არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 14/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.000.344
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ყოფაცხოვრებისათვის სრულყოფილი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ესთეტიკური გარემოს ჩამოყალიბება, არქიტექტურული ხელოვნების განვითარება.

    მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები

გამოყენებული ტერმინები:

ა) არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე;

ბ) არქიტექტურული საქმიანობა _ არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა;

გ) არქიტექტურული ნაწარმოები _ არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს;

დ) არქიტექტურული პროექტი _ არქიტექტურული შემოქმედების შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული ავტორისეული ჩანაფიქრი, სადაც ჩამოყალიბებულია არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების პრინციპი, რომელიც ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად კომპლექსურად წყვეტს ქალაქთმშენებლობით, მხატვრულ-ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს, წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და არ საჭიროებს ლიცენზირებას;

[ დ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

ე) საპროექტო დოკუმენტაცია _ არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის საფუძველზე დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია _ არქიტექტურული საქმიანობის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და საჭიროებს ლიცენზირებას;

[ ე) (ამოღებულია -20.07.2018, №3215);  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

ვ) არქიტექტურული ობიექტი _ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტური გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება და შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია;

ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი _ ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია;

[ ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები, სამშენებლო ნორმები და წესები;  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

თ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება − საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს.

[ თ) (ამოღებულია -20.07.2018, №3215);  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის კანონი №3215  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

 

თავი II. არქიტექტურული ობიექტის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები  

[თავი II. (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]  

 

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

    მუხლი 3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება

1. არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა.

2. არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას დამკვეთის განაცხადის საფუძველზე გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო დადგენილი წესით.

3. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწის ნაკვეთი შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა.

4. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შეიცავდეს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დებულებებს, ეკოლოგიური, სანიტარიულ-ჰიგიენური უსაფრთხოების, ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის სავალდებულო პირობებსა და სხვა განსაკუთრებულ მოთხოვნებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის პირობებს, რომელთა ინტერესებზედაც ზეგავლენას მოახდენს მომავალი მშენებლობა.

5. დაუშვებელია არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რომლებიც ზღუდავს დამკვეთისა და პროექტის ავტორის უფლებებს, გარდა კანონმდებლობით ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით გავალისწინებული შემთხვევებისა.

6. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემაზე უარის თქმა შეიძლება, თუ დამკვეთის განზრახვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნებს. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. ცალკეული არქიტექტურული ობიექტების მშენებლობისას, როდესაც არ არსებობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო სამუშაოების საფუძველზე, რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს დამკვეთი, ხოლო მის შინაარსსა და მოცულობას განსაზღვრავს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო.

8. განსაკუთრებული ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნების არსებობისას არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესადგენად ან საუკეთესო არქიტექტურული გადაწყვეტის შერჩევისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოს წინადადებით, დამკვეთთან შეთანხმებით ტარდება ტენდერი (კონკურსი).

9. ტენდერი (კონკურსი) ტარდება არქიტექტორთა პროფესიული კავშირების მონაწილეობით.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    [მუხლი 3. (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

 

თავი III. არქიტექტურული საქმიანობის ლიცენზირება და არქიტექტურული პროექტის მომზადება

    მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის ლიცენზირება

1. არქიტექტურული პროექტის შემოქმედებითი პროცესის მონაწილე არქიტექტორს არ სჭირდება ლიცენზია.

2. საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციასთან (დოკუმენტაციის მომზადების პროცესის ორგანიზება, ექსპერტიზა, მშენებლობის გაძღოლა), საჭიროებს ლიცენზირებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

[მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება  

1. არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს.

2. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე.  (ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ]

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

    მუხლი 5. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. მშენებლობის ნებართვა. ობიექტის რეალიზაციაზე ზედამხედველობა და საექსპლუატაციოდ მიღება

1. არქიტექტურულ პროექტს შეითანხმებს და ობიექტის მშენებლობის ნებართვას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პროექტები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, სახელმწიფო სარეზერვო და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და სახელმწიფოს მიერ ან მისი გარანტიით მშენებლობისათვის აღებული კრედიტების ხარჯზე, ექვემდებარება სახელმწიფო ექსპერტიზას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფინანსებული პროექტების ექსპერტიზა ტარდება სათანადო შემთანხმებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია - 01.06.2017, №905).

4. არქიტექტურულ პროექტზე საექსპერტო დასკვნას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ორგანოსთან არსებული ექსპერტიზის სამსახური, აგრეთვე შესაბამისი ლიცენზიის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტი.

5. არქიტექტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნებს, შედგენილია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების პირობების დაცვით და შეთანხმებულია დადგენილი წესით, წარმოადგენს სავალდებულო დოკუმენტს არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის.

6. ზედამხედველობას არქიტექტურული პროექტის რეალიზაციაზე ახორციელებს:

ა) დამკვეთი, პროექტის ავტორი საავტორო ზედამხედველობის წესით;

ბ) არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. არქიტექტურული ობიექტი საექსპლუატაციოდ მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №905  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

[მუხლი 5. (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

    მუხლი 6. უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არქიტექტურული საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები არქიტექტურულ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გათანაბრებული უფლებით. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადი არქიტექტურული საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის გაცემის საკითხი წყდება კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არქიტექტურული საქმიანობა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე

საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ განახორციელონ არქიტექტურული საქმიანობა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს.

 

თავი IV. არქიტექტორთა უფლება-მოვალეობანი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას

    მუხლი 8. არქიტექტორის უფლებები

არქიტექტორს დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და მიიღოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოსაგან არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და სხვა საწყისი დოკუმენტები არქიტექტურული ობიექტის წინასაპროექტო კვლევის, დაპროექტებისა და მშენებლობისათვის;

ბ) დაიცვას და შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის და სხვა ორგანოებში განხილვისას;

გ) მონაწილეობა მიიღოს დოკუმენტაციის ყველა ნაწილის დამუშავებაში, შეათანხმოს ცვლილებები არქიტექტურულ პროექტში;

დ) იყოს დამკვეთის წარმომადგენელი და დაიცვას მისი ინტერესები არქიტექტურული ობიექტის ასაშენებლად ხელშეკრულების დადებისას;

ე) დაეხმაროს დამკვეთს ხელშეკრულების დადებაში ან მისი დავალებით მოაწყოს ტენდერი (კონკურსი);

ვ) განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა და იყოს დამკვეთის წარმომადგენელი;

ზ) შეამოწმოს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ხარისხი, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და განახორციელოს საფინანსო კონტროლი;

თ) მიიღოს მონაწილეობა ან იყოს დამკვეთის წარმომადგენელი არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას;

ი) ჩაატაროს პროექტების ექსპერტიზა.

    მუხლი 9. არქიტექტორის მოვალეობები

1. არქიტექტორი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას:

ა) საქართველოს კანონმდებლობა არქიტექტურული საქმიანობის სფეროში;

ბ) დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნები;

გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მოთხოვნები;

დ) დამკვეთის საპროექტო დავალების პირობები.

2. არქიტექტორს უფლება არა აქვს:

ა) დამკვეთის თანხმობის გარეშე გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია არქიტექტურული პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა;

ბ) ხელშეკრულების დადებისას და არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას იყოს დამკვეთის წარმომადგენელი, აწარმოოს ზედამხედველობა მშენებლობაზე, თუ პირადად არის დაინტერესებული მენარდე ორგანიზაციის მოგებით, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს ტენდერში (კონკურსში) არქიტექტურული გადაწყვეტის თაობაზე და იმავდროულად იყოს ამ კონკურსის ჟიურის წევრი.

3. ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზედაც, რომლებიც ახორციელებენ არქიტექტურულ საქმიანობას.

    მუხლი 10. სახელშეკრულებო ურთიერთობანი არქიტექტურული საქმიანობის სფეროში

არქიტექტურული პროექტის შექმნა, რეალიზაცია და სხვა სახით გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 11. არქიტექტურული საქმიანობის გარანტიები

1. სახელმწიფო ხელს უწყობს არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების, არქიტექტურული მეცნიერებისა და განათლების განვითარების უზრუნველყოფას.

2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

 

თავი V. საავტორო უფლება არქიტექტურულ ნაწარმოებზე

    მუხლი 12. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტი

1. არქიტექტურული ნაწარმოების, როგორც საავტორო უფლების ობიექტის, შექმნისას და გამოყენებისას წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

2. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტს წარმოადგენს არქიტექტურული პროექტი და არქიტექტურული ობიექტი.

3. პირები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უწევენ ტექნიკურ-ორგანიზაციულ დახმარებას, ხელმძღვანელობენ დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესს ან აკონტროლებენ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, არ შეიძლება ჩაითვალონ ავტორებად.

4. დამკვეთი ვალდებულია ავტორის მოთხოვნის საფუძველზე, საავტორო უფლების უზრუნველსაყოფად არქიტექტორთან გააფორმოს ხელშეკრულება.

    მუხლი 13. არქიტექტურული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება

1. მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს უფლება გამოიყენოს თავისი პროექტი ან ნება დართოს რეალიზაციის მიზნით მის გამოყენებაზე. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს თავისი პროექტის რეალიზაციაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს თავისი პროექტის გამრავლების, გავრცელების, საჯარო ჩვენებისა და გადაკეთების უფლება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საავტორო უფლების გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

4. არქიტექტურული პროექტის გამოყენებისათვის საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

5. დასაშვებია არქიტექტურული პროექტის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამასთან, არქიტექტურული პროექტი, აგრეთვე მის საფუძველზე შესრულებული დოკუმენტაცია განმეორებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ავტორის ნებართვით.

6. არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი სამშენებლო დოკუმენტაციის დამუშავებასა და მშენებლობაზე, საავტორო ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. არქიტექტურული ობიექტის ავტორს უფლება აქვს განახორციელოს ამ ობიექტის ფოტო- და ვიდეოგადაღება, თუ ხელშეკრულებით, რომლის შესაბამისადაც არის შექმნილი არქიტექტურული პროექტი, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 14. საავტორო უფლება სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით შექმნილ არქიტექტურულ ნაწარმოებზე

1. საავტორო უფლება არქიტექტურულ ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის მის ავტორს.

2. სამსახურებრივი ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

 

თავი VI. არქიტექტურულ პროექტში და არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანა

    მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა

1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას პროექტში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მისი ავტორის თანხმობით. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებიდან გადახვევის შემთხვევაში საჭიროა შეთანხმება ამ დავალების მიმცემ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოსთან.

2. თუ დადგენილი წესით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ავტორი აღმოაჩენს თავისი არქიტექტურული გადაწყვეტილების უნებართვო ცვლილებებს ობიექტის რეალიზაციის დროს, იგი აცნობებს ამას ორგანოს, რომელმაც გასცა მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თავისი საავტორო უფლების დასაცავად. ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ორგანო ვალდებულია შეაჩეროს სამშენებლო სამუშაოები სადავო საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

    [მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა  

1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას არქიტექტურულ პროექტში ცვლილება შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მისი არქიტექტურული ობიექტის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცვლილების შემთხვევაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები.  (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.07.2018წ.

    მუხლი 16. არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანა

1. არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრე, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლა, ვალდებულია მიიღოს არქიტექტურული პროექტის ავტორის ნებართვა ან მიიწვიოს იგი არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანის მიზნით საპროექტო სამუშაოს შესასრულებლად.

2. თუ არქიტექტურული ობიექტის ავტორი არ არის თანახმა აუცილებლობით განპირობებული ან დასაბუთებული ცვლილებების შეტანაზე, ობიექტის მესაკუთრეს (მფლობელს) უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

 

თავი VII. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისა და არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია

    მუხლი 17. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია

1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს არქიტექტურის დარგში სახელმწიფო პროგრამებს, უზრუნველყოფს ნორმატიული ბაზის შექმნას, წარმართავს სალიცენზიო და საკონტროლო სამსახურების საქმიანობას.

3. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი, რომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მთავარ არქიტექტორთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება.

5. საბჭოს მუშაობის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 18. არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია

1. არქიტექტორები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოქმედებითი, სოციალური, კოლეგიალური და ეთიკური საკითხების მოგვარების, სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის კოორდინაციის მიზნით, უფლებამოსილნი არიან შექმნან არქიტექტორთა პროფესიული კავშირები.

2. არქიტექტორთა პროფესიული კავშირები კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ არქიტექტორთა პროფესიული ინტერესების დაცვას, არქიტექტურული საქმიანობის საზოგადოებრივ რეგულირებას.

3. არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან.

 

თავი VIII. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 19. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IX. დასკვნითი დებულება

    მუხლი 20. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 14 აპრილი.

№1335-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.