დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1299 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 27/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.05.001.001.776 |
საქართველოს კანონი
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოში ლტოლვილთა და ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა სამართლებრივ სტატუსს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, ლტოლვილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს.“.
2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება იმ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმი.“.
3. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 3 დღეში იღებს გადაწყვეტილებას პირის ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის თაობაზე და გასცემს შესაბამის ცნობას.
3. ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე ივსება ანკეტა, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია მის შესახებ. ანკეტის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.“.
4. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის უფლება-მოვალეობანი“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს გადაადგილების თავისუფლებით, იცხოვროს დროებითი ჩასახლების ადგილას და ისარგებლოს კომუნალური მომსახურებით;
ბ) მიიღოს სურსათ-სანოვაგის დადგენილი ნორმა;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს ერთჯერადი ფულადი ან სხვა სახის დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;
დ) შეიყვანოს შვილი სახელმწიფო სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია:
ა) სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიაწოდოს თავისი განცხადების განხილვისათვის აუცილებელი ცნობები;
ბ) დროებითი ჩასახლების შესახებ მიმართვის მიღებიდან თხუთმეტ დღეში გაემგზავროს დროებითი ჩასახლების ადგილას და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო სხვა საცხოვრებლის არჩევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სათანადო სამსახურს ახალი საცხოვრებელი მისამართი;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, დროებითი ჩასახლების ადგილზე ცხოვრების დადგენილი წესები;
დ) განსაზღვრულ ვადაში გაიაროს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში.“.
5. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის ლტოლვილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან ოთხი თვის განმავლობაში.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე ჩაუტარდება გასაუბრება. გასაუბრების დანიშვნის შესახებ პირი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 დღით ადრე. გასაუბრებისას ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით.
12. პირის ლტოლვილად ცნობის პროცედურას ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს სამინისტრო.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლტოლვილად ცნობილი პირი სამინისტროში ყოველწლიურად გადის რეგისტრაციას. ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სამინისტრო.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობებათ აღნიშნულ პირსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.“.
6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) გაიაროს ყოველწლიური რეგისტრაცია.“.
7. მე-10 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდება, თუ:
ა) მიიღო საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) ნებაყოფლობით ისარგებლა იმ სახელმწიფოს მფარველობით, რომლის ტერიტორიაც იძულებით დატოვა;
გ) მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ;
დ) აღარ არსებობს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი;
ე) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. პირს ლტოლვილის სტატუსი აღუდგება, თუ სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“;
დ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირს ჩამოერთმევა ლტოლვილის სტატუსი, თუ მან სტატუსი მიიღო ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე ან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
3. გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ან ჩამორთმევის თაობაზე იღებს სამინისტრო. სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ან ჩამორთმევის შესახებ ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
8. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) არ გაიარა ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაცია;
დ) პირადი განცხადებით უარი თქვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარებების მიღებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი.
თბილისი,
2005 წლის 8 აპრილი.
№1299-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები