სამედიცინო მომსახურებით, ფარმაცევტული საშუალებებით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სანივთე ქონებით, აღჭურვილობით უზრუნველყოფის, აგრეთვე მათი განთავსებისა და სხვა სახის უზრუნველყოფის საკითხები.

მუხლი 10. თავდაცვის ძალები 

1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.

2. თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ სამხედრო და სხვა ღონისძიებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 

4. თავდაცვის ძალები, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოქმედებენ მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური.

5. საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალები მოქმედებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური.

6. თავდაცვის ძალების შექმნასა და აღმშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.

მუხლი 11. თავდაცვის ძალების სახეობები და შემადგენლობა

1. თავდაცვის ძალების სახეობებია: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია.

2. თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) გენერალური შტაბი, რომელიც ახორციელებს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავებასა და დაგეგმვას და რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის ხელშეწყობა;

ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული ოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;

გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული ოპერაციის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;

დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საჰაერო სივრცეში დასახული ამოცანების შესრულება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელება და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა;     

ე) სპეციალური ოპერაციების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერა;

ვ) ეროვნული გვარდია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვა;

ზ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − სამხედრო პოლიცია), რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კოდექსის IV თავით;

თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;

ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავდაცვის ძალების პერსონალის სპეციალური სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფა;

კ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერის განხორციელება.

3. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან აგრეთვე:                

ა) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

ა.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

ა.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო;        

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ბ.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ბ.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;

ბ.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;

ბ.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;

ბ.ე) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის:

გ.ა) საბრძოლო ან ობიექტების დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები;         

გ.ბ) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოების მოსამსახურეებზე ვრცელდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 

5. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში თავდაცვის ძალები თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით მოქმედებენ წინასწარ განსაზღვრული, განსხვავებული საშტატო სტრუქტურით.

6. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სუბიექტების სამხედრო მართვას ახორციელებს თავდაცვის ძალების მეთაური.

7. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს ურთიერთქმედების კოორდინირებულად განსახორციელებლად ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, მშვიდობიანობის დროს სამინისტროს კოორდინაციით გაცვალონ სათანადო ინფორმაცია, უზრუნველყონ ერთობლივი წვრთნების/ტრენინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

მუხლი 12. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები

1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეებია:

ა) სტრატეგიული დონე;

ბ) ოპერატიული დონე;

გ) ტაქტიკური დონე.  

2. სტრატეგიული დონე გულისხმობს სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვას, მისი მიღწევის გზების განსაზღვრას და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფას, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას, მათი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფას და პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო ამოცანად გარდაქმნას.

3. ოპერატიული დონე გულისხმობს სამხედრო სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიებისა და სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და კონტროლს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრას.

4. ტაქტიკური დონე გულისხმობს ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული ტაქტიკური ამოცანის შესრულებას.

მუხლი 13. თავდაცვის ძალების მეთაური

1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მართვისთვის პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური.

2. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინიციატივას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი.

5. თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი.

6. თავდაცვის ძალების მეთაური: 

ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ბრძანებების აღსასრულებლად; 

ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის, მათი განვითარებისა და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის;

გ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც გაერთიანებული ძალების მეთაურობას ექვემდებარებიან) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალების დოქტრინების, სამხედრო წესდებებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას;

ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 14. თავდაცვის ძალების მზადყოფნის უზრუნველყოფის წესი

თავდაცვის ძალების მზადყოფნის უზრუნველყოფის წესს არსებული ვითარების/საფრთხეების გათვალისწინებით ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 15. თავდაცვის ძალების რაოდენობა

1. თავდაცვის ძალების ზღვრულ რაოდენობას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობაში შედიან სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები.

3. საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობა დასამტკიცებლად წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად.

4. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;

ბ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე;

გ) სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

მუხლი 16. საერთაშორისო სტანდარტები

1. საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად სამინისტრო ორიენტირებულია, დანერგოს და განავითაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადი იქნება.

2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის დანერგვა გულისხმობს სტანდარტებისა და მომარაგების საგნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის დაუბრკოლებლად, მონაცემთა გაცვლის ყველა მოთხოვნის დაცვით გაცვლას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან.

3. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის დანერგვა და განვითარება ხდება მჭიდრო უწყებათაშორისი კოორდინაციითა და თანამშრომლობით.

4. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის დანერგვის, ფუნქციონირებისა და მონიტორინგის პროცესს კოორდინაციას უწევს სამინისტრო.

თავი IV

სამხედრო პოლიცია

მუხლი 17. სამხედრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი 

1. სამხედრო პოლიცია არის თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, სამინისტროს ობიექტებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. სამხედრო პოლიცია მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით.

მუხლი 18. სამხედრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამხედრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები.

მუხლი 19. სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. სამხედრო პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საჯაროობისა და სამხედრო პოლიციის სისტემის ერთიანობისა და ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს პირის უფლებებს და დაიცვას ისინი.  

3. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება:

ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და მის საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გამოძიების მასალების გამჟღავნება;

გ) გაფიცვის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება და მასში მონაწილეობა;

დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან/და რაიმე თანამდებობის დაკავება უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

მუხლი 20. საპროკურორო ზედამხედველობა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას ზედამხედველობს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მუხლი 21. საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სამხედრო პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მუხლი 22. სამხედრო პოლიციის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან

სამხედრო პოლიცია მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან.

მუხლი 23. სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები

სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავის ძებნა და დაკავება ამ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტსა და ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილზე და მისი ფარგლების გარეთ სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

გ) სამინისტროს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტებისა და ტერიტორიის, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების დაცვის ღონისძიებებისა და სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე უსაფრთხოების ოფიცრის მეშვეობით ქვედანაყოფების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნები და ამოცანები.

მუხლი 24. სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესრულება;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება, დანაშაულის აღკვეთა/გახსნა, გამოძიების დაწყება/წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების განხორციელება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იმ პირის ძებნა, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას ან სამხედრო სამსახურის გავლას, და საჭიროების შემთხვევაში მისი შესაბამის სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) თავდაცვის ძალებში მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემის ობიექტების დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროსა და მისი სისტემის უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში მათი ესკორტით გადაადგილება) შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართლწესრიგის დაცვის მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

ლ) თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების შეცვლისას და საბრძოლო-სატრანსპორტო ტექნიკის გადაადგილებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, აგრეთვე ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გზებისა და ქუჩების მონაკვეთების ჩაკეტვა ან შესაბამის ადგილებში მოძრაობის შეზღუდვა;

ნ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პირის დევნისას, დაკავებული პირის პოლიციაში წარსადგენად, სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირის მისაყვანად, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას საჭიროებს, სატრანსპორტო საშუალებებით (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ტრანსპორტისა და სპეციალური ტრანსპორტისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ სარგებლობა;

ო) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში სპეციალური კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

პ) დანაშაულის გარემოებებისა და მისი ჩამდენი პირის დასადგენად, გამოძიებისა და სასამართლოსგან მიმალული პირის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობა;

ჟ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის დადგენილი წესით სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების მოთხოვნით მიმართვა;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ს) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამსახურებრივი დოკუმენტის შემოწმება, საქმესთან დაკავშირებით გამოსაკითხი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმება, თუ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მის მიერ დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომის ან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ;

ტ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეთა უკანონო გამოსვლების/შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა აქციების მოწყობის აღკვეთა;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაციის, დაქტილოსკოპირების, ფოტოგადაღების, კინოგადაღების, ვიდეოგადაღებისა და აუდიოგადაღების განხორციელება, შედარებითი გამოკვლევისთვის ნიმუშის აღება და საექსპერტო გამოკვლევის ჩატარება სისხლის სამართლის საქმესა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე;

ფ) სამხედრო მოსამსახურის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

ქ) თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის განმტკიცების მიზნით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მხარდაჭერა;

ღ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ყ) მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა;

შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სპეციალური დავალებების შესრულება.

მუხლი 25. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები

სამხედრო პოლიცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, ამ პირის შესახებ შეატყობინოს მის ოჯახს, სამსახურს ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას;

ბ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევთან ინდივიდუალური პრევენციული მუშაობა ჩაატაროს;

გ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) შეასრულოს საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისა და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დაეხმაროს მათ საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას;

ე) უბედური შემთხვევის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების შედეგად დაზარალებულ პირს, უმწეო მდგომარეობაში, ტოქსიკური, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს გაუწიოს გადაუდებელი დახმარება, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

ვ) აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირების წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აგრეთვე აღასრულოს სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებები პირის დაკავების ან დაპატიმრების შესახებ;

ზ) კანონიერი საქმიანობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ადმინისტრაციული ორგანოების შესაბამის სამსახურებთან;

თ) საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.

მუხლი 26. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა

1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

თავი V

სამხედრო სამსახური

მუხლი 27. სამხედრო სამსახურის არსი

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავდაცვის ძალებისთვის დაკისრებული ამოცანებიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახური სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახეა.

2. სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.

3. პირის სამხედრო სამსახურში მიღებასა და სამხედრო მოსამსახურესთან არსებულ სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

4. თუ ამ თავით გათვალისწინებული საკითხები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ/გაწვეულ პირთან დაკავშირებით ამ კოდექსის სხვა ნორმებით სხვაგვარად არის მოწესრიგებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ/გაწვეულ პირთან დაკავშირებით გამოიყენება აღნიშნული საკითხების სხვაგვარად მომწესრიგებელი ნორმები.

მუხლი 28. სამხედრო სამსახურის სახეები

1. სამხედრო სამსახურის სახეებია:

ა) რეგულარული სამხედრო სამსახური;

ბ) სარეზერვო სამხედრო სამსახური.

2. რეგულარული სამხედრო სამსახური მოიცავს:

ა) პროფესიულ სამხედრო სამსახურს;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.

3. სარეზერვო სამხედრო  სამსახური მოიცავს:

ა) აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურს;

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს.

მუხლი 29. სამხედრო ფიცი

1. სამხედრო ფიცის ტექსტს სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ფიცის დადებას ხელმოწერით ადასტურებს.

მუხლი 30. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

1. პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;

ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;

გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;

დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;

ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

3. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

6. ტყვედ მყოფ სამხედრო მოსამსახურეს (თუ ტყვეობა ნებაყოფლობითი არ იყო და ტყვეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაუდენია), მძევლად აყვანილ, ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი.

მუხლი 31. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება

სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად მიიჩნევა:

ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;

ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება;

გ) მეთაურის ბრძანების ან მის მიერ დასახული ამოცანის შესრულება;

დ) სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე ყოფნა დღის განწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;

ე) მივლინებით ყოფნა;

ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა;

ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა;

თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;

ი) საველე სწავლების ან სამხედრო შეკრების გავლა;

კ) ტყვედ ყოფნა (გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ ჩაბარებისა/დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;

ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებამდე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;

მ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა.

მუხლი 32. სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია

1. სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს მოქალაქისთვის დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით. მას აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები შეიძლება ნაწილობრივ შეეზღუდოს ამ კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამხედრო სამსახურის მოთხოვნების პროპორციულად.

2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეს განათლების უფლების განხორციელებაში.

4. სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით. მას აგრეთვე უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში.

5. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისთვის.

6. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით.

7. სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს დონაციის სამუშაო საათებში განხორციელების შემთხვევაში თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან.

8. სამხედრო მოსამსახურე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით.  

9. სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და  დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 33. სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები

1. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) გაეცნოს მისთვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და კეთილსინდისიერად შეასრულოს ისინი;

ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას;

გ) დაიცვას სამხედრო მოსამსახურისთვის დადგენილი ეთიკის ნორმები;

დ) დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება;

ე) დაემორჩილოს მეთაურს, ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი კანონიერი ბრძანება და დავალება;

ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებით.

3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების/მოთხოვნის გარეშე დაიცვას თავის სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები.

4. სამხედრო მოსამსახურემ უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამხედრო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უნდა გადაადგილდეს მხოლოდ უშუალო მეთაურის ნებართვის საფუძველზე.

6. სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მუდმივ მზადყოფნაში იყოს, რათა სამსახურში გამოძახებისთანავე გამოცხადდეს.

მუხლი 34. სამხედრო მოსამსახურისთვის აკრძალული საქმიანობა

1. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია:

ა) სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა;

ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.

მუხლი 35. სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები

1. სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს.

3. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანს სამხედრო მოსამსახურე ან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია.

4. თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც აღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულოს:

ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით;

ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას.

7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული  ჯარიმის გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე.

8. საქართველოს მთავრობის განკარგულებით პირი ან პირთა ჯგუფი შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან ან შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ოდენობა.

9. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული  ჯარიმის ოდენობის სათანადო უზრუნველყოფას. ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას.

10. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული  ჯარიმის  აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტი.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

12. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

13. სასამართლო ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენის ან/და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილების ასლები.

14. სამხედრო მოსამსახურის მიერ მასთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულების ადგილად მიიჩნევა მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც იგი სამხედრო სამსახურს გადის, თუ ამ კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი ან/და წოდებრივი დაწინაურება არ შეიძლება განხორციელდეს მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

მუხლი 36. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა

1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ სამხედრო სამსახურისთვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით და სამხედრო სამსახურისთვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებების სისტემით.

2. სამხედრო სამსახურში მისაღები პირისა და სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმებას/ექსპერტიზას ახორციელებს სამხედრო-სამედიცინო კომისია.

3. სამხედრო-სამედიცინო კომისია სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხით.

4. სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 37. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში

1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა ან მშვიდობიანობის დროს სპეციალურ დავალებას ასრულებდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით.

2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით.

3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით.

4. სამხედრო მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებებისთვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობების წოდებრივი სარგო, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის.

მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურის უფლება საცხოვრებელ ფართობზე (ბინაზე)

სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მინისტრის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფილია საცხოვრებელი პირობებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − საცხოვრებელი ფართობით (ბინით).

მუხლი 39. სამხედრო თანამდებობები

1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამისი სამხედრო თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

2. გვარეობები, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობები და მათი კოდები, აგრეთვე მათი მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 40. სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების დროებით დაკისრება

1. სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში შესაბამისი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების, აგრეთვე თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრება შეუძლებელია, ამ თანამდებობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით შეიძლება დაინიშნოს აქტიურ რეზერვში მყოფი პირი მისი თანხმობის შემთხვევაში, თუკი იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები შეიძლება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაეკისროს სამოქალაქო პირს:

ა) სამხედრო სასწავლებელში;

ბ) სამედიცინო, საფინანსო, იურიდიულ თანამდებობაზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს ანაზღაურება მიეცემა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან.

მუხლი 41. რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა

1. რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება:

ა) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;

ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი 23 წლამდე.

[ 2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი 23 წლამდე. ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამების ხანგრძლივობა და მათი გავლის საკითხები, აგრეთვე აღნიშნულ პროგრამებზე მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი აღნიშნული პროგრამის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება:

ა) ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულ პირს სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია:

ა) დაუწესდეს სტიპენდია, რომელიც ანაზღაურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასიგნებებიდან;

ბ) გაუფორმდეს კონტრაქტი;

გ) დაუწესდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულმა პირმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიძლება გაიაროს სამხედრო შეკრება.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირის მიერ სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში მისი დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში აღნიშნულ პირზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და იგი მოიხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან.

9. წვევამდელს, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამხედრო მომზადების პროგრამა ვერ დაასრულა, სათანადო სამხედრო წოდება არ მიენიჭება, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და აყვანილი იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირი ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 42. სამხედრო წოდებები

1. სამხედრო წოდებებია:

ა) რიგითების შემადგენლობისა − რიგითი, I კლასის რიგითი;

ბ) კაპრალების შემადგენლობისა − კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი;

გ) სერჟანტების შემადგენლობისა − უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი, მთავარი სერჟანტი;

დ) ოფიცრების შემადგენლობისა:

დ.ა) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისა − ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

დ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისა − მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა − ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალი.

2. წოდებრივი დაქვემდებარების საკითხები წესრიგდება სამხედრო წესდებით.

მუხლი 43. სამხედრო წოდების მინიჭება

1. რიგითის სამხედრო წოდება ენიჭება:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს;

ბ)  სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ იუნკერს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს;

გ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს;

დ) თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს;

ე) პირს, რომელმაც დაასრულა სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა.

2. უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს:

ა) რომელმაც დაასრულა უმცროსი სერჟანტის შესაბამისი კურსი. მისი გავლის საკითხები წესრიგდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და ამ პროგრამის დასრულების დღისთვის მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდება;

გ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში:

გ.ა) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი და დანიშნული იყო სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე;

გ.ბ) გაიარა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

3. ლეიტენანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს:

ა) რომელმაც დაასრულა სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) რომელსაც მიენიჭა აკადემიური ხარისხი და დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა;

გ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, ამ პროგრამის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარადგინა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი;

დ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, სამსახურის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი ან სამსახურის დასრულებიდან 10 წლის ვადაში წარადგინა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი.

მუხლი 44. სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად

1.  მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი;

ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი;

გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან უმცროს სერჟანტამდე − 2 წელი;

დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი;

ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი;

ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი;

ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი;

თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი;

ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი;

კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი;

ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი;

მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი.

2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება.

3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი.

მუხლი 45. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების წესი

1. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე.

2. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა) მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, გარდა ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ)  სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი მორიგი სამხედრო წოდებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა;

დ) შერჩევის საბჭომ მიიღო მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიებისთვის, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. სამხედრო მოსამსახურე ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად  უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად − აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს.  

4. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას 2 წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის თანამდებობა და 1 წლის განმავლობაში − უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა.

5. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

6. სამხედრო წოდებას, გარდა ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდებისა, ანიჭებს მინისტრი.

7. ოფიცრის უმაღლეს სამხედრო წოდებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარადგენს მინისტრი.

9. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს.

მუხლი 46. სამხედრო წოდების მინიჭების შეზღუდვა

სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდება, თუ:

ა) მას დაკისრებული აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა;

ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მუხლი 47. სამხედრო წოდების ჩამორთმევა და სოციალური გარანტიებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა

1. სასამართლოს გადაწყვეტილებით პირს სამხედრო წოდება ჩამოერთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.         

2. სამხედრო წოდების ჩამორთმევის შემთხვევაში პირს შეუწყდება სოციალური გარანტიებით სარგებლობის უფლება, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით წარმოეშვა.

მუხლი 48. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები

1. თითოეული სამხედრო თანამდებობისა და სამხედრო წოდებისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამხედრო სამსახურში მიღებამდე, ისე სამხედრო სამსახურის გავლის დროს.

3. სამხედრო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და თანამდებობრივი ინსტრუქცია დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო მოსამსახურე თავისი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად შეიძლება მივლინებით იქნეს წარგზავნილი სხვა საჯარო დაწესებულებაში.

მუხლი 49. მივლინება

1. სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ ბრძანებით განისაზღვრება მივლინების მიზანი, ადგილი და ვადა, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმა, კვების კმაყოფაზე აყვანის, მგზავრობისა და განთავსების საკითხები.

3. სამხედრო მოსამსახურის მივლინებით საქართველოს ფარგლების გარეთ წარგზავნის შემთხვევაში მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ფარგლებში წარგზავნის შემთხვევაში − მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. თუ, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურის მივლინებით წარგზავნა ხდება ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოიცეს.

მუხლი 50. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი

1. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავდაცვის ძალებში ან მათ რომელიმე ქვედანაყოფში შეიძლება განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რომელიც გულისხმობს ამ ქვედანაყოფის მოსამსახურეების მუდმივად განთავსებას აღნიშნული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში ქვედანაყოფის მოსამსახურეს ეკრძალება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება.

2. ქვედანაყოფის მოსამსახურის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია:

ა) არ დაკმაყოფილდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

ბ) ქვედანაყოფის მოსამსახურეს აეკრძალოს დროებით დათხოვნა ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა;

გ) შეწყდეს/შეჩერდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის შვებულებაში გასვლა, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა.

3. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს:

ა) მინისტრის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე იკრძალება სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება;

ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულებაში გასვლა, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა;

გ) სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა შვებულების ვადას;

ე) შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაბრუნდეს თავისი დისლოკაციის ადგილზე. თუ ეს შეუძლებელია, იგი სამინისტროს უახლოეს სტრუქტურულ ქვედანაყოფში უნდა გამოცხადდეს. სამხედრო მოსამსახურის გამოცხადების შესახებ ამ ქვედანაყოფმა მის უშუალო მეთაურს უნდა შეატყობინოს.

მუხლი 51. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი

1. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით, რომელიც მოსამსახურეს გაეცნობა სამსახურში მიღებისას, სამსახურის ადგილის შეცვლისას და თავდაცვის ძალების შინაგანაწესში ცვლილების შეტანისას.

2. თავდაცვის ძალების შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დასრულების შემდეგ შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივი საკითხების გაცნობის წესი;

ე) შრომის დაცვის ზოგადი ინსტრუქციები;

ვ) სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

ზ) სამუშაოდან ხანმოკლე გათავისუფლება;

თ) შვებულების გამოყენების წესი;

ი) სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებები;

კ) შესაბამის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

3. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ ამ შინაგანაწესით მისი ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი არ არის დადგენილი.

მუხლი 52. სამხედრო სამსახურის სტაჟი

1. სამხედრო სამსახურის სტაჟი (ნამსახურობის კალენდარული წლები) მოიცავს:

ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, გარდა აქტიურ სარეზერვო სამსახურში არსებულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდისა;

ბ) სამხედრო ან სასწავლო შეკრებაზე ყოფნის პერიოდს;

გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი), აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს;

დ) 1991 წლის 21 დეკემბრამდე სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს;

ე) სამხედრო სამსახურის იმ უწყებებში (ორგანიზაციებში) გავლის პერიოდს, რომლებში სამსახურის გავლაც საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო სამსახურად მიიჩნევა/მიიჩნეოდა;

ვ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არაუმეტეს 4 თვისა;

ზ) თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდს, მაგრამ თანამდებობიდან თითოეული დროებით გათავისუფლებისას არაუმეტეს 4 თვისა;

თ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების შემთხვევაში − შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდს;

ი) აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფი პირის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს;

კ)  საქართველოს სახელმწიფო უწყებაში სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება სამხედრო წოდებას გაუთანაბრდა და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩაითვალა.

2. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟში.

მუხლი 53. სამხედრო სწავლება

1. საერთაშორისო სწავლება ან/და გაერთიანებული (ეროვნული) სამხედრო სწავლება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სწავლებისა, ტარდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ეროვნულ-სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სამხედრო სწავლება (ძალების მოზიდვით ან ამის გარეშე), რომელშიც სამინისტროს მოსამსახურეებთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეებთან ერთად უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 54. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სამხედრო სამსახურში მიღების წესი

1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი:

ა) ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას;

ბ) საკუთარი სურვილით შეიძლება მიღებულ იქნეს პროფესიულ სამხედრო სამსახურში.

2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში.      

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დასკვნების საფუძველზე.

4. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურში მიღებული პირი  სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თავი VI

სამხედრო აღრიცხვა
 

მუხლი 55. სამხედრო აღრიცხვის განხორციელების ვალდებულება

1. პირის სამხედრო აღრიცხვის განხორციელება სავალდებულოა. 

2. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:

ა) ქალი, რომელსაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა არ აქვს, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება;

გ) პირი, რომელმაც თავდაცვის ძალების რეზერვისთვის დადგენილ ზღვრულ ასაკს მიაღწია;

დ) პირი, რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

3. იმ ქალის სამხედრო აღრიცხვას, რომელსაც აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა ან რომელმაც გამოთქვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან/და სამხედრო სამსახურის (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) გავლის სურვილი, ახორციელებს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტი.

4. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალს, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე საკუთარი სურვილით იქნა აყვანილი, უფლება აქვს, თანამდებობაზე დანიშვნამდე უარი თქვას სამხედრო სამსახურის გავლაზე. ამ შემთხვევაში იგი მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან.

5. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.

7. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 56. სამხედრო აღრიცხვის სახეები

სამხედრო აღრიცხვის სახეებია:

ა) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა;

ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა;

გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა.

მუხლი 57. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა 

1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.

3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება.

5. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ  გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

8. პირი ვალდებულია:

ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 58. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა

რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება ამ კოდექსის IX თავით დადგენილი წესითა და პირობებით.

მუხლი 59. სპეციალური სამხედრო აღრიცხვა

1. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი. იგი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, რომელშიც იგი სამსახურს გადის.

3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 60. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ/ჩარიცხულ პირს. 

2. დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17 წელს მიღწეული პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. სამინისტრო წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:   

ა) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის ან გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ;

ბ) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).

5. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი წვევამდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ.

6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

მუხლი 61. სამხედრო აღრიცხვის წესის დარღვევა

ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი სამხედრო აღრიცხვის წესის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

თავი VII

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური

 

მუხლი 62. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი         

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო  სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი.

2. პირს, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და:

ა) იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, მაგრამ არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში;

ბ) არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.

მუხლი 63. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული:

ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია  სამინისტრო;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება:

ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები;

ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები;

ბ.დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება:

ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით;

ბ) ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით. 

4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გამოძახება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 

მუხლი 64. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;       

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

მუხლი 65. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება:

ა) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დროებით (1 წლამდე ვადით) შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირს, რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად შესაბამისია (3 წლამდე ვადით);

გ) პირს, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) პირს, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, − სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;

[ დ) პირს, რომელიც არის:

დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, − სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;

დ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა სრულად დისტანციური სწავლების ფორმით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, − სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ე) პირს, რომელიც არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე;

ვ) პირს, რომელიც არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი, − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, თუ არ უსარგებლია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ზ) პირს, რომელიც არის აპლიკანტი, − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;

თ) პირს, რომელიც არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, − 20 წლამდე;

ი) პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, − ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;

კ) პირს, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;

ლ) პირს, რომელმაც აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას, − აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდეგ − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;

მ) პირს, რომელიც უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე, − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;

ნ) პირს, რომელსაც ჰყავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია), რომელსაც არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას,  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე;

ო) პირს, რომელსაც ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;

პ) პირს, რომლის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;

ჟ) პირს, რომელიც დედის ან მამის ერთადერთი შვილია;

რ) პირს, რომელიც მუშაობს სოფელში ექიმად ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლად;

ს) პირს, რომელსაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიანიჭა;

ტ) პირს, რომელსაც ჰყავს ერთი შვილი, − შვილის შეძენის დღიდან 3 წლის ვადით;

უ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ახორციელებს პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ფ) პირს, რომელიც არის მარტოხელა მამა, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან რომლის მეუღლეს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;

ქ) პირს, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრი;

ღ) პირს, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში და ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რომელსაც ახორციელებდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ დაწესებულებაში გაწვეული წვევამდელი ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედებამდე;

ყ) პირს, რომლის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი, − აღნიშნული მსჯავრის დასრულებამდე;

შ) პირს, რომელიც ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე,  − ამ პროგრამის გავლის პერიოდში;

ჩ) პირს, რომელმაც გადაიხადა ამ კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების მისანიჭებლად გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს  წევრობის კანდიდატად, მას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა არ გადაუვადდება, თუ მისი ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ისეთი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო, რომლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა. 

5. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

[ 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 66. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის.

2. წვევამდელის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველია.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია.

4. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება 1 კალენდარული წლით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი კვლავ დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

6. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას ეცნობება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისა და ამ უფლების გამოყენების წესის თაობაზე.

7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში წვევამდელის სააღრიცხვო ბარათში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ინახება აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სამინისტრო ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს აღნიშნული მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.

მუხლი 67. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია წვევამდელს შეატყობინოს აღნიშნულ სამსახურში გამოძახების შესახებ.

4. წვევამდელი ვალდებულია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოძახების შემთხვევაში განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად.

5. თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამწვევი კომისიის სხდომაზე არ ცხადდება, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.

6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

7. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე − წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში.

8. გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში წვევამდელის კვებას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.

9. სამინისტრო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

10. თუ გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში არ ცხადდება ან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრს თვითნებურად ტოვებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

11. წვევამდელი შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისგან, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ ან მისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წვევამდელის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია.

12. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე მის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

13. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისთვის ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე.

14. წვევამდელისთვის მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობა ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით და დადგენილი თანამიმდევრობით:

ა) გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში წვევამდელისთვის გადაწყვეტილების (მათ შორის, ზეპირი გადაწყვეტილების) გაცნობა/გამოცხადება;

ბ) გადაწყვეტილების წვევამდელისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება წვევამდელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;

გ) გადაწყვეტილების წვევამდელისთვის ჩაბარება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;

დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით.

15. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ ქვეყნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე წვევამდელისთვის მისი ამ მუხლის მე-14 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება წვევამდელისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.

16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელი ვალდებულია მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში.

17. ამ მუხლის მე-14 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზეპირი გადაწყვეტილება წერილობით გამოიცემა მისი მიღების დღესვე.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 68. ცენტრალური გამწვევი კომისია

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან იქმნება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

3. ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 69. გამწვევი კომისია

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის იქმნება გამწვევი კომისია.

2. გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.       

3. გამწვევი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 70. სამედიცინო შემოწმება 

1. ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

2. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში − დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის (წვევამდელის) სამედიცინო შემოწმებას ატარებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

4. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, კერძოდ, გამოაქვს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის შესახებ დასკვნა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის;

ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით;

გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის;

დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის;

ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისთვის.

5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებების/ტრავმების ნუსხით.

7. სამედიცინო შემოწმების ჩატარების დროს პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.

8. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის პირის მოსამზადებლად განსახორციელებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

9. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს/გამოიტანს ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას/დასკვნას, გამწვევი კომისია ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან/დასკვნის გამოტანიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებიდან/გამოტანიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაუშვებელია.

მუხლი 71. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე:

ა.ა) გაუწიოს მას დახმარება იმ პირის ძებნაში, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას/მის გავლას;

ა.ბ) წარუდგინოს მას ინფორმაცია წვევამდელისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესახებ;

ბ) მიაწოდოს მას ინფორმაცია წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, აგრეთვე წვევამდელის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების თაობაზე.

2. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

3. სასამართლო ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ მსჯავრის დადების შესახებ განაჩენის ძალაში შესვლის თაობაზე, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას:

ა) წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ;

ბ) წვევამდელის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

5. ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს წვევამდელის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები, რომელიც ამ დაწესებულებაში სწავლობს. 

7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

მუხლი 72. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები

1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.

2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:

ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;

ბ) დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;

გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს:

ა) ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;

ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;

[ გ) ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საკუთარი სურვილით და სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება გადაადგილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის პოზიციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას.

5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს:

ა) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება:

ა.ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა;

ა.ბ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა;

ა.გ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 11 თვის ვადით გავლის დროს − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა;

ბ) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, მათ შორის, საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში.

6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის ვადით.

7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დასვენების დღეები (კვირაში არანაკლებ 2 დღისა) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებით.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული  დასვენების და უქმე დღეების გამოყენების უფლება იზღუდება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნაში/სწავლებაში, ასრულებს სადღეღამისო განწესს ან საბრძოლო მორიგეობას, გამოცხადებულია განსაკუთრებული რეჟიმი ან/და სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასვენების უფლების შეზღუდვა აქვს დაკისრებული.

10. პირმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით შეიძლება გაიაროს აგრეთვე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით (მათ შორის, აქტიურ რეზერვში) და სამხედრო სასწავლებელში.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 73. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრივილეგია

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება:

ა) სამუშაო ადგილი, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; 

ბ) საჯარო სამსახურში (დაწესებულებაში) არსებული ანაზღაურება;

გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს ან პირს, რომელმაც დაასრულა იგი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით.  

4. სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და  დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.

5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.

6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა ანაზღაურება საჯარო სამსახურში (დაწესებულებაში), წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა, თუ ის აღემატება საჯარო სამსახურში (დაწესებულებაში) არსებულ ანაზღაურებას.

მუხლი 74. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:

ა) მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში;  

ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;

გ) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;

ე) სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა;

ვ) მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები.

მუხლი 75. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება

1. სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება:

ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა. ამასთანავე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ბ) ვადამდე, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით.

2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებული) პირი ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და თავდაცვის ძალების რეზერვში არ ჩაირიცხება, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევიდან გასულია ამ კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადა, თუმცა პირს აღნიშნული ვადით სრულად ფაქტობრივად არ უმსახურია, გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა ან ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამხედრო მოსამსახურის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის წარმოშობა;

ბ) ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის (გარდა 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ვ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა) წარმოშობა;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე);

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) ცალკეულ შემთხვევებში − საქართველოს მთავრობის განკარგულება;

ვ) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვება;

ზ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

თ) გარდაცვალება.

5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შემთხვევაში დადგენილი ვადით აგრძელებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, თუ მის მიმართ:

ა) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება (გარდა პატიმრობისა) ან/და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი. პატიმრობის პერიოდი არ ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში;

გ) აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. პატიმრობის პერიოდი ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში;

დ) შეწყდება სისხლისსამართლებრივი დევნა. პატიმრობის პერიოდი (მისი არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა განრიდებისა და ქმედითი მონანიების შემთხვევებისა.

6. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლდება სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღეს, თუ მას შეეფარდა:

ა) სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;

ბ) თავისუფლების აღკვეთა.

7. საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს საქართველოს მთავრობა.

8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „ტ“ ან „ფ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოეშვა აღნიშნული სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეუძლია გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ამ შემთხვევაში აღნიშნულ პირს მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

თავი VIII

პროფესიული სამხედრო სამსახური

მუხლი 76. პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები

1. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო მოსამსახურე) პროფესიულ სამხედრო სამსახურს გადის ამ კოდექსის, მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. პროფესიული სამხედრო სამსახური არის:

ა) საკონტრაქტო − კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური;

ბ) არასაკონტრაქტო − უვადო სამხედრო სამსახური.

3. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, მასტერ-სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.

4. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.

5. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გასავლელად უფორმდება კონტრაქტი.

6. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში პრივილეგიის მინიჭების ან/და ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეიძლება გაუფორმდეს კონტრაქტი.

7. კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 77. პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება

1. პროფესიულ სამხედრო სამსახურში (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო სამსახური) მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის არანაკლებ 18 წლის, იცის სახელმწიფო ენა და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შეიძლება დადგინდეს მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. პირის სამხედრო სამსახურში მიღების წესი და მის მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირი გადის შერჩევას, რომლის დროსაც მას შეიძლება ჩაუტარდეს ფიზიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სპეციალური შემოწმება, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევაში − გასაუბრება. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მისაღები პირის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირი შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში იგი აგრძელებს სამხედრო სამსახურს კონტრაქტით განსაზღვრული ვადით.

6. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით, ხოლო სამხედრო სასწავლებელში − მისი რექტორის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 78. სამხედრო სამსახურში მიღების შეზღუდვა

სამხედრო სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

ბ) პირი, რომელმაც ვერ გაიარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურები;

გ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი;

ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ვ) პირი, რომელიც დაავადებულია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ტოქსიკომანიით ან ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მუხლი 79. სამხედრო სამსახურის ვადა და სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი

1. სამხედრო სამსახურის ვადა, რომელიც დაკავშირებულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლასთან, განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით.

2. სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია:

ა) რიგითების შემადგენლობისთვის − 45 წელი;

ბ) კაპრალების შემადგენლობისთვის, სერჟანტების შემადგენლობისთვის (გარდა მთავარი სერჟანტისა) − 50 წელი;

გ) მთავარი სერჟანტისთვის − 55 წელი;

დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 45 წელი;

ე) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის (გარდა პოლკოვნიკისა) − 50 წელი;

ვ) პოლკოვნიკისთვის − 55 წელი;

ზ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 60 წელი.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით აგრძელებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მეთაურის ზღვრული ასაკი გრძელდება მინისტრის გადაწყვეტილებით.

მუხლი 80. სამუშაო დრო და დასვენების დრო

1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.

2. სამხედრო მოსამსახურისთვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში:

ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს;

ბ) სწავლების პერიოდში;

გ) საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ან შენარჩუნებისთვის;

დ) სადღეღამისო განწესისა და საბრძოლო მორიგეობის შესრულების დროს;

ე) მობილიზაციისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს სწავლების ჩატარებისას და სხვა ღონისძიებების განხორციელებისას.

3. მსმენელს, იუნკერს დასვენების დღეები ეძლევა შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში 1 დღისა, გარდა საველე-პრაქტიკული სწავლის პერიოდისა.

მუხლი 81. შვებულება

1. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა) ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა.

3. სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30 კალენდარულ დღემდე ვადით. 

4. მსმენელს, იუნკერს შესაბამისი სასწავლო გეგმით დადგენილ ვადაში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.

5. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც მიენიჭა ოფიცრის პირველი სამხედრო წოდება, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ შესაბამისი სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს.

8. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 6 თვისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, სანივთე ქონების მიღების უფლების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოს და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.

9. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შვებულება ხელმძღვანელთან შეთანხმებით შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

10. სამხედრო მოსამსახურე შვებულებიდან შეიძლება გამოძახებულ იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში.

მუხლი 82. შერჩევის საბჭო

1. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურებისთვის შერჩევის, თანამდებობრივი გადაადგილებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიღების მიზნით სამინისტროში იქმნება შერჩევის საბჭო.

2. შერჩევის საბჭოს სახეები, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი, აგრეთვე შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. საომარი მდგომარეობის დროს საკადრო საკითხები შეიძლება გადაწყდეს ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 83. თანამდებობრივი გადაადგილება

1. თანამდებობრივი გადაადგილება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ფაქტობრივი სამხედრო წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი ან დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშვნას.

2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანამდებობრივი გადაადგილება დასაშვებია, თუ სამხედრო მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.

4. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს მინისტრი.

მუხლი 84. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:

ა) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;

ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;

გ) სამხედრო მოსამსახურის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში კანდიდატად წამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) სამხედრო მოსამსახურის, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამასთანავე, სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულება შესაბამისი მომსახურების გამწევ ორგანიზაციას ეკისრება;

ე) სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მისთვის საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;

ვ) მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ზ) სამხედრო მოსამსახურის ფულადი და კვების კმაყოფიდან მოხსნა;

თ) მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამსახურიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული;

ი) სამხედრო მოსამსახურის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარების ფაქტის დადგენა ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. 

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.

მუხლი 85. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება

1. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით.

2. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით თავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას − შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.

3. სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობიდან დროებით ათავისუფლებს მინისტრი.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე; 

გ) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება იმავდროულად არის გაფრთხილება მისი სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

5. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების შესრულება ან სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება არაუმეტეს თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადით.

6. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. 

მუხლი 86. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება

1. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია: 

ა) კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვა;

ბ) ზღვრული ასაკის მიღწევა;

გ) კონტრაქტის პირობების დარღვევა;

დ) მხარეთა შეთანხმება; 

ე) რეორგანიზაცია და შტატების შემცირება;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე);

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

თ) სამსახურებრივი შეუსაბამობა;

ი) პირადი განცხადება (გამონაკლისის სახით), დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას;

კ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;

ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

მ) განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;

ნ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

ო) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;

პ) გარდაცვალება;

ჟ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

რ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა.

2. სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მისი სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენად.

3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომდევნო დღეს. თუ შესაბამისი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.

4. სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო-სამედიცინო კომისია სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ ცნობს სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. პირი, რომელიც შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.

5. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე იმ ქვედანაყოფში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე სხვა ქვედანაყოფში. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მას ჩაეთვლება ნამსახურობის კალენდარულ წლებში და მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება.

6. სამხედრო მოსამსახურის მიერ პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების (სამხედრო სამსახურის შეწყვეტის) მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი მისი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა, საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას) არსებობისა.

თავი IX

თავდაცვის ძალების რეზერვი და სარეზერვო სამხედრო სამსახური

მუხლი 87. თავდაცვის ძალების რეზერვი

1. თავდაცვის ძალების რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.

2. თავდაცვის ძალების რეზერვის სისტემის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია ამ კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

მუხლი 88. თავდაცვის ძალების რეზერვის შემადგენლობა

1. თავდაცვის ძალების რეზერვი მოიცავს:

ა) აქტიურ რეზერვს;

ბ) სამობილიზაციო რეზერვს.

2. აქტიური რეზერვი შედგება:

ა) ტერიტორიული რეზერვისგან;

ბ) სპეციალისტთა რეზერვისგან.

3. სამობილიზაციო რეზერვი შედგება:

ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისგან;

ბ) ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისგან.

მუხლი 89. რეზერვისტის ასაკი

პირი ამ კოდექსით დადგენილი წესით თავდაცვის ძალების რეზერვში ირიცხება 18 წლიდან 60 წლამდე.

მუხლი 90. აქტიური რეზერვის პირობები

1. პირი აქტიურ რეზერვში ნებაყოფლობით მიიღება. 

2. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი. იგი ინიშნება თანამდებობაზე და ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი.

3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

4. აქტიურ რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვას ახორციელებენ თავდაცვის ძალები სამხედრო  მოსამსახურის აღრიცხვისთვის დადგენილი წესით.

5. აქტიური რეზერვისტი თანამდებობაზე ინიშნება მინიჭებული სამხედრო წოდებით, ხოლო სამხედრო წოდების არქონის შემთხვევაში მას ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.

6. აქტიურ რეზერვში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

7. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა რაოდენობას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. აქტიური რეზერვისტის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება. აქტიური რეზერვისტი შეიძლება გამოძახებულ იქნეს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

9. აქტიური რეზერვისტის უფლება-მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

10. აქტიური რეზერვისტის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მის მატერიალურ უზრუნველყოფასა და სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 

11. აქტიური რეზერვისტის გამოძახების და მის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან/და საგანგებო მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციისა, აგრეთვე დამატებითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა.

12. აქტიური რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლის დროს მასზე ვრცელდება პროფესიულ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

13. აქტიური რეზერვისტი ვალდებულია საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გამოძახებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ქვედანაყოფში.

14. თუ აქტიური რეზერვისტი საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამის ქვედანაყოფში ვერ ცხადდება, იგი ვალდებულია გამოცხადდეს თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, რაც აღნიშნული სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც აქტიური რეზერვისტი გადის სამსახურს, ხოლო თუ აქტიური რეზერვისტი ვერ ცხადდება თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში/ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო სამსახურში და მიიღოს თავისი ხელმძღვანელობის ინფორმირებისთვის საჭირო ზომები. ამ შემთხვევაში აქტიური რეზერვისტის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიყვანას უზრუნველყოფს სამინისტრო.

15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას უნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 91. ტერიტორიული რეზერვი

1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო  უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდისა და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით.

2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის  შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული ქვედანაყოფებისგან.

3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება იმ პირებით, რომლებიც აკმაყოფილებენ აქტიური რეზერვისტისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მუხლი 92. სპეციალისტთა რეზერვი

1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირებისგან.

2. თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს მისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4. სპეციალისტთა რეზერვში შესაბამისი ფორმითა და პირობებით შეიძლება ჩაირიცხოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირი.

მუხლი 93. სამობილიზაციო რეზერვი

1. სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის  გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით.

2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.

3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით.

5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.

6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 

მუხლი 94. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი

1. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით.

2. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში მიიღება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც:

ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა;

ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა.

3. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეიძლება დაინიშნოს თავდაცვის ძალების მოქმედ ქვედანაყოფში/მიეწეროს მას. ამასთანავე, თითოეულ საშტატო პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს/მას მიეწეროს ერთზე მეტი რეზერვისტი.

4. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაა 10 წელი.

5. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირს, რომელმაც გაიარა სამხედრო სამსახური, თავდაცვის სფეროში მოხალისედ ყოფნის პერიოდი ჩაეთვლება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის ვადაში.

6. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან გასულია 10 წელი ან 10 წელზე მეტი.

მუხლი 95. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვი

1. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

2. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისთვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია: მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი.

3. მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება:

ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი;

ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ირიცხებოდა სამობილიზაციო რეზერვში, გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური, არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და:

ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა;

ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა. 

4. მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება:

ა) პირი, რომელიც არ ირიცხება არცერთი სხვა კატეგორიის რეზერვში;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა უწყებაში გაიარა.

5. პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 96. სამობილიზაციო რეზერვის მართვა

სამობილიზაციო რეზერვის მართვა გულისხმობს სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რომლებიც გაზრდის მათი ოპტიმალური გადანაწილებისა და გამოყენების, შესაბამისი ქვედანაყოფების გაძლიერებისა და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს.

მუხლი 97. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა

1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საიდუმლო ნაწილი.

2. სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემას მართავს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას არ ექვემდებარება:  

ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვა სურს;

ბ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

გ) 60 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

5. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები):

ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ;

გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ, აგრეთვე გაწვევის პერიოდისთვის პირის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის ძებნის შესახებ, აგრეთვე პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვალების თაობაზე;

ე) ინფორმაცია პირისთვის მეურვისა და მზრუნველის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ზ) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

თ) ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, მხოლოდ ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში;

ი) ინფორმაცია პირის მსჯავრდებისა და ბრალდების შესახებ, მხოლოდ ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, აგრეთვე ინფორმაცია პირის მიმართ არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის გამოყენების თაობაზე;

კ) ინფორმაცია პირის აღმსარებლობისა და მღვდელმსახურების შესახებ.

6. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის წესი, აგრეთვე იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების უფლება-მოვალეობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 

7. პირის სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში უნდა დაარქივდეს სამობილიზაციო რეზერვისტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია 75 წლის განმავლობაში ინახება და შემდეგ იშლება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემიდან.

8. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

მუხლი 98. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით: 

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მიაწოდოს შესაბამისი პირის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ;

ბ) საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ;

გ) სასამართლო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის);

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას:

დ.ა) რეზერვისტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ;

დ.ბ) რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების თაობაზე (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის);

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ;

თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;

ი)  სპეციალური სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;

კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;

ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის  „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;

ო) შესაბამისი პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს:

ო.ა) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ო.ბ) ინფორმაცია სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ;

ო.გ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;

ო.დ) ინფორმაცია ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის შესახებ;

ო.ე) ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, შესაბამისი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 99. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევა

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი გაიწვევა:

ა) საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს;

ბ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით.

2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირები გაიწვევიან:

ა) სამინისტროს მიერ განსაზღვრული რაოდენობით, მისი მოთხოვნის შესაბამისად;

ბ) სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე იღებს და მისი გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

4. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით:

ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, ხოლო 10 წლის განმავლობაში − 120 დღეს;

ბ) ზოგად სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (გარდა წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირისა) გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.

5. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, არ ექვემდებარება სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით გაწვევას.

6. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება თავდაცვის ძალების მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

7. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია უზრუნველყოს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა.

8. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უფლება აქვს, მისი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

9. პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისთვის ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე.

10. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის მისი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობა ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით და დადგენილი თანამიმდევრობით:

ა) გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის გადაწყვეტილების (მათ შორის, ზეპირი გადაწყვეტილების) გაცნობა/გამოცხადება;

ბ) გადაწყვეტილების სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;

გ) გადაწყვეტილების სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის ჩაბარება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით;

დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ ქვეყნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის მისი ამ მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს მე-2 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-2 კალენდარულ დღეს.

12. ამ მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზეპირი გადაწყვეტილება წერილობით გამოიცემა მისი მიღების დღესვე.

მუხლი 100. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (სამობილიზაციო რეზერვისტის) გამოძახებას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ამ კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სარეზერვო სამხედრო სამსახურის მიზნების მისაღწევად რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას. 

3. რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეიძლება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ამ შემთხვევაში რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა ხელი უნდა შეუწყოს სამობილიზაციო რეზერვისტს დამსაქმებლისთვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

4. სამობილიზაციო რეზერვისტის გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო.

5. სამობილიზაციო რეზერვისტი ამ მუხლის შესაბამისად გამოძახების მომენტიდან მიიჩნევა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირად.

მუხლი 101. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება)

სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) ხდება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს რეზერვისტის გამოძახების უფლებამოსილების მქონე სუბიექტს, ან/და გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვისტის სამედიცინო შემოწმების ჩატარების დროს, რომელიც ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 102. რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება

1. რეზერვისტი (თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე), რომელსაც სამხედრო ფიცი დადებული არ აქვს, სამხედრო ფიცს დებს სამხედრო შეკრების გავლის დროს.

2. რეზერვისტი სამხედრო ფიცის დადებას ხელმოწერით ადასტურებს.

მუხლი 103. რეზერვისტის მომზადება

1. რეზერვისტის მომზადების მიზანია:

ა) თავდაცვის ძალებისთვის მომზადებულ, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მქონე პირთაგან რეზერვის ჩამოყალიბება;

ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცრების შემადგენლობისა და სერჟანტების შემადგენლობის − დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება;

გ) რეზერვისტის ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.

2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრებისას მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის დროს.

მუხლი 104. რეზერვისტის მომზადებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტი

რეზერვისტის მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მუხლი 105. სამობილიზაციო კომისია  

1. პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების შესახებ ან პირისთვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამობილიზაციო კომისია.

2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებისა და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ;

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ;

გ) ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

მუხლი 106. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის უფლება-მოვალეობები

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

2. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებული პირი ვალდებულია:

ა) შეტყობინების მიღებისას მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში;

ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს უფლებამოსილი პირის მითითებები.

მუხლი 107. სოციალური და სხვა გარანტიები

1. პირი სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.

2. რეზერვში ყოფნის პერიოდში შრომის სტაჟად ითვლება:

ა) აქტიური  რეზერვის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი;

ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.

3. სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება:

ა) აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის შემთხვევაში:

ა.ა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და სხვა ფულადი გასაცემლების მიზნებისთვის − რეზერვისტის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი;

ა.ბ) მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზნებისთვის − აქტიურ რეზერვში ყოფნის პერიოდი;

ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.

4. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

5. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური გარანტიები.

6. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტისთვის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

7. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის დროს რეზერვისტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოუცხადებლობა არ ჩაეთვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევად.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც სარეზერვო სამხედრო სამსახურში იმყოფება, ამ დაწესებულებაში გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვლება.

9. პირს, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროგრამით საზღვარგარეთ იქნა წარგზავნილი (გარდა სამინისტროს მიერ წარგზავნის შემთხვევისა), შეუჩერდება უფლებამოსილება აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში. მას აღნიშნული პროგრამის ვადა არ ჩაეთვლება კონტრაქტის მოქმედების ვადაში და არ მიეცემა ხელფასი.

მუხლი 108. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადება

1. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა გადაუვადდება:

ა) პირს, რომელსაც ჰყავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია), რომელსაც არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო  სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე;

ბ) პირს, რომელიც სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტობის, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, − შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე;

გ) პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

დ) სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეს;

ე) პირს, რომელიც სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფება;

ვ) მოსამართლეს;

ზ) პროკურორს;

თ) პირს, რომელიც მობილიზაციის გამოცხადების მომენტისთვის საზღვარგარეთ იმყოფება;

ი) დიპლომატიური თანამდებობის პირს;

კ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს;

ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პირს;

მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეს;

ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;

ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა;

პ) პირს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

ჟ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ პირს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გათავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან, − 3 წლის ვადით;

რ) ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირს.

2. კერძო და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს მთავრობა განკარგულებით განსაზღვრავს იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებებისთვის ადგენს იმ პროფესიების/თანამდებობების ნუსხასა და რაოდენობას, რომლებით/რომლებზე დასაქმებულ პირებსაც გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულებები უზრუნველყოფენ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირების (პერსონალის წევრების) შესახებ მონაცემების სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეტანას იმავე ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ პირებს ამ მონაცემების სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა.

4. პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუვადდება ასევე, თუ მას სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წარმოეშვა ამ სამსახურიდან გათავისუფლების ან აღნიშნული სამსახურის გავლის გადავადების რომელიმე გარემოება.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 109. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღების წესი

1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ექვემდებარება საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას.      

2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში.      

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დასკვნების საფუძველზე.

4. ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მუხლი 110. პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის

სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება სარეზერვო სამხედრო  სამსახურში ან სხვაგვარად აარიდებს თავს მას, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მიიჩნევა აღნიშნული პირის (რეზერვისტის) ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სარეზერვო სამხედრო  სამსახურის გავლას, ან ამ პირის ახლო ნათესავის (პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მეუღლე, გერი) გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.

თავი X

სამხედრო განათლება

მუხლი 111. სამხედრო განათლება

სამხედრო განათლების მიზანია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება.

მუხლი 112. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა

1. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა არის სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწავლების მიზნებს, თემატიკას, მეთოდებს (მათ შორის, დისტანციური სწავლების გამოყენების შესაძლებლობას), შეფასების სისტემასა და სწავლების შედეგებს.

2. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის:

ა) ვალიდაცია ნიშნავს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობის დადასტურებას;  

ბ) აღიარება ნიშნავს უცხო ქვეყნის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილ სტანდარტთან გათანაბრებას.

3. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის ვალიდაცია და აღიარება ხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4. ამ თავით გათვალისწინებული სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს:

ა) სამხედრო მოსამსახურემ;

ბ) საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სამხედრო მოსამსახურე არ არის;

გ) უცხოელმა.

5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურემ სამხედრო განათლება შეიძლება მიიღოს უცხო ქვეყნის შესაბამის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. უცხო ქვეყნის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებთან თავსებადობის განსაზღვრის პროცედურები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 113. სამხედრო განათლების სახეები

1. სამხედრო განათლების სახეებია:

ა) საკარიერო სამხედრო განათლება:

ა.ა) ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს ოფიცრის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს;

ა.ბ) სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს სერჟანტის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) სპეციალური სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობის, გვარეობის, სპეციალობისა და საჭიროების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას.

2. ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლებისა და სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლების საფეხურებს (დონეებს) განსაზღვრავს მინისტრი.

მუხლი 114. საგანმანათლებლო ერთეულები

1. საგანმანათლებლო ერთეულებია:

ა) სამხედრო სასწავლებელი;

ბ) სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული.

2. სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს.

მუხლი 115. სამხედრო სასწავლებელი

1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების წესები.

2. სამხედრო სასწავლებლის პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე პირებითა და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს შეიძლება დაუწესდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

მუხლი 116. სამხედრო სასწავლებლის დაფინანსება

სამხედრო სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია:

ა) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები;

ბ) გრანტები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

მუხლი 117. აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი

1. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადის უწყებრივი შერჩევის ეტაპს, რომლის პროცედურებსაც განსაზღვრავს სამხედრო სასწავლებელი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება.

3. აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი მშობლების თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი.

მუხლი 118. სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი

1. პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. პირმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.  

2. იუნკრის შრომის ანაზღაურებისა და სტიპენდიის ოდენობები და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

3. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტს მასთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისთვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

4. იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) იუნკერი სამხედრო სასწავლებლიდან გაირიცხება 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვის გამო, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

5. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც სამინისტრო აფორმებს მასთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს.

6. პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და რიგითის სამხედრო წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ იგი სამხედრო სასწავლებელში 12 თვე სწავლობდა.

7. მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XI

საერთაშორისო სწავლება

მუხლი 119. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძვლები

1. საერთაშორისო სწავლების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებისა და უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის საფუძველია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან/და მხარდამჭერი დოკუმენტი.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და მხარდამჭერი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძველია:

ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად ერთი ან ერთზე მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს.

3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ ქვეყნებსა და პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე ქვეყნებთან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარდამჭერი დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმებისა და „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმების გამოყენების პირობები.

4. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები წესრიგდება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციით.

მუხლი 120. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტი  

1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტია სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი.

2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან.

3. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ.

4. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე:

ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს;

ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს.

5. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტს შეარჩევს ამ სწავლებაში მონაწილე შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

6. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 121. საერთაშორისო სწავლების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები

საერთაშორისო სწავლების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებისა და უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში შესაბამისი სუბიექტის მონაწილეობის ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება:

ა) მინისტრის მიერ;

ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად ერთი ან ერთზე მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს.

მუხლი 122. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება

1. უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტზე, აგრეთვე საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე უცხო ქვეყნის პერსონალზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან/და 121-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 123. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა

საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის ფინანსური და სხვა რესურსებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა შეიძლება განახორციელოს აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციამ ან/და უცხო ქვეყანამ.

მუხლი 124. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე.

თავი XII

სამშვიდობო ოპერაცია

მუხლი 125. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის საფუძვლები

1. საქართველო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ამ კოდექსის შესაბამისად. 

2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიძლება გაფორმდეს მხარდამჭერი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის ამ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, სამედიცინო, ფინანსური და სხვა საკითხები.

3. საქართველო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზანშეწონილობას.

მუხლი 126. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი შეიძლება იყოს სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი.

2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისგან.

3. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ.

4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე:

ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს;

ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს.

5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით. ეს საკითხი წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 127. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის წარგზავნა და მისი სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევა 

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.

2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები.

3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი.

4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. სამშვიდობო ოპერაციიდან:

ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს;

ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 128. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და მინისტრის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 129. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა

სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის ფინანსური და სხვა რესურსებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა შეიძლება განახორციელოს აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციამ ან/და უცხო ქვეყანამ.

მუხლი 130. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე უცხო ქვეყნის პერსონალსა და კონტრაქტორებს, რომლებიც განლაგებული არიან ან/და მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გაივლიან მას, საქართველო სამხედრო ან სამოქალაქო მხარდაჭერას გაუწევს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის შესაბამისად.

2. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია სამინისტროს წარდგინებით მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 131. სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე.

თავი XIII

წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 132. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი

1. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესებისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თავიდან აცილება და მისთვის მოტივაციის ამაღლება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ეს კოდექსი განსაზღვრავს:

ა) წახალისების სახეებს;

ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს;

გ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვის წესებს.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს არ ათავისუფლებს იმ მოვალეობის შესრულებისგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

4. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.

მუხლი 133. დისციპლინური წარმოების პრინციპები

1. დისციპლინური წარმოება ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, თანასწორობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობისა და კორექტულობის პრინციპებს.

2. სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის.

3. სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დისციპლინური საქმის გადაწყვეტაზე.

4. სამხედრო მოსამსახურე არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

მუხლი 134. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ნორმების მოქმედება დროში 

1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება ან დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ მისი ქმედება ჩადენის დროს არის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი ჩადენის თარიღი. ამ ქმედების შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს. 

მუხლი 135. დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ნორმის უკუძალა 

ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, უკუძალა აქვს. ნორმას, რომელიც აწესებს ან ამკაცრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.

მუხლი 136. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ფარგლები 

სამხედრო მოსამსახურეზე წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 137. წახალისების საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი

1. წახალისების საფუძვლებია:

ა) დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულება;

ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას მიღებული დავალების წარმატებით შესრულება;

გ) თანამებრძოლის დახმარება, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება;

დ) სამეცნიერო საქმიანობაში, სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა;

ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და  სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად ღირსეული საქციელის ჩადენა, რაც სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას იწვევს.

2. წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა;

დ) ფულადი წახალისება;

ე) მოკლევადიანი შვებულების მიცემა;

ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა.

3. მადლობის გამოცხადება და საპატიო სიგელის მიცემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ.

4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება 3 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფალი ბრუნვის საგანი არ არის.

5. მოკლევადიანი შვებულება 5 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

6. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე.

7. წახალისების გამოყენების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 138. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და დაკისრების წესი

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;

ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურის ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა;

დ) დასვენების უფლების შეზღუდვა;

ე) წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით);

ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება;

ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა;

თ) სამსახურიდან გათავისუფლება.

3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერს არ ეკისრება.

7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება.

8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იუნკერს.

9. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, იუნკერს ეკისრება, თუ მას 100 სადისციპლინო ქულა ამოეწურა.

10. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას.

11. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი;

ბ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მუხლი 139. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებები

1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური  პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა:

ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, როდესაც სხვა დააზიანა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც თვით სამხედრო მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს ემუქრებოდა, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით არ შეიძლებოდა და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე;

ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად სხვას მოუხმოს. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან;

გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა;

დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი. თუ სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო სამსახურისთვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიიღო;

ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც მართლზომიერების პირობებს აკმაყოფილებს.

2. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ:

ა) მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა;

ბ) იგი დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მეთაურის გამოძახებით სამსახურში ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა;

გ) ეს არის მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირველი შემთხვევა, რომლისთვისაც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა გათვალისწინებული არ არის, და თუ სამხედრო მოსამსახურემ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ, დაუყოვნებლივ აღიარა ის ან/და აანაზღაურა მიყენებული ზიანი (მისი არსებობის შემთხვევაში).  

მუხლი 140. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა 

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 3 თვე;

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა ის პერიოდი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მუხლი 141. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა 

1. სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ იგი მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნას უზრუნველყოფს მისი დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით.

მუხლი 142. დისციპლინური საქმის განხილვა

1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული ვალდებულება არ მოიცავს აღიარებისა და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიცემის ვალდებულებებს.

მუხლი 143. დისციპლინური წარმოება

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დისციპლინური ოქმის შედგენით.

მუხლი 144. დისციპლინური ოქმი

1. დისციპლინური ოქმი არის დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებული, ობიექტურად დასაბუთებული ვარაუდი სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება:

ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;

ბ) მისი შემდგენი თანამდებობის პირის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი;

გ) იმ სამხედრო მოსამსახურის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;

დ) შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი, დრო, ადგილი და არსი;

ე) ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს;

ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები (მათ შორის, მისამართი);

ზ) იმ პირის ახსნა-განმარტება, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე;

თ) დისციპლინური საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.

3. დისციპლინურ ოქმს ადგენს მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი.  

4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ:

ა) მისი შემდგენი თანამდებობის პირი;

ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

5. დისციპლინურ ოქმს თან ერთვის მოწმის ან/და დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის ნამდვილობაც დასტურდება აღნიშნული პირის ხელმოწერით/პირების ხელმოწერებით.

6. თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, მისი შემდგენი თანამდებობის პირი ოქმში აკეთებს სათანადო ჩანაწერს. ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე  დაასაბუთოს დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

7. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირს.  

8. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 145. სადისციპლინო საბჭო 

1. სადისციპლინო საბჭო, რომელიც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოა, განიხილავს:

ა) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად;

ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადებას საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა).

2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს დისციპლინური საქმე ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის გარემოებათა დამატებით გამოსაკვლევად;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 147-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 146. დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მინისტრს წარუდგინოს განცხადება მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.

2. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა წარადგინოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ამ განცხადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 147. სამხედრო მოსამსახურის განცხადების განხილვა

მინისტრი უფლებამოსილია:

ა) სრულად დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი;

გ) არ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალაში დატოვოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

დ) გასცეს წერილობითი მითითება (დავალება) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის თაობაზე.

მუხლი 148. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება 

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი გაცნობიდან.

2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით წოდებრივი სარგოდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან წოდებრივი სარგოდან  დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში დგინდება წოდებრივი სარგოდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. წოდებრივი სარგოდან  ყოველთვიურად დასაქვითი თანხა შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს თანხა მომდევნო თვეზე/თვეებზე გადანაწილდება. 

თავი XIV

მატერიალური უზრუნველყოფა, სოციალური გარანტიები და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები

მუხლი 149. მატერიალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

2. სამხედრო მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება ეძლევა მისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კომპონენტებს.

3. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება:

ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურების ოდენობა და კომპონენტები, აგრეთვე მისი გაცემის წესი და პირობები;

ბ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესები; 

გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის:

გ.ა) კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმა, აგრეთვე კვებისა და სანივთე ქონების კმაყოფაზე აყვანისა და ამ კმაყოფიდან მოხსნის წესები;

გ.ბ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და გაცემის წესი;     

გ.გ) წახალისების, ფასიანი საჩუქრის, ფულადი ჯილდოს/დახმარების/დანამატის ოდენობა, აგრეთვე მათი გაცემის წესი და პირობები; 

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის სხვა, დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიები.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 20 000 ლარამდე ოდენობით.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვისას, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საბრძოლო დავალების შესრულებისას, სამშვიდობო ოპერაციაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) იმავე განკარგულებით განსაზღვრულ მისი ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.

7. სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ექვემდებარებიან:

ა) სამინისტროს მოსამსახურე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრი;

ბ) კადეტი;

გ) იუნკერი;

დ) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემის მოსამსახურე;

ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ამ ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ოჯახის წევრები.

8. სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

9. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხითა და სანივთე ქონებით.

10. სამინისტრო ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ თანადაფინანსებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ფართობების (ბინების) მშენებლობა.

11. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ფართობი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით.

12. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და წესით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია საწვავით ან/და სასაუბრო დროით, თუ იგი იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს.

13. ამ კოდექსითა და მის საფუძველზე, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს:

ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირზე, რომელიც არ არის სამინისტროს მოსამსახურე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე;

ბ) სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/ დათხოვნილ პირზე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე;

გ) სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე, იმ პირზე, რომელიც არ არის სამინისტროს/სამინისტროს სისტემის მოსამსახურე;

დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ პირზე;

ე) სამინისტროს სისტემაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე, იუნკერზე, მსმენელზე, კადეტზე, რეზერვისტზე.

მუხლი 150. სამსახურთან დაკავშირებული საკითხები

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს:

ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით;

ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.  

2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება თავდაცვის ძალების სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაჯილდოვდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი და უწყებრივი მედლით.

მუხლი 151. ფორმის ტანსაცმელი

1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, კადეტი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს ფორმის ტანსაცმელი.

2. სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმელი, ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშანი და მისი ტარების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.  

3. პირის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მისთვის სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნით ტარების უფლების შენარჩუნების საკითხს წყვეტს მინისტრი.

4. სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნით უკანონოდ ტარება იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XV

იძულების ღონისძიება და მისი გამოყენება

მუხლი 152. იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება

1. იძულების ღონისძიება არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − მოსამსახურე) მიერ სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და მათ განსახორციელებლად ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

2. მოსამსახურეს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი იძულების ღონისძიება სათანადო ინტენსივობით, კანონიერი მიზნის მისაღწევად.

3. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, თუ მან გაიარა სპეციალური მომზადება.

4. მოსამსახურე ვალდებულია პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი ან როდესაც ასეთი გაფრთხილება შექმნილ სიტუაციაში გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

5. იძულების ღონისძიების სახე და მისი გამოყენების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

6. მოსამსახურე ვალდებულია იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაზიანებულ პირს პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

7. მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

მუხლი 153. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, საკუთარი თავის ან/და სხვისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ მოსამსახურე არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.

3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

მუხლი 154. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს.

2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, მართლწესრიგის დასაცავად გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები.

3. პასიური სპეციალური საშუალება უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

4. აქტიური სპეციალური საშუალება პირს მოკლე ვადით უსპობს სამხედრო პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეხმარება მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგნაირად:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ან გაქცევას ცდილობს; დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას; იმ პირის მიმართ, რომელსაც საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას;

ბ) სპეციალური ხელკეტი − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად;

გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა − სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება − სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და მისი მოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება;

ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი − დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) სასამსახურო ძაღლი − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) სასამსახურო ცხენი − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;

ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

მ) შესაბოჭი ბადე − სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.

5. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ასეთი შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.

6. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა  თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს უნდა აცნობოს.

7. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 155. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) ატაროს და გამოიყენოს სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

2. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

3. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ იარაღიდან გამიზნული გასროლა.

4. მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) სამინისტროს სისტემის დაცულ ობიექტზე პირის უნებართვო შეღწევისას;

ბ) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება;

დ) ძალადობრივი ქმედებისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირის გაქცევის აღსაკვეთად, რომლის გაქცევის შესახებ მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი;

ე) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს;

ვ) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

ზ) საშიში ცხოველის თავდასხმისგან ადამიანის დასაცავად;

თ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისთვის მის დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისთვის სროლისა.

5. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება  − „სდექ, თორემ გესვრი!“, ხოლო შემდეგ უნდა განხორციელდეს გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გაქცევისას, რის შესახებაც მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი;

გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად  გადაჭრა შეუძლებელია.

7. პირის სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხის არსებობისას მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

8. მოსამსახურეს ეკრძალება პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილას, სადაც არსებობს სხვა პირის დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

9. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს, ხოლო თუ აღნიშნული იარაღის აქტიური გამოყენება მოხდა ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობისას ან/და მისი გამოყენების შედეგად პირი დაზიანდა ან გარდაიცვალა, აგრეთვე − სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

10. სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 156. იძულების ღონისძიების გამოყენების შეზღუდვა

1. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ მოსამსახურეს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის, წინააღმდეგობის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის მოსამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

თავი XVI

საომარი მდგომარეობა

მუხლი 157. საომარი მდგომარეობა

1. საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული წესების გამოცხადებას.

2. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კოდექსის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას.

მუხლი 158. შეტყობინება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ

საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 159. საომარი მდგომარეობის გამოცხადება

1. საომარ მდგომარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანების თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოტივი.

3. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

4. საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და შესაბამისი ბრძანების დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

მუხლი 160. საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

1. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას დეკრეტის თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით და ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ დეკრეტს, რომელიც ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ამ დეკრეტის გამოცემად ითვლება და ეს დეკრეტი ძალაში შედის აღნიშნული მომენტიდან. ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესახებ გამოცემული დეკრეტის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

მუხლი 161. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენება

საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებას არ საჭიროებს. საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტით შეიძლება თავდაცვის ძალებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის პასუხისმგებელი ორგანოების გაერთიანება.

მუხლი 162. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში  

1. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობასა და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ პირები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან. ამასთანავე, აუცილებელია, აღნიშნულმა ორგანოებმა მისცენ ამ პირებს მუდმივი ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის სათანადო ნებართვის გარეშე დატოვება;

ე) თავდაცვის მიზნებისა და დანაშაულის პრევენციისთვის დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი და ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს − აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებები და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებები;

ვ) აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებები სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საწარმოების) მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, თანამდებობებიდან გადააყენონ სტრატეგიული და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით გათავისუფლება, გარდა საპატიო მიზეზით დათხოვნისა. აღნიშნულმა ორგანოებმა თანამდებობებიდან დროებით გადაყენებული პირები საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე უნდა აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებიდან, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან (მათ შორის, საწარმოებიდან) მიღებული რესურსები გამოიყენონ საომარი მოქმედებების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული პირების, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საომარი მდგომარეობის გაუქმების (დამთავრების) შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვები;

ლ) შრომისუნარიანი მოქალაქეები ჩართონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში შრომის ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში და უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა;

ნ) შემოიღონ საკარანტინო ღონისძიებები და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლი დაუწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და შეამოწმონ ისინი;

რ) შეამოწმონ დოკუმენტები პირთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას მოაწყონ მოქალაქეთა პირადი შემოწმება, აგრეთვე შეუმოწმონ მათ ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები;

ს) შემოიღონ კომენდანტის საათი.        

2. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განიხილავს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს.

3. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.

4. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ, გააუქმონ ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.

6. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, ცალკეულ ადგილებში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.

7. თუ საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება შემოღებულ იქნეს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ მმართველობის განმახორციელებელ დროებით ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:

ა) განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ბ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილზე განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

9. საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობა.

10. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი ამოქმედება ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

11. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ან მისი თავიდან აცილებისთვის, მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეებისთვის ბინების მიცემის, მატერიალური ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 163. ეროვნული თავდაცვის საბჭო

1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრები.

3. ეროვნული თავდაცვის საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისა და საომარი მდგომარეობის საჭიროებებთან დაკავშირებით.

4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.

5. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.

6. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს აცნობებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

7. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

8. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

9. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

10. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მუხლი 164. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაცია

1. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისთვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით ადგილებზე შექმნას დროებითი ორგანოები ან/და დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებები.

2. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან კომენდანტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც ამ კოდექსის ფარგლებში აწესრიგებს საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.

3. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისთვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე უცხო ქვეყნებიდან.

მუხლი 165. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში

1. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში იურიდიული პირების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ იურიდიული პირების მოსამსახურეები მათი თანხმობის გარეშე, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოსა და რეჟიმზე, რომლებიც შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.

2. კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს შეიძლება აეკრძალოთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას ყოფნა, საცხოვრებელი ადგილიდან გარეთ გამოსვლა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის დამრღვევ პირს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო თუ პირს თან დოკუმენტები არ აქვს − მისი ვინაობის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. შეიძლება დაკავებული პირის პირადი გასინჯვა, აგრეთვე მისი ნივთების გასინჯვა.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XVII

თავდაცვის სფეროში მოხალისეობა

მუხლი 166. თავდაცვის სფეროში მოხალისეობა

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობა (შემდგომ − მოხალისეობა) არის ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის ნებაყოფლობითი, ანაზღაურებისგარეშე მომზადება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და საჭიროების შემთხვევაში მისი უნარ-ჩვევების თავდაცვის სფეროში გამოყენება.   

2. მოხალისეობა არ გულისხმობს ანაზღაურებადი სამუშაოს ჩანაცვლებას და არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც იაფი მუშახელის წყარო. მოხალისეობრივი საქმიანობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად.

3. სახელმწიფო ხელს უწყობს მოხალისეობის ორგანიზებას. მოხალისეობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს მინისტრი.

4. საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს თავდაცვის სფეროში მოხალისეთა გამოყენება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 167. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსი 

1. თავდაცვის სფეროში მოხალისე (შემდგომ − მოხალისე) შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული პირი.

2. მოხალისის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით იღებს სამინისტრო.

3. პირს მოხალისის სტატუსი, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) იგი არის მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი;

ბ) მან გაიარა შესაბამისი მომზადება; 

გ) იგი დარეგისტრირდა მოხალისეთა რეესტრში და გააფორმა მოხალისეობითი ხელშეკრულება.

4. პირს მოხალისის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:

ა) თუ იგი არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას;

ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად. 

5. პირს მოხალისის სტატუსი უჩერდება:   

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მისთვის მოხალისის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში.

6. მოხალისის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

7. პირს მოხალისის სტატუსი და მოხალისეობითი ხელშეკრულება უწყდება:

ა) მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში. 

8. მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაცია/სტატუსის შეჩერება/სტატუსის შეწყვეტა მოხალისის სტატუსის შეწყვეტას არ იწვევს.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მუხლი 168. მოხალისეთა ორგანიზაცია 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:   

ა) მისი დამფუძნებელი/წევრი არის ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ბ) იგი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

გ) მას მიენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი.

2. სუბიექტი (მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატი) მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად სამინისტროს მიმართავს. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბიექტს ენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი.

3. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით იღებს სამინისტრო.

4. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.

5. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უწყდება:

ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს;

ბ) ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს;

გ) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

6. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უჩერდება მისთვის ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში.

7. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 169. სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით

1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 

2. სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით;  

გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში:

გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა;

გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა;

გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით:

ა) უფლებამოსილია:

ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაში;

ა.ბ) უზრუნველყოს სამხედრო-პატრიოტული და სალაშქრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, სამხედრო-ისტორიული თემატიკის მომზადება;

ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან;

გ) აფორმებს მოხალისეობით ხელშეკრულებას მოხალისესთან;

დ) გასცემს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას;

ე) გეგმავს ან/და ახორციელებს  სამინისტროს მიერ დაგეგმილ, მოხალისეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

ვ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება;

ზ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებით სარგებლობას და ფულადი სახსრების ხარჯვას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

მუხლი 170. მოხალისეთა ორგანიზაცია და მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი

1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოორდინაციის გაწევის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

3. მოხალისეთა ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით:  

ა) მოხალისეობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სხვა სახელმწიფო უწყებასთან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს/სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული ქონებით;

გ) უზრუნველყოს მომზადების შესაბამისი პროგრამის, კურსის,  ღონისძიების დაგეგმვა.

4. მოხალისეთა ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) იზრუნოს ორგანიზაციის წევრის/მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები;

გ) მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა;

დ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ან მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა, აგრეთვე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარჯი;

ე) მოხალისეობის მიზნების მისაღწევად მიღებული გრანტი ან/და სხვა დაფინანსება გადასცეს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

ვ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დადგენილი პერიოდულობით წარუდგინოს მას ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;

ზ) შეასრულოს ამ კოდექსის მოთხოვნები, ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონისმიერი მოთხოვნები.

მუხლი 171. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი

1. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული პირი.

2. 18 წლამდე პირი მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეთა ორგანიზაციის წევრობა არ ეწინააღმდეგება ამ პირის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

მუხლი 172. მოხალისეთა რეესტრი

1. პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებასა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვას უზრუნველყოფს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. მოხალისეთა რეესტრი იწარმოება მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. მოხალისეთა აღრიცხვის მიზნით მოხალისეთა ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები):

ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ;

გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ;

დ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ე) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

4. პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. მოხალისეთა ორგანიზაცია ხელს უწყობს მოხალისეთა რეესტრის ფორმირებას. მოხალისეთა ორგანიზაცია შეიძლება გაეცნოს მოხალისეთა რეესტრს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად.

6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ მოხალისეთა აღრიცხვის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

7.  მოხალისეთა რეესტრში არსებული ინფორმაცია არის სამინისტროს და ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შიდაუწყებრივი ინფორმაცია და საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება.

მუხლი 173. მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა

1. ეს კოდექსი მოხალისეს არ უზღუდავს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უფლებას.

2. მოხალისეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული სოციალური გარანტიებით;

ბ) ისარგებლოს შესაბამისი ქონებით.

3. მოხალისე ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე მოხალისეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება/ღონისძიება განახორციელოს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი  ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;  

ბ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხის ან რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს;   

გ) იზრუნოს იმ ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს;

დ) დროულად განაცხადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის.  

4. სამინისტროს/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას მოხალისის დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში მოხალისეზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები.

5. მოხალისის ქმედებით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხალისემ ეს ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი.

6. მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისის შესახებ გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი ვალდებულია წარდგენილი ცნობის საფუძველზე მოხალისეს გაცდენილი დრო − წელიწადში არაუმეტეს 10  დღისა − საპატიოდ ჩაუთვალოს, აგრეთვე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია. 

7. მოხალისეობის განხორციელებისას პირს უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის გათვალისწინებული შეღავათითა და დახმარებით.

მუხლი 174. მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება

1. სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მოხალისეს აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული, მოხალისეობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები, მათ შორის:

ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები;

ბ) მგზავრობის ხარჯები;

გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნისა და ცხოვრების) ხარჯები;

დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების მოხალისეთა ორგანიზაციის წევრისთვის/მოხალისისთვის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოხალისეთა ორგანიზაციას, თუ შესაბამისი ღონისძიება მან დაგეგმა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს.

მუხლი 175. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

სამინისტრო/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი/მოხალისეთა ორგანიზაცია/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია:

ა) ორგანიზაციის წევრი/მოხალისე მოხალისეობის განხორციელებისას უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად;

ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს დროულად, გონივრულ ვადაში, გასაგები ფორმით მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია  მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მოქმედი ყველა ფაქტორის შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრი/მოხალისე უზრუნველყოს პერსონალური დამცავი აღჭურვილობით.

მუხლი 176. მოხალისეობითი ხელშეკრულება

1. მოხალისესთან მოხალისეობითი ხელშეკრულება ფორმდება მოხალისეთა რეესტრში მისი დარეგისტრირების შემდეგ.

2. მოხალისეობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები.

3. მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობით, განსაზღვრული ვადით, მხარეთათვის გასაგებ ენაზე. ხელშეკრულება შეიძლება რამდენიმე ენაზე დაიდოს. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზე იდება, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებათა შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში.

4. მოხალისეობით ხელშეკრულებას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს და მას მოხალისესთან აფორმებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მუხლი 177. მოხალისეობრივი საქმიანობის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განხორციელება  

1. მოხალისემ შეიძლება მოხალისეობრივი საქმიანობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განახორციელოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობა ხორციელდება სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთშეთანხმებით.  

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ერთობლივად ატარებენ.   

თავი XVIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 178. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

1. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.

2. პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად (მათ შორის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით) მიიღება 2025 წლის 1 იანვრამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში 2025 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად.   

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.

5. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით გაწვეულმა პირმა აღნიშნული სამსახური უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის იმ უწყებაში, სადაც იგი იქნა გაწვეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად სხვა უწყებაში იქნა გადაყვანილი. 

6. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი უწყების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესრიგდება აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

8. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნულ, აღნიშნული ფაქტობრივი წოდების შესაბამისი განათლების, უნარების ან/და გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეზე.

9. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, მაგრამ არაუმეტეს ერთი საფეხურისა, განხორციელდეს ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხოლო შემდგომი მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება − ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილიდან გამომდინარე, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი;

ბ) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი;

გ) კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი;

დ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი;

ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.

11. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან სხვა შესაბამის უწყებაში, შეუძლია ამ კოდექსით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადისა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს სამხედრო სამსახურში არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.

12. 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით გაუთანაბრდეს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს.

13. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება, მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან აღნიშნულ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდი. 

14. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით.

15. 2025 წლის 1 იანვრამდე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების წესს/სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი.

16. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2025 წლის 1 იანვრამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე. 

17. ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-5−მე-9 ნაწილების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კოდექსის 35-ე მუხლის ამოქმედებამდე სამინისტროსთან სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო აღნიშნული კონტრაქტით, აგრეთვე „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავით განსაზღვრულ ფინანსურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

[ 18. ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება, თუ მან სტუდენტის სტატუსი 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვა.

19. პირი, რომელმაც 2025 წლის 1 იანვრამდე დაასრულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 179. სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში

1. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირს პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ან/და იგი სახელმწიფო სპეციალური წოდებით დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამხედრო პოლიციაში ან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში.

2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურისა), ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდება აღნიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება აღარ მიენიჭება.

მუხლი 180. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში

1. 2024 წლის 1 იანვრამდე:

ა) ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტმა;

ბ) შესაბამისმა უწყებამ/ორგანომ/სასწავლებელმა/დამსაქმებელმა ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელთან/მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან ან/და სამინისტროსთან მიმართებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტთან მიმართებით.

2. 2024 წლის 1 იანვრამდე პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში.

3. ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.

4. მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს:

ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

ბ) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ 2024 წლის 1 იანვრამდე − სამინისტრო.

5. ამ კოდექსის 55-ე მუხლის მე-7 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 70-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 105-ე მუხლის  მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

6. მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში, თიღვის, ქურთის, ერედვის, ახალგორის მუნიციპალიტეტში − გამგეობაში), ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

7. 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისიის შემადგენლობას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი. აღნიშნული გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრების სტატუსით შედიან სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მოსამსახურე.

8. 2024 წლის 1 იანვრამდე გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში წვევამდელის კვებას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ნებაყოფლობით ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის გამოცხადების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცილდება.

9. 2024 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეული სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს, აგრეთვე გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაციას მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებსა და ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

10. (ამოღებულია - 02.11.2023, №3656).

11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები.

13. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურს.

14. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვისთვის ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.

15. პირს, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოთქვა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის სურვილი და გადაიხადა მოსაკრებელი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შეუძლია ისარგებლოს მოსაკრებლის გადახდიდან 18 თვის ვადით, 25 წლის მიღწევამდე.

16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს მოქალაქის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების, აგრეთვე მოქალაქის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვისა და აღნიშნული სტატუსის გადამოწმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას:

ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის;

ბ) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ − სამინისტროსთვის.

17. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (მონაცემების) ელექტრონული ბაზის შექმნას.

18. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.

19. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 2 000 ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

საქართველოს 2023 წლის 2 ნოემბრის კანონი №3656 – ვებგვერდი, 13.11.2023წ.

მუხლი 181. სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირისთვის, რომელმაც სამხედრო წოდების მინიჭების სპეციალური პროგრამა ვერ დაასრულა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

ბ) იგი სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო;

გ) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

ბ) იგი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო;

გ) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.

მუხლი 182. სამხედრო წოდებების გათანაბრება 

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით:

ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი − რიგითი;

ბ) მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი − საზღვაო რიგითი;

გ) I კლასის ეფრეიტორი − I კლასის რიგითი;

დ) I კლასის მატროსი − I კლასის საზღვაო რიგითი;

ე) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი − მასტერ-სერჟანტი;

ვ) ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი − მასტერ-მიჩმანი;

ზ) ბრიგადის სერჟანტი − მთავარი სერჟანტი;

თ) უმცროსი ლეიტენანტი − ლეიტენანტი.

2. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით:

ა) საზღვაო რიგითი − რიგითი;

ბ) I კლასის საზღვაო რიგითი − I კლასის რიგითი;

გ) საზღვაო კაპრალი − კაპრალი;

დ) საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი − კაპრალ-სპეციალისტი;

ე) უმცროსი მიჩმანი − უმცროსი სერჟანტი;

ვ) მიჩმანი − სერჟანტი;

ზ) უფროსი მიჩმანი − უფროსი სერჟანტი;

თ) მასტერ-მიჩმანი − მასტერ-სერჟანტი;

ი) მთავარი მიჩმანი − მთავარი სერჟანტი;

კ) ლეიტენანტი − ლეიტენანტი;

ლ) უფროსი ლეიტენანტი − უფროსი ლეიტენანტი;

მ) კაპიტან-ლეიტენანტი − კაპიტანი;

ნ) III რანგის კაპიტანი − მაიორი;

ო) II რანგის კაპიტანი − ვიცე-პოლკოვნიკი;

პ) I რანგის კაპიტანი − პოლკოვნიკი;

ჟ) კონტრადმირალი − ბრიგადის გენერალი;

რ) ვიცე-ადმირალი − გენერალ-მაიორი;

ს) ადმირალი − გენერალ-ლეიტენანტი.

3. შესაბამისმა უფლებამოსილმა სამსახურმა უზრუნველყოს მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად სამხედრო წოდებების გასათანაბრებლად.

მუხლი 183. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში დაამტკიცოს:

ა.ა) სამხედრო ფიცის ტექსტი;

ა.ბ) საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი;

ა.გ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა;

ა.დ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი;

ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი.  

2. მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში განსაზღვროს:

ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები; 

ბ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით;

გ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესები;

დ) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხა;

ე) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები;

ვ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს, ან/და ამ ქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.

3. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

მუხლი 184. კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება

1. ამ კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე სამინისტროს საქმიანობასა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, აგრეთვე ამ კოდექსის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ აღნიშნული ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედებს/გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები.

მუხლი 185. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი საკანონმდებლო აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16);

ბ) „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 82);

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86);

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14);

ე) „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 196);

ვ) „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 82);

ზ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 107);

თ) „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205);

ი) „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.03.2018, სარეგისტრაციო კოდი: 120260000.05.001.018787).

მუხლი 186. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 32-ე მუხლის მე-7 ნაწილისა, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა, 57-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილისა, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა, 66-ე მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებისა, 67-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, 71-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 72-ე მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, 94-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, 97-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, 98-ე მუხლისა, 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, მე-100 მუხლის პირველი ნაწილისა, 149-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და 166-ე−177-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კოდექსის:

ა) 57-ე მუხლის პირველი ნაწილი, 67-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 71-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 94-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 97-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 98-ე მუხლი, 99-ე მუხლის მე-5 ნაწილი, მე-100 მუხლის პირველი ნაწილი, 149-ე მუხლის მე-10 ნაწილი და 166-ე−177-ე მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან;

ბ) 27-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 32-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილი, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი, 66-ე მუხლის მე-3−მე-5 ნაწილები, 72-ე მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3500-XIIIმს-Xმპ