ტურიზმისა და კურორტების შესახებ

ტურიზმისა და კურორტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 599
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/03/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 13-14 (45-46/13), 12/04/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 460.070.000.05.001.000.192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
599
06/03/1997
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 13-14 (45-46/13), 12/04/1997
460.070.000.05.001.000.192
ტურიზმისა და კურორტების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3969)

საქართველოს კანონი

ტურიზმისა და კურორტების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები   

     მუხლი 1. კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ

 1. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს.

2. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

1. ტურიზმი – ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.

2. ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.

3. სამკურნალო ტურიზმი – კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

4. ტურისტული რესურსები – ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს.

5. ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები – მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები, ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

6. საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი.

7. კურორტი – საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტი.

8. კურორტზე არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტი – ობიექტი, სადაც დამსვენებელთა სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვა) საშუალებით.

9. სანიტარიული დაცვის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭებისა და დაბინძურებისაგან.

10. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას.

11. ტურისტული საქმიანობა – ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტუროპერატორული, ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

12. საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის,  რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.

13. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია – ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა.

14. ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) – ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები  და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში.

15. ტურისტული საგზური (ვაუჩერი) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას.

16. ტური – კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით.

17. არაორგანიზებული ტურისტი – ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე.

18. შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან.

19. შიდა ტურიზმი – საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.

20. ტუროპერატორი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.

21. ტურაგენტი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას.

22. ექსკურსია – ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება, გასეირნება ან გამგზავრება შემეცნებითი, სპორტული ან დასვენების მიზნით.

23. ექსკურსანტი – ექსკურსიაში მონაწილე ფიზიკური პირი.

24. ექსკურსიამძღოლი – ექსკურსიის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ექსკურსანტებისათვის განსაზღვრულ მარშრუტზე არსებული ღირსშესანიშნავი ობიექტების ჩვენებას და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი ტურისტული სუბიექტის მიერ დამტკიცებული მეთოდური დოკუმენტაციის მიხედვით.

25. ტურისტული ლაშქრობა – დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.) გადაადგილება.

26. ტურისტული მოგზაურობა – ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2031 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.96

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №583 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.118

    მუხლი 3. საქართველოს საკურორტო რესურსები

1. კურორტების დაყოფას საკურორტო რესურსების ხასიათის მიხედვით და საკურორტო დაწესებულებების სპეციალიზაციას განსაზღვრავს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო (შემდგომ − დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. კურორტებზე მკურნალობის მეთოდიკას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. საქართველოს საკურორტო ადგილებისა და საკურორტო ობიექტების გასხვისება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კურორტზე გაშენებული აქვს ტურისტული, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვაგვარი დაწესებულება, ან ეწევა მის ექსპლუატაციას, არის საკურორტო ადგილით მოსარგებლე და იხდის კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს.

5. ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაამუშავებს და გამოიყენებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნა შეიძლება მხოლოდ დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.

7. საქართველოს საკურორტო რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით თითოეული კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები, რომელთა პროექტს ადგენს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო და რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სანიტარიული დაცვის ზონებში ჩასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებების შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. 

9. საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის ან კონკურსის წესით სარგებლობაში გადაცემისას სავალდებულოა ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა.

10. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის   კანონი №1289  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3084 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6995 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
 

თავი II. სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო რეგულირება ტურიზმისა და კურორტების დარგში

    მუხლი 4. ტურიზმისა და კურორტების დარგის სახელმწიფო რეგულირების პრინციპები

1. საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

2. სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს.

3. საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ტურიზმისა და კურორტების დარგში და ახორციელებს მის საკანონმდებლო რეგულირებას;

ბ) ამყარებს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ტურიზმისა და კურორტების დარგში.

4. საქართველოს მთავრობა:

ა) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარიული დაცვის ზონებს;

გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის   კანონი №1289  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 5. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო

1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დარგში მმართველობით ფუნქციას ასრულებს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას.

2. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტები სავალდებულოა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობასთან დაკავშირებული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.  

3. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო:

ა) შეიმუშავებს და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარადგენს ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის ძირითად მიმართულებებს, მისი განხორციელების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

1) დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულებას;

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას;

გ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს საპასპორტო და სავიზო მომსახურების გასამარტივებლად;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობას საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ხსნის წარმომადგენლობებს უცხოეთში;

ე) ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ტურიზმისა და კურორტების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით;

ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების გამოყენების პროგრამებს;

ზ) მონაწილეობს ტურისტული რესურსების მქონე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და არქიტექტურული დაგეგმარების პროექტების დამტკიცებაში;

თ) ხელს უწყობს სანიტარიული დაცვის ზონების დებულებით დადგენილი რეჟიმის დაცვას;

ი) ქვეყნის ისტორიულ-კულტურული, ბუნების ძეგლებისა და საკურორტო ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტებით დატვირთვის რეჟიმს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესებს ამ რეჟიმის დაცვის კონტროლს;

კ) ხელს უწყობს არსებული სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას;

ლ) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას, თავისი სპეციალისტების პროფესიულ ზრდასა და სრულყოფას;

მ) ხელს უწყობს დარგში მომუშავე პირების სოციალურ დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6845 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6995 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 5 1 . დარგის მართვის რეგიონალური ორგანიზაციები

1. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის შუალედური რგოლებია რეგიონალური (სამხარეო) სამმართველოები, რომელთა სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.

2. რეგიონალური (სამხარეო) სამმართველოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224

    მუხლი 6. ტურისტული და საკურორტო საწარმო

ტურისტულ და საკურორტო საწარმოებს უფლება აქვთ აიღონ მომსახურების ლიცენზია, თუ ეს მათი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2031 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.96

    მუხლი 7. დარგში მომსახურების სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ლიცენზირება

ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ლიცენზირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

 

თავი III. დარგის ეკონომიკური  საქმიანობა და დაფინანსება

    მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა

1. დარგის ეკონომიკური საქმიანობა წარიმართება ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ზრდის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტთა სახსრების ნებაყოფლობითი მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმების, ტურისტების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

2. უცხოელი ტურისტების მიღება-მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

3. დარგის საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული შემოსავლის საერთო მოცულობის გარკვეული ნაწილი მიზნობრივად ხმარდება ტურისტული და საკურორტო რესურსების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დარგის განვითარების მეცნიერულ უზრუნველყოფას.

4. ტურისტული და საკურორტო მომსახურება იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. დარგის დაფინანსების წყაროები

1. ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების ხარჯზე.

2. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის, მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან აღჭურვის ხარჯები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის რეკლამის, პროპაგანდისა და მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნით, ტურისტული და საკურორტო ობიექტების საინვესტიციო პროექტების დამუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და მათთან თანამშრომლობის თანხები შეიძლება გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

თავი IV. მომსახურების ორგანიზება

    მუხლი 11. ტურისტული მომსახურება

1. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური, აგრეთვე ორგანიზებული და არაორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის პროცესში.

2. ტურისტული და საკურორტო მომსახურება ხორციელდება ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ტურისტისათვის გასაწევი მომსახურების სახეობასა და მოცულობას. არაორგანიზებულ ტურისტს შეიძლება არ გაეწიოს ეს მომსახურება.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224

    მუხლი 12. ტურისტის დაზღვევა

1. ტურისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ან დაზღვეული ქონებისათვის მიყენებული ზარალი კომპენსირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ტურისტს აზღვევს ტურისტული საქმიანობის სუბიექტი სადაზღვევო კომპანიასთან დადებული კონტრაქტითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. უსაფრთხოების გარანტია

1. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო შესაბამის სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის შესრულებას.

2. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტურისტებისა და დამსვენებლების უსაფრთხოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2390 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.224

 

თავი V. ტურიზმის საკადრო  უზრუნველყოფა

    მუხლი 14. კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო სხვა უწყებებთან ერთად ხელს უწყობს სასწავლო პროგრამებისა და  დაწესებულებების შექმნას ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

 

თავი VI. საერთაშორისო  თანამშრომლობა

    მუხლი 15. საერთაშორისო ტურისტულ და საკურორტო ორგანიზაციებში მონაწილეობა

1. სახელმწიფო ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმისა და კურორტების დარგში.

2. საქართველო ტურიზმისა და კურორტების საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობს სრულუფლებიანი, ასოცირებული წევრის, დამკვირვებლის ან სხვა უფლებით.

3. ტურიზმისა და კურორტების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები წარმოადგენს.

 

თავი VII. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 16. პასუხისმგებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VIII. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 17. მე-7 და მე-8 მუხლების ამოქმედება

ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან ერთად.

2. ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ურთიერთობები მოწესრიგდეს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების მიხედვით.

საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონი №1294 - საქართველოს პარალემტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.9

 

თავი IX. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 18. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან ერთად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული „დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო“ განისაზღვროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 1 ივნისის კანონი „ტურიზმის შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 6 მარტი.

№599

12. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3969-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 11. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6995-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 10. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6845-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3084-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 8. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1289-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 6. 11/08/2000 - საქართველოს კანონი - 583 - სსმ, 43, 01/12/2000 5. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 3. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2390 - სსმ, 43(50), 21/09/1999 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2031 - სსმ, 20(27), 09/06/1999 1. 20/03/1998 - საქართველოს კანონი - 1294 - პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998