საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 450.090.020.05.001.000.143
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
267
11/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
450.090.020.05.001.000.143
საბიბლიოთეკო საქმის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 05/07/2018)

საქართველოს კანონი

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაციის ძირითად საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბიბლიოთეკო ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

2. ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, რომლის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

    მუხლი 2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები

საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;

ბ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით;

გ) ბავშვთა და მოზარდთა საბიბლიოთეკო მომსახურება სასკოლო, დამოუკიდებელი საბავშვო ბიბლიოთეკებით ან მასობრივ ბიბლიოთეკებში სპეციალური საბავშვო განყოფილებებისა და ფონდების შექნის გზით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი;

დ) მოხუცთა და ინვალიდთა სპეციალიზებული საბიბლიოთეკო მომსახურება;

ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2723 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.59

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3558 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 3. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები

ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:

ა) პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი;

ბ) მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;

გ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა;

დ) ოპერატიულობა.

    მუხლი 4. სახელმწიფოს როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში

1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. იგი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო ამუშავებს და ადგენს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, მართავს საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს საბიბლიოთეკო მომსახურების დარგში, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ღონისძიებებს.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას;

ბ) თავიანთ ტერიტორიებზე ყველა მოქალაქის საბიბლიოთეკო მომსახურებას;

გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებაზე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისათვის ყველა საჭირო პირობას;

დ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარებას მისთვის ფინანსური მხარდაჭერით, შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარების გზით;

ე) სახელმწიფო ბიბლიოთეკებისათვის სტანდარტებისა და ნორმატივების დადგენას;

ვ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას;

ზ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;

თ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას;

ი) საბიბლიოთეკო ქსელისათვის ხელისუფლებისა და ნებისმიერი უწყების გამოუქვეყნებელი ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას, გარდა აკრძალვას დაქვემდებარებული დოკუმენტებისა;

კ) იმ არასახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალური სტიმულირებისათვის მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან;

ლ) სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას კადრების მომზადებისა და გადამზადების, მათი დასაქმების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების საქმეში;

მ) კადრების მოსამზადებელ სასწავლებელთა შექმნას, დაფინანსებასა და მართვას;

ნ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას;

ო) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას.

    მუხლი 5. სახელმწიფო ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

სახელმწიფო ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია. გამონაკლისია იმ უწყების ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთანაა დაკავშირებული. ამგვარი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლების გაფართოება, შეზღუდვა ან მოხსნა ხდება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, აფხაზეთისა და აჭარის კონსტიტუციები, ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები და აქტები.

 

თავი II. ბიბლიოთეკისა და მკითხველის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 7. მკითხველის უფლებები

მკითხველი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით – სარგებლობის წესების შესაბამისად;

ბ) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;

გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით;

დ) ორიგინალის უქონლობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის საჭირო დოკუმენტი ან მისი ასლი სხვა ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით;

ე) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი ნიხრის მიხედვით;

ვ) ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს ან სხვა საშუალებებით გააცნოს საზოგადოებას საბიბლიოთეკო დოკუმენტი, თუკი ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოებისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობას;

ზ) მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკართა და ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში ან ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაში.

    მუხლი 8. მკითხველის პასუხისმგებლობა

1. მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.

2. მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით დადგენილი ნორმის შესაბამისად. მას ეკისრება აგრეთვე სხვაგვარი პასუხისმგებლობაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 9. ბიბლიოთეკის უფლებები

ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:

ა) განაგოს საკუთარი სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და ბიბლიოთეკის დებულების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან უწყების ხელმძღვანელ ორგანოებში წარადგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დასაბუთებული პროგრამა;

გ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში;

დ) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას;

ე) ითანამშრომლოს უცხოეთის ბიბლიოთეკებთან, გახდეს საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებათა წევრი;

ვ) ეწეოდეს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

    მუხლი 10. ბიბლიოთეკის მოვალეობანი

ბიბლიოთეკა ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დაიცვას სახელმწიფო სტანდარტები;

გ) სისტემატურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში;

დ) გაუცვალოს სხვა ბიბლიოთეკებს ზედმეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტები;

ე) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე მათი ინტერესების შესწავლისა და საბიბლიოთეკო რესურსების კოოპერირების საფუძველზე;

ვ) შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;

ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა რეგიონის ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის;

თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო სტატისტიკა საქართველოში დადგენილი წესით;

ი) საბიბლიოთეკო-სამეცნიერო გამოკვლევების ხელშეწყობის მიზნით ეწეოდეს დამატებითი საბიბლიოთეკო მონაცემების ობიექტურ აღრიცხვას;

კ) დანერგოს საბიბლიოთეკო ტექნიკური საშუალებები და უახლესი ტექნოლოგია;

ლ) გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და შესაბამისი მეთოდცენტრების რეკომენდაციები.

    მუხლი 11. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი

1. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი რეგულირდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბიბლიოთეკის თანამშრომლები ექვემდებარებიან პერიოდულ ატესტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით.

 

თავი III. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა

    მუხლი 12. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა

1. საქართველოს ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივი და საუწყებო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.

2. საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკებიდან, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ ქსელში, დამფუძნებელმა ან მესაკუთრემ შეიძლება გამოყოს მთავარი ბიბლიოთეკა.

3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები.

    მუხლი 13. სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი

სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი იქმნება ტერიტორიული და უწყებრივი პრინციპით.

    მუხლი 14. არასახელმწიფო ბიბლიოთეკის უფლებათა გარანტიები

1. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია არასახელმწიფო ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

2. არასახელმწიფო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით და სურვილისამებრ მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.

3. სახელმწიფო და არასახელმწიფო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 15. ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი

1. ქალაქის, რაიონის და სოფლის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიაზე წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახდენენ დოკუმენტების შერჩევით შეგროვებასა და ინფორმირებას.

2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, აგრეთვე სახელმწიფო საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიულ ცენტრებს, რომლებსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ შესაბამისი სტატუსი. სახელმწიფო ამ ცენტრებს უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარებით.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 16. ბიბლიოთეკა და ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა

საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ძირითად რგოლს. იგი თანამშრომლობს არქივებთან და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სხვა ორგანოებთან, რომელთაც სხვადასხვა დონის ინფორმაციული მონაცემების ბანკი აქვთ. მათი ურთიერთობის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო პროგრამებით, აგრეთვე ამ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.

 

თავი IV. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

    მუხლი 17. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში

1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა და ქვეყნის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას, ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.

2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ფასეული ობიექტი და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია მისი ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა.

    მუხლი 18. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის რეგულირება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ.

 

თავი V. საბიბლიოთეკო საქმის მართვა

    მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია

საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია:

ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის გატარება;

ბ) სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის დაფინანსების ნორმატივების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ქსელის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი წილის განსაზღვრა;

გ) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის კოორდინირება;

დ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა;

ე) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა;

ვ) სახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ზედამხედველობა;

ზ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლი;

თ) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვება და ანალიზი.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 20. საბიბლიოთეკო საქმის მართვა აფხაზეთსა და აჭარაში

საბიბლიოთეკო საქმის მართვა აფხაზეთსა და აჭარაში ხორციელდება ამ კანონისა და მათი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 21. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვაში

1. საბიბლიოთეკო საქმიანობას ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 22. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა

1. ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ და ათავისუფლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი (გამგე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.

2. უწყებათა და არასახელმწიფო ბიბლიოთეკათა ხელმძღვანელებს ნიშნავენ მათი დამფუძნებლები.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 23. საზოგადოების მონაწილება ბიბლიოთეკის მართვაში

მოქალაქეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიბლიოთეკების მართვაში ბიბლიოთეკართა და მკითხველთა საზოგადოებრივ და პროფესიულ გაერთიანებებში მონაწილეობის გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი VI. ბიბლიოთეკის დაფინანსება

    მუხლი 24. სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფინანსური რესურსები და მათი გამოყენება

1. სახელმწიფო ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო ასიგნება, სახელმწიფო და ადგილობრივი სუბსიდიები, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი თანხები, საქველმოქმედო შემოწირულობანი, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს ფინანსურ რესურსებს. ფინანსური რესურსების განაწილება-გამოყენების წესი განისაზღვრება ბიბლიოთეკის დებულებით.

3. ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებენ ბიბლიოთეკის დამფუძნებლები და დამფინანსებლები.

    მუხლი 25. მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნობრივ პროგრამებს აფინანსებს სახელმწიფო, ლოკალური მნიშვნელობის პროგრამებს – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან უწყება.

 

თავი VII. ბიბლიოთეკის ორგანიზაცია

    მუხლი 26. ბიბლიოთეკის დაფუძნება

1. ბიბლიოთეკის დაფუძნება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დამოუკიდებელი დაწესებულების ან იურიდიული პირის ქვედანაყოფის სახით საბიბლიოთეკო ფონდის მინიმუმის, შენობის, ინვენტარის არსებობის შემთხვევაში.

2. უცხო სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბიბლიოთეკის დაფუძნების უფლებასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 27. ბიბლიოთეკის დამფუძნებელი

ბიბლიოთეკის დამფუძნებელი აფინანსებს ბიბლიოთეკას, აკონტროლებს მის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ნიშნავს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს. ბიბლიოთეკის დამფუძნებელს არა აქვს უფლება ჩაერიოს ბიბლიოთეკის შემოქმედებით საქმიანობაში, ბიბლიოთეკის წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

    მუხლი 28. ბიბლიოთეკის რეგისტრაცია

1. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას იწყებს მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.

2. რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს 1000-ზე მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, შესაბამისი ფართობი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ლიცენზია და რომლის წესდება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. ბიბლიოთეკისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ხდება რეგისტრაციის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით.

4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 29. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდირებული სახელმწიფო ბიბლიოთეკის ქონება სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის საკუთრებაა.

2. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკის ქონების გადაცემის საკითხს, თუ ის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, გადაწყვეტს სახელმწიფო.

3. აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.

 

თავი VIII. საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი

    მუხლი 30. საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის შემადგენლობა

საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი შედგება სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდებისაგან.

    მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი

საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი საქართველოს საკუთრებაა. ის წარმოადგენს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის ბიბლიოთეკებში დაცულ ყველა სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტთა ფონდების ერთობლიობას. საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობა შეუზღუდავია. შეზღუდვა ხდება მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებისა და მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი

აფხაზეთისა და აჭარის საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი წარმოადგენს მათი ბიბლიოთეკების ყველა სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტთა ფონდების ერთობლიობას და არის საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის შემადგენელი ნაწილი.

    მუხლი 33. საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარები

უფასო სავალდებულო ეგზემპლარების მიღების უფლების მქონე დაწესებულებათა ნუსხაში შეტანილი ბიბლიოთეკა უფასოდ იღებს და იცავს საქართველოში გამოცემული ყველა დოკუმენტის ეგზემპლარს.

    მუხლი 34. საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეძენის უფლება

სახელმწიფო ბიბლიოთეკები თანაბარი მატერიალური ანაზღაურების პირობებში სარგებლობენ საბიბლიოთეკო დოკუმენტების პირველ რიგში შეძენის უფლებით.

    მუხლი 35. მესაკუთრის გარეშე დარჩენილი საბიბლიოთეკო დოკუმენტების გადაცემა

მესაკუთრის გარეშე დარჩენილი საბიბლიოთეკო ლოკუმენტები გადადის საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის განკარგულებაში.

    მუხლი 36. საბიბლიოთეკო დოკუმენტების გაცვლისა და გაყიდვის უფლება

ბიბლიოთეკებსა და სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს შორის საბიბლიოთეკო დოკუმენტების გადანაწილება-გაყიდვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა

1. სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობანი შეტანილია საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში და განსაკუთრებული დაცვის ობიექტს წარმოადგენს.

2. სავალდებულო ეგზემპლარებით და განსაკუთრებით ფასეული, იშვიათი დოკუმენტებით შედგენილი საბიბლიოთეკო ფონდი ქვეყნის კულტურული საკუთრებაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოცხადდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლად. ამგვარი ფონდის გამოყენების, შენახვისა და დაცვისათვის წესდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული რეჟიმი.

3. თუ ბიბლიოთეკა ვერ უზრუნველყოფს ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადებული ფონდის დაცვისა და სარგებლობის საჭირო პირობებს, ასეთი ფონდი შეიძლება გადაეცეს სხვა ბიბლიოთეკას ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს წარდგენით.

4. იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

5. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების მნიშვნელობის ტოლფასოვანი გამოცემები და კოლექციები, მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

    მუხლი 38. საბიბლიოთეკო ფასეულობათა გადაადგილება

საბიბლიოთეკო ფონდებში დაცულ ფასეულობათა გადაადგილება ან საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

თავი IX. ბიბლიოთეკების საერთაშორისო თანამშრომლობა

    მუხლი 39. ბიბლიოთეკების უფლებამოსილება საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში

1. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკები უფლებამოსილი არიან გაწევრიანდნენ საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში, ითანამშრომლონ საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებთან და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიბლიოთეკების საერთაშორისო წარმომადგენლობას.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 11 ივნისი.

№267IIს