დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/4/212 | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/4/212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 03/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 06/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
ამონარიდი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის
გადაწყვეტილება №1/4/212
საქართველოს სახელით
2004 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის – საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე სერგო მუშლიანის 212-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხოელებმა საქართველოდან გასვლისას შესაბამის ორგანოებში უნდა წარადგინონ საქართველოდან გასვლის ვიზა.
II. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები – „და საქართველოდან გასვლის ვიზა”).
III. არ დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის – საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე სერგო მუშლიანის სასარჩელო მოთხოვნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი (1) „იმიგრაციის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-3 პუნქტის ნაწილი შემოსასვლელი ვიზის წარდგენის შესახებ, (2) „საქართველოს რესპუბლიკაში იმიგრაციის საკითხების განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 30 ნოემბრის №821 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე პუნქტის ნაწილი საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი ვიზის მიღების აუცილებლობისა და ვიზის მოქმედების ვადების განმარტების შესახებ.
IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
V. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
VII. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
იაკობ ფუტკარაძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები