ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016355
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
14/11/2017
ვებგვერდი, 17/11/2017
010250050.35.105.016355
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/11/2017 - 28/12/2017)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“     24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება


ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შესაბამისად განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია) სტრუქტურას, მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების (პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მერია
1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი

2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. 

მუხლი 4. ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და ადგილსამყოფელი
1. მერიას  აქვს  შტამპი,  ბლანკი, ბეჭედი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით –„საქართველო. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერია“.

2. მერიის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის  ქ. №90.


თავი II
ხელმძღვანელი პოლიტიკური  თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5. ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობის პირები
1. მერიის ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან:
 ა) მერი;

 ბ) ვიცე-მერი;

 გ) მერის მოადგილე .

2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის  ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერის არჩევა, მერის  თანამდებობის პირების დანიშვნა, მერის გადაყენება, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ დებულებით.


მუხლი 6. მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერი  აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც.

 3. მერი:  

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს მერიის  შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) ამ დებულების შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ- ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გაცემული კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ე.ი) უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ ქვეპუნქტში აღნიშნული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.კ) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ე.ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი.

4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

5. მერის შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით.


მუხლი 7. საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი
1. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.

2. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.


მუხლი 8. ვიცე-მერი და მერის მოადგილე
1. ვიცე-მერს და მერის მოადგილეს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. ვიცე-მერი ასრულებს მერის მოვალეობებს მერის  არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

3. ვიცე-მერი და მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის  უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. ვიცე-მერი და მერის მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.

5. ვიცე-მერი და მერის მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით.

 


თავი III
სტრუქტურა

მუხლი 9. სტრუქტურული აგებულება
1. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობის პირების,  საჯარო მოსამსახურეებისა  და სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის  სტრუქტურული ერთეულები მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად განყოფილებებად.


მუხლი 10. სამსახურები
1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის  მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური

ა.ა) საქმის წარმოების განყოფილება;

ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.გ) იურიდიული განყოფილება;

ა.დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის 

კოორდინაციის განყოფილება;

ა.ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და  საპროტოკოლო საკითხთა განყოფილება.

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ბ.ა) საბიუჯეტო-დაგეგვმის განყოფილება;

ბ.ბ) სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის  განყოფილება;

ბ.გ) შემოსულობებისა და ქონების აღრიცხვის განყოფილება.

გ)  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური.

გ.ა) ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის განყოფილება;

გ.ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  განყოფილება;

დ) ეკონომიკური პოლიტიკის და  მუნიციპალური  სერვისების მართვის სამსახური:

დ.ა)  მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის  განყოფილება;

დ.ბ)  ქონების მართვის განყოფილება;

დ.გ)  ტრანსპორტის განყოფილება.

დ.დ) დარგობრივი ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება

დ.ე) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება

ე)  განათლების, ძეგლთა დაცვის,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახური:

ე.ა) განათლების განყოფილება;

ე.ბ)  ძეგლთა დაცვის  განყოფილება;

ე.გ) ახალგაზრდულ და  გენდერული თანასწორობის  საქმეთა  განყოფილება;

ე. დ) სპორტის განყოფილება.

ე.ე) კულტურის განყოფილება

ვ)  სოციალური და ჯანდაცვის სამსახური:

ვ.ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

ვ.ბ) სოციალური დაცვის განყოფილება

ზ) ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახური:

ზ.ა) რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;

ზ.ბ) საორგანიზაიო განყოფილება;

ზ.გ) სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება;

ზ.დ) არქიტექტურის განყოფილება.

თ)  შიდა აუდიტის და ინსპექტირების  სამსახური:

თ.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება.

ი) შესყიდვების სამსახური:

ი.ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილება;

ი.ბ) სამშენებლო პროექტებისა და სამუშაოების შესყიდვის განყოფილება.

კ) სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა  და მობილიზაციის სამსახური:        

კ.ა)  წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის  განყოფილება;

კ.ბ) რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის,  გაწვევისა და მობილიზაციის  განყოფილება.


მუხლი 11. სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ელექტრონული საქმისწარმოების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა, სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, ინფორმაციული უზრუნველყოფა, საქმისწარმოების,  საკადრო საკითხთა, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საპროტოკოლო საკითხთა  და სამართლებრივი უზრუნველყოფა

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების  მიზნობრივი,  მიზანშეწონილი  და  ეფექტიანი  გამოყენებისა  და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, შემოსულობებისა და ქონების,  სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვა.

3.  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა და პროექტების შემუშავება.

4. ეკონომიკური პოლიტიკის და  მუნიციპალური  სერვისების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და მათთვის ხელშეწყობის მიზნით პროგრამების შემუშავება, საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება,  მუნიციპალიტეტის  ქონების მართვა.

5. განათლების, ძეგლთა დაცვის,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. ძეგლთა დაცვა, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუნიციპალური წინადადებების შემუშავება და განხორციელება.

6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

7. ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა  შესრულება და კონტროლი,   კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა; კონტროლის  განხორციელება  ხეებისა  და  მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და  დაზიანებაზე:  უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენა, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ  დადგენილი ზომების განხორციელება და  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა.

8. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  ან/და  წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების      განხორციელება.

9. შესყიდვების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო პროექტების, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

10. სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა  და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

11. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.


თავი IV
საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 12. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 13. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეა საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს  წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) ანგარიშვალდებულია მერისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის   წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 14. სამსახურის განყოფილების უფროსი
1.  სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს  განყოფილების მიერ     სამსახურის      დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.


მუხლი 15. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის  წარმომადგენელი:

ა) მერს  წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას;

თ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. მერის წარმომადგენელს  აქვს ბეჭედი  და ბლანკი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია მერის წარმომადგენელი.

7. ბეჭედი გამოიყენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე.

8.  ბეჭდის  გამოყენებისას  ბეჭდის  ანაბეჭდი  დოკუმენტს  დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.

9. მერის წარმომადგენლების საქმიანობის კორდინაციას ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილება.


მუხლი 16. საჯარო მოსამსახურე
1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.


მუხლი 17. მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2.  მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს  საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისაგან, წარმომადგენლებისაგან და აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი) მიღებული  დავალების  კანონიერებასთან  დაკავშირებით წარმოშობილი  ეჭვის  თაობაზე  აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3.  მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ)   დადგენილი   პერიოდულობით და  წესით, აგრეთვე  ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს  ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.


მუხლი 18. მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1.  საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.

2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუქნციები და უფლება-მოვალეობები.

3. მოხელის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის თანახმად.

4. ვიცე-მერის, მოადგილის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღავნელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.

5. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება მერის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობების სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.


თავი V
მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა

 


მუხლი 19. მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და პროფესიული განვითარება
1.  მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა)  საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება  ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა) ვიცე-მერის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, მერიის ერთ-ერთ  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – სამსახურის უფროსს;

ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ) სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.


მუხლი 20. საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
1. საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2.  საჯარო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. კონკურსი ტარდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 21. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
 საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:

ა) სამსახურებრივი გადაყვანისას;

ბ) მობილობისას.


მუხლი 22. მოხელის შეფასება
1.  მოხელე წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას.

2. მოხელის შეფასება ხორციელდება ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.


მუხლი 23. მოხელის გადაყვანა
1.  მოხელის გადაყვანა იმავე იერარქიული რანგზე და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭება დასაშვებია მოხელის ინიციატივით ან მერის დასაბუთებული გადაწყვეტილებით და მოხელის თანხმობით.

2. ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება გადაყვანის მსურველი  მოხელის გამოსავლენად ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და განაცხადის წარსადგენად განსაზღვრავს 2 სამუშაო დღის ვადას. განაცხადის განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებისას მერი კანდიდატთან ატარებს გასაუბრებას და იღებს გადაწტყვეტილებას მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

3. განსაზღვრულ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან გასაუბრების შედეგად შესაბამისი კანდიდატის შეურჩევლობის შემთხვევაში, მერია აცხადებს კონკურს.


მუხლი 24. მობილობა
1. რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი  მოხელე შესაძელებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

2.  მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. თუ  მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.


მუხლი 25. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
1.  მოხელეთა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი VI
მერიის მუშაობის ორგანიზაცია 

მუხლი 26. ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
1.  ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა) საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

 ბ) მერიის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.


მუხლი 27. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:

ა)  ვალდებულება შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;

გ)  ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;

დ) უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ე) დაინტერესებული პირის განცხადება;

ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.


მუხლი 28. ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით.

2. ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება მერიისა და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის  დავალებებით.


მუხლი 29. შინაგანაწესი
1.  შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და  დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების  დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და  წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და  ადგილი;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის    წესები;

თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

2.   შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.

3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს  მერი;

4. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.


მუხლი 30. მერიის მუნიციპალური სამსახურის სამუშაო გეგმები
1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მერიისა და სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში  განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების   ვადები.

2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის  დასაგეგმი პერიოდებია  6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციული ერთეულის დასაგეგმი პერიოდებია  ერთი თვე, კვარტალი და  წელიწადი.

3. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე  ორი  კვირითადრე მაინც ამტკიცებს  მერი.

4. მერის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის  ყოველთვიურ,  კვარტალურ  და  ყოველწლიურ  სამუშაო  გეგმებს  დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება  დაიშვება  მხოლოდ  მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.

6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს  მერი.


მუხლი 31. მოხელის სამუშაო გეგმა
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის    დავალებით.

2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის  უფროსის დავალებებს.

3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი   სამსახურის უფროსი.

4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.


მუხლი 32. ანგარიშგება
1. ანგარიშგება   მერიაში  ხორციელდება   საანგარიშგებო   პერიოდის   დასრულებისას   ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.

2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის" მოთხოვნათა შესაბამისად.

3 მერიის საანგარიშგებო პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური  სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.

4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ   ვადებში:

ა) მერიის  ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის  ვადაში;

ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთი კვირის   ვადაში;

გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის  ვადაში;

დ) მერის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე, თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის   

 განსაზღვრული.

5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება  მუნიციპალიტეტის  სახსრების  მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ  ფასეულობათა  მიღება-  გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო    ანგარიში).

6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი  დოკუმენტები.

7.     ბიუჯეტის     შესრულების     შესახებ    ანგარიშის    წარდგენის    წესი    და    პროცედურა    განსაზღვრულია საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსით.


მუხლი 33. საქმიანობის შეფასება
1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელისმიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს  მას  მითითებებს,  შენიშვნებსა  და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვისდისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ყოველთვიური  შეფასების  საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც შეიტანებამოხელის პირად საქმეში. ყოველწლიური შეფასების ფურცელი  წარმოადგენს  ატესტაციაზე  მოხელის შეფასების  ერთ-ერთ საფუძველს.

2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს,შენიშვნებსა  და დავალებებს.

3. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.

4. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი, მერიის  ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.


მუხლი 34. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა.

2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით  მერი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს.

3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც  ამტკიცებს საკრებულო.


მუხლი 35. დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და დასახლების საერთო კრების (შემდგომ – საერთო კრება) მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად, ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერისთვის  მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.

6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).


მუხლი 36. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება
1.დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის მერის  უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;

ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;

დ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა.

 


თავი VII
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 37. თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1.  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) ვიცე-მერის ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება.

2. მერიის მოხელე უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილია, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

4. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

5. თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

6. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

7. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.


მუხლი 38. თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1.  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან  და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.


თავი VIII
 რეორგანიზაციის წესი

მუხლი 39. რეორგანიზაცია
1 რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.

2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და მერიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) რეორგანიზებული სტრუქტურა;

ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

დ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.

3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:

ა)  მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;

ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;

გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;

დ) საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;

ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;

ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.


მუხლი 40. სამსახურის რეორგანიზაცია
1. სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.

2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;

ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;

გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;

დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.