საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018772
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
386
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
130000000.10.003.018772
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/07/2015 - 20/08/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2015 წლის 30 ივლისი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  თანდართული წესი. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  წესი

მუხლი 1

1.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესი აწესრიგებს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  (შემდგომში – სამსახური)  მოხელეთა, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეთა, აგრეთვე შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა (შემდგომში − მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.

2. ამ წესის გარდა,  მოსამსახურის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. სამსახურის უფროსს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდგომში − სამართლებრივი აქტი) მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

 

მუხლი 2

1. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო − ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები.

2. სამსახურის მოხელეს, დამხმარე მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო),  სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე,  სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი და სხვა დანამატები და კომპენსაციები.

3. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებასა და სხვა ფულად გასაცემელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე. შტატგარეშე მოსამსახურეს შესაძლებელია მიეცეს სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი.

4. სამსახურის მოხელის, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის − სამუშაო დღეების მიხედვით.

5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.

6. მოსამსახურეს, წახალისების სახით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და ფასიანი საჩუქარი.

 

მუხლი 3

1. მოსამსახურის სასურსათო და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმებს (სახეობა, ზომის ერთეული, რაოდენობა,  ტარების ნორმა და ა.შ.) ამტკიცებს სამსახურის უფროსი სამართლებრივი აქტით.

2. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დაწესდეს მოსამსახურეთათვის კვებითი უზრუნველყოფის საბარათე სისტემა, რომლის მიხედვით, სასურსათო ბარათით მოსარგებლე პირი გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავად განსაზღვრავს სასურსათო ულუფას. 

3. სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კომისიური წესით, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისათვის საჭირო  სასურსათო კალათის გათვალისწინებით.

4. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების უზრუნველყოფის პერიოდში) სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს და სამსახურის  მოხელეს უნარჩუნდებათ სასურსათო ულუფა.

 

მუხლი 4. სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების (ძაღლი) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი სამართლებრივი აქტით. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების მოვლა-შენახვას საკუთარ სახლში, ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობასაც, ცხოველის შენახვისათვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი  სამართლებრივი აქტით. 

 

მუხლი 5. მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

 

მუხლი 6. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საწვავითა და სასაუბრო დროის ლიმიტებით (საჭიროების შემთხვევაში, ბარათებით),  სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 

 

მუხლი 7. მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს სამსახური, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  

 

მუხლი 8. სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის ოდენობას, გაცემისა და ჩამოწერის წესს სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

 

მუხლი 9. სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.  

 

მუხლი 10

1. მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სამსახურის უფროსის  ან საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით, ყოველთვიური კომპენსაციის სახით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს:

      

ა) ქ. თბილისში: 

 

 

ოჯახის გარეშე

-

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

 -

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

 -

180 ლარი

   ბ) სხვა ქალაქებში: 

 

 

ოჯახის გარეშე

 -

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

 -

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

 -

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში: 

 

 

ოჯახის გარეშე

 -

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

     -

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

 -

 80 ლარი.

 

2. კომპენსაცია გაიცემა ქირავნობისა (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

3. თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სამსახური, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სამსახურსა და გამქირავებელს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

 მუხლი 11. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს (დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის გარდა) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) არაუმეტეს ორი თვისა.

 

მუხლი 12. მოსამსახურეს აღნიშნული მიზნებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯზე აქვს პროფესიული განათლების მიღების, სპეციალურ სასწავლებლებში შესვლის, მომზადების, გადამზადებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.

 

მუხლი 13. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამსახურში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. აღნიშნულ პირს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, სამსახურის უფროსის  მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებითა და ფორმის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამსახური (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით − შესაბამისი უწყება. 

 

მუხლი 14

1. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ოდენობით.

2. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს, რომელსაც ეძლევა ფულადი სარგო სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია/კომპენსაცია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.

 

მუხლი 15

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა,  მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის  ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პრევენციული ღონისძიებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობის, დამნაშავეობასთან ბრძოლის ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის  სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად  გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის  სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს დამატებითი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

5. მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის  სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა)  მძიმე დაზიანებისას 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ)  ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

6. დაღუპულ (გარდაცვლილ) მოსამსახურეზე  ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (ფულადი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.  

 

მუხლი 16. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს პირის სამსახურის სისტემაში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. თუ სამსახური ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა სამსახურის უფროსის   სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 17. ამ წესით  გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.