დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 374 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 22-23, 30/09/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.180.000.05.001.000.157 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ
ეს კანონი, არასარწმუნო გაზომვების უარყოფითი შედეგებისაგან მოქალაქეთა უფლებების, კანონიერი ინტერესებისა და დადგენილი მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის სავალდებულობისა და უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებები
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ რომელი საქმიანობაა გლეხური, ფერმერული, ოჯახური და კუსტარული საქმიანობა და, შესაბამისად, არ რეგულირდება ამ კანონით.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;
ბ) ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემა – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდირებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ;
გ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და გააჩნია ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;
დ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;
ე) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების საბოლოო მოდელი;
ვ) გაზომვის ერთეულის ეტალონი (ეტალონი) – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია გაზომვის ერთეულის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის განსაზღვრისა და აღწარმოებისათვის;
ზ) დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის რაოდენობა აღნიშნულია შეფუთვაზე, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან მისი ხილული დაზიანების გარეშე;
თ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების თაობაზე ინფორმაცია, რომლითაც დგინდება აღწარმოებული გაზომვის ერთეულის მნიშვნელობის გაერთიანება მნიშვნელობების გადაცემის უწყვეტ ჯაჭვში გაზომვის ერთეულის ეტალონამდე;
ი) გაზომვის საშუალების ბაზარზე გატანა – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით;
კ) პირველადი დამოწმება – გაზომვის საშუალების დამოწმება, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამოწმებული, მისი ექსპლუატაციაში პირველად გაშვებისას, ასევე შეკეთებული გაზომვის საშუალების დამოწმება შეკეთების შემდგომ ექსპლუატაციაში პირველად გაშვებისას;
ლ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს ექსპერტიზას და გაზომვის საშუალების ნიშანდებას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
მ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონებით (გაზომვის სტანდარტით) უზრუნველყოფილ სიდიდის მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) შორის და მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1907 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.217
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2689 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.93
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 2. ურთიერთობა გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროში
ურთიერთობა გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 3. საერთაშორისო ხელშეკრულებები
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ წესებს, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულების წესებს.
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი II
დაკანონებული გაზომვის საშუალებები
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 6. დაკანონებული გაზომვის საშუალებები
1. გაზომვის საშუალებისათვის დაკანონებული გაზომვის საშუალების სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტია მისი გამოყენების სფერო.
2. ამ კანონით დგინდება ამ მუხლში ჩამოთვლილი ის დაკანონებული გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საგადასახადო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, ასევე იმ გაზომვებში, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:
ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;
ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის:
ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი;
ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი;
ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი;
გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;
დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე;
ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;
ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;
ზ) გაზის მრიცხველებისათვის:
ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Qmax£ 10მ3/სთ – 10 წელი;
ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით Qmax>10მ3/სთ – 4 წელი;
თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და ა. შ.) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი;
ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე;
კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი;
ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი;
მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი.“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საგადასახადო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემის ერთეულები.
5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში. ასეთი აღნიშვნები უფრო მცირე ზომის და ნაკლებად თვალსაჩინო უნდა იყოს, ვიდრე ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემის ერთეულებში გამოსახული აღნიშვნები.
6. მოთხოვნები დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით აგრეთვე დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საცალო და საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ სასწორებსა და საწონებზე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ ., მუხ .276
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2689 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.93
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
მუხლი 7. სახელმწიფო ეტალონი
1. სახელმწიფო ეტალონი უმაღლესი სიზუსტით აღწარმოებს და ინახავს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.
2. სახელმწიფო ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).
3. სახელმწიფო ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო ეტალონის გაუქმების თაობაზე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი III
გამზომი საშუალებების ბაზარზე გატანა
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 10. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებები (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან შემოტანილი საშუალებებისა) ექვემდებარება ტიპის დამტკიცებას, პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
2. განსაკუთრებული დანიშნულების ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალებები არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
3. ტიპის დამტკიცებასა და პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი. ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს პირველადი და პერიოდული დამოწმების სამუშაოები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული აკრედიტაციის მიხედვით. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის და გაუქმების მექანიზმებს.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტო ვალდებულია აღიაროს საზღვარგარეთ დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპისა და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს დამატებით დადასტურებას.
6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის რეესტრში რეგისტრირდება ასევე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ნაკლებია ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პერიოდზე. ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალია ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1907 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.217
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2689 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.93
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 11. ტიპის დამტკიცების ნიშანი
1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებებზე.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი უნდა დაიტანონ დაკანონებული გამზომი საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ნიშნები უნდა იყოს მკაფიო და არ იშლებოდეს.
4. აკრძალულია გაზომვის საშუალებებზე ისეთი ნიშნებისა და სიმბოლოების დატანა, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ტიპის დამტკიცების ეროვნულ ნიშნად.
5. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მისი დატანისადმი არსებული მოთხოვნები, უნდა დადგინდეს ტექნიკური რეგლამენტებით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 12. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება მოიცავს ექსპერტიზას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას და დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.
2. დაკანონებული გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმება ტარდება პირველადი დამოწმების შემდეგ, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით.
3. დაინტერესებული პირი ვალდებულია პერიოდული დამოწმების შესახებ განაცხადი წარუდგინოს სააგენტოს ან აკრედიტებულ პირს არსებული დამოწმების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ატარებს თავისი სამუშაო ადგილის გარეთ, ის უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.
4. სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გასცემს დამოწმების მოწმობას ან/და გაზომვის საშუალებაზე დაიტანს დამოწმების ნიშანს. გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.
5. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების დღიდან.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ:
ა) მისი მოქმედების ვადა გავიდა;
ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მახასიათებლებზე;
გ) გაზომვის საშუალება ისე დაზიანდა, რომ მან დამოწმებისას თუნდაც ერთი მახასიათებელი დაკარგა.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმების პროცედურები დგინდება ტექნიკური რეგლამენტებით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ ., მუხ .276
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2689 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.93
მუხლი 13. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები
1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები ტარდება გაზომვის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავის არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული მხარის ან სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით.
2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი დგინდება ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 14. დაფასოებული საქონელი
1. ნიშანდებული საქონლის დამფასოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფუთული საქონლის ფაქტიური რაოდენობის შესაბამისობა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელთან.
2. დაფასოებული საქონელი ექვემდებარება მეტროლოგიურ ზედამხედველობას მხოლოდ მისი სარეალიზაციო ქსელში განთავსების ეტაპიდან.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 15. სახელმწიფო რეესტრი
1. გაზომვის საშუალებათა ტიპები ექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.
2. რეესტრში რეგისტრირდება:
ა) სახელმწიფო ეროვნული ეტალონები;
ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპი;
გ) ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული სხვა მონაცემები.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრში არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება და საჯაროობა.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი IV
სახელმწიფო მეტროლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 16. მეტროლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტების თანახმად სახელმწიფო მეტროლოგიურ ზედამხედველობასა და კონტროლს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 17. ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციები
1. ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება:
ა) საქართველოში არსებულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებებზე;
ბ) დაფასოებული საქონლის ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
2. კონტროლი დაკანონებულ გამზომ საშუალებებზე ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ტექნიკური რეგლამენტების ან სხვა მოქმედი წესებისა და ნორმების დარღვევა, მაკონტროლებელი ორგანო მიმართავს სასამართლოს შესაბამისი სასარჩელო განცხადებით.
4. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია ამ კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასარჩელო განცხადებით მოითხოვოს დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოყენებისა და დაფასოებული საქონლის რეალიზაციის აკრძალვა, სახელმწიფოსადმი ზიანის მიყენების შემთხვევაში კი – ზიანის ანაზღაურებაც.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 18. შემოწმების ხარჯები
1. დაფასოებული საქონლის შემოწმების ხარჯები მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესყიდული ნიმუშების ღირებულების ჩათვლით, ეკისრება ტექნიკური რეგლამენტის ან სხვა ნორმების დამრღვევ პირს.
2. თუ შემოწმების შედეგად არ დადგინდა გაზომვის საშუალების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, შემმოწმებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი V
(ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი VI
(ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი VII
(ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 21. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 6 სექტემბერი.
№374-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
2. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1907 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.217
3. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2689 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.93
4. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
5. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
6. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.
7. ძალადაკარგულია – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6157 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
დოკუმენტის კომენტარები