ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ

  • Word
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 683
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.090.000.05.001.000.100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
683
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995
470.090.000.05.001.000.100
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1999 - 13/07/2000)

საქართველოს კანონი

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლის ძირითად პრინციპებს, მოქალაქეთა აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის საკითხებს და სამართლებრივ რეჟიმს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს, მათი სოციალური დაცვის საკითხებს.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი/შიდსი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფექცია. ცნება. გავრცელება. პრობლემის მნიშვნელობა

1. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი/შიდსი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების კლინიკური ნიშნები.

2. აივ ინფექცია/შიდსი თავისი გავრცელების ხასიათით, მიმდინარეობით და შედეგებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვს განეკუთვნება. აივ ინფექციის/შიდსის პანდემიამ უდიდესი საფრთხე შეუქმნა მთელ კაცობრიობას და რთული პრობლემების წინაშე დააყენა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო სისტემა. აივ ინფექციასთან/შიდსთან წარმატებით ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობათა და ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა ერთობლივი ძალისხმევით.

3. საქართველოს ესმის აივ ინფექციის/შიდსის პრობლემის მნიშვნელობა და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას კისრულობს აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის განხორციელებისათვის.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

თავი II

აივ ინფექციის/შიდსის საწინააღმდეგო სამსახური

    მუხლი 2. შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია. შიდსთან ბრძოლისა და პრფილაქტიკის ეროვნული პროგრამა. აივ ინფექციის/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური

1. საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ხელმძღვანელობს შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია. მას ქმნის საქართველოს პრეზიდენტი. კომისიას ევალება საქართველოში აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლის საკითხებში სხვადასხვა სამინისტროს, უწყებისა და სამსახურის საქმიანობის კოორდინირება და უფლებამოსილია გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია მოქმედებს დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო კონკრეტული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტი ჯანმრთელობის დაცვის მსროფლიო ორგანიზაციის შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის გლობალური პროგრამის რეკომენდაციების საფუძველზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეროვნულ თავისებურებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის შესრულებაში მონაწილეობენ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სხვა დაინტერესებული სამინისტროები, უწყებები, ფირმა, ასოციაცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. პროგრამა ფინანსდება სახელიწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების, კომერციული სტრუქტურებისა და ცალკეული პირების მიერ შემოწირული თანხების ხარჯზე.

3. აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო სამედიცინო ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროაივ ინფექციის/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

თავი III

მოქალაქეთა გამოკვლევა აივ ინფექციაზე/შიდსზე

    მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ მოქალაქეთა გამოკვლევა აივ ინფექციაზე/შიდსზე

1. საქართველო მოქალაქეებს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ყველა პირს, მათ შორის უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს უზრუნველყოფილი აქვთ აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო გამოკვლევის უფლება, მათ შორის _ ანონიმურად.

2. აივ ინფექციაზე/შიდსზე მოქალაქეებს იკვლევს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აივ ინფექციის/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური.

3. აივ ინფექციაზე/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევა ნებაყოფლობითია.

4. აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა სისხლის, ორგანოების და სპერმის დონორთათვის.

5. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აივ ინფექციაზე/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევის საჭიროება განისაზღვრება აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმების წესით, რომელთაც შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით.

6. აივ ინფიცირების/შიდსის გამოსავლენად სამედიცინო შემოწმების წესების დაცვა სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქის, მათ შორის უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა სამინისტროს, უწყების, ორგანიზაციისა და დაწესებულებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო ფირმების, ასოციაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, უცხოური და ერთობლივი საწარმოებისთვის, განურჩევლად დაქვემდებარებისა და უფლებრივი მდგომარეობისა.

7. აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმების წესების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

    მუხლი 4. აივ ინფექციაზე/შიდსზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ მოქალაქეთა გამოკვლევა

1. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ერთ თვეზე მეტი ხნით ჩამოდიან (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა დიპლომატი თანამშრომლებისა და სხვა პირთა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატის პრვილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობენ), ვალდებული არიან თან იქონიონ აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო სერტიფკატის არქონის შემთხვევაში გაიარონ სამედიცინო შემოწმება აივ ინფექციაზე/შიდსზე დადგენილი წესით.

2. უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა დიპლომატი თანამშრომლები და სხვა პირნი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატის პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობენ, შეიძლება აივ ინფიცირებაზე/შიდსზე შემოწმდნენ მხოლოდ მათი თანხმობით. ასეთი პირებისთვის შემოწმების შეთავაზების წინადადებას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წინასწარ უთანხმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

3. სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობათშორისო, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლების, აგრეთვე სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების ხაზით აკრედიტებული უცხოელი წარმომადგენლების აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმების შესაძლებლობის საკითხი წყდება ამ სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობით საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებების და კონვენციების, ორმხრივი შეთანხმების და პრაქტიკის საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

    მუხლი 5. მოქალაქეთა აივ ინფექციაზე/შიდსზე სამედიცინო გამოკვლევის ხარჯები

1. საზღვარგარეთიდან ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვის, აგრეთვე საზღვარგარეთ წამსვლელი და საზღვარგარეთ მივლინებიდან ან მოგზაურობიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევა ფასიანია. გადამხდელი შეიძლება იყოს გამოსაკვლევი პირი, ასევე ცალკეული უწყება, ორგანიზაცია, დაწესებულება, ფირმა და ა.შ.

2. საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქის, მათ შორის უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (საზღვარგარეთ წამსვლელთა და საზღვარგარეთ მივლინებიდან ან მოგზაურობიდან ჩამოსულთა გარდა) აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევის ხარჯების დაფარვა ხდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია ჩაიტაროს აივ ინფექციაზე/შიდსზე ფასიანი სამენდიცინო გამოკვლევა.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

თავი IV

აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა გამოკვლევა, მკურნალობა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობა

    მუხლი 6. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა პროფილაქტიკური მეთვალყურეობა

1. პირებს, რომლებმაც ამ კანონით დადგენილი წესით გაიარეს შემოწმება აივ ინფექციაზე/შიდსზე, მათი აივ დაავადების შესახებ მონაცემების მიღებისას, ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებანი წერილობითი ფორმით ატყობინებენ, რომ საჭიროა დაიცვან ამ დაავადების გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებანი. აივ დაავადებული პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო აღნიშნულ წესებს. თუ აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მცირეწლოვნობის, ფსიქიკური მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამო პირადად ვერ მოეთხოვება აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებათა განუხრელი დაცვა, მაშინ წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს მის მეურვეს ან პირს, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის მოქმედებისათვის.

2. საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქე, მათ შორის უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, მათი აივ დაავადების გამოვლენისას, ასევე მათთან კონტაქტში მყოფი პირები ექვემდებარებიან პროფილაქტიკურ მეთვალყურეობას.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

    მუხლი 7. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა გამოკვლევა, მკურნალობა და დისპანსერული მეთვალყურეობა

1. აივ ინფიცირებულთ/შიდსით დაავადებულთ კლინიკურად და ლაბორატორიულად იკვლევს, მკურნალობს და დისპანსერულ მეთვალყურეობას უწევს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აივ/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური.

2. აღნიშნულ პირთა გამოკვლევის, მკურნალობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად.

3. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის, მკურნალობისა და დისპანსერული მეთვალყურეობის ხარჯების დაფარვა ხდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

თავი V

აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა უფლებები, სოციალური დაცვა, მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

    მუხლი 8. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა სამედიცინო დახმარების და სოციალური დაცვის უფლება

1. საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ყველა მოქალაქეს, მათ შორის უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აივ დაავადების შემთხვევაში აქვთ სამედიცინო და სოციალური დახმარების უფლება.

2. აივ დაავადებული პირები უზრუნველყოფილი არიან უფასო მგზავრობით მკურნალობის ადგილამდე და უკან, აგრეთვე ამბულატორიულ პირობებში სამკურნალოდ საჭირო წამლების უფასოდ მიღებით, მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს უფლება აქვთ იმყოფებოდნენ სტაციონარებში მცირეწლოვან შვილებთან (14 წლამდე ასაკისა) ერთად. ისინი თავისუფლდებიან სამუშაოდან სტაციონარში ყოფნის პერიოდში და მიეცემათ დროებითი შრომიუუნარობის შემწეობა.

3. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ვირუსი შეეყარათ სამედიცინო მანიპულაციების შესრულების შედეგად, პენსია ენიშნებათ საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

4. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ შრომითი მოწყობის უფლება გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს თვით მისი ან მასთან კონტაქტში მყოფი პირების კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის აივ დაავადების საფრთხე. სპეციალობათა ნუსხას ამტკიცებს შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია სათანადო უწყებათა მონაწილეობით.

5. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ სპორტულ ვარჯიშსა და შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება გარდა კონტაქტური და სათამაშო სახეობებისა, სადაც არსებობს კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის აივ დაავადების საფრთხე, სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა ნუსხას ამტკიცებს შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია სათანადო უწყებათა მონაწილეობით.

6. აივ დაავადებულ პირთა აღნიშნული დაავადების გამო სამუშაოდან დათხოვნა ან სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა (გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის აივ დაავადების საფრთხე) იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

7. დაუშვებელია აივ დაავადებული პირებისთვის აღნიშნული დაავადების გამო სამკურნალო, სასწავლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებში მიღებაზე უარის თქმა.

8. დაუშვებელია აივ დაავადებულ პირთა ნებისმიერი სხვა უფლებების შელახვა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ ისინი ვირუსმატარებლები ან შიდსით დაავადებულნი არიან. ასევე დაუშვებელია აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის ახლობელ-ნათესავების საბინაო და სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

    მუხლი 9. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მოვალეობანი და პასუხისმგებლობა აივ ინფექციის/შიდსის გავრცელებისათვის

1. აივ დაავადებული პირი ვალდებულია დაიცვას ამ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებანი.

2. აივ დაავადებული ყველა პირი სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია გააფრთხილოს სამედიცინო დაწესებულება ან ცალკეული მედიცინის მუშაკი, რომ იგი ინფიცირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით.

3. აივ დაავადებული ყველა პირი ისეთი საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობისას, სადაც რეალურად არსებობს კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის აივ დაავადების საფრთხე, ვალდებულია გააფრთხილოს მომსახურე პერსონალი, რომ იგი ინფიცირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით.

4. მეორე პირისთვის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შეყრის საფრთხის განზრახ შექმნა ან მეორე პირისათვის ამ ვირუსის შეყრა იმ პირის მიერ, რომელმაც იცის, რომ მას ეს სენი სჭირს, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

უცხო ქვეყნის აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი წყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

თავი VI

მედიცინის მუშაკთა უფლებები, სოციალური დაცვა, მოვალეობანი, პასუხისმგებლობა

    მუხლი 11. მედიცინის მუშაკთა უფლებები, მათი სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფექციის/შიდსის საკითხებზე დასაქმებულ მედიცინის მუშაკთა სოციალურ დაცვას.

2. აივ ინფექციაზე/შიდსზე დასაქმებულ მედიცინის მუშაკებზე ვრცელდება ის შეღავათი და წახალისების ფორმა (ხელფასის დანამატი და სხვა), რომლებიც გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალისთვის საქართველოში მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტით.

3. აივ ინფექციაზე/შიდსზე დასაქმებული მედიცინის მუშაკები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აივ დაავადების, აგრეთვე ამ მიზეზით მათი ინვალიდობის ან სიკვდილის შემთხვევისათვის.

4. აივ ინფექციაზე/შიდსზე დასაქმებული მედიცინის მუშაკთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აივ დაავადება განეკუთვნება პროფესიულ დაავადებას. მათ უდგინდებათ შეღავათიანი პირობებით საპენსიო უზრუნველყოფა და სხვა შეღავათები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

    მუხლი 12. მედიცინის მუშაკთა მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

1. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებები, მედიცინის ყველა მუშაკი ვალდებულია აივ დაავადებულებს გაუწიონ სამედიცინო დახმარება.

2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებები, მედიცინის მუშაკები ვალდებული არიან აივ ინფექციაზე/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევისას, აგრეთვე სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების დროს ზუსტად დაიცვან აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ეპიდრეჟიმის მოთხოვნები და უზრუნველყონ როგორც პაციენტთა, ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება.

3. მედიცინის მუშაკები და სხვა პირნი, რომლებმაც დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას შეიტყვეს მოქალაქეთა აივ ინფიცირებაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმების მონაცემები და მათი შედეგები, ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ეს მონაცემები.

4. მედიცინის მუშაკები და სხვა პირნი, რომლებიც ჯეროვნად არ შეასრულებენ აივ დაავადებულთა მიმართ პროფესიულ მოვალეობას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამედიცინო ან სხვა სახის მანიპულაციების ჩატარებისას აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიბათა შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. აივ ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევის დამადასტურებელი ცნობებისა და სერიფიკატების გაცემის უფლება აქვთ მხოლოდ აივ/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახურის დაწესებულებებს. ყალბი ცნობებისა და სერიფიკატების გაცემა ან გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე _

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 21 მარტი

№683_IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239