დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.10.003.017381 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/08/2013 - 07/02/2014)
|
საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი. |
| მუხლი 2 |
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად და/ან მის საფუძველზე საქართველოს მთავრობასთან დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმებთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს ამავე დადგენილების შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ქმედებების განხორციელება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში ‑ სამინისტრო) მიერ საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების, დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების წარდგენის, გამარჯვებულის გამოვლენის და ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში ‑ „მემორანდუმი“) დადების წესს და პირობებს. 2. სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას (შემდგომში ‑ „ნუსხა“) და მათ თაობაზე სამინისტროში არსებულ ძირითად ინფორმაციას. ნუსხა ექვემდებარება გადახედვას, რასაც ახორციელებს სამინისტრო. 3. ნუსხაში შემავალი ცალკეული ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვას (შემდგომში ‑ „ინტერესთა გამოხატვა“) აცხადებს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, რომელსაც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აგრეთვე დაინტერესებული პირის მიმართვა. 4. ინტერესთა გამოხატვა ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.minenergy.gov.ge), რომელიც უნდა შეიცავდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებს. 5. ინტერსთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა კონსორციუმს. 6. ინტერესთა გამოხატვის შედეგად, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ (შემდგომში ‑ „ესკო“) და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს (შემდგომში ‑ „გამარჯვებული პირი“) შორის იდება მემორანდუმი. მემორანდუმი არის მხარეთა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. შესაძლებელია მემორანდუმს მხარედ დაემატოს სხვა პირები. 7. ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირების და ფლობის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, მემორანდუმით შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ელექტროსადგურის წლიური გამომუშავების 20% ელექტროენერგიის რეალიზაცია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით. 8. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ელექტროსადგურებზე, რომლებიც არ არის შეტანილი ნუსხაში. დაინტერესებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს კონკრეტულ ადგილზე ელექტროსადგურის (რომელიც არ არის შეტანილი ნუსხაში) მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლა და/ან მშენებლობა, ვალდებულია, უზრუნველყოს ამის შესახებ სამინისტროს წინასწარი წერილობითი შეტყობინება. ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლა და/ან მათი მშენებლობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით. 9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადოს ურთიერთგაგების მემორანდუმი იმ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ, რომელიც არ არის შეტანილი ნუსხაში. მუხლი 2. ინტერესთა გამოხატვა 1. ინტერსთა გამოხატვის თაობაზე სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ასაშენებელი ელექტროსადგურის დასახელებას, სავარაუდო განთავსების ადგილს, სავარაუდო სქემას და სავარაუდო ძირითად ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების ვადას; გ) ელექტროსადგურის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ოდენობას; დ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საუკეთესო განაცხადის გამოვლენის კრიტერიუმს, მაქსიმალური ზღვარის მითითებით; ე) განაცხადების მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს; ვ) ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემორანდუმის პროექტს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას და პირობას, რასაც სამინისტრო ჩათვლის მიზანშეწონილად. 2. ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელსაც უნდა დაერთოს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3. ინტერესთა გამოხატვის ვადის ამოწურვის შემდგომ, პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები აკმაყოფილებენ ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს, სამინისტრო უგზავნის წერილობით შეტყობინებას. 4. ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოდგენილი განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს და რომლებზეც განაცხადის წარმომდგენი პირის მიერ მე-3 მუხლის მიხედვით წარმოდგენილია წინასამშენებლო გარანტია, გამარჯვებულის გამოსავლენად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ხოლო განაცხადები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს ან/და რომლებზეც განაცხადის წარმომდგენი პირის მიერ მე-3 მუხლის მიხედვით არ არის წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია, აგრეთვე განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილია ვადების დარღვევით, რჩება განუხილველი, რაზეც სამინისტრო შესაბამის პირებს უგზავნის შეტყობინებას. მუხლი 3. წინასამშენებლო გარანტია მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების და მემორანდუმის პირობების მიხედვით სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში ‑ „წინასამშენებლო გარანტია“). ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. მუხლი 4. სამშენებლო გარანტია 1. მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებელი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში ‑ ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში ‑ ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში ‑ „სამშენებლო გარანტია“). ამასთან, სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. 2. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. 4. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. მუხლი 5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი 1. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა მიმართ დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის თაობაზე წარმოდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს პირის თანხმობას, გამოცხადებული პარამეტრებით და პირობებით ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე; ბ) განაცხადს უნდა ერთვოდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს; გ) განაცხადით შემოთავაზებული შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარზე მეტი; დ) ინტერესთა გამოხატვის პირობებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრობისთვის წარდგენილია ორი ან მეტი განაცხადი, საქართველოს მთავრობა გამარჯვებულად ცნობს იმ მონაწილეს, რომლის მიერ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზებული იქნება ყველაზე დაბალი ფასი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი განაცხადით, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზებული იქნა თანაბარი ყველაზე დაბალი ფასი, მთავრობა ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვრავს დამატებით ვადას, შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადებების წარმოდგენის მიზნით. 4. დადგენილ ვადაში წარმოდგენილი გაუმჯობესებული წინადადებებიდან მთავრობა გამარჯვებულს ავლენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. მუხლი 6. გამარჯვებულის გამოვლენა და მემორანდუმის დადება 1. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ავლენს მთავრობა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრობისთვის წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ განაცხადის წარმომდგენი პირის გამარჯვებულად ცნობის შესახებ. 3. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემორანდუმის პროექტს სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას და მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში ხორციელდება მისი ხელმოწერა. 4. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გარდა სხვა პირებს სამინისტრო უბრუნებს მათ მიერ წარმოდგენილ წინასამშენებლო გარანტიებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პირთან არ მოხდა მემორანდუმის დადება, მთავრობა უფლებამოსილია მემორანდუმი დადოს დარჩენილ მონაწილეებს შორის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მომდევნო საუკეთესო განაცხადის წარმომდგენ პირთან. 6. მემორანდუმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. მუხლი 7. მემორანდუმის ზოგადი პირობები 1. ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგება წინასამშენებლო ფაზისგან და სამშენებლო ფაზისგან. 2. წინასამშენებლო ფაზაში ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულის გარდა, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია: ა) პროექტის ტექნიკურ‑ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზის დასრულება; ბ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. 3. სამშენებლო ფაზაში ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულის გარდა, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია: ა) პროექტის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მოპოვება; ბ) პროექტის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის აღება; გ) ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება, სამშენებლო სამუშაოების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის, სამშენებლო, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, მშენებლობის დასრულება და დადგენილი წესით მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები