დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1907 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.180.000.05.001.003.667 |
საქართველოს კანონი
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობას და შესაბამისად არ რეგულირდება ამ კანონით.“.
2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს რაიმე დამატებით დადასტურებას.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი
N 1907 – IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები