„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2689
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 30/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.05.001.003.955
  • Word
2689
09/03/2010
სსმ, 14, 30/03/2010
300.180.000.05.001.003.955
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში  დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) პირველადი დამოწმება – გაზომვის საშუალების დამოწმება, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამოწმებული, მისი ექსპლუატაციაში პირველად გაშვებისას, ასევე შეკეთებული გაზომვის საშუალების დამოწმება შეკეთების შემდგომ ექსპლუატაციაში პირველად გაშვებისას;

ლ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს ექსპერტიზას და გაზომვის საშუალების ნიშანდებას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

მ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონებით (გაზომვის სტანდარტით) უზრუნველყოფილ სიდიდის მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) შორის და მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დაკანონებული გაზომვის საშუალებები

1. გაზომვის საშუალებისათვის დაკანონებული გაზომვის საშუალების სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტია მისი გამოყენების სფერო.

2. ამ კანონით დგინდება ამ მუხლში ჩამოთვლილი ის დაკანონებული გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საგადასახადო, საბაჟო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, ასევე იმ გაზომვებში, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:

ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;

ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის:

ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი;

ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი;

ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი;

გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;

დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე;

ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;

ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;

ზ) გაზის მრიცხველებისათვის:

ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Qmax £ 10მ3 /სთ – 10 წელი;

ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით Qmax >10მ3 /სთ – 4 წელი;

თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და ა. შ.) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი;

ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე;

კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი;

ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საგადასახადო, საბაჟო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემის ერთეულები.

5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში. ასეთი აღნიშვნები უფრო მცირე ზომის და ნაკლებად თვალსაჩინო უნდა იყოს, ვიდრე ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემის ერთეულებში გამოსახული აღნიშვნები.

6. მოთხოვნები დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით აგრეთვე დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.

7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საცალო და საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ სასწორებსა და საწონებზე.“.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის რეესტრში რეგისტრირდება ასევე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ნაკლებია ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პერიოდზე. ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალია ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდი.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება

1. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება მოიცავს ექსპერტიზას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას და დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.

2. დაკანონებული გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმება ტარდება პირველადი დამოწმების შემდეგ, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით.

3. დაინტერესებული პირი ვალდებულია პერიოდული დამოწმების შესახებ განაცხადი წარუდგინოს სააგენტოს ან აკრედიტებულ პირს არსებული დამოწმების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ატარებს თავისი სამუშაო ადგილის გარეთ, ის უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.

4. სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გასცემს დამოწმების მოწმობას ან/და გაზომვის საშუალებაზე დაიტანს დამოწმების ნიშანს. გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.

5. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების დღიდან.

6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ:

ა) მისი მოქმედების ვადა გავიდა;

ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მახასიათებლებზე;

გ) გაზომვის საშუალება ისე დაზიანდა, რომ მან დამოწმებისას თუნდაც ერთი მახასიათებელი დაკარგა.

7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმების პროცედურები დგინდება ტექნიკური რეგლამენტებით.“.

 

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამოწმებული გაზომვის საშუალების დამოწმების პერიოდი ძალაში რჩება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო გაზომვის საშუალების დამოწმების პერიოდის ამოწურვის შემდეგ გამოიყენება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდი.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

N 2689 – Iს