ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20-103
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20-103
30/12/2014
ვებგვერდი, 06/01/2015
330130000.35.101.016104
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/01/2015 - 23/06/2015)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-103

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი” თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილება.
3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების

მოწყობისა და მოვლა-პატრონობის

წესი


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის  წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის,  სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს.

2. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სამსახური ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი  უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს თბილისის  ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას, სარიტუალო საქმიანობას.

3. თბილისის სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება:

ა)  უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ)  თბილისის  მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.

4.  თბილისის სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ფორმებით  ცალ-ცალკე ან სრულად.

5. თბილისის  სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის ორგანიზების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა.

6. თბილისის მთავრობას, თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, თბილისის სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობას სფეროში უფლებამოსილებები შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.

7. თბილისის სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს  თბილისის საკრებულო.

8. პირები რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ საქმიანობასი ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტები.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:                         

ა) სასაფლაო - მიწის ნაკვეთი  თბილისის  ტერიტორიაზე, რომელიც  განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

ბ) საქალაქო სასაფლაო - თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ამ წესის შესაბამისად, ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

გ) კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე და იმართება ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ;     

დ) პანთეონი - საქალაქო სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ცნობილი საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა დაკრძალვისათვის;

ე) ზონა - სასაფლაოს ნაწილი, რომელიც დამტკიცებულია თბილისის  მთავრობის მიერ და რომელიც  განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად. ზონა  შესაძლებელია შედგებოდეს სექტორებისგან;

ვ) სექტორი -  თბილისის  მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზონაში არსებული, საფლავების ერთი ან რამდენიმე რიგი;

ზ) საფლავი - ცალკემდგომი მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე;

თ) სამარე - მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალად, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ი)  საძმო სამარე - სამარე, რომელშიც დაკრძალულია საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაღუპული რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, ამ წესით საფლავებისათვის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე;

კ) საგვარეულო სამარხი - საფლავი, რომელიც გამოიყენება, ოჯახის წევრების ან   ურთიერთთანხმობის საფუძველზე ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალად;

ლ) სარიტუალო საქმიანობა - ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან; დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნება და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარული მომსახურება და საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;

მ) ჭირისუფალი - გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით,  სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პირი ან სხვა პირი რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიას და იხდის მომსახურების ხარჯებს;

ნ) ოპერატორი - საქალაქო სასაფლაოს მმართველი, მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული, იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს სასაფლაოს მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო  საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურეობას;

ო)  ძეგლი (საფლავის ქვა) - სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის ან ლითონის გამოსახულება, რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

პ) საფლავების მომსახურება - მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს ოპერატორი;

ჟ)  დაკრძალვა - გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარული ნორმების დაცვით;

რ)   ზემოდან დაკრძალვა - გარდაცვლილის  მიწას მიბარების ცერემონია,   როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე გარდაცვლილის ნეშტზე ჭირისუფლისა და ოპერატორის შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით;

ს) გადასვენება - გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში დაკრძალვა;

ტ) სასაფლაოს დახურვა -  თბილისის  მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

უ) სასაფლაოს გაუქმება -  თბილისის  მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება დაკრძალვა;

ფ) სასაფლაოს ლიკვიდაცია -  თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე ადრე გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის ლიკვიდაცია.


მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა. სასაფლაოების ლიკვიდაცია
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ სასაფლაოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას.

2. სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს თბილისის  მთავრობასთან სავალდებულო შეთანხმებას.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;

ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) მუნიციპალიტეტის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;

დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ უნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის;

ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი მისასვლელები.

5. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი  წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას:

ა) დასაფლავებისთვის ზონების, ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;  

ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

გ) მწვანე ნარგავების განთავსება;

დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა,  წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდი და ა.შ) განკუთვნილი სპეციალური შენობა და ა.შ.;

ე) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავებისა და 20%-იანი ინსოლაციის უზრუნველყოფით.

6. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი  მიწის ნაკვეთი შედგება არა უმეტეს 5 ზონისგან. ზონების რიგითობას, ზონის დადგენის და აღნიშნულ ზონებში საფლავების გამოყოფის წესებს და ფასებს განსაზღვრავს  თბილისის  მთავრობა. ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან/და მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით.  მე-5 ზონის გამოყოფა სავალდებულოა და აღნიშნულ ზონაში განთავსებული ერთ და ორადგილიანი საფლავების გამოყოფა უფასოა. საქალაქო სასაფლაოზე მე-5 ზონაში განლაგებული  თავისუფალი საფლავების რაოდენობა  უნდა იყოს  იმავე სასაფლაოზე თავისუფალი საფლავების რაოდენობის არანაკლებ  40%. მე-5 ზონის გარეთ არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე სხვა ზონების რიგითობა დამოკიდებულია არსებულ რელიეფსა და ინფრასტრუქტურაზე, ხოლო საფლავის გამოყოფის ფასი განისაზღვრება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფის ფასის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოზე მე-5 ზონის გარეთ არსებულ ზონებში საფლავის გამოყოფის ფასი არანაკლებ 20%-ით ნაკლები უნდა იყოს კერძო სასაფლაოებზე არსებულ ფასებზე.     

7. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს  შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.

8. სასაფლაოს შესასვლელში უნდა მოეწყოს საავტომობილო სადგომი.

9. სასაფლაოს ლიკვიდაცია შესაძლოა განხორციელდეს მისი გაუქმებიდან სულ ცოტა 20 წლის გასვლის შემდეგ  თბილისის  საკრებულოს დადგენილებით.

10. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებულ უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში სასაფლაოების გაუქმება, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.

11. ცალკეულ შემთხვევაში ლიკვიდირებულ სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება  დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.

12. საჭიროების შემთხვევაში სასაფლაოს გაუქმებისას მიცვალებულთა ნეშტის გადასვენება ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.

13. საქალაქო სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება  თბილისის საკრებულოს დადგენილებით. 


მუხლი 4. ოპერატორის უფლება-მოვალეობები
1. დაკრძალვასთან დაკავშირებით სარიტუალო საქმიანობას ახორციელებს ოპერატორი.

2. ოპერეტორი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურეობა:

ა) საგვარეულო სამარხის არქონის შემთხვევაში,  მე-5 ზონაში,  თბილისის ს მთავრობის მიერ ამ  წესის შესაბამისად,  მოახდინოს უფასოდ ერთ ან  ორადგილიანი საფლავის გაცემა;  

ბ) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურება;

გ) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის  გათხრა და ამოვსება;

დ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად, სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;

3. გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

4. ოპერატორი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი;

ბ) რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;

გ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი; 

დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ.

5. ოპერატორს უფლება აქვს:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე  მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;

ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;

გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი;

დ) თბილისის მთავრობას განსახილველად წარუდგინოს  მისი აზრით სასაფლაოების ეფექტიანად მომსახურებისთვის საჭირო მომსახურების ახალი სახეები და საფასურები.

6. მთავრობას უფლება აქვს სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები. ოპერატორს უფლება არ აქვს დაავალდებულოს ჭირისუფალი მათი განსაზღვრული პირისგან შეძენა ან დამზადება.

7. ოპერატორის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება თბილისის მთავრობის მიერ.

8. ოპერატორს შეუძლია დაკრძალვასთან დაკავშირებით სარიტუალო  საქმიანობის განხორციელების მიზნით გარკვეული ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, მოიწვიოს იურიდიული ან ფიზიკური პირი. 


მუხლი 5. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მოვლას;

ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;

ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) და არსებული ქონების მოვლას. მათ შორის, მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

2. ოპერატორი საფლავის მომსახურებას ახორციელებს ჭირისუფალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.


მუხლი 6. საფლავების ექსპლუატაცია. დაკრძალვა
1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2.5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. კერძო სასაფლაოებზე საფლავებს შორის დაშორება გრძელ და მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

2. საქალაქო სასაფლაოებზე (გარდა ამ წესის შესაბამისად დამტკიცებული ზონებისა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები შესაძლებელია შემცირდეს ისე, რომ არსებითად არ შეიზღუდოს საფლავებს შორის დაშორება.

3. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

4. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

5. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია საფლავებისათვის დადგენილი წესების დაცვის გარეშე.

6.  გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა როგორც წესი ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში _ დაკრძალვისათვის დამზადებული სპეციალური სუდარით.

7. ნეშტის გადასვენების შემდეგ სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის  შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის საფუძველზე. (ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა დაკრძალვიდან 1 კვირის მანძილზე).

9. ჭირისუფალი ვალდებულია ოპერატორს  გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;

დ) გარდაცვალების მოწმობა.

10. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ ოპერატორს  არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, დაკრძალვა/ზემოდან დაკრძალვა/გადასვენება  შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც დაკრძალვის შემთხვევაში ოპერატორს  უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ხოლო ზემოდან დაკრძალვისა და გადასვენების შემთხვევაში დამატებით უნდა წარუდგინოს ოპერატორს  ადრე გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა.  ასეთ შემთხვევაში, დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.

11. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავების, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ ოპერატორს  არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, მოპირკეთებითი სამუშაოების შესრულება, ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულებისა და გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც ოპერატორს უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში, დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.

12. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ ოპერატორს  ან/და ჭირისუფალს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, ასეთ ნეშტზე ზემოდან დაკრძალვა  შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით, რომელმაც ოპერატორს  უნდა მიუთითოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რომ ამ სამარეში არ განხორციელებულა დაკრძალვა არანაკლებ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ხოლო საფლავი კი მთელი ამ დროის მანძილზე მის პატრონობაშია, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას,  განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.

13. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო სამარხებში დაკრძალვისათვის/ზემოდან დაკრძალვისთვის სათანადო დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები შესაძლოა დადასტურდეს შემკვეთის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, რასაც ამავე წესით დამოწმებული აქტით დაადასტურებს არანაკლებ 2 მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობისას, განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.

14. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საგვარეულო საფლავებში ადრე გარდაცვლილის ნეშტზე ზემოდან დაკრძალვა დასაშვებია გარდაცვალებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ.

15.  პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება  თბილისის მერთან  შეთანხმებით. პანთეონში დაკრძალვის შესახებ შუამდგომლობით  თბილისის მერს  შეიძლება მიმართონ:

ა) საქართველოს პრეზიდენტმა;

ბ) საქართველოს პარლამენტმა;

გ) საქართველოს მთავრობამ/პრემიერ-მინისტმა;

დ) საქართველოს საპატრიარქომ;

ე) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.

16. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და ოპერატორის  შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის და შესაბამის ტერიტორიაზე მიცვალებულის დასაკრძალად გამოყოფილი/განკუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტის (გარდა უცხოეთში გადასვენების შემთხვევისა) საფუძველზე, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით შესაბამისი მოთხოვნის რეგისტრაციიდან 60 დღის ვადაში. ჭირისუფლის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასვენებისათვის განკუთვნილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად და გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება, გადასასვენებლად გამოყოფილი საფლავი კი გაიცემა როგორც ახალი საფლავი, ამ წესის შესაბამისად. 

17. გადასასვენებლად გაცემულ საფლავებზე, გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ოპერატორის  ვებგვერდზე. სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საფლავი შესაძლოა გაიცეს როგორც ახალი საფლავი, ამ წესის შესაბამისად, ხოლო ჭირისუფლის გამოცხადების შემთხვევაში, თუ ის 30 დღის ვადაში არ განახორციელებს გადასვენებას, ოპერატორი  უფლებამოსილია გასცეს ასეთი საფლავი, როგორც ახალი საფლავი, მიუხედავად მასზე არსებული საკულტო ან სხვა დანიშნულების ნაგებობების არსებობისა, რომელზედაც ყოველგვარ უფლებას კარგავს მისი დამმონტაჟებელი. ამ პუნქტის შესაბამისად, გადასვენება ხორციელდება საფლავის ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, თუ საარქივო მონაცემებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო გადასვენების და სამარხზე მომსახურების საფასური განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პერიოდში მოქმედი წესების შესაბამისად.  

18. ამ მუხლის მე–16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული გადასვენების ხანდაზმულობის ვადები არ გავრცელდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსასვენებელ გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის გაცემულ საფლავებზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენების ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ

19. საქალაქო სასაფლაოდან მიცვალებულის ნეშტის გადასვენება დასაშვებია დაკრძალვიდან 40 დღეში ან/და 1 წლის გასვლის შემდეგ.


მუხლი 7. საფლავი
1. საფლავი შეიძლება იყოს:

ა) ერთ ან ორადგილიანი;

ბ) საგვარეულო სამარხი;

გ) საძმო საფლავი.

2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს ექვსი სამარე. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატორის გადაწყვეტილებით თბილისის მთავრობის თანხმობით.

3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის  უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ მეუღლეები არ არიან განქორწებული ან გარდაცვლილის მიერ ანდერძით სხვა რაიმე არ არის დადგენილი.

4. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება (თუ სხვა რაიმე წერილობითი განკარგულება,  ანდერძი არ არსებობს) შეუძლია მიიღონ:

ა) გარდაცვლილის სიცოცხლეში სათანადო ხელშეკრულებით დანიშნულმა მისი   დაკრძალვის ცერემონიის განმხორციელებელმა პირმა;

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრუწლოვანმა წევრებმა;

ვ) გარდაცვლილის ნათესავებმა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ოპერატორის  მიერ.

7. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, ოპერატორმა  შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე. ოპერატორი  ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც გაცემული საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და ბოლო დაკრძალვიდან გასულია ოცი წელი, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით, ასეთი ფართობი შეიძლება გაცემულ იქნეს, როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

9. მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე ბოლო დაკრძალვიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციისას დადგენილ მოუვლელ საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ოპერატორის ვებგვერდზე. ოპერატორის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ორი წლის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი შესაძლოა გადაიცეს მეორეული გამოყენებისათვის. 

10. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ ოპერატორს. გამონაკლის შემთხვევაში (ეპიდემიის გავრცელება, სტიქიური უბედურება და სხვა) სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს ოპერატორის  მიერ საკუთარი ხარჯებით.


მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი  
1. ამ წესის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის დროს, ოპერატორის  მიერ ელექტრონული და მატერიალური ფორმით მიღებულ ან/და გაცემულ დოკუმენტს ან/და ინფორმაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

2. ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობის დროს სხვა სახის ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, ოპერატორი  უფლებამოსილია, საქმიანობა განახორციელოს სასაფლაოზე არსებული ძეგლების ვიზუალური დათვალიერების გზით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.