დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 713-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.05.001.102675 |
|
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალურ დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში უნდა აისახოს; სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებისა და სტრუქტურის განსაზღვრა; სამხედრო აღრიცხვა; სამხედრო სამსახურის გავლა; საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის მართვა; სამხედრო განათლება; საერთაშორისო სწავლება; სამშვიდობო ოპერაცია; წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა; საომარი მდგომარეობის რეგულირება; თავდაცვის სფეროში მოხალისეობა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) დისციპლინური ქმედება. განზრახი და გაუფრთხილებელი დისციპლინური ქმედებების ცნებები განიმარტება მინისტრის ნორმატიული აქტით;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სადისციპლინო ქულა − იუნკრისთვის ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით;“. 3. მე-7 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით.“. 4. მე-11 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის: ა.ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენერალური შტაბი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავება და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის ხელშეწყობა; ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფა;“; ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო;“. 5. მე-12 მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტრატეგიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვა, მისი მიღწევის გზების განსაზღვრა და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, მათი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო ამოცანად გარდაქმნა. 3. ოპერატიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიებისა და სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა, მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრა. 4. ტაქტიკური დონე არის ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული დავალებების შესრულება.“. 6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. საპროცესო ხელმძღვანელობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.“. 7. 26-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 ნაწილები: „3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, აგრეთვე საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი. 4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის (მხოლოდ პოლკოვნიკის), აგრეთვე უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი მისი სურვილითა და მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამხედრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.“. 8. 30-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება.“. 9. 31-ე მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის, საველე სწავლების, გავლა;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სადღეღამისო განწესი.“. 10. 34-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობა“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით განხორციელებული სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; ბ) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (მათ შორის, მის შერჩევაში სამინისტროს მონაწილეობით) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.“. 11. 35-ე მუხლის: ა) მე-5−მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს: ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით; ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე. 8. საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია პირი ან პირთა ჯგუფი გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან ან მას შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ან პირგასამტეხლოს ოდენობა. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფისთვის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობების სათანადო უზრუნველყოფას. აღნიშნული ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას.“; ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. არ შეიძლება სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურება ან/და წოდებრივი დაწინაურება მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.“; გ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 ნაწილები: „16. სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ ნაწილით დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობით/გამოცხადებით, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარებით, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით ჩაბარებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მისი საჯაროდ, სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე 1 თვის ვადით გამოქვეყნებით. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.“. 12. 41-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე, 23 წლამდე სტუდენტი, აგრეთვე ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა და მისი გავლის საკითხები, მათ შორის, აღნიშნულ პროგრამაზე მისაღები პირის ასაკი, აგრეთვე მისი პროგრამაზე მიღების წესი და პირობები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულმა პირმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიძლება გაიაროს სამხედრო შეკრება. სამხედრო შეკრების გავლის დროს იგი სამხედრო მომზადების მიზნით უზრუნველყოფილი იქნება ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით.“; გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირი, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა, ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში.“; დ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტია ან რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.“. 13. 43-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს;“; ბ) მე-2 ნაწილის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და რომელსაც მისი დასრულების დღისთვის მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდება;“; ბ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;“; ბ.გ) „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ ქვეპუნქტი: „გ.გ) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი ან უმცროსი ოფიცრების შესაბამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე.“; გ) მე-3 ნაწილის: გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი და რომელმაც დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა;“; გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე, სამსახურის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი ან სამსახურის დასრულებიდან 10 წლის ვადაში წარადგინა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი.“. 14. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 15. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება შეიძლება დროებით მიენიჭოს ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. 16. 50-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეწყდეს/შეჩერდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის შვებულებაში (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა.“; ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულებაში (გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისა) გასვლა;“. 17. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება ან რომელმაც გაიარა იგი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.“. 18. მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან 27 წლამდე პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) მის მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. 19. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირი, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“. 20. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყანაში გაიარა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 21. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) პირს, რომელიც ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, − ამ პროგრამის გავლის პერიოდში;“. 22. 66-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წვევამდელს გამწვევ კომისიაში გამოცხადებისას ეცნობება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისა და ამ უფლების გამოყენების წესის თაობაზე. 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში წვევამდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ინახება აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 23. 67-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს და მის გამოძახებას უზრუნველყოფს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ბრძანებას გამოსცემს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაში ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან გამოცხადების შემდეგ არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას, გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.“; გ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გამწვევი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარდგენას და ამისთვის ახორციელებს წვევამდელის ტრანსპორტირებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის კვებას. 8. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს წვევამდელის სამინისტროს სისტემის შესაბამის ქვედანაყოფამდე მიყვანას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მის კვებას.“; დ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად არ ცხადდება გამოძახებისას მიღებულ შეტყობინებაში/უწყებაში მითითებულ ადგილზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.“; ე) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18−21-ე ნაწილები: „18. პირი, რომელმაც დასაბუთებული მიზეზით გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით გავლის სურვილი, მაგრამ აღნიშნულ სამსახურში გაწვევამდე უარი განაცხადა მის გავლაზე, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას. 19. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. ამასთანავე, მას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში არ ჩაეთვლება. 20. ამ მუხლის მე-18 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად პირისთვის შეტყობინების/პირის გამოძახების/აღნიშნული სამსახურიდან გადაყვანის წესი და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 21. ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 24. 68-ე და 69-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 68. გამწვევი კომისია 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის იქმნება გამწვევი კომისია. 2. გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 3. გამწვევი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 69. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება გამწვევი კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ; ბ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ; დ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.“. 25. 70-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.“; ბ) მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 26. 72-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის − 11 თვე.“; ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა;“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება გადაადგილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისი სახის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში: ა) საკუთარი სურვილით − თუ ეს არ იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით − 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.“; დ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11−მე-14 ნაწილები: „11. პირს, რომელიც გადის 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, აღნიშნული ვადის განმავლობაში მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით შეიძლება დროებით მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი სამხედრო წოდება: ა) ლეიტენანტი − თუ იგი დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა; ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი − თუ იგი დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე: ა) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდება არ გამოიყენება სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან გათანაბრების მიზნით; ბ) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებით ნამსახურები ვადა ჩაითვლება რიგითის სამხედრო წოდებით ნამსახურებ სამხედრო სამსახურის სტაჟში. 13. პირი ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას ვერ განახორციელებს, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა; ბ) იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია. 14. თუ პირი ვერ დააკმაყოფილებს ამ კოდექსის 67-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებულ 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმებს ან იმ სახის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის გავლის სურვილიც მან გამოთქვა, დაკომპლექტებულია, იგი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული იქნება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით ან საკუთარი სურვილით იქნება გაწვეული 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.“. 27. 73-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამსახურში და იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებაში არსებული შრომის ანაზღაურება;“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა შრომის ანაზღაურება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებულ შრომის ანაზღაურებაზე მეტია.“; გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე.“. 28. 74-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში.“. 29. 75-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა. ამასთანავე, სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან გასულია ამ კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადა, თუმცა პირს აღნიშნული ვადით სრულად ფაქტობრივად არ უმსახურია, გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა ან ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და დაექვემდებარება ხელახალ გაწვევას იმ ვადით, რომლითაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სამსახურიდან გათავისუფლებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; დ) მე-4 ნაწილის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ კოდექსის 65-ე მუხლით (გარდა 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოშობა;“; დ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება (გარდა პატიმრობისა) ან/და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული;“; ვ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლდება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან, თუ მას შეეფარდა: ა) სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ბ) თავისუფლების აღკვეთა. 7. საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს საქართველოს მთავრობა.“. 30. 81-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მეთაურთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, მათ შორის, ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, სანივთე ქონების მიღების უფლების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოს და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.“. 31. 84-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის: ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 32. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში.“. 33. 86-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.“. 34. 90-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. ამ პერიოდში პირთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას შეუნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება.“. 35. 93-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 36. 94-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება: ა) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც: ა.ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ა.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა; ბ) პირი, რომელსაც გავლილი (დასრულებული) აქვს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამა და მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასულია 10 წელი ან 10 წელზე მეტი.“. 37. 95-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 38. 117-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი“; ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, პირის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა მის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. 3. პირის სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 39. 118-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იუნკრის შრომის ანაზღაურების ოდენობა ან/და სტიპენდიის ოდენობა და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.“. 40. 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“. 41. 138-ე მუხლის: ა) მე-6−მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს არ ეკისრება. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება; ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება. 8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს. 9. იუნკრის ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, არის სადისციპლინო ქულის ამოწურვა.“; ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. სადისციპლინო ქულა ენიჭება: ა) იუნკერს − სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში, პირველ კურსზე მყოფ იუნკერს − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს: ბ.ა) სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდში − თუ იგი გადის ამ პროგრამას.“. 42. 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი;“. 43. 151-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, კადეტი, ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირი, სამხედრო სასწავლებელში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს ფორმის ტანსაცმელი.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნით ტარების უფლების შენარჩუნების საკითხს წყვეტს მინისტრი.“. 44. 167-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მან გაიარა შესაბამისი მომზადება, რომელსაც განსაზღვრავს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“; ბ) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − იმ ვადით, რომლითაც ამ სამსახურშია გაწვეული.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირს მოხალისის სტატუსი და მოხალისეობითი ხელშეკრულება უწყდება მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე.“. 45. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მისი დამფუძნებელი/მმართველი ორგანოს წევრი ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია;“. 46. 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) უზრუნველყოს პატრიოტული, სალაშქრო, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − სამხედრო-სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;“. 47. 173-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისის შესახებ გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი ვალდებულია წარდგენილი ცნობის საფუძველზე მოხალისეს გაცდენილი დრო − წელიწადში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა − საპატიოდ ჩაუთვალოს, აგრეთვე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია.“. 48. 178-ე მუხლის მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით.“. 49. 180-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 ნაწილი: „20. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელმა სუბიექტმა უზრუნველყოს: ა) ამ ნაწილის ამოქმედებამდე რეზერვში ჩარიცხული ან ჩასარიცხი პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭება (ასეთი წოდების არარსებობის შემთხვევაში); ბ) იმ პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვა, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, არანაკლებ 12 თვის ვადით და რომელსაც შეუწყდა შესაბამისი კონტრაქტი.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 23-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 23-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N713-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები