დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/09/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 22-23, 30/09/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.180.000.05.001.000.157 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (03/11/2009 - 09/03/2010)
საქართველოს კანონი
გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ
ეს კანონი, არასარწმუნო გაზომვების უარყოფითი შედეგებისაგან მოქალაქეთა უფლებების, კანონიერი ინტერესებისა და დადგენილი მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის სავალდებულობისა და უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებები
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობას და შესაბამისად არ რეგულირდება ამ კანონით.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;
ბ) ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემა – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდირებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ;
გ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და გააჩნია ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;
დ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;
ე) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების საბოლოო მოდელი;
ვ) გაზომვის ერთეულის ეტალონი (ეტალონი) – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია გაზომვის ერთეულის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის განსაზღვრისა და აღწარმოებისათვის;
ზ) დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის რაოდენობა აღნიშნულია შეფუთვაზე, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან მისი ხილული დაზიანების გარეშე;
თ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების თაობაზე ინფორმაცია, რომლითაც დგინდება აღწარმოებული გაზომვის ერთეულის მნიშვნელობის გაერთიანება მნიშვნელობების გადაცემის უწყვეტ ჯაჭვში გაზომვის ერთეულის ეტალონამდე;
ი) გაზომვის საშუალების ბაზარზე გატანა – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1907 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.217
მუხლი 2. ურთიერთობა გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროში
ურთიერთობა გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 3. საერთაშორისო ხელშეკრულებები
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ წესებს, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულების წესებს.
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი II
დაკანონებული გაზომვის საშუალებები
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 6. დაკანონებული გაზომვის საშუალებები
1. გაზომვის საშუალებისათვის დაკანონებული გაზომვის საშუალების სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტია მისი გამოყენების სფერო. ეს სფეროებია:
ა) მომსახურების მიზნით განხორციელებული გაზომვები, რომელიც ეხება სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვას;
ბ) პროდუქციის კომერციული მიზნით დაფასოება;
გ) ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული გაზომვები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საერთაშორისო SI სისტემის ერთეულები.
3. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო SI სისტემისაგან განსხვავებული დამატებითი აღნიშვნები სხვა ერთეულებში. ასეთი აღნიშვნები უფრო მცირე და ნაკლებ თვალსაჩინო უნდა იყოს, ვიდრე დაკანონებულ ერთეულებში გამოსახული აღნიშვნები.
4. მოთხოვნები დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით აგრეთვე დგინდება, დაკანონებული გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 7. სახელმწიფო ეტალონი
1. სახელმწიფო ეტალონი უმაღლესი სიზუსტით აღწარმოებს და ინახავს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.
2. სახელმწიფო ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).
3. სახელმწიფო ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო ეტალონის გაუქმების თაობაზე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი III
გამზომი საშუალებების ბაზარზე გატანა
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 10. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებები (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან შემოტანილი საშუალებებისა) ექვემდებარება ტიპის დამტკიცებას, პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
2. განსაკუთრებული დანიშნულების ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალებები არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
3. ტიპის დამტკიცებასა და პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი. ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს პირველადი და პერიოდული დამოწმების სამუშაოები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული აკრედიტაციის მიხედვით. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის და გაუქმების მექანიზმებს.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტო ვალდებულია აღიაროს საზღვარგარეთ დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს რაიმე დამატებით დადასტურებას.
6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1907 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.217
მუხლი 11. ტიპის დამტკიცების ნიშანი
1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებებზე.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი უნდა დაიტანონ დაკანონებული გამზომი საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ნიშნები უნდა იყოს მკაფიო და არ იშლებოდეს.
4. აკრძალულია გაზომვის საშუალებებზე ისეთი ნიშნებისა და სიმბოლოების დატანა, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ტიპის დამტკიცების ეროვნულ ნიშნად.
5. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მისი დატანისადმი არსებული მოთხოვნები, უნდა დადგინდეს ტექნიკური რეგლამენტებით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 12. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება მოიცავს ექსპერტიზას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას და დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.
2. პირველადი დამოწმება უტარდება ახალ ან შეკეთებულ გაზომვის საშუალებას.
3. პერიოდული დამოწმება უტარდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებას პირველადი დამოწმების შემდეგ ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პერიოდულობით.
4. დაინტერესებული პირი ვალდებულია განაცხადი პერიოდულ დამოწმებაზე წარადგინოს სააგენტოში ან დამოწმებაზე აკრედიტებულ პირთან არსებული დამოწმების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე. იმ შემთხვევაში, როდესაც სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ახორციელებს მათი სამუშაო ადგილის გარეთ, ისინი უფლებამოსილნი არიან განმცხადებელს მოსთხოვონ გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.
5. სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გასცემს დამოწმების მოწმობას ან/და დაიტანს გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშანს. ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების დღიდან.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ:
ა) მოქმედების ვადა ამოიწურა;
ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რაც ზეგავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მაჩვენებლებზე;
გ) გაზომვის საშუალება დაზიანდა ისე, რომ მან დაკარგა დამოწმებისას თუნდაც ერთი მახასიათებელი.
8. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმების პროცედურები და მოქმედების ვადა დგინდება ტექნიკური რეგლამენტებით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 13. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები
1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები ტარდება გაზომვის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავის არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული მხარის ან სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით.
2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი დგინდება ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 14. დაფასოებული საქონელი
1. ნიშანდებული საქონლის დამფასოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფუთული საქონლის ფაქტიური რაოდენობის შესაბამისობა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელთან.
2. დაფასოებული საქონელი ექვემდებარება მეტროლოგიურ ზედამხედველობას მხოლოდ მისი სარეალიზაციო ქსელში განთავსების ეტაპიდან.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 15. სახელმწიფო რეესტრი
1. გაზომვის საშუალებათა ტიპები ექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.
2. რეესტრში რეგისტრირდება:
ა) სახელმწიფო ეროვნული ეტალონები;
ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპი;
გ) ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული სხვა მონაცემები.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრში არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება და საჯაროობა.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი IV
სახელმწიფო მეტროლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 16. მეტროლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტების თანახმად სახელმწიფო მეტროლოგიურ ზედამხედველობასა და კონტროლს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 17. ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციები
1. ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება:
ა) საქართველოში არსებულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებებზე;
ბ) დაფასოებული საქონლის ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
2. კონტროლი დაკანონებულ გამზომ საშუალებებზე ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ტექნიკური რეგლამენტების ან სხვა მოქმედი წესებისა და ნორმების დარღვევა, მაკონტროლებელი ორგანო მიმართავს სასამართლოს შესაბამისი სასარჩელო განცხადებით.
4. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია ამ კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასარჩელო განცხადებით მოითხოვოს დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოყენებისა და დაფასოებული საქონლის რეალიზაციის აკრძალვა, სახელმწიფოსადმი ზიანის მიყენების შემთხვევაში კი – ზიანის ანაზღაურებაც.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 18. შემოწმების ხარჯები
1. დაფასოებული საქონლის შემოწმების ხარჯები მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესყიდული ნიმუშების ღირებულების ჩათვლით, ეკისრება ტექნიკური რეგლამენტის ან სხვა ნორმების დამრღვევ პირს.
2. თუ შემოწმების შედეგად არ დადგინდა გაზომვის საშუალების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, შემმოწმებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი V .
(ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი VI.
(ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
თავი VII.
(ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 21. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 6 სექტემბერი.
№374–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1788 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.276
2. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1907 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.217
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები