არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 14/05/1998
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.000.344
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1335
14/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 17-18, 14/05/1998
330.090.000.05.001.000.344
არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/10/2022 - 07/03/2024)

საქართველოს კანონი

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ყოფაცხოვრებისათვის სრულყოფილი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ესთეტიკური გარემოს ჩამოყალიბება, არქიტექტურული ხელოვნების განვითარება.

    მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები

გამოყენებული ტერმინები:

ა) არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე;

ბ) არქიტექტურული საქმიანობა _ არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა;

გ) არქიტექტურული ნაწარმოები _ არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს;

დ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

ე) (ამოღებულია - 20.07.2018, №3215);

ვ) არქიტექტურული ობიექტი _ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტური გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება და შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია;

ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები, სამშენებლო ნორმები და წესები;

თ) (ამოღებულია -20.07.2018, №3215);

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის კანონი №3215  ვებგვერდი, 13.08.2018წ.

 

თავი II. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ.

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ.

 

თავი III. არქიტექტურული საქმიანობის ლიცენზირება და არქიტექტურული პროექტის მომზადება

მუხლი 4. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება 

1. არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ არქიტექტორს, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს.

2. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე.

საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3215 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5694 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №905  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ.

    მუხლი 6. უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არქიტექტურული საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები არქიტექტურულ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გათანაბრებული უფლებით. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადი არქიტექტურული საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის გაცემის საკითხი წყდება კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არქიტექტურული საქმიანობა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე

საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ განახორციელონ არქიტექტურული საქმიანობა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს.

 

თავი IV. არქიტექტორთა უფლება-მოვალეობანი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას

    მუხლი 8. არქიტექტორის უფლებები

არქიტექტორს დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და მიიღოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოსაგან არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და სხვა საწყისი დოკუმენტები არქიტექტურული ობიექტის წინასაპროექტო კვლევის, დაპროექტებისა და მშენებლობისათვის;

ბ) დაიცვას და შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის და სხვა ორგანოებში განხილვისას;

გ) მონაწილეობა მიიღოს დოკუმენტაციის ყველა ნაწილის დამუშავებაში, შეათანხმოს ცვლილებები არქიტექტურულ პროექტში;

დ) იყოს დამკვეთის წარმომადგენელი და დაიცვას მისი ინტერესები არქიტექტურული ობიექტის ასაშენებლად ხელშეკრულების დადებისას;

ე) დაეხმაროს დამკვეთს ხელშეკრულების დადებაში ან მისი დავალებით მოაწყოს ტენდერი (კონკურსი);

ვ) განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა და იყოს დამკვეთის წარმომადგენელი;

ზ) შეამოწმოს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ხარისხი, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და განახორციელოს საფინანსო კონტროლი;

თ) მიიღოს მონაწილეობა ან იყოს დამკვეთის წარმომადგენელი არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას;

ი) ჩაატაროს პროექტების ექსპერტიზა.

    მუხლი 9. არქიტექტორის მოვალეობები

1. არქიტექტორი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას:

ა) საქართველოს კანონმდებლობა არქიტექტურული საქმიანობის სფეროში;

ბ) დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნები;

გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მოთხოვნები;

დ) დამკვეთის საპროექტო დავალების პირობები.

2. არქიტექტორს უფლება არა აქვს:

ა) დამკვეთის თანხმობის გარეშე გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია არქიტექტურული პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა;

ბ) ხელშეკრულების დადებისას და არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას იყოს დამკვეთის წარმომადგენელი, აწარმოოს ზედამხედველობა მშენებლობაზე, თუ პირადად არის დაინტერესებული მენარდე ორგანიზაციის მოგებით, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს ტენდერში (კონკურსში) არქიტექტურული გადაწყვეტის თაობაზე და იმავდროულად იყოს ამ კონკურსის ჟიურის წევრი.

3. ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზედაც, რომლებიც ახორციელებენ არქიტექტურულ საქმიანობას.

    მუხლი 10. სახელშეკრულებო ურთიერთობანი არქიტექტურული საქმიანობის სფეროში

არქიტექტურული პროექტის შექმნა, რეალიზაცია და სხვა სახით გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 11. არქიტექტურული საქმიანობის გარანტიები

1. სახელმწიფო ხელს უწყობს არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების, არქიტექტურული მეცნიერებისა და განათლების განვითარების უზრუნველყოფას.

2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი V. საავტორო უფლება არქიტექტურულ ნაწარმოებზე

    მუხლი 12. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტი

1. არქიტექტურული ნაწარმოების, როგორც საავტორო უფლების ობიექტის, შექმნისას და გამოყენებისას წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

2. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტს წარმოადგენს არქიტექტურული პროექტი და არქიტექტურული ობიექტი.

3. პირები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უწევენ ტექნიკურ-ორგანიზაციულ დახმარებას, ხელმძღვანელობენ დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესს ან აკონტროლებენ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, არ შეიძლება ჩაითვალონ ავტორებად.

4. დამკვეთი ვალდებულია ავტორის მოთხოვნის საფუძველზე, საავტორო უფლების უზრუნველსაყოფად არქიტექტორთან გააფორმოს ხელშეკრულება.

    მუხლი 13. არქიტექტურული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება

1. მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს უფლება გამოიყენოს თავისი პროექტი ან ნება დართოს რეალიზაციის მიზნით მის გამოყენებაზე. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს თავისი პროექტის რეალიზაციაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს თავისი პროექტის გამრავლების, გავრცელების, საჯარო ჩვენებისა და გადაკეთების უფლება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საავტორო უფლების გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

4. არქიტექტურული პროექტის გამოყენებისათვის საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

5. დასაშვებია არქიტექტურული პროექტის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამასთან, არქიტექტურული პროექტი, აგრეთვე მის საფუძველზე შესრულებული დოკუმენტაცია განმეორებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ავტორის ნებართვით.

6. არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი სამშენებლო დოკუმენტაციის დამუშავებასა და მშენებლობაზე, საავტორო ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. არქიტექტურული ობიექტის ავტორს უფლება აქვს განახორციელოს ამ ობიექტის ფოტო- და ვიდეოგადაღება, თუ ხელშეკრულებით, რომლის შესაბამისადაც არის შექმნილი არქიტექტურული პროექტი, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 14. საავტორო უფლება სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით შექმნილ არქიტექტურულ ნაწარმოებზე

1. საავტორო უფლება არქიტექტურულ ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის მის ავტორს.

2. სამსახურებრივი ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

 

თავი VI. არქიტექტურულ პროექტში და არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანა

    მუხლი 15. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა 

1. სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებისას და არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას არქიტექტურულ პროექტში ცვლილება შეიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მისი არქიტექტურული ობიექტის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცვლილების შემთხვევაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3215  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ.

    მუხლი 16. არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანა

1. არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრე, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლა, ვალდებულია მიიღოს არქიტექტურული პროექტის ავტორის ნებართვა ან მიიწვიოს იგი არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანის მიზნით საპროექტო სამუშაოს შესასრულებლად.

2. თუ არქიტექტურული ობიექტის ავტორი არ არის თანახმა აუცილებლობით განპირობებული ან დასაბუთებული ცვლილებების შეტანაზე, ობიექტის მესაკუთრეს (მფლობელს) უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

 

თავი VII. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 17. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია

1. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს არქიტექტურის დარგში სახელმწიფო პროგრამებს, უზრუნველყოფს ნორმატიული ბაზის შექმნას, წარმართავს სალიცენზიო და საკონტროლო სამსახურების საქმიანობას.

3. მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და რომელსაც აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება.

5. საბჭოს მუშაობის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 18. არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია

1. არქიტექტორები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოქმედებითი, სოციალური, კოლეგიალური და ეთიკური საკითხების მოგვარების, სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის კოორდინაციის მიზნით, უფლებამოსილნი არიან შექმნან არქიტექტორთა პროფესიული კავშირები.

2. არქიტექტორთა პროფესიული კავშირები კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ არქიტექტორთა პროფესიული ინტერესების დაცვას, არქიტექტურული საქმიანობის საზოგადოებრივ რეგულირებას.

3. არქიტექტურული საქმიანობის პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების, არქიტექტორთა ინტერესების დაცვისა და არქიტექტურული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები თანამშრომლობენ არქიტექტორთა პროფესიულ კავშირებთან.

 

თავი VIII. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 19. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი VIII1. გარდამავალი დებულება

არქიტექტორს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად 2024 წლის 1 მარტამდე შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა არ მოეთხოვება.

 

თავი IX. დასკვნითი დებულება

    მუხლი 20. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 14 აპრილი.

№1335-IIს