დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტურიზმისა და კურორტების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 599 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/03/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 13-14 (45-46/13), 12/04/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 460.070.000.05.001.000.192 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/03/1998 - 28/05/1999)
საქართველოს კანონი
ტურიზმისა და კურორტების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს.
2. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. ტურიზმი – ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.
2. ტურისტი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი გარემოს ფარგლებს გარეთ დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერებისა და/ან სხვა მიზნით ერთი დღე-ღამით მაინც.
3. სამკურნალო ტურიზმი – კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
4. ტურისტული რესურსები – ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს.
5. ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები – მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები, ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.
6. საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი.
7. კურორტი – საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტი.
8. სანიტარიული დაცვის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭებისა და დაბინძურებისაგან.
9. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას.
10. ტურისტული საქმიანობა – ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტუროპერატორული, ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
11. საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.
12. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია – ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა.
13. ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მისი მოგზაურობისა და დასვენების დროს.
14. ტურისტული საგზური (ვაუჩერი) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას.
15. ტური – კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით.
16. არაორგანიზებული ტურისტი – ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე.
17. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც ასაბუთებს მისი მფლობელის უფლებას ეწეოდეს აღნიშნულ საქმიანობას.
18. შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან.
მუხლი 3. საქართველოს საკურორტო რესურსები
1. კურორტების დაყოფას საკურორტო რესურსების ხასიათის მიხედვით და საკურორტო დაწესებულებების სპეციალიზაციას განსაზღვრავს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო (შემდგომ დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. კურორტებზე მკურნალობის მეთოდიკას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოს საკურორტო ადგილებისა და საკურორტო ობიექტების გასხვისება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კურორტზე გაშენებული აქვს ტურისტული, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვაგვარი დაწესებულება, ან ეწევა მის ექსპლუატაციას, არის საკურორტო ადგილით მოსარგებლე და იხდის კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს.
5. ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაამუშავებს და გამოიყენებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტის შექმნა შეიძლება მხოლოდ დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
7. საქართველოს საკურორტო რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით თითოეული კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები.
8. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო რეგულირება ტურიზმისა და კურორტების დარგში
მუხლი 4. ტურიზმისა და კურორტების დარგის სახელმწიფო რეგულირების პრინციპები
1. საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
2. სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს.
3. საქართველოს პარლამენტი:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ტურიზმისა და კურორტების დარგში და ახორციელებს მის საკანონმდებლო რეგულირებას;
ბ) ამყარებს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ტურიზმისა და კურორტების დარგში.
4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ტურიზმისა და კურორტების დარგში;
ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარიული დაცვის ზონებს;
გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს.
მუხლი 5. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო
1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დარგში მმართველობით ფუნქციას ასრულებს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას.
2. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტები სავალდებულოა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობასთან დაკავშირებული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
3. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარადგენს ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის ძირითად მიმართულებებს, მისი განხორციელების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას;
გ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს საპასპორტო და სავიზო მომსახურების გასამარტივებლად;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობას საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ხსნის წარმომადგენლობებს უცხოეთში;
ე) ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ტურიზმისა და კურორტების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით;
ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების გამოყენების პროგრამებს;
ზ) მონაწილეობს ტურისტული რესურსების მქონე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და არქიტექტურული დაგეგმარების პროექტების დამტკიცებაში;
თ) ხელს უწყობს სანიტარიული დაცვის ზონების დებულებით დადგენილი რეჟიმის დაცვას;
ი) ქვეყნის ისტორიულ-კულტურული, ბუნების ძეგლებისა და საკურორტო ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტებით დატვირთვის რეჟიმს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესებს ამ რეჟიმის დაცვის კონტროლს;
კ) ხელს უწყობს არსებული სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას;
ლ) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას, თავისი სპეციალისტების პროფესიულ ზრდასა და სრულყოფას;
მ) ხელს უწყობს დარგში მომუშავე პირების სოციალურ დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ტურისტული და საკურორტო საწარმო
ტურისტული და საკურორტო საწარმო შეიძლება შეიქმნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
მუხლი 7. დარგში მომსახურების სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ლიცენზირება
ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ლიცენზირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო რეესტრი
1. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ლიცენზირებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით იქმნება სახელმწიფო რეესტრი.
2. სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო.
3. მმართველობის ადგილობრივი ორგანოები დაინტერესებულ უწყებებთან ერთად დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოში წარადგენენ აუცილებელ მონაცემებს სუბიექტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად.
თავი III
დარგის ეკონომიკური საქმიანობა და დაფინანსება
მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა
1. დარგის ეკონომიკური საქმიანობა წარიმართება ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ზრდის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტთა სახსრების ნებაყოფლობითი მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმების, ტურისტების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
2. უცხოელი ტურისტების მიღება-მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
3. დარგის საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული შემოსავლის საერთო მოცულობის გარკვეული ნაწილი მიზნობრივად ხმარდება ტურისტული და საკურორტო რესურსების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დარგის განვითარების მეცნიერულ უზრუნველყოფას.
4. ტურისტული და საკურორტო მომსახურება იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. დარგის დაფინანსების წყაროები
1. ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების ხარჯზე.
2. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის, მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან აღჭურვის ხარჯები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რეკლამის, პროპაგანდისა და მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით, ტურისტული და საკურორტო ობიექტების საინვესტიციო პროექტების დამუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და მათთან თანამშრომლობის თანხები შეიძლება გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თავი IV
მომსახურების ორგანიზება
მუხლი 11. ტურისტული მომსახურება
1. ტურისტული მოგზაურობა და ტურისტული მომსახურება ხორციელდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
2. ტურისტული და საკურორტო მომსახურება ხორციელდება ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ტურისტისათვის გასაწევი მომსახურების სახეობასა და მოცულობას. არაორგანიზებულ ტურისტს შეიძლება არ გაეწიოს ეს მომსახურება.
მუხლი 12. ტურისტის დაზღვევა
1. ტურისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ან დაზღვეული ქონებისათვის მიყენებული ზარალი კომპენსირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ტურისტს აზღვევს ტურისტული საქმიანობის სუბიექტი სადაზღვევო კომპანიასთან დადებული კონტრაქტითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. უსაფრთხოების გარანტია
1. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო შესაბამის სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის შესრულებას.
2. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი შეიმუშავებს კონკრეტულ ღონისძიებებს ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტრავმატიზმისა და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და პასუხს აგებს ამ ღონისძიებათა შესრულებაზე.
თავი V
ტურიზმის საკადრო უზრუნველყოფა
მუხლი 14. კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო სხვა უწყებებთან ერთად ხელს უწყობს სასწავლო პროგრამებისა და დაწესებულებების შექმნას ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
თავი VI
საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 15. საერთაშორისო ტურისტულ და საკურორტო ორგანიზაციებში მონაწილეობა
1. სახელმწიფო ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმისა და კურორტების დარგში.
2. საქართველო ტურიზმისა და კურორტების საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობს სრულუფლებიანი, ასოცირებული წევრის, დამკვირვებლის ან სხვა უფლებით.
3. ტურიზმისა და კურორტების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები წარმოადგენს.
თავი VII
პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
მუხლი 16. პასუხისმგებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 17. მე-7 და მე-8 მუხლების ამოქმედება
ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან ერთად.
2. ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ურთიერთობები მოწესრიგდეს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების მიხედვით.
საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონი №1294 - საქართველოს პარალემტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.9
თავი IX
დასკვნითი დებულებები
მუხლი 18. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან ერთად.
2. ამ კანონით გათვალისწინებული „დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო“ განისაზღვროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 1 ივნისის კანონი „ტურიზმის შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 6 მარტი.
№599
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონი №1294 - საქართველოს პარალემტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.9
დოკუმენტის კომენტარები