დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/06/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 8, 30/06/1993 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.000.067 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (30/06/1993 - 16/10/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. უცხოელი მოქალაქეები
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელებად ითვლებიან:
ა) პირები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (უცხო სახელმწიფოს მოქალაქენი);
ბ) პირები, რომლებიც არც საქართველოს მოქალაქეები არიან და არც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი აქვთ (მოქალაქეობის არმქონე პირები).
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელებს გარანტირებული აქვთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები.
მუხლი 2. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის კანონმდებლობა
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით.
მუხლი 3. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის ძირითადი პრინციპები საქართველოს რესპუბლიკაში
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში ისეთივე უფლებები და თავისუფლებები აქვთ და ისეთივე მოვალეობები აკისრიათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, თუ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
უცხოელები საქართველოს რესპუბლიკაში თანასწორნი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებათა მიუხედავად.
საქართველოს რესპუბლიკა იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს.
საქართველოს რესპუბლიკა თავის მოქალაქეთა თანაბრად იცავს თავის ფარგლებს გარეთ დროებით მყოფ იმ მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში.
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა უფლება-მოვალეობების აღსრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებებს და უგულებელყოფდეს მათს კანონიერ ინტერესებს.
იმ სახელმწიფოების მოქალაქეთა მიმართ, სადაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები განზრახ შეიზღუდება, საქართველოს რესპუბლიკა აწესებს ადეკვატურ შეზღუდვებს.
მუხლი 4. უცხოელთა მოვალეობა დაიცვან საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და საქართველოს რესპუბლიკის კანონები
საქართველოს რესპუბლიკაში მყოფი უცხოელები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და საქართველოს რესპუბლიკის კანონები, პატივი სცენ ქართულ ენას, ქართველი ერის კულტურას, ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებსა და თავისუფლებებს.
მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები და დროებით მყოფი უცხოელები
უცხოელებს შეუძლიათ მუდმივად იცხოვრონ საქართველოს რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით გაცემული მუდმივად ცხოვრების ნებართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრების ნებართვა შეიძლება გაიცეს, თუ უცხოელი:
ა) წარმოშობით ქართველია;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის მშობელი, მეუღლე, 18 წლამდე ასაკის ან სრულწლოვანი არაქმედუნარიანი შვილია;
გ) საქართველოში მცხოვრები იმიგრანტის მშობელი, მეუღლე, 18 წლამდე ასაკის ან სრულწლოვანი არაქმედუნარიანი შვილია;
დ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის მეურვეობაში ან მზრუნველობაში მყოფი პირია;
ე) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის მეურვე ან მზრუნველია;
აგრეთვე იმ შემთხვევებში; თუ
ვ) თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან, რის შესახებაც უნდა არსებობდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება;
ზ) აკმაყოფილებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები არ გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად. ეს პირები ჩაითვლებიან საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებად.
უცხოელები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკაში სხვა კანონიერ საფუძველზე, ითვლებიან საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფებად, ვალდებული არიან დადგენილი წესით შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი მოქმედი უცხოური პასპორტები ან მათი შემცვლელი დოკუმენტები და გაემგზავრონ საქართველოს რესპუბლიკიდან მათთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვისას.
მუხლი 6. თავშესაფრის მიცემა
საქართველოს რესპუბლიკა თავშესაფრის უფლებას აძლევს იმ უცხოელებს, რომლებიც თავის ქვეყანაში იდევნებიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
არ შეიძლება თავშესაფრის მიცემა იმ უცხოელებისათვის, რომელთა შეხედულებები და საქმიანობა ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამოცანებს და პრინციპებს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
უცხოელებისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
თავი II
საქართველოს რესპუბლიკაში მყოფ უცხოელთა ძირითადი უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები
მუხლი 7. შრომითი საქმიანობის უფლება
საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს შეუძლიათ დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა ან ხელი მიჰყონ ნებისმიერ შრომითს საქმიანობას, რომელიც არ იკრძალება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, გარდა იმ თანამდებობებისა და საქმიანობისა, რომლისთვისაც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელებს ასევე შეუძლიათ დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა ან ხელი მიჰყონ ნებისმიერ შრომით საქმიანობას, თუ ეს შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკაში მათი ყოფნის მიზნებს, ან თუ ასეთი რამ უშუალოდ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
მუხლი 8. დასვენების უფლება
საქართველოს რესპუბლიკაში მყოფ უცხოელებს აქვთ დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება საქართველოს მოქალაქეებთან თანაბარ საფუძველზე.
მუხლი 9. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
საქართველოს რესპუბლიკაში მყოფ უცხოელებს აქვთ ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 10. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს აქვთ დახმარების, პენსიის და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის უფლება თანაბრად საქართველოს მოქალაქეებისა.
საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალური უზრუნველყოფის საკითხი წყდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი 11. ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში შეუძლიათ ქონება ჰქონდეთ პირად საკუთრებაში, მემკვიდრეობით მიიღონ ან ანდერძით დატოვონ ქონება, ჰქონდეთ სამეცნიერო ნაშრომის, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების, აღმოჩენის, გამოგონების, სამრეწველო ნიმუშების ავტორობის უფლება, აგრეთვე სხვა ქონებრივი და არაქონებრივი უფლებანი, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 12. განათლების მიღების უფლება
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში აქვთ განათლების მიღების უფლება თანაბრად საქართველოს მოქალაქეებისა, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 13. კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში აქვთ კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება თანაბრად საქართველოს მოქალაქეებისა.
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში გარანტირებული აქვთ მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვისა და განვითარების უფლება, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ და მასში მცხოვრებ პირთა კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს.
უცხოელები ვალდებული არიან გაუფრთხილდნენ საქართველოს რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს.
მუხლი 14. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანება, მათ საქმიანობაში მონაწილეობა, პოლიტიკური გაერთიანებების დაფუძნება.
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბრად დააფუძნონ საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდნენ პროფესიული კავშირების, კოოპერაციული ორგანიზაციების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებს და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას.
მუხლი 15. სარწმუნოების თავისუფლება
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში, თანაბრად საქართველოს მოქალაქეებისა, გარანტირებული აქვთ აზროვნების, შეხედულებების და სარწმუნოების თავისუფლება.
აკრძალულია მტრობისა და შუღლის გაღვივება სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა შორის, ასევე პიროვნების დევნა პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისთვის.
მუხლი 16. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობანი
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში შეუძლიათ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ საქართველოს მოქალაქეებთან და სხვა პირებთან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკაში მყოფი უცხოელები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში სარგებლობენ უფლებებით და აკისრიათ მოვალეობანი თანაბრად საქართველოს მოქალაქეებისა.
მუხლი 17. უცხოელთა პიროვნების დაცვის და მათ ცხოვრებაში ჩაურევლობის გარანტია
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გარანტირებული აქვთ პიროვნების და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა, ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემა, კორესპონ დენციის საიდუმლოების, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და სხვა უფლებები.
არ შეიძლება საქართველოს რესპუბლიკაში მყოფი უცხოელის დაკავება ან დაპატიმრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) ცდილობდა უკანონოდ გადაელახა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი;
ბ) უკანონოდ იმყოფება საქართველოს რესპუბლიკაში;
გ) ჩაიდინა დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა, რისთვისაც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად შეიძლება პიროვნების დაკავება ან დაპატიმრება;
დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, ან როდესაც იგი გაქცეულია თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან და თავს არიდებს სასჯელის მოხდას;
ე) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
უცხოელის დაკავების შემთხვევაში მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავების მიზეზები და წარდგენილი ბრალდება, ამავე დროს განემარტოს საპროცესო უფლება-მოვალეობანი.
უცხოელი მოქალაქის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში პროკურატურის ორგანოებმა 48 საათის განმავლობაში უნდა აცნობონ ეს საქართველოს რესპუბლიკაში იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც არის დაკავებული ან დაპატიმრებული პირი. საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში კი საქართველოს რესპუბლიკაში იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, სადაც მუდმივად ცხოვრობს დაკავებული ან დაპატიმრებული პირი.
მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოელთა მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება
უცხოელები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სარგებლობენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებით. უცხოელთა მიმოსვლა და მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის არჩევა საქართველოს რესპუბლიკაში შეიძლება შეიზღუდოს, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, საქართველოს მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 19. უცხოელთა დაბეგვრა
უცხოელები საქართველოს რესპუბლიკაში იბეგრებიან ბეგარით და მოსაკრებლებით თანაბრად საქართველოს მოქალაქეებისა, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 20. უცხოელთა უფლებების დაცვა
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ორგანოებს თავიანთი ქონებრივი, პირადი არაქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად.
უცხოელები საქართველოს მოქალაქეების თანაბრად სარგებლობენ საპროცესო უფლებებით.
ყოველ უცხოელ მოქალაქეს და საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეობაც მას აქვს ან რომელშიც მუდმივად ცხოვრობს, ხოლო თუ ასეთი რამ არ არსებობს – იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, რომელიც უფლებამოსილია დაიცვას იმ სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესები, რომლის მოქალაქეც არის უცხოელი ან რომელშიც მუდმივად ცხოვრობს მოქალაქეობის არმქონე პირი.
მუხლი 21. დამოკიდებულება საარჩევნო უფლებისადმი
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკაში არა აქვთ უფლება აირჩიონ ან იყვნენ არჩეულნი საქართველოს პარლამენტში და სხვა არჩევით სახელმწიფო ორგანოებში. ასევე მათ არ შეუძლიათ საერთო სახალხო კენჭისყრაში (რეფერენდუმში) მონაწილეობა.
მუხლი 22. დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი
უცხოელი მოქალაქეების და საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები ვალდებული არ არიან იმსახურონ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.
საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირნი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევიან სამხედრო ვალდებულად.
თავი III
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა შემოსვლა და გასვლა
მუხლი 23. საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლა
საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლისათვის უცხოელებმა საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი ვიზის, ნებართვის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას ან საამისოდ კომპეტენტურ სხვა ორგანოს, წარმოადგინონ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა დოკუმენტი.
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შემოსვლა საქართველოს რესპუბლიკაში შეიძლება უვიზოდაც.
საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლა უცხოელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება აეკრძალოს:
ა) თუ ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ბ) თუ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩადენილი აქვს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული;
გ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესების თვალსაზრისით;
დ) თუ ეს აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად;
ე) მხილებულია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაში;
ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესების თვალსაზრისით;
ზ) თუ საქართველოს რესპუბლიკაში წინანდელი ყოფნის დროს დაარღვია ამ კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონთა მოთხოვნები;
თ) თუ საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლაზე შუამდგომლობის აღძვრისას წარადგინა ყალბი ცნობები;
ი) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლა
უცხოელებმა საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლისას წარადგინონ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან მისი შესაბამისი სხვა დოკუმენტი.
საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლისას შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში უნდა წარადგინონ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან მისი შესაბამისი სხვა დოკუმენტი და მიიღონ საქართველოს რესპუბლიკიდან გასასვლელი ვიზა ან ნებართვა.
უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება:
ა) თუ მისი გასვლა ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის ინტერესებს – ამ გარემოებათა მოქმედების შეწყვეტამდე;
ბ) თუ იგი ეჭვმიტანილია ან ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში,– მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტამდე;
გ) თუ გასამართლებულია დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან სასჯელისგან განთავისუფლებამდე;
დ) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შეიძლება უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლის გადავადება, სანამ მოიხდის სამოქალაქო- სამართლებრივ ვალდებულებებს.
მუხლი 25. სასაზღვრო კონტროლის ორგანოს მიერ მისი საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმა
საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო კონტროლის ორგანომ შეიძლება უცხოელებს უარი უთხრას საქართველოს რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთაზე, თუ ისინი არ წარადგენენ სათანადო წესით გაფორმებულ მოქმედ უცხოეთის პასპორტებსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს.
ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო კონტროლის ორგანოს შეუძლია საზღვრის გადაკვეთისას დააკავოს უცხოელი და გადასცეს საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს.
მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლაზე უარის გასაჩივრება
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლაზე უარი შეუძლიათ გაასაჩივრონ 10 დღის ვადაში სასამართლო წესით.
მუხლი 27. სატრანზიტო გავლა
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელებს უფლება აქვთ გაიარონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია ტრანზიტად და გაჩერდნენ საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული სატრანზიტო ვიზის ან ნებართვის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზონის ტრანზიტად გავლის წესებს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
თავი IV
უცხოელთა პასუხისმგებლობა
მუხლი 28. სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის საფუძვლები
უცხოელებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს დანაშაული, ადმინისტრაციული ან სხვა სახის სამართალდარღვევა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 29. საქართველოს რესპუბლიკიდან გაძევება
უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს რესპუბლიკიდან შეიძლება გაძევდნენ:
ა) თუ აღარ არსებობს საქართველოს რესპუბლიკაში მათი შემდგომი ყოფნის საფუძველი;
ბ) თუ ისინი უკანონოდ შემოვიდნენ ან იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
გ) თუ მათი ყოფნა საქართველოს რესპუბლიკაში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
დ) თუ ეს აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების და საქართველოს რესპუბლიკაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;
ე) თუ ისინი განზრახ სისტემატურად არღვევენ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას;
ვ) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს რესპუბლიკიდან გაძევების გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი შინაგან საქმეთა, პროკურატურის ორგანოების, სასამართლოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
უცხოელი მოქალაქეები და საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები ვალდებული არიან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მათთვის გასაგებ ენაზე წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში დატოვონ საქართველოს რესპუბლიკა. თუ აღნიშნული პირები უარს იტყვიან საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლაზე ან გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გავლენ საქართველოს რესპუბლიკიდან, ისინი იძულებით გაძევდებიან.
გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკიდან უცხოელთა გაძევების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 30. პასუხისმგებლობა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლის წესების დარღვევისათვის
უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლის წესების დარღვევისათვის ეკისრებათ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა
არ შეიძლება საქართველოს რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევება. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ღონისძიებანი.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 32. უცხოეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების მეთაურთა და თანამშრომელთა, აგრეთვე სხვა პირთა პრიველეგიები და იმუნიტეტი
ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება უცხოეთის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურებსა და თანამშრომლებზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად სარგებლობენ პრიველეგიებითა და იმუნიტეტით.
მუხლი 33. საერთაშორისო ხელშეკრულებათა გამოყენება
თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კანონში გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი.
1993 წლის 3 ივნისი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები