„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6911-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 450090020.05.001.020047
6911-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
450090020.05.001.020047
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4−მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში

1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წინადადებით (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

3. ეროვნული ბიბლიოთეკა შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სხვა ღონისძიებებს.

4. ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მიზნით ახორციელებს:

ა) საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო-ინფორმაციული საქმიანობის ორგანიზებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას საბიბლიოთეკო სტანდარტებისა და ნორმატივების თაობაზე;

გ) საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას;

დ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;

ე) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას;

ვ) ბიბლიოთეკების მატერიალურ სტიმულირებას და მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან;

ზ) კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას;

თ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას;

ი) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას.

მუხლი 5. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია. გამონაკლისია იმ უწყების ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთანაა დაკავშირებული.

მუხლი 6. საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

2. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/ზემდგომ ორგანოს წარუდგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დასაბუთებული პროგრამა;“.

3. მე-10 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტების მთავარ ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) გაითვალისწინოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციები.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს  საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მუნიციპალიტეტის, საუწყებო და კერძო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.“.

6. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. კერძო ბიბლიოთეკის ფუნქციონირების გარანტიები

1. გარანტირებულია კერძო ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

2. კერძო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით და მას შეუძლია სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.

3. კერძო და საჯარო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“.

8. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიებზე წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახორციელებენ დოკუმენტების შერჩევით შეგროვებასა და ინფორმირებას.

2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება ეროვნულ ბიბლიოთეკას.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია

საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია:

ა) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო-მეთოდური ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა;

დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

ვ) ბიბლიოთეკების რეესტრის წარმოება;

ზ) ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრირებული ბიბლიოთეკების დახმარებისა და განვითარების პროგრამების განხორციელება.“.

10. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვაში

1. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად.“.

11. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.“.

12. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი თანხები, საქველმოქმედო შემოწირულებები, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი.“.

13. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება

საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამები − მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.“.

14. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. ბიბლიოთეკების რეესტრი

1. ბიბლიოთეკების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა.

2. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მასში შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).

3. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაციის წესსა და პირობებს ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.

მუხლი 29. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკის ქონების გადაცემის საკითხს წყვეტს დამფუძნებელი.

3. აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.“.

მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონებისა და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6911-რს