„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 585
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 01/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.090.000.05.001.000.835
  • Word
585
08/11/2000
სსმ, 43, 01/12/2000
470.090.000.05.001.000.835
„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №№23–26, 1994–1995, მუხ. 557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და მთელ ტექსტში სიტყვები „ინფექციაზე/შიდსზე“, „ინფექციის/შიდსის“, „შიდსის ეროვნული სამთავრობო კომისია“, „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „ინფექცია/შიდსზე“, „ინფექცია/შიდსის“, „შიდსის სამთავრობო კომისია“, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის იურიდიულ სამსახურში ფუნქციონირებს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უფლებების დამცავი სექტორი.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-5–7 პუნქტები შესაბამისად გადაინომროს მე-6–8 პუნქტებად, ხოლო მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გადაუდებელ შემთხვევებში, ადამიანის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის დროს, სამედიცინო ჩარევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აივ ინფექცია/შიდსზე შეუმოწმებელი სისხლი ან მისი პროდუქტები, აგრეთვე ცოცხალი პირისაგან აღებული ორგანო ან ქსოვილი. სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო კომისია. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, რომელიც განხორციელდა რეციპიენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობით, პაციენტს უტარდება სისხლის სასწრაფო შემოწმება აივ ინფექცია/შიდსზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აივ ინფექცია/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევის საჭიროება განისაზღვრება სამედიცინო შემოწმების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აივ ინფექცია/შიდსზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეთა გამოკვლევა

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ გაიარონ აივ ინფექცია/შიდსზე სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 8. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დაცვის უფლება

1. საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აივ ინფექცია/შიდსით დაავადების შემთხვევაში აქვთ სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დაცვის უფლება.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირების უფასო დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და დისპანსერულ მეთვალყურეობას სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში.

3. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროგნოზისა და მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სხვა პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია. კონფიდენციალობა დაცული უნდა იქნეს აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის სიკვდილის შემდეგაც, თუ არსებობს მისი წერილობითი თანხმობა ამის თაობაზე.

4. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის მიერ წერილობითი თანხმობისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ვირუსი შეეყარათ სამედიცინო მანიპულაციების შესრულებისას, ენიშნებათ პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ეპიდზედამხედველობის, პერიოდული გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირები სარგებლობენ საქალაქთაშორისო სახელმწიფო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისამდე და პირიქით, წელიწადში ოთხჯერ. სატრანსპორტო ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

7. მშობლებს, მეურვეს ან მზრუნველს უფლება აქვთ იმყოფებოდნენ სტაციონარში არასრულწლოვან აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ შვილებთან (14 წლამდე ასაკის) ერთად. სტაციონარში ყოფნის პერიოდში მშობლები, მეურვე ან მზრუნველი თავისუფლდებიან სამუშაოდან და მათ მიეცემათ დროებითი შრომისუუნარობის შემწეობა.

8. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის თითოეულ არასრულწლოვანს მიეცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობით, რომელიც ფინანსდება სოციალური დახმარების პროგრამით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

9. უმუშევარ აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს მიეცემათ ყოველთვიური ფულადი დახმარება ორმაგი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რომლის დაფინანსება ხორციელდება სოციალური დახმარების პროგრამით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

10. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ შრომითი მოწყობის უფლება, გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს თვით მისი ან მასთან კონტაქტში მყოფი პირის კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის ინფიცირების საფრთხე. სპეციალობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სათანადო უწყებებთან ერთად.

11. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ სპორტულ ვარჯიშსა და შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება, გარდა კონტაქტური და სათამაშო სახეობებისა, სადაც არსებობს კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის აივ ინფიცირების საფრთხე. სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

12. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირების აღნიშნული დაავადების გამო სამუშაოდან დათხოვნა ან სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა (გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს თვით ინფიცირებულის ან მასთან კონტაქტში მყოფი პირის აივ ინფიცირების საფრთხე) იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. აკრძალულია აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირებისათვის აღნიშნული დაავადების გამო სამკურნალო, სასწავლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებში მიღებაზე უარის თქმა.

14. აკრძალულია აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირთა სხვა უფლებების შელახვა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი არიან ვირუსმატარებლები ან შიდსით დაავადებულნი. აგრეთვე აკრძალულია აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის ახლობელ-ნათესავების საბინაო და სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა.

15. აივ ინფიცირების ფაქტი არ უნდა ახდენდეს გავლენას შვილების აღზრდის, მეურვეობის, შვილად აყვანის, გაშვილების, განქორწინებისა და ქონების გაყოფის საკითხების გადაჭრის დროს.

16. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ საქართველოს ფარგლებში თავისუფალი გადაადგილების, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის, დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაციით უზრუნველყოფის უფლება. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირი სარგებლობს ოჯახის შექმნის უფლებით, თუ მომავალი მეუღლე ინფორმირებულია მისი ინფიცირების შესახებ.

17. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირები უფლებამოსილნი არიან ჩაიტარონ ან უარი თქვან ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, აგრეთვე თავისი შეხედულებისამებრ შეცვალონ ადრე მიღებული გადაწყვეტილება.

18. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული ქალები უზრუნველყოფილნი არიან რეპროდუქციული და სექსუალური უფლებებით.

19. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს გააჩნიათ ისეთივე უფლება-მოვალეობანი, როგორც არაინფიცირებულებს. მათ აგრეთვე უფლება აქვთ მიიღონ:

ა) სამედიცინო დახმარება;

ბ) აივ ინფექცია/შიდსზე სრული და დროული ინფორმაცია;

გ) გადაწყვეტილება აივ ინფექცია/შიდსზე კონფიდენციალობის შესახებ;

დ) აივ ინფექციისაგან თავდაცვის საშუალებები.

20. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირებისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ორგანიზებული უნდა იყოს სათანადო სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება.

21. აივ ინფექცია/შიდსი შედის იმ დაავადებათა ნუსხაში, რომელთა განსაზღვრული სტადია საფუძველს იძლევა სასამართლოში მასალების წარდგენისათვის, რათა გადაწყდეს თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პატიმართა ვადამდელი გათავისუფლების ან/და სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის საკითხები. მასალებს დაავადების სტადიის დადგენისათვის განიხილავს შესაბამისი სამედიცინო კომისია.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 8 ნოემბერი.

№585_Iს