„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“

  • Word
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 22/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.05.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
277
19/07/2004
სსმ, 74, 22/07/2004
010.210.000.05.002.003
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/07/2004 - 30/05/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №277

2004 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

შეწყალების გამოყენების წესის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამტკიცდეს თანდართული დებულება „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულება.

3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა (თხოვნა) შემოტანილი აქვს ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე. ასეთი პირის შეწყალების საკითხი განიხილება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებით დამტკიცებულ მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესით დადგენილ პირობებს.

მ. სააკაშვილი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა                                                                                             შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე

    მუხლი 1

1. ეს დებულება განსაზღვრავს მსჯავრდებულთა და იმ პირთა შეწყალების წესს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი და არა აქვთ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

2. შეწყალება გამოიყენება:

ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

3. შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:

ა) რომელსაც მიესაჯა უვადო პატიმრობა, თუ მას ფაქტობრივად არა აქვს მოხდილი თავისუფლების აღკვეთის 25 წელი;

ბ) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

გ) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;

დ) რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი დანიშნული სასჯელის ნახევარი;

ე) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;

ვ) რომლის მიმართ ადრე გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

ი) რომელსაც სასამართლოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით;

კ) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;

ლ) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება და არსებობს შეწყალების საკითხთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება.

    მუხლი 2

1. შეწყალების შესახებ შუამდგომლობათა (თხოვნათა) წინასწარი განხილვისა და მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის შემადგენლობა (თავმჯდომარე, წევრები) განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოების წარმომადგენლები.

3. კომისია თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის მდივანს.

4. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის მოწვევამდე კომისიის წევრებს ეგზავნებათ დღის წესრიგი, რომელზეც ისინი წინასწარ წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საკითხის განხილვაში მონაწილეობდა წევრთა ორი მესამედი მაინც. მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის წინადადებანი შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ან შეწყალების თხოვნაზე უარის თქმის შესახებ აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

6. კომისიის მიერ მომზადებულ წინადადებებს შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 3

1. შეწყალების აქტი გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.

2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია ასევე მითითებულ იქნეს შეწყალების ღონისძიების გამოყენების მოტივი.

3. შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 4

შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიაზე განსახილველად განმეორებითი თხოვნა შეიძლება შეტანილ იქნეს შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.

    მუხლი 5

1. საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე შუამდგომლობით (თხოვნით) მიმართავენ ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები უშუალოდ ან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი (წევრები), ცალკეული პირები, პირთა ჯგუფები, ორგანიზაციები და უწყებები. შეწყალების შუამდგომლობას (თხოვნას) იღებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარია, რომელიც სათანადო რეგისტრაციის შემდეგ მას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამსახურის შეწყალების საკითხთა განყოფილებას (შემდგომში – განყოფილება).

2. განყოფილება შეწყალების თაობაზე შუამდგომლობის (თხოვნის) შემოსვლიდან ერთ თვეში უზრუნველყოფს სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას შესაბამისი სამსახურებიდან, რომელთა საფუძველზეც ადგენს ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიაზე განსახილველად.

3. შესაბამისი სამსახური, ვალდებულია დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე განყოფილების თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში უზრუნველყოს საჭირო მასალების გადაგზავნა. ამასთან, მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხის განხილვის პროცესში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს განყოფილებას.

4. მსჯავრდებული პირის შეწყალების საქმე შუამდგომლობასთან (თხოვნასთან) ერთად უნდა შეიცავდეს:

ა) განაჩენის (განაჩენთა) ასლს, რომლის საფუძველზეც პირი იხდის სასჯელს, ასევე იმ გადაწყვეტილებათა ასლებს, რომლებიც გამოტანილია ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ განაჩენის (განაჩენთა) თაობაზე;

ბ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ) მონაცემებს დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ;

დ) ცნობებს მსჯავრდებულის ბიოგრაფიული მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;

ე) მონაცემებს შეწყალების თაობაზე ადრე წარდგენილი შუამდგომლობებისა და მათი განხილვის შესახებ;

ვ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის ან შეწყალების აქტის გამოყენების თაობაზე;

ზ) ცნობას მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ;

თ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე ან/და 73-ე მუხლებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ;

ი) მსჯავრდებულის დახასიათებას, გაცემულს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ.

5. სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობას (თხოვნას) თან უნდა ერთვოდეს:

ა) განაჩენის (განაჩენთა) ასლი;

ბ) ცნობა სასჯელის მოხდის შესახებ;

გ) დახასიათება, გაცემული შესაბამისი სამსახურის (თუ მუშაობს) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ.

6. მსჯავრდებულის (სასჯელმოხდილის) თხოვნით, შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა მასალები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად.

7. განყოფილება კომისიას წარუდგენს ინფორმაციას და მასალებს იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ ექვემდებარებიან შეწყალებას.

8. განყოფილება კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს განკარგულებათა პროექტებს, განკარგულებიდან ამონაწერებს გზავნის დანიშნულებისამებრ, აწესებს მათი შესრულების კონტროლს, ახორციელებს აგრეთვე შეწყალების შუამდგომლობებზე (თხოვნებზე) პასუხის გაცემასა და აღრიცხვას. განყოფილებას ევალება აგრეთვე მოამზადოს მასალები შეწყალების გამოყენების პრაქტიკის შესახებ და პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია შეწყალების საკითხთა კომისიას და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების შუამდგომლობათა (თხოვნათა) განხილვის შედეგებზე.

    მუხლი 6

1. მსჯავრდებულთათვის შეწყალების შეფარდებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება;

ბ) სასჯელის მოხდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება – სასჯელის ვადის შემცირება;

გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.

2. სასჯელმოხდილ პირებს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნათ ნასამართლობა.

    მუხლი 7

შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვისას მხედველობაში მიიღება:

ა) მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებანი;

ბ) სასჯელმოხდილი პირის ქცევა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და სასჯელის მოხდიდან გასული ვადა.

    მუხლი 8

1. კომისიის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) დასკვნისათვის შეწყალების საქმის მასალებთან ერთად შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებს.

2. აღნიშნულმა ორგანოებმა თავიანთი დასკვნები შეწყალების საკითხთა კომისიას უნდა წარუდგინონ შეწყალების საქმის მიღებიდან ორ კვირაში.

    მუხლი 9

1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო სასჯელმოხდილის შეწყალების თაობაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე ცნობისათვის ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. კომისიის გადაწყვეტილება შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ ეგზავნება შუამდგომლობის (თხოვნის) შემომტან პირს და ცნობისათვის – სასჯელის აღმსრულებელ ორგანოს.

    მუხლი 10

1. სასჯელის აღმსრულებელი ორგანო მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების აღსრულებას უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ.

2. სასჯელის აღმსრულებელი ორგანო მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების შესახებ ინფორმაციას უგზავნის განყოფილებას.