ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ

  • Word
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 683
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.090.000.05.001.000.100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
683
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995
470.090.000.05.001.000.100
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლის ძირითად პრინციპებს, მოქალაქეთა აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის საკითხებს და სამართლებრივ რეჟიმს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს, მათი სოციალური დაცვის საკითხებს.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი/შიდსი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფექცია. ცნება. გავრცელება. პრობლემის მნიშვნელობა

1. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი/შიდსი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის განვითარების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების კლინიკური ნიშნები.

2. აივ ინფექცია/შიდსი თავისი გავრცელების ხასიათით, მიმდინარეობით და შედეგებით განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვს განეკუთვნება. აივ ინფექცია/შიდსის პანდემიამ უდიდესი საფრთხე შეუქმნა მთელ კაცობრიობას და რთული პრობლემების წინაშე დააყენა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო სისტემა. აივ ინფექციასთან/შიდსთან წარმატებით ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობათა და ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა ერთობლივი ძალისხმევით.

3. საქართველოს ესმის აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის მნიშვნელობა და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას კისრულობს აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის განხორციელებისათვის.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

თავი II

აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო სამსახური

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 2. შიდსის სამთავრობო კომისია. შიდსთან ბრძოლისა და პრფილაქტიკის ეროვნული პროგრამა. აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური

1. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ხელმძღვანელობს შიდსის სამთავრობო კომისია. მას ქმნის საქართველოს პრეზიდენტი. კომისიას ევალება საქართველოში აივ ინფექციასთან/შიდსთან ბრძოლის საკითხებში სხვადასხვა სამინისტროს, უწყებისა და სამსახურის საქმიანობის კოორდინირება და უფლებამოსილია გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შიდსის სამთავრობო კომისია მოქმედებს დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო კონკრეტული ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტი ჯანმრთელობის დაცვის მსროფლიო ორგანიზაციის შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის გლობალური პროგრამის რეკომენდაციების საფუძველზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეროვნულ თავისებურებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის შესრულებაში მონაწილეობენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სხვა დაინტერესებული სამინისტროები, უწყებები, ფირმა, ასოციაცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. პროგრამა ფინანსდება სახელიწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების, კომერციული სტრუქტურებისა და ცალკეული პირების მიერ შემოწირული თანხების ხარჯზე.

3. აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო სამედიცინო ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნისტროს აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის იურიდიულ სამსახურში ფუნქციონირებს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უფლებების დამცავი სექტორი.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

თავი III

მოქალაქეთა გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზე

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ მოქალაქეთა გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზე

1. საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ყველა პირს, მათ შორის უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს უზრუნველყოფილი აქვთ აივ ინფექცია/შიდსზე სამედიცინო გამოკვლევის უფლება, მათ შორის _ ანონიმურად.

2. აივ ინფექცია/შიდსზე მოქალაქეებს იკვლევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური.

3. აივ ინფექცია/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევა ნებაყოფლობითია.

4. აივ ინფექცია/შიდსზე სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა სისხლის, ორგანოების და სპერმის დონორთათვის.

5. გადაუდებელ შემთხვევებში, ადამიანის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის დროს, სამედიცინო ჩარევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აივ ინფექცია/შიდსზე შეუმოწმებელი სისხლი ან მისი პროდუქტები, აგრეთვე ცოცხალი პირისაგან აღებული ორგანო ან ქსოვილი. სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო კომისია. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, რომელიც განხორციელდა რეციპიენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობით, პაციენტს უტარდება სისხლის სასწრაფო შემოწმება აივ ინფექცია/შიდსზე.

6. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აივ ინფექცია/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევის საჭიროება განისაზღვრება სამედიცინო შემოწმების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

7. აივ ინფიცირების/შიდსის გამოსავლენად სამედიცინო შემოწმების წესების დაცვა სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქის, მათ შორის უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა სამინისტროს, უწყების, ორგანიზაციისა და დაწესებულებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო ფირმების, ასოციაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, უცხოური და ერთობლივი საწარმოებისთვის, განურჩევლად დაქვემდებარებისა და უფლებრივი მდგომარეობისა.

8. აივ ინფექცია/შიდსზე სამედიცინო შემოწმების წესების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 4. აივ ინფექცია/შიდსზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეთა გამოკვლევა

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ გაიარონ აივ ინფექცია/შიდსზე სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 5. მოქალაქეთა აივ ინფექცია/შიდსზე სამედიცინო გამოკვლევის ხარჯები

1. საზღვარგარეთიდან ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვის, აგრეთვე საზღვარგარეთ წამსვლელი და საზღვარგარეთ მივლინებიდან ან მოგზაურობიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევა ფასიანია. გადამხდელი შეიძლება იყოს გამოსაკვლევი პირი, ასევე ცალკეული უწყება, ორგანიზაცია, დაწესებულება, ფირმა და ა.შ.

2. საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქის, მათ შორის უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (საზღვარგარეთ წამსვლელთა და საზღვარგარეთ მივლინებიდან ან მოგზაურობიდან ჩამოსულთა გარდა) აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევის ხარჯების დაფარვა ხდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია ჩაიტაროს აივ ინფექცია/შიდსზე ფასიანი სამენდიცინო გამოკვლევა.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

თავი IV

აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა გამოკვლევა, მკურნალობა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობა

    მუხლი 6. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა პროფილაქტიკური მეთვალყურეობა

1. პირებს, რომლებმაც ამ კანონით დადგენილი წესით გაიარეს შემოწმება აივ ინფექცია/შიდსზე, მათი აივ დაავადების შესახებ მონაცემების მიღებისას, ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებანი წერილობითი ფორმით ატყობინებენ, რომ საჭიროა დაიცვან ამ დაავადების გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებანი. აივ დაავადებული პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო აღნიშნულ წესებს. თუ აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მცირეწლოვნობის, ფსიქიკური მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამო პირადად ვერ მოეთხოვება აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებათა განუხრელი დაცვა, მაშინ წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს მის მეურვეს ან პირს, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის მოქმედებისათვის.

2. საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრები ან მყოფი ყველა მოქალაქე, მათ შორის უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, მათი აივ დაავადების გამოვლენისას, ასევე მათთან კონტაქტში მყოფი პირები ექვემდებარებიან პროფილაქტიკურ მეთვალყურეობას.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 7. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა გამოკვლევა, მკურნალობა და დისპანსერული მეთვალყურეობა

1. აივ ინფიცირებულთ/შიდსით დაავადებულთ კლინიკურად და ლაბორატორიულად იკვლევს, მკურნალობს და დისპანსერულ მეთვალყურეობას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აივ/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახური.

2. აღნიშნულ პირთა გამოკვლევის, მკურნალობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად.

3. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის, მკურნალობისა და დისპანსერული მეთვალყურეობის ხარჯების დაფარვა ხდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

თავი V

აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა უფლებები, სოციალური დაცვა, მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

    მუხლი 8. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დაცვის უფლება

1. საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აივ ინფექცია/შიდსით დაავადების შემთხვევაში აქვთ სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დაცვის უფლება.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირების უფასო დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და დისპანსერულ მეთვალყურეობას სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში.

3. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროგნოზისა და მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სხვა პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია. კონფიდენციალობა დაცული უნდა იქნეს აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის სიკვდილის შემდეგაც, თუ არსებობს მისი წერილობითი თანხმობა ამის თაობაზე.

4. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის მიერ წერილობითი თანხმობისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ვირუსი შეეყარათ სამედიცინო მანიპულაციების შესრულებისას, ენიშნებათ პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ეპიდზედამხედველობის, პერიოდული გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირები სარგებლობენ საქალაქთაშორისო სახელმწიფო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისამდე და პირიქით, წელიწადში ოთხჯერ. სატრანსპორტო ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

7. მშობლებს, მეურვეს ან მზრუნველს უფლება აქვთ იმყოფებოდნენ სტაციონარში არასრულწლოვან აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ შვილებთან (14 წლამდე ასაკის) ერთად. სტაციონარში ყოფნის პერიოდში მშობლები, მეურვე ან მზრუნველი თავისუფლდებიან სამუშაოდან და მათ მიეცემათ დროებითი შრომისუუნარობის შემწეობა.

8. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის თითოეულ არასრულწლოვანს მიეცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობით, რომელიც ფინანსდება სოციალური დახმარების პროგრამით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

9. უმუშევარ აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს მიეცემათ ყოველთვიური ფულადი დახმარება ორმაგი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რომლის დაფინანსება ხორციელდება სოციალური დახმარების პროგრამით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

10. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ შრომითი მოწყობის უფლება, გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს თვით მისი ან მასთან კონტაქტში მყოფი პირის კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის ინფიცირების საფრთხე. სპეციალობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სათანადო უწყებებთან ერთად.

11. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ სპორტულ ვარჯიშსა და შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება, გარდა კონტაქტური და სათამაშო სახეობებისა, სადაც არსებობს კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის აივ ინფიცირების საფრთხე. სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

12. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირების აღნიშნული დაავადების გამო სამუშაოდან დათხოვნა ან სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა (გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც არსებობს თვით ინფიცირებულის ან მასთან კონტაქტში მყოფი პირის აივ ინფიცირების საფრთხე) იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. აკრძალულია აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირებისათვის აღნიშნული დაავადების გამო სამკურნალო, სასწავლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებში მიღებაზე უარის თქმა.

14. აკრძალულია აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირთა სხვა უფლებების შელახვა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი არიან ვირუსმატარებლები ან შიდსით დაავადებულნი. აგრეთვე აკრძალულია აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირის ახლობელ-ნათესავების საბინაო და სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა.

15. აივ ინფიცირების ფაქტი არ უნდა ახდენდეს გავლენას შვილების აღზრდის, მეურვეობის, შვილად აყვანის, გაშვილების, განქორწინებისა და ქონების გაყოფის საკითხების გადაჭრის დროს.

16. აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს აქვთ საქართველოს ფარგლებში თავისუფალი გადაადგილების, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის, დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაციით უზრუნველყოფის უფლება. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირი სარგებლობს ოჯახის შექმნის უფლებით, თუ მომავალი მეუღლე ინფორმირებულია მისი ინფიცირების შესახებ.

17. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირები უფლებამოსილნი არიან ჩაიტარონ ან უარი თქვან ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, აგრეთვე თავისი შეხედულებისამებრ შეცვალონ ადრე მიღებული გადაწყვეტილება.

18. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული ქალები უზრუნველყოფილნი არიან რეპროდუქციული და სექსუალური უფლებებით.

19. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირებს გააჩნიათ ისეთივე უფლება-მოვალეობანი, როგორც არაინფიცირებულებს. მათ აგრეთვე უფლება აქვთ მიიღონ:

ა) სამედიცინო დახმარება;

ბ) აივ ინფექცია/შიდსზე სრული და დროული ინფორმაცია;

გ) გადაწყვეტილება აივ ინფექცია/შიდსზე კონფიდენციალობის შესახებ;

დ) აივ ინფექციისაგან თავდაცვის საშუალებები.

20. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული პირებისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ორგანიზებული უნდა იყოს სათანადო სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება.

21. აივ ინფექცია/შიდსი შედის იმ დაავადებათა ნუსხაში, რომელთა განსაზღვრული სტადია საფუძველს იძლევა სასამართლოში მასალების წარდგენისათვის, რათა გადაწყდეს თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პატიმართა ვადამდელი გათავისუფლების ან/და სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის საკითხები. მასალებს დაავადების სტადიის დადგენისათვის განიხილავს შესაბამისი სამედიცინო კომისია.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 9. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მოვალეობანი და პასუხისმგებლობა აივ ინფექცია/შიდსის გავრცელებისათვის

1. აივ დაავადებული პირი ვალდებულია დაიცვას ამ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებანი.

2. აივ დაავადებული ყველა პირი სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია გააფრთხილოს სამედიცინო დაწესებულება ან ცალკეული მედიცინის მუშაკი, რომ იგი ინფიცირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით.

3. აივ დაავადებული ყველა პირი ისეთი საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობისას, სადაც რეალურად არსებობს კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა და მეორე პირის აივ დაავადების საფრთხე, ვალდებულია გააფრთხილოს მომსახურე პერსონალი, რომ იგი ინფიცირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით.

4. მეორე პირისთვის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შეყრის საფრთხის განზრახ შექმნა ან მეორე პირისათვის ამ ვირუსის შეყრა იმ პირის მიერ, რომელმაც იცის, რომ მას ეს სენი სჭირს, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 10. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

უცხო ქვეყნის აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი წყდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

თავი VI

მედიცინის მუშაკთა უფლებები, სოციალური დაცვა, მოვალეობანი, პასუხისმგებლობა

    მუხლი 11. მედიცინის მუშაკთა უფლებები, მათი სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე დასაქმებულ მედიცინის მუშაკთა სოციალურ დაცვას.

2. აივ ინფექცია/შიდსზე დასაქმებულ მედიცინის მუშაკებზე ვრცელდება ის შეღავათი და წახალისების ფორმა (ხელფასის დანამატი და სხვა), რომლებიც გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალისთვის საქართველოში მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტით.

3. აივ ინფექცია/შიდსზე დასაქმებული მედიცინის მუშაკები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აივ დაავადების, აგრეთვე ამ მიზეზით მათი ინვალიდობის ან სიკვდილის შემთხვევისათვის.

4. აივ ინფექცია/შიდსზე დასაქმებული მედიცინის მუშაკთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აივ დაავადება განეკუთვნება პროფესიულ დაავადებას. მათ უდგინდებათ შეღავათიანი პირობებით საპენსიო უზრუნველყოფა და სხვა შეღავათები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

    მუხლი 12. მედიცინის მუშაკთა მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

1. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებები, მედიცინის ყველა მუშაკი ვალდებულია აივ დაავადებულებს გაუწიონ სამედიცინო დახმარება.

2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებები, მედიცინის მუშაკები ვალდებული არიან აივ ინფექცია/შიდსზე მოქალაქეთა გამოკვლევისას, აგრეთვე სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების დროს ზუსტად დაიცვან აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ეპიდრეჟიმის მოთხოვნები და უზრუნველყონ როგორც პაციენტთა, ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება.

3. მედიცინის მუშაკები და სხვა პირნი, რომლებმაც დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას შეიტყვეს მოქალაქეთა აივ ინფიცირებაზე/შიდსზე სამედიცინო შემოწმების მონაცემები და მათი შედეგები, ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ეს მონაცემები.

4. მედიცინის მუშაკები და სხვა პირნი, რომლებიც ჯეროვნად არ შეასრულებენ აივ დაავადებულთა მიმართ პროფესიულ მოვალეობას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამედიცინო ან სხვა სახის მანიპულაციების ჩატარებისას აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიბათა შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. აივ ინფექცია/შიდსზე გამოკვლევის დამადასტურებელი ცნობებისა და სერიფიკატების გაცემის უფლება აქვთ მხოლოდ აივ/შიდსის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახურის დაწესებულებებს. ყალბი ცნობებისა და სერიფიკატების გაცემა ან გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე _

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 21 მარტი

№683_IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №674 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.11

2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

3. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

4. საქართველოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონი №585 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.119

ძ/დ საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2042 - სსმ I, №37, 30.11.2009 წ., მუხ.276