საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.017381
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
214
21/08/2013
ვებგვერდი, 21/08/2013
300280020.10.003.017381
საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/08/2013 - 07/02/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკო­ნო­მი­კური შესწავ­ლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტე­რეს­თა გამოხა­ტვის წესი.
მუხლი 2
„სახელმწიფო პროგრამა  „განახლებადი ენერგია 2008“ - სა­ქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად და/ან მის საფუძველზე საქართველოს მთავრობასთან დადებულ ურთიერთგაგე­ბის მემორანდუმებთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს ამა­ვე და­დგენილების შესაბამისად.
მუხლი 3
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ქმედებების გან­ხორციელება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი
საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტ­როს (შემდგომში ‑ სამინისტრო) მიერ საქართველოში ელექტროსადგურე­ბის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლო­ბის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების, დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების წარდგენის, გამარჯვებუ­ლის გამოვლენის და ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ­­‑ეკო­ნო­მიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესა­ხებ ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში ‑ „მემორანდუმი“) და­დე­ბის წესს და პირობებს.

2. სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლე­ბ­რი­ვი აქტით  ამტკიცებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას (შემდგომში ‑ „ნუსხა“) და მათ თაობაზე სამინისტროში არსებულ ძირითად ინფორმა­ციას. ნუსხა ექვემდებარება გადახედვას, რასაც ახორციელებს სამინის­ტ­რო.

3. ნუსხაში შემავალი ცალკეული ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერი­რე­ბის შესახებ ინტერესთა გამოხატვას (შემდგომში ‑ „ინტერესთა გამო­ხა­ტვა“) აცხადებს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამა­რ­თლებრივი აქტით. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებაზე გადაწყ­ვე­ტი­ლებას იღებს სამინისტრო, რომელსაც შესაძლებელია საფუძვლად და­ე­დოს აგრეთვე დაინტერესებული პირის მიმართვა.

4. ინტერესთა გამოხატვა ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ­გვერდზე (www.minenergy.gov.ge), რომელიც უნდა შეიცავდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებს.

5. ინტერსთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია იური­დი­ულ პირს ან იურიდიულ პირთა კონსორციუმს.

6. ინტერესთა გამოხატვის შედეგად, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერა­ტორსა“ (შემდ­გომ­ში ‑ „ესკო“) და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს (შემდ­გომში ‑ „გამარჯვებული პირი“) შორის იდება მემორანდუმი. მემორან­დუმი არის მხარეთა შეთანხმება თანა­მშრომ­ლობის შესახებ. შესაძლებე­ლია მემორანდუმს მხარედ დაემატოს სხვა პირები.

7. ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის  მშენებლობის, ოპერირების და ფლობის აუცილებე­ლი პირობაა  ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში,  ყოველწლიურად, მემორანდუმით შეთანხმებული პერი­ო­დის განმავლობაში, ელექტროსადგურის   წლიური გამომუშავების 20% ელექტროენერგიის რეალიზაცია  სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირე­ბული შესყიდვის ხელშეკრულებით.

8. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ელექტროსადგურებზე, რომლებიც არ არის შეტანილი ნუსხაში. დაინტერესებული პირი, რომე­ლ­საც განზრახული აქვს  კონკრეტულ ადგილზე  ელექტროსადგურის  (რო­მე­ლიც არ არის შეტანილი ნუსხაში) მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონო­მი­კური შესწავლა და/ან მშენებლობა, ვალდებულია, უზრუნველყოს ამის შესახებ სამინისტროს წინასწარი წერილობითი შეტყობინება. ასეთი ელექტ­როსადგურების მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლა და/ან მათი მშენებლობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადოს ურთიერთგა­გების მემორანდუმი იმ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნი­კურ­‑ეკო­ნომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შე­სახებ, რომელიც არ არის შეტანილი ნუსხაში.

მუხლი 2. ინტერესთა გამოხატვა

1. ინტერსთა გამოხატვის თაობაზე სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეი­ცავდეს:

ა) ასაშენებელი ელექტროსადგურის დასა­ხელე­ბას, სავარაუდო გან­თავსების ადგილს, სავარაუდო სქემას და სავარაუდო ძირი­თად ტექნი­კურ პარამეტრებს;

ბ) ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შეს­წავლის, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშე­ნებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების ვადას;

გ) ელექტროსადგურის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ოდენობას;

დ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საუკეთესო განაცხადის გა­მოვლენის კრი­ტე­რიუმს, მაქსიმალური ზღვარის მითითებით;

ე) განაცხადების მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქ­ტო ტელე­ფონს;

ვ) ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემო­რანდუმის პროექტს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას და პირობას, რასაც სამი­ნისტრო ჩათ­ვ­ლის მიზანშეწონილად.

2. ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებულმა პირმა სამი­ნისტროში უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელსაც უნდა დაერთოს ინ­ტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია­/დო­კუმენტაცია.

3. ინტერესთა გამოხატვის ვადის ამოწურვის შემდგომ, პირებს, რო­მ­ლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომელთა მი­ერ წარმოდგენილი განაცხადები აკმაყოფილებენ ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს, სამინისტრო უგზავნის წერილობით შეტყობინებას.

4. ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოდგენილი განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს და რომლებზეც განაცხა­დის წარმომდგენი პირის მიერ მე-3 მუხლის მიხედვით წარმოდგენილია წინასამშენებლო გარანტია, გამარჯვებულის გამოსავლენად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ხოლო განაცხადები რომლებიც ვერ აკმაყო­ფი­ლებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ წესის და ინტერესთა გამოხა­ტვით დადგენილ პირობებს ან/და რომლებზეც განაცხადის წარმომდგენი პირის მიერ მე-3 მუხლის მიხედვით არ არის წარმოდგენილი წინასამ­შენებლო გარანტია, აგრეთვე განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილია ვადების დარღვევით, რჩება განუხილველი, რაზეც სამინისტრო შესა­ბამის პირებს უგზავნის შეტყობინებას.

მუხლი 3. წინასამშენებლო გარანტია

მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შეტყობინების მიღე­ბიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, პირი ვალდებულია დად­გენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონო­მიკუ­რი შესწავლის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადე­ბის და მემორანდუმის პირობების მიხედვით სამშენებლო გარანტიის წარ­მოდგენის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებ­ლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (სა­ქარ­თველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურ­სის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში ‑ „წინასამშენებლო გარანტია“). ამასთან,  წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკუ­რი თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნები­ს­მიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გა­რანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.

მუხლი 4. სამშენებლო გარანტია

1. მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებარ­თვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპ­ლუა­ტაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებე­ლი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში ‑ ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემ­თხვევაში ‑ ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დო­ლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში ‑ „სამშენებლო გარანტია“). ამასთან,  სამშენებლო გარანტია გა­­ცე­მული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარე­ბის ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართვე­ლო­ში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.

2. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრე­ბას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწი­ნე­ბული მთლიანი თანხის 0,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვა­დაში, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - მთავ­რობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენო­ბის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთ­ხვევაში განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდი­ლი საურავის ოდენობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პირ­ზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი  თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსი­ლია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთ­ხ­ვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათ­ვა­ლისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა.

 4. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ელექ­ტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეად­გენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საუ­რავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთ­ხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშ­ნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პირ­ზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი  თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამო­სი­ლია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთ­ხვე­ვაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვა­ლისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა.

მუხლი 5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი

1. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა მიმართ დგინდება შემ­დე­გი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის თაობაზე წარმოდგენი­ლი განაცხადი უნდა შეიცავდეს პირის თანხმობას, გამოცხადებული პარამეტრებით და პირობებით ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერ­ი­რების თაობაზე;

ბ) განაცხადს უნდა ერთვოდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და უნდა აკმაყოფი­ლებ­დეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს;

გ) განაცხადით შემოთავაზებული შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარზე მეტი;

დ) ინტერესთა გამოხატვის პირობებით დადგენილი სხვა მოთ­ხოვნები.

2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერეს­თა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრო­ბისთვის წარდგენილია ორი ან მეტი განაცხადი, საქართველოს მთავრობა  გამარჯვებულად ცნობს იმ მონაწილეს, რომლის მიერ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზე­ბუ­ლი იქნება ყველაზე დაბალი ფასი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი განაცხადით, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზე­ბული იქნა თანაბარი ყველაზე დაბალი ფასი, მთავრობა ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვრავს დამატებით ვადას, შეფასების კრი­ტე­რიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადებების წარმოდგენის მიზ­ნით.

4. დადგენილ ვადაში წარმოდგენილი გაუმჯობესებული წინადადე­ბე­ბიდან მთავრობა გამარჯვებულს ავლენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით.

მუხლი 6. გამარჯვებულის გამოვლენა და მემორანდუმის დადება

1. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ავლენს მთავრობა ამ წე­სის მე-5 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვა­ლის­წინებული შემთხვევისა.

 2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერეს­თა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრო­ბისთვის წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, მთავრობა უფლება­მოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ განაცხადის წარმომდგენი პირის გამარჯვებულად ცნობის შესახებ.

3. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემო­რანდუმის პროექტს სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას და მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში ხორციელდება მისი ხელ­მოწერა.

4. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გარდა სხვა პი­რებს სამინისტრო უბრუნებს მათ მიერ წარმოდგენილ წინასამშენებლო გარანტიებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პირთან არ მოხდა მემორან­დუმის დადება, მთავრობა უფლებამოსილია მემორანდუმი დადოს დარ­ჩენილ მონაწილეებს შორის მე-5 მუხლის მე-2  პუნქტის მიხედვით მომ­დევნო საუკეთესო განაცხადის წარმომდგენ პირთან.

6. მემორანდუმის შესრულების მონიტორინგს ახორცი­ელებს სამი­ნისტრო.

მუხლი 7. მემორანდუმის ზოგადი პირობები

1. ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგება წინასამშენებლო ფა­ზის­გან და სამშენებლო ფაზისგან.

2. წინასამშენებლო ფაზაში ურთიერთგაგების მემორანდუმით გათ­ვა­ლისწინებულის გარდა, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია:

ა) პროექტის ტექნიკურ‑ეკონომიკური განხორციელებადობის ანა­ლი­ზის დასრულება;

ბ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზა­დება.

3. სამშენებლო ფაზაში ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვა­ლის­წინებულის გარდა, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია:

ა) პროექტის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მო­პოვება;

ბ) პროექტის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებარ­თვის აღება;

გ) ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება, სამშენებლო სამუ­შაოების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის, სამშენებლო, გარე­მოს­დაც­ვითი და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, მშენებლო­ბის დასრულება და დადგენილი წესით მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება.