იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2602
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 20/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.001.002.151
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2602
28/12/2005
სსმ, 5, 20/01/2006
010.240.020.05.001.002.151
იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 13.12.2019, №5569)

 

საქართველოს კანონი

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მისი მიზანი და ფუნქციები

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომში – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე.

2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.

3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

 

თავი II. სკოლის მართვა და სტრუქტურა

    მუხლი 2. სკოლის მართვა

სკოლის მართვის ორგანოებია: დამოუკიდებელი საბჭო და დირექცია.

    მუხლი 3. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომში – დამოუკიდებელი საბჭო), რომელიც იქმნება 6 წევრის შემადგენლობით.

2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

2 1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელი საბჭოს წევრია, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, რომელთაგან 1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.

5. (ამოღებულია).

6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.

7. დამოუკიდებელი საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს;

გ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ;

დ) სკოლის დირექტორის წარდგინებით:

დ.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;

დ.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს;

დ.გ) (ამოღებულია);

დ.დ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს;

დ.ე) (ამოღებულია);

დ.ვ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, ასევე იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას;

დ.ზ) ირჩევს დირექტორის მოადგილეს და სტაჟირების ხელმძღვანელს;

დ.თ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;

დ.ი) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს;

დ.კ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას;

ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობის ანაზღაურების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის კანონი №5 82   – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. 

     მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის განთავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) იმ თანამდებობიდან განთავისუფლება, რომელზედაც იგი იმყოფებოდა დამოუკიდებელ საბჭოში დანიშვნისას;

გ) ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) გარდაცვალება.

2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.

3. (ამოღებულია - 01.05.2013, №582).

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის კანონი №5 82   – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3370 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

     მუხლი 4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ. სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

11. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე 1 კვირით ადრე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.

2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.

3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

41. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის ოქმთან ერთად, სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.

5. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.

    მუხლი 5. სკოლის დირექცია

1. სკოლის დირექცია იქმნება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის შემადგენლობით.

2. სკოლის დირექტორს ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო 5 წლის ვადით სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

4. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. სკოლის დირექტორის მოადგილე და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი სკოლის დირექტორის მოადგილედ ან სტაჟირების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.

6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

    მუხლი 6. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებანი

სკოლის დირექტორი:

ა) წარმოადგენს სკოლას; უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო და გადამზადების კურსების წარმართვას;

ბ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას;

გ) დამოუკიდებელ საბჭოს სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;

დ) სკოლის შენობაში ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 7. სკოლის დირექტორის მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი

1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

     მუხლი 8. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა;

გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

დ) სასამართლოს მიერ მათი შეზღუდულქმედუნარიანებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აღიარება, გარდაცვლილებად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) მათ მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

თ) გარდაცვალება;

ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სკოლის დირექტორს, მის მოადგილესა და სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3370 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

    მუხლი 9. სკოლის სტრუქტურა

სკოლის სტრუქტურა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

 

თავი III. სკოლის დაფინანსება

    მუხლი 10. სკოლის ბიუჯეტი

1. სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცალკე სტრიქონით.

2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავლები ან მატერიალური დახმარებები.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

 

თავი IV. სკოლაში მიღება

     მუხლი 11. კონკურსის წესით იუსტიციის მსმენელად მიღება

1. სკოლაში იუსტიციის მსმენელად მიღება ხდება კონკურსის წესით.

2. სკოლაში მისაღები კონკურსი, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ – მაისსა და ოქტომბერში.

3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სკოლაში მისაღები კონკურსის წლის განმავლობაში დამატებით სხვა დროს ჩატარების შესახებ უნდა გამოცხადდეს კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე მაინც.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

    მუხლი 12. კონკურსში მონაწილე პირი

სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „იურიდიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა (შემდგომში – სასერტიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.

    მუხლი 13. კონკურსის ჩატარება

1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია, იუსტიციის მსმენელად შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

    მუხლი 14. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა

სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას კონკურსის გამოცხადებამდე ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

 

 

თავი V. იუსტიციის მსმენლის სტატუსი

    მუხლი 15. იუსტიციის მსმენელის სტატუსი

იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.

     მუხლი 16. იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდია

იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

    მუხლი 17. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინური ნორმები.

2. იუსტიციის მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) 10 დღემდე ვადით სახელმწიფო სტიპენდიის დაკავება;

დ) სკოლიდან გარიცხვა.

3. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური დევნის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით.

4. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სკოლის დირექცია.

5. სკოლის დირექციას უფლება აქვს იუსტიციის მსმენელს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ გადაცდომას და თავს გამოიჩენს როგორც კეთილსინდისიერი იუსტიციის მსმენელი.

6. თუ იუსტიციის მსმენელს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 7 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

    მუხლი 18. სწავლის პერიოდის ჩათვლა სპეციალობით მუშაობის სტაჟში

იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სპეციალობით მუშაობის სტაჟში. 

    მუხლი 181. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები

1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.

2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.

3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არაზუსტია, განახლებული არ არის, არასრულია ან მათი შეგროვება და დამუშავება კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განხორციელდა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.

 

თავი VI. სკოლის სასწავლო პროცესი

     მუხლი 19. სწავლების ხანგრძლივობა

1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას.

2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადა 6 თვე.

3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

საქართველოს 2008 წლის  11 მარტის კანონი №5845 - სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.12

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3960-სსმI, №73,23.12.2010წ., მუხ.440

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4788 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

    მუხლი 20. სასწავლო საგნები

იუსტიციის მსმენელი შეისწავლის:

ა) საქმის განხილვას პირველი ინსტანციის სასამართლოში;

ბ) საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში;

გ) საქმის განხილვას საკასაციო სასამართლოში;

დ) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხებს;

ე) სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტის (გადაწყვეტილების) მომზადებას;

ვ) პროფესიულ ეთიკას;

ზ) დისციპლინას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;

თ) უცხოურ ენას;

ი) ასევე სხვა საგნებს, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით.

    მუხლი 21. სკოლაში სწავლების ფორმები

სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.

    მუხლი 22. სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო

1. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.

2. სკოლის მასწავლებელთან იდება შრომის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.

3. სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს.

4. მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს დირექტორის მოადგილე.

5. მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

6. იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად სამართლის სხვადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

    მუხლი 23. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა და მისი ჩატარების წესი

1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.

2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

4. სკოლის წესდებით განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები დადგენილ ვადაში გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევისათვის.

    მუხლი 24. იუსტიციის მსმენლის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები

1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გაივლის სტაჟირებას.

2. სტაჟირების ფორმებია სავალდებულო სტაჟირება და ალტერნატიული სტაჟირება.

3. სავალდებულო სტაჟირების გავლა ხდება საერთო სასამართლოებში, ხოლო ალტერნატიული სტაჟირებისა – ნოტარიატში, პროკურატურაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

4. ალტერნატიულ სტაჟირებაზე იუსტიციის მსმენლის გამწესება ხდება მისი სურვილის გათვალისწინებით.

    მუხლი 25. სტაჟირების ხელმძღვანელი, სტაჟირების კოორდინატორი

1. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს.

2. სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.

3. სტაჟირების კოორდინატორი:

ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენლის სტაჟირებას;

ბ) სავალდებულო სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელს სტაჟირების დასასრულს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ.

4. სტაჟირების დროს იუსტიციის მსმენლის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით.

5. სტაჟირების შეფასების სისტემა, საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 26. იუსტიციის მსმენლის მიერ შესრულებული წერილობითი ანგარიში და ნაშრომი

იუსტიციის მსმენელი სავალდებულო სტაჟირების დასასრულს ადგენს წერილობით ანგარიშს თავის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე წერს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, იქ არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე. წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელს, ილუქება და ერთვება იუსტიციის მსმენლის პირად საქმეს.

    მუხლი 27. სემინარული მუშაობა

1. სტაჟირების დასასრულს სკოლა იუსტიციის მსმენელებისათვის აწყობს სემინარებს, რომელთა მიზანია თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, ასევე სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის იუსტიციის მსმენელების მომზადება.

2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3960-სსმI, №73,23.12.2010წ., მუხ.440

    მუხლი 28. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა

1. სკოლაში სწავლების დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.

2. გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.

3. გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან:

ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი;

დ) დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დანიშნული სამი წევრი;

ე) იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს დასამტკიცებლად წარადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

7. სკოლის წესდებით განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები დადგენილ ვადაში გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევისათვის.

 

თავი VII. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სია

    მუხლი 29. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის შედგენა

1. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.

2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.  

    მუხლი 30. საკვალიფიკაციო სიის შედგენის კრიტერიუმები

1. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენლის:

ა) სასერტიფიკაციო გამოცდაში ან მასთან ამ კანონის შესაბამისად გათანაბრებულ გამოცდაში მიღებული ქულები;

ბ) სკოლაში თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები;

გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები;

დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები.

2. იუსტიციის მსმენლის მიერ დაგროვილი ჯამური ქულის გამოყვანა ხდება სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

    მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება

1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;

ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;

გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;

დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;

ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;

ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;

ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;

თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას.

2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს.

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1328 - სსმ I, №15, 06.07.2009 წ., მუხ.76

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.  

    მუხლი 311. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი

1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2017 წლის 8  თებერვლის   კანონი  261  - ვებგვერდი, 13.02.207წ.

 

თავი VIII. გადამზადების კურსები

    მუხლი 32. გადამზადების მიზანი

1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს.

2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლეო საქმიანობის პრაქტიკის განზოგადებისა და გაზიარების გზით.

    მუხლი 33. გადამზადების ფორმები და პროგრამა

1. გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით.

2. გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.

3. გადამზადების მიზნით შესაძლებელია სამართლის სხვადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

4. გადამზადების კურსების ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს. ეს უკანასკნელი განიხილავს მას და დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს ყოველი წლის ოქტომბერში.

5. გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციის და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს.

    მუხლი 34. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე

1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. განცხადებაში უნდა მიეთითოს, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული ამ კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობით.

2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს და უპასუხოს გადამზადების მსურველის განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ორი კვირისა გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე.

3. სკოლის დირექციის უარი გადამზადებაში მონაწილეობის მიღებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.

4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

    მუხლი 35. პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირთა მონაწილეობა გადამზადების ღონისძიებაში

გადამზადების კურსების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირთა დაშვების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.

 

თავი IX. მოსამართლეთა შერჩევის განსაკუთრებული წესი

    მუხლი 36. სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლება

მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი , ასევე ყოფილი მოსამართლე , რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა , გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ ( საქალაქო ) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება . პირი , რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში , მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისაგან , მიუხედავად იმისა , რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე .

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1328 - სსმ I, №15, 06.07.2009 წ., მუხ.76

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2258-სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.301

 

 

თავი X. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 37. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებამდე

1. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებამდე მოსამართლედ გამწესება მოხდება არსებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებისთანავე ამ კანონთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც განსაზღვრულია მოსამართლედ გამწესების წესი.

3. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს მხოლოდ ის პირი , რომელიც აკმაყოფილებს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს .

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1328 - სსმ I, №15, 06.07.2009 წ., მუხ.76

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2258-სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.301

    მუხლი 38. სასერტიფიკაციო გამოცდასთან საკვალიფიკაციო გამოცდის გათანაბრება

1. სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1328 - სსმ I, №15, 06.07.2009 წ., მუხ.76

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2258-სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.301

მუხლი 39. სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია და სკოლის შექმნა

1. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია და მის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე სკოლის შექმნა და მისი წესდების დამტკიცება.

2. იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებამდე სკოლამ ასევე უზრუნველყოს სამოსამართლო სწავლების ცენტრის ფუნქციების შესრულება არსებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 391 . სრული სასწავლო კურსის ვადა სკოლაში 2011 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული იუსტიციის მსმენელისათვის

სკოლაში 2011 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული იუსტიციის მსმენელისათვის სრული სასწავლო კურსის ვადა 12 თვე, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას – 8 თვე.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3960-სსმI, №73,23.12.2010წ., მუხ.440

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4788 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

 

თავი XI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40. ძალადაკარგული აქტების ნუსხა

2007 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №697 ბრძანებულება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №696 ბრძანებულება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 41. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის IV–VII თავები და 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის IX თავი და 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს „საერთო სასამართ-ლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ამ კანონიდან გამომდინარე შეტანილი შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების ძალაში შესვლის მომენტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2602-რს