ლტოლვილთა შესახებ

  • Word
ლტოლვილთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 18/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.05.001.000.323
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1236
18/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
010.170.000.05.001.000.323
ლტოლვილთა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/02/1998 - 09/12/1999)

საქართველოს კანონი

ლტოლვილთა შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ლტოლვილთა სამართლებრივ მდგომარეობას, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის წესს, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე იმ პირთა სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა და შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

    მუხლი 1. ლტოლვილის ცნება

1. ლტოლვილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგანაც იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვეყნის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო.

2. ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისა, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ჩადენილი აქვს სამხედრო დანაშაული, დანაშაული მშვიდობის, ადამიანობის წინააღმდეგ ან არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე დანაშაული.

    მუხლი 2. ლტოლვილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვის წესი

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზეზთა გამო შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია ლტოლვილად ცნობის თაობაზე პირადად მიმართოს განცხადებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომ _ „სამინისტრო“).

2. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან სამ დღეში იღებს გადაწყვეტილებას პირის რეგისტრაციის თაობაზე.

3. თუ გასაუბრების შედეგად გაირკვევა, რომ პირის მიმართვა ლტოლვილად ცნობის თაობაზე აშკარად დაუსაბუთებელია, სამინისტრო უარს ამბობს მის რეგისტრაციაზე. პირს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას მიმართვიდან სამ დღეში.

4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების არსებობისას, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის დროს, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

    მუხლი 3. ლტოლვილის სტატუსის მისაღებად რეგისტრირებულ პირთა უფლება-მოვალეობანი

1. პირს, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად გაივლის რეგისტრაციას სამინისტროში, რეგისტრაციიდან ხუთ დღეში ეძლევა მიმართვა დროებითი ჩასახლების თაობაზე და მითითებულ ადგილამდე ერთჯერადი უფასო მგზავრობისა და ბარგის გადატანის ნებართვა.

2. პირს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, უფლება აქვს:

ა) იცხოვროს დროებითი ჩასახლების ადგილას და ისარგებლოს კომუნალური მომსახურებით;

ბ) მიიღოს სურსათ-სანოვაგის დადგენილი ნორმა;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს ერთჯერადი ფულადი ან სხვა სახის დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;

დ) შეიყვანოს შვილი სახელმწიფო სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. პირი, რომელმაც განცხადებით მიმართა სამინისტროს ლტოლვილად ცნობის შესახებ, ვალდებულია:

ა) სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიაწოდოს აღნიშნული განცხადების განხილვისათვის აუცილებელი ცნობები;

ბ) დროებითი ჩასახლების შესახებ მიმართვის მიღებიდან თხუთმეტ დღეში გაემგზავროს დროებითი ჩასახლების ადგილას და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, დროებითი ჩასახლების ადგილზე ცხოვრების დადგენილი წესები;

დ) განსაზღვრულ ვადაში გაიაროს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში.

4. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთ დღეში პირს წერილობით ეცნობება უარის მიზეზი ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით.

5. რეგისტრაციაზე უარი პირმა შეიძლება გაასაჩივროს სამინისტროში შეტყობინების მიღებიდან თხუთმეტ დღეში.

6. სამინისტროს გადაწყვეტილება პირის რეგისტრაციაზე უარის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი თავისუფლდება ნებისმიერ ინსტანციაში განცხადების განხილვასთან დაკავშირებული გადასახადებისაგან და სარგებლობს უფასო მთარგმნელობითი მომსახურებით.

    მუხლი 4. პირის ლტოლვილად ცნობის წესი

1. პირის ლტოლვილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროში შექმნილი კომისია მისი განცხადების რეგისტრაციიდან ოთხი თვის განმავლობაში.

2. ლტოლვილად ცნობილ პირს გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთ დღეში ეძლევა დადგენილი ნიმუშის მოწმობა.

3. ლტოლვილად ცნობილი პირი სამინისტროში ყოველწლიურად გადის ხელახალ რეგისტრაციას.

4. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთ დღეში პირს წერილობით ეცნობება უარის მიზეზი.

5. სამინისტროს გადაწყვეტილება პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საჩივარზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საჩივრის შემტანი პირი სარგებლობს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

7. სასამართლოს გადაწყვეტილება პირის საჩივარზე რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ ეცნობებათ აღნიშნულ პირსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.

    მუხლი 5. ლტოლვილის უფლებები

ლტოლვილს უფლება აქვს:

ა) ექვსი თვის განმავლობაში იცხოვროს დროებითი ჩასახლების ადგილას, ისარგებლოს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყველა უფლებით და ამავე ვადაში საცხოვრებლად აირჩიოს სამინისტროს მიერ შეთავაზებული დასახლებული პუნქტებიდან ერთ-ერთი, ან ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობენ მისი ნათესავები, თუ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უკანასკნელთა წერილობითი თანხმობა;

ბ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განცხადებით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

გ) ნებაყოფლობით დაბრუნდეს მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;

დ) ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რაც გათვალისწინებულია „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 6. ლტოლვილის მოვალეობანი

ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) წინასწარ აცნობოს სამინისტროს, რომ სურს შეიცვალოს ადრე არჩეული საცხოვრებელი ადგილი.

    მუხლი 7. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ვალდებულებანი ლტოლვილის მიმართ

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან:

ა) ლტოლვილს წარუდგინონ სამინისტროს მიერ საცხოვრებელ ადგილად რეკომენდებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, აგრეთვე ინფორმაცია ამ პუნქტებში საცხოვრებელი პირობებისა და შრომითი მოწყობის შესაძლებლობათა შესახებ;

ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საცხოვრებელ ადგილზე ჩასული ლტოლვილი უზრუნველყონ ბინით;

გ) მოცემულ რეგიონში მოსახლეობის დასაქმების დონის გათვალისწინებით, ლტოლვილს მისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით დახმარება გაუწიონ შრომით მოწყობაში;

დ) ადგილზე შრომითი მოწყობის შეუძლებლობისას, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ სამინისტროს მიმართვის საფუძველზე რეგისტრაციაში გაატარონ ლტოლვილი, როგორც უმუშევარი და ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილით უზრუნველყოფაში;

ე) მოსახლეობის სოციალური დაცვის დაწესებულებებში ლტოლვილთა შორის პირველ რიგში გამოუყონ ადგილები მარტოხელებს, მრავალსულიან ოჯახებს, მოხუცებსა და ინვალიდებს, რომელთაც ესაჭიროებათ მზრუნველობა;

ვ) ხელი შეუწყონ ლტოლვილ ბავშვებს სახელმწიფო სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწყობაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუნიშნონ და რეგულარულად მისცენ ლტოლვილს ფულადი დახმარება;

თ) დაეხმარონ ლტოლვილს მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში ნებაყოფლობით დაბრუნებაში.

    მუხლი 8. ლტოლვილის სამართლებრივი გარანტიები

1. ლტოლვილის უფლებებს იცავს სახელმწიფო.

2. დაუშვებელია ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნულ გარემოებათა შეწყვეტამდე ლტოლვილი საკუთარი სურვილის გარეშე დაბრუნებულ იქნეს მისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში.

3. სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებანი, რომლებიც ლახავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ლტოლვილთა უფლებებს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. ლტოლვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება

ლტოლვილი საქართველოს მოქალაქეობას იღებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

    მუხლი 10. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა და მოხსნა

1. პირს უწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ:

ა) მიიღო საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) ნებაყოფლობით ისარგებლა იმ სახელმწიფოს მფარველობით, რომლის ტერიტორიაც იძულებით დატოვა;

გ) მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ;

დ) აღარ არსებობს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი.

2. ლტოლვილის სტატუსი პირს ეხსნება, თუ მან თავის შესახებ განზრახ წარადგინა არასწორი ინფორმაცია ან ყალბი დოკუმენტები.

3. გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ან მოხსნის თაობაზე იღებს სამინისტრო.

    მუხლი 11. ლტოლვილისათვის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების შეჩერება

1. ამ კანონის მე-5 და მე-7 მუხლების მოქმედება შეჩერდება იმ ლტოლვილის მიმართ, რომელმაც:

ა) ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვა საქართველოს ტერიტორია;

ბ) ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2. გადაწყვეტილებას ლტოლვილისათვის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების შეჩერების თაობაზე იღებს სამინისტრო.

    მუხლი 12. ლტოლვილისათვის დახმარების გაწევა

1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიღების, განაწილების, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, ბინათმოწყობის, დასაქმების, განათლების, უსაფრთხოების საკითხებს წყვეტს სამინისტრო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.

2. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას ლტოლვილთა დახმარების სფეროში.

    მუხლი 13. ლტოლვილთა მიღებასა და მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ ტერიტორიაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა და ლტოლვილთა მიღებასა და განსახლებასთან, ანაზღაურებს სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხებით.

2. ლტოლვილებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველო შესაბამისი დახმარების მისაღებად მიმართავს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

3. ლტოლვილთა პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1236 – IIს