სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 490.010.010.05.001.001.372
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2972
14/08/2003
სსმ, 26, 20/08/2003
490.010.010.05.001.001.372
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/11/2019 - 15/12/2023)

საქართველოს კანონი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის წესდების – რომის სტატუტის (შემდგომში – სტატუტი) საფუძველზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (შემდგომში – საერთაშორისო სასამართლო) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავს საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსა და საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისას სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფორმებს.

2. კანონში ტერმინები გამოყენებულია სტატუტით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 2. საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები

საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, სტატუტი, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

 

თავი II. საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

    მუხლი 3. საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

1. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო), რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის მიღებას, თხოვნის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, თხოვნათა შესრულებისთვის საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას.

2. საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფუნქციის შესრულებისას უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია:

ა) მიიღოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის დასაშვებობის შესახებ, შეიმუშაოს თანამშრომლობის პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობის გასაჩივრების თაობაზე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება თანამშრომლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე, ამასთან, განსაზღვროს რომელი სახელმწიფო ორგანოა უშუალოდ უფლებამოსილი თხოვნის შესრულებისთვის;

დ) უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება თხოვნის შესრულების შედეგების თაობაზე;

ე) გამართოს თათბირი საერთაშორისო სასამართლოსთან თხოვნაში დასმული საკითხის თაობაზე სტატუტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ზომები სახაზინო წესით დამცველის დანიშვნის ან/და სხვაგვარი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილება პირის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ;

თ) გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თაობაზე სტატუტის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ი) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საქართველოში აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიღებისა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ დანიშნული ფულადი სახდელის ან/და სხვა ხარჯების ანაზღაურების აღსრულების თაობაზე;

კ) განსაზღვროს თხოვნის შესრულების ფორმა და მის შესასრულებლად აუცილებელი პირობები თხოვნაში მითითებული გადაუდებელი ღონისძიებების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ლ) გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია საქართველოს სახელით, თუ აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს სისხლის-სამართლებრივი დევნა;

მ) მოითხოვოს საერთაშორისო სასამართლოსაგან საერთაშორისო სასამართლო თხოვნის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება სტატუტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ნ) განახორციელოს სტატუტითა და ამ კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 4. სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებები საერთაშორისო სასამართლოს თხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად

უფლებამოსილი ორგანო და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც გადაეცათ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მისი შესრულება სტატუტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილ ვადებში.

    მუხლი 5. თათბირი საერთაშორისო სასამართლოსთან

უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სასამართლოსთან გამართოს თათბირი, სტატუტით დადგენილი წესით. თათბირის გამართვა საერთაშორისო სასამართლოსთან აუცილებელია, თუ თხოვნის შესრულება:

ა) ეწინააღმდეგება სტატუტის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ სახელმწიფოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) შეეხება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს;

გ) საფრთხეს უქმნის სხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას;

დ) შეეხება შიდასახელმწიფოებრივი ან დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირს.

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3132 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

 

თავი III. საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა

    მუხლი 6. იურისდიქციის განსაზღვრა და დავა განსჯადობაზე

1. საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ იმ დანაშაულთა მიმართ, რომლებიც სტატუტის შესაბამისად საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას განეკუთვნება. თუ საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი ქმედება მისი განსჯადია, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან შეთანხმებით, მიიღოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა ან სტატუტის მე-19 მუხლის შესაბამისად, გაასაჩივროს საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა.

2. თუ უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას არ ასაჩივრებს ან მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას უპირატესობა აქვს, საქმის მთლიანი მასალები გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს. საერთაშორისო სასამართლოსთვის მასალების გადაცემა იწვევს საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ მის წარმოებაში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერებას.

3. საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობის გასაჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

    მუხლი 7. მტკიცებულების ან/და ინფორმაციის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის

უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს საერთაშორისო სასამართლოს გადაუგზავნოს ის მტკიცებულება ან/და ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ მოიპოვა მის მიერ წარმოებული გამოძიებისას, თუ ამ მტკიცებულებით ან/და ინფორმაციით შეიძლება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან თუ ეს მტკიცებულება ან/და ინფორმაცია უკვე დაწყებულ გამოძიებას გააადვილებს.

    მუხლი 8. ვითარების შეტყობინება საერთაშორისო სასამართლოსთვის

1. უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს, აცნობოს საერთაშორისო სასამართლოს, რომ არსებობს ეჭვი იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლის განსჯადობაც ექვემდებარება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, შემდგომი გამოძიების თხოვნით.

2. უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს.

საქართველო 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი 478 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195

 

თავი IV. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა

    მუხლი 9. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის ფორმა და მისი მიღების პირობები

1. უფლებამოსილ ორგანოს საერთაშორისო სასამართლოს ან უშუალოდ მისი ორგანოებისგან თხოვნა წარედგინება წერილობითი ფორმით.

2. თხოვნა და თანდართული მასალები შესრულებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ან მათ უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.

3. ძებნის, დაკავების ან სხვა გადაუდებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე თხოვნის გადაცემა, რომელიც მოგვიანებით სათანადო წესით უნდა იქნეს დამოწმებული, შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) დახმარებით ან სტატუტით განსაზღვრული სხვა საშუალებებით.

4. თუ უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის ფორმა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ შეუძლია მიიღოს თხოვნა განსახილველად, სტატუტით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი საფუძვლის მითითებით და დაუყოვნებლივ გამართავს თათბირს საერთაშორისო სასამართლოსთან.

5. თუ უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა მიუღებელია ან უარს ამბობს თხოვნის შესრულებაზე, იგი საერთაშორისო სასამართლოს დაუყოვნებლივ აცნობებს თხოვნის მიუღებლად ცნობის ან მის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რაც უნდა იყოს დასაბუთებული. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის შესრულებაზე საბოლოო უარის თქმამდე თათბირს მართავს საერთაშორისო სასამართლოსთან.

    მუხლი 10. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს სტატუტით დადგენილ შესაბამის საპროცესო ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

2. თხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილ მიმოხილვას, ასევე მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას;

ბ) დეტალურ და სრულ ინფორმაციას იმ პირზე, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ასევე დეტალურ ცნობებს პირზე, ადგილზე ან ობიექტზე, რომელთა დადგენა და ამოცნობა საჭიროა აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად;

გ) თხოვნის ობიექტის, ასევე შესასრულებელი პროცედურებისა და მოთხოვნილი დახმარების სრულყოფილ მიმოხილვას.

3. თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირობებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოსგან ან/და მისი ორგანოებისგან მოითხოვოს ხარვეზების გამოსწორება.

    მუხლი 11. თხოვნის განხილვა და შესრულება

1. უფლებამოსილი ორგანო იხილავს მიღებულ თხოვნას და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო ორგანოა უფლებამოსილი თხოვნის შესრულებისთვის, ამასთან, ადგენს დასაშვებ მოქმედებებს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

2. თუ თხოვნის დაუყოვნებლივ შესრულება ხელს შეუშლის საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას იმ საქმის გამო, რომელსაც თხოვნა არ ეხება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სტატუტის 94-ე მუხლით განსაზღვრული წესით, თხოვნის აღსრულება გადადოს იმ ვადით, რა ვადაზეც იგი საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმდება. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიების დასრულებისთვის დადგენილ ვადას.

3. თხოვნის განხილვის დამთავრების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს თანამშრომლობის განხორციელებისა და თანამშრომლობის მოცულობის შესახებ.

4. უფლებამოსილი ორგანო ან/და თხოვნის აღმსრულებელი ორგანო თხოვნის მიღების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობით ატყობინებს ამ კანონით გასაჩივრებისთვის უფლებამოსილ პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოში ან საქმიანობს საქართველოში.

    მუხლი 12. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო სასამართლოსთან ითანამშრომლებს სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე.

3. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება ხელყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3132 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1686   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 13. იმუნიტეტებთან დაკავშირებული საკითხები

თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა დაკავშირებულია იმ პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, უფლებამოსილი ორგანო შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართავს ასეთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებათა განხორციელების საფუძვლის არსებობის თაობაზე და ხელს უწყობს იმ მოქმედებების დროულად შესრულებას, რომლებიც იმუნიტეტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონმდებლობაში.

    მუხლი 14. პირისთვის საქმის მასალების გაცნობა

1. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა, უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს:

ა) საერთაშორისო სასამართლოში განსახილველი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) არსებითი სამართლებრივი საფუძვლის გამო, თუ ამას საერთაშორისო სასამართლო მოითხოვს;

გ) მისაღები ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის გამო;

დ) კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გამო.

    მუხლი 15. საქართველოს მიერ წარდგენილი თხოვნა

1. საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული დანაშაულის ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, უფლება აქვთ უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით თხოვნით მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს.

2. საქართველოს სახელით უფლებამოსილი ორგანოს მიერ საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი თხოვნა უნდა შეესაბამებოდეს სტატუტითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 16. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა, როგორც წესი, აღსრულდება ანაზღაურების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია:

ა) მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის გადაადგილებასა და დაცვასთან ან დაპატიმრებული პირის დროებით გადაცემასთან;

ბ) თარგმანის, სტენოგრამის შედგენასთან ან თარჯიმნის მომსახურებასთან;

გ) საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის, პროკურორის, პროკურორის მოადგილის, მდივნის, მდივნის მოადგილის ან/და საერთაშორისო სასამართლოს ორგანოების სხვა პერსონალის მგზავრობასა და დღიურ ანაზღაურებასთან;

დ) სასამართლოს თხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის და სპეციალისტის დასკვნის მომზადებასთან;

ე) იმ პირის ტრანსპორტირებასთან, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს;

ვ) საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულებისთვის საერთაშორისო სასამართლოსთან გამართული თათბირის შემდეგ წარმოშობილი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებასთან;

ზ) გადაწყვეტილების აღსრულებასთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებას სტატუტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საერთაშორისო სასამართლო.

3. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ ურთიერთდახმარების მიზნით გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდება.

4. დაპატიმრების შესახებ, უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაპატიმრებული პირის დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 17. საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის

1. სასამართლოს თხოვნით უფლებამოსილი ორგანო გასცემს ნებართვას დაპატიმრებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების თაობაზე.

2. ტრანზიტით გადაადგილების ნებართვას არ საჭიროებს ის დაპატიმრებული პირი, რომლის ტრანზიტით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ხმელეთზე დაუშვებლად.

3. გაუთვალისწინებელი დაფრენის შემთხვევაში, ტრანზიტით გადასაყვანი პირი დაკავებული და გადაყვანილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაკავებულ პირთა დროებითი ყოფნის იზოლატორში. უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს, რათა მიიღოს თხოვნა ტრანზიტის თაობაზე. თუ დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში ასეთი თხოვნა არ იქნება წარმოდგენილი, დაკავებული პირი განთავისუფლდება. თუ თხოვნა დაგვიანებით იქნება მიღებული, განთავისუფლებული პირი ხელახლა იქნება დაკავებული და მისი ტრანზიტით გადაადგილებაზე გაიცემა ნებართვა.

4. ტრანზიტით გადაადგილებაზე გაცემული ნებართვა არ საჩივრდება.

    მუხლი 18. ერთდროული თხოვნები

1. თუ საქართველო ერთდრულად ერთი და იმავე პირის თაობაზე მიიღებს გადაცემის ან ექსტრადიციის თხოვნას საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოსაგან, უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებს სტატუტის 90-ე მუხლის შესაბამისად.

2. თუ საქართველო ერთდროულად საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოსაგან მიიღებს იდენტურ თხოვნას იმ საკითხებზე თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც არ შეეხება პირის გადაცემას, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს სტატუტის 93-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.

3. თუ ერთდროული თხოვნების არსებობისას უფლებამოსილმა ორგანომ დააკმაყოფილა სხვა სახელმწიფოს თხოვნა, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს.

    მუხლი 19. ზიანის ანაზღაურება

1. უკანონო პატიმრობით ან სხვა უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მიმართ ქმედებები ამ კანონის შესაბამისად საქართველოში განხორციელდა.

2. ზიანის ანაზღაურება შეიძლება შემცირდეს ან მასზე საერთოდ ეთქვას უარი, თუ პირმა, რომელიც იდევნებოდა სისხლისსამართლებრივი წესით პროცესის წარმოება განზრახ გააჭიანურა ან გააძნელა გამოძიების წარმოება და პატიმრობა მთლიანად ან ნაწილობრივ ამ პირის ბრალით იყო გამოწვეული.

3. უკანონო პატიმრობით ან სხვა უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანი საქართველოს მიერ არ ანაზღაურდება, თუ სტატუტით განსაზღვრული წესით ზიანის ანაზღაურებას უზრუნველყოფს საერთაშორისო სასამართლო ან საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

თავი V. პირის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის

    მუხლი 20. გადაცემის სამართლებრივი საფუძველი

1. პირი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ჩადენილი ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია.

2. თუ საერთაშორისო სასამართლო სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად იხილავს საჩივარს განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის შესრულება იმ ვადით გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. საქართველოს მოქალაქის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ამ პირის საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

    მუხლი 21. თხოვნის შინაარსი და თანდართული მასალები

1. თხოვნა იმ პირის დაკავებისა და გადაცემის შესახებ, რომლის დაკავებასა და გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო, უნდა შეიცავდეს:

ა) პირის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს, ასევე მითითებას მისი სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე;

ბ) დაპატიმრების შესახებ გაცემული ბრძანების (ორდერის) ასლს;

გ) დაპატიმრების საფუძველს.

2. საერთაშორისო სასამართლოს მიერ გასამართლებული პირის დაკავებისა და გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) ასლს;

ბ) ცნობას უკვე მოხდილი და დარჩენილი სასჯელის შესახებ, თუ პირის მიმართ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

3. თხოვნას უნდა დაერთოს ინფორმაცია საქმის არსებით გარემოებათა შესახებ, რომელიც საკმარისი იქნება ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისათვის.

    მუხლი 22. თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა

1. ძებნისა და დაკავების თხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ზუსტ მონაცემებს იმ პირის შესახებ, ვის მიმართაც შემოვიდა თხოვნა, ასევე მითითებას პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე;

ბ) საქმის გარემოებების მოკლე აღწერას, ასევე ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის მითითებას;

გ) მითითებას, რომლის თანახმადაც, პირის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული დაპატიმრების ბრძანება ან განაჩენი;

დ) მითითებას, რომ პირის დაკავების შემთხვევაში, გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით იქნება წარდგენილი.

2. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის ძებნის, დაკავებისა და ჩხრეკის ღონისძიებათა განხორციელებას.

3. დაკავებისას უნდა მოხდეს იმ საგნების ამოღება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა, რომლებიც შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დროს მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული.

4. დაკავების და მტკიცებულებათა ამოღების შესახებ ეცნობება უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს და მისგან მოითხოვს გადაცემის შესახებ თხოვნის დაუყოვნებლივ გადმოგზავნას.

საქართველო 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი 478 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195

    მუხლი 23. პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

1. უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.

2. დაპატიმრების ბრძანება უნდა შეიცავდეს:

ა) სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მონაცემებსა და მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას;

ბ) მითითებას, რომ პირის გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო;

გ) მითითებას, რომ პირს აქვს გასაჩივრებისა და დაცვით სარგებლობის უფლება.

3. თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება.

4. დაკავებისას უნდა დადგინდეს, დაპატიმრებული პირის იდენტურობა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაში მითითებულ პირთან. დაპატიმრებულ პირს განემარტება მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საფუძველი და გადაცემის გამარტივებული პროცედურა. დაპატიმრებული პირი დაიკითხება პირადი მონაცემების თაობაზე და განემარტება დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ.

5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

საქართველო 2005 წლის 20 აპრილი კანონი 1418 - სსმ I , 19 , 28.04.2005 წ., მუხ. 141

საქართველო 2005 წლის 23 ივნის კანონი 1737 - სსმ I , 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 224

საქართველო 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი 478 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195

    მუხლი 24. პატიმრობა გადაცემის მიზნით

1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე.

2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.

3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც გათავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის.

საქართველო 20 10 წლის 9 მარტის კანონი 2706 - სსმ I , 12 , 24.03.2010 წ., მუხ. 72

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3555  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 25. პატიმრობის გაუქმება

1. სტატუტის 92-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობა გაუქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა გადაცემის თაობაზე, თანდართული მასალებით, პირის დაკავებიდან 60 დღის განმავლობაში უფლებამოსილ ორგანოში არ იქნება წარდგენილი.

2. თუ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი პატიმრობაში იმყოფება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირი გადაცემის მიზნით პატიმრობაში იქნა აყვანილი.

3. თუ პირი პატიმრობიდან განთავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს არ გამორიცხავს მის შემდგომ დაკავებასა და საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას, გადაცემის თხოვნისა და თანდართული მასალების საერთაშორისო სასამართლოდან მოგვიანებით გადმოგზავნის შემთხვევაში.

4. პირის პატიმრობიდან განთავისუფლებისას ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სტატუტის მოთხოვნებს.

    მუხლი 26. გადასაცემი პირის უფლებები

1. გადაცემის თხოვნა და თანდართული მასალები სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირსა და მის დამცველს უნდა წარედგინოს მათთვის გასაგებ ენაზე.

2. უფლებამოსილი ორგანო სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს განუმარტავს გადაცემის საფუძველს, გადაცემის გამარტივებულ პროცედურასა და მის უფლებას:

ა) გაასაჩივროს ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა;

ბ) მოიწვიოს მისი ინტერესების დასაცავად სასურველი დამცველი ან თუ არ ჰყავს იგი, უფლებამოსილი ორგანოსგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისი შერჩევა ან სახაზინო წესით დანიშვნა.

3. სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი დაიკითხება მისი პირადი მონაცემების შესახებ და განემარტება გადაცემის საფუძველი. პირს უფლება აქვს წარადგინოს მისი დაპატიმრებისა და გადაცემის საწინააღმდეგო არგუმენტები. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნულ მოქმედებათა განხორციელების პროცესში.

    მუხლი 27. ნებართვის გაცემა პირის გადაცემაზე

1. სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის, ასევე, ამოღებული და სათანადო წესით შენახული საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო.

2. თუ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი ან უფლებამოსილი ორგანო ასაჩივრებს საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას, გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვს საკუთრების უფლების დაცვას ამოღებულ იმ საგანზე ან ქონებრივი ღირებულების მქონე იმ ნივთზე, რომელიც შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული, ასეთ შემთხვევაში, ეს საგანი ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ პირობით, თუ იგი იკისრებს ვალდებულებას პროცესის დამთავრების შემდეგ უფასოდ დააბრუნოს აღნიშნული საგანი ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი.

    მუხლი 28. გადაცემის აღსრულება

1. გადაცემის აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ. ამ მიზნით, უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებით, იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებით, გადადოს გადაცემა, თუ გადასაცემი პირის მიმართ საქართველოში სხვა ქმედებისთვის ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა ან იგი პატიმრობაში იმყოფება.

    მუხლი 29. პირის დროებითი გადაცემა

ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს გადაწყვეტილება მიიღოს სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის დროებით გადაცემაზე, თუ საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ დადგინდება:

ა) ვადა, რა დროის განმავლობაშიც საერთაშორისო სასამართლო ითხოვს პირის გადაცემას;

ბ) რომ პირი გადაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება;

გ) რომ პირი პროცესის დამთავრების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით უკან იქნება დაბრუნებული.

    მუხლი 30. ექსკლუზიურობის პრინციპი

საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემული პირის სისხლისსამართლებრივი დევნა, დაპატიმრება ან მსჯავრდება საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეიძლება განხორციელდეს ყველა იმ ქმედებისათვის, რომლებზეც ვრცელდება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია.

 

თავი VI. თანამშრომლობის სხვა ფორმები

    მუხლი 31. თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი

1. საერთაშორისო სასამართლოსთან სტატუტითა და ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე ხორციელდება თანამშრომლობა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია.

2. თუ საერთაშორისო სასამართლო, სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად, იხილავს საჩივარს მისი განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს თხოვნის შესრულება გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს წინასწარი ღონისძიებები.

    მუხლი 32. თანამშრომლობის ფორმები

ამ თავის შესაბამისად, საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს სტატუტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ქმედებათა გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ამოღებას. ასეთ საპროცესო მოქმედებებს განეკუთვნება:

ა) პირთა იდენტიფიცირება, მათი ადგილსამყოფლის დადგენა;

ბ) მტკიცებულებათა, მათ შორის, მოწმის ჩვენების მოპოვება, საერთაშორისო სასამართლოსთვის აუცილებელ მტკიცებულებათა, მათ შორის, ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნის მომზადება და წარდგენა;

გ) იმ პირის დაკითხვა, ვის მიმართაც წარმოებს გამოძიება ან ვინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი წესით იდევნება;

დ) დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება;

ე) დაპატიმრებული პირის დროებითი გადაცემა;

ვ) ადგილებისა და ობიექტების ადგილმდებარეობის დადგენა;

ზ) ჩხრეკა, ამოღება, ყადაღის დადება;

თ) მასალებისა და დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო დოკუმენტების წარდგენა;

ი) მოწმეთა და დაზარალებულთა, ასევე მტკიცებულებათა დაცვა;

კ) თანხისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთების აღმოჩენა, დაყადაღება, ასევე, დანაშაულის საგნის და საშუალების ამოღება და დაყადაღება მისი ჩამორთმევის მიზნით;

ლ) სასამართლოს წინაშე მოწმეთა და ექსპერტთა სახით პირთა ნებაყოფლობითი გამოცხადებისთვის ხელის შეწყობა;

მ) ექსჰუმაციის ჩატარება, ადგილებისა და ობიექტების დათვალიერება, მათ შორის სამარხების აღმოჩენა და დათვალიერება;

ნ) დახმარების ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც ხელს უწყობს სასამართლოს მის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაში.

    მუხლი 33. წინასწარი ღონისძიებები

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს იმ სამართლებრივი სიკეთისა და მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც საფრთხე ემუქრება, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის მიღებისთანავე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. ეს ღონისძიებები უქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამის თხოვნას არ წარადგენს.

    მუხლი 34. საპროცესო ფორმის გამოყენება

საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა, როგორც წესი, სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ფორმით. საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნით თხოვნის შესრულებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ფორმა.

    მუხლი 35. სხვა სახელმწიფოსათვის მტკიცებულებათა გადაცემა

1. საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია, უფლებამოსილ ორგანოს თხოვნით მიმართოს იმ მტკიცებულებათა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისთვის, რომელიც მას საქართველომ გადასცა.

2. უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას დააკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, თუ საქმე ეხება იმ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია. სხვა შემთხვევაში საკითხი გადაწყდება სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 36. პირის დაკითხვა

1. პირს, რომელსაც ბრალი ედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენაში, დაკითხვისას უფლება აქვს:

ა) დაკითხვის წინ განემარტოს, რომ იგი იმ დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია;

ბ) ისარგებლოს დუმილის უფლებით;

გ) მოიწვიოს სასურველი დამცველი, ხოლო თუ არ ჰყავს იგი – უფლებამოსილი ორგანოსაგან მოითხოვოს მისი შერჩევა ან სახაზინო წესით დანიშვნა;

დ) დაიკითხოს დამცველის მონაწილეობით, თუ იგი ნებაყოფლობით არ ამბობს უარს დამცველის ყოლაზე.

2. თუ პირის დაკითხვა წარმოებს იმ ენაზე, რომელსაც პირი არ ფლობს ან არასათანადოდ ფლობს, მას ენიშნება თარჯიმანი. მას ასევე წარედგინება აუცილებელი დოკუმენტების მისთვის გასაგებ ენაზე შესრულებული თარგმანები.

3. პირს უფლება აქვს, უარი თქვას თავის ან იმ ახლობელთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რომელთა წრეც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საერთაშორისო სასამართლოს „პროცედურისა და მტკიცების წესების“ მიხედვით, ან, თუ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით სურს, სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად, არ გახმაურდეს მისთვის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განდობილი ინფორმაცია. თუ პირი იყენებს აღნიშნულ უფლებას, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ასეთ შემთხვევაში პირის დაკითხვის დასაშვებობის შესახებ.

4. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები განემარტება დაკითხვის დაწყებამდე.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51,29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3132 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

    მუხლი 37. საპროცესო დოკუმენტების ჩაბარება

საერთაშორისო სასამართლოს უფლება აქვს, მისი გადაწყვეტილებები ან სხვა საპროცესო დოკუმენტები საქართველოში მიმღებს გადასცეს დიპლომატიური არხების ან ფოსტის მეშვეობით.

    მუხლი 38. საერთაშორისო სასამართლოში გამოძახება

1. მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის საერთაშორისო სასამართლოში გამოძახების უწყებას თან უნდა ერთვოდეს საერთაშორისო სასამართლოს „პროცედურისა და მტკიცების წესები“, რაც პირს უნდა ჩაბარდეს მისთვის გასაგებ ენაზე. საერთაშორისო სასამართლოში გამოცხადებულ მოწმეს, ექსპერტს ან სპეციალისტს სასამართლომ უნდა მისცეს გარანტია, რომ ის არ იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული იმ ქმედების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის საერთაშორისო სასამართლოში გამოცხადებამდე.

2. გამოძახებული პირი ვალდებული არ არის, გამოცხადდეს საერთაშორისო სასამართლოში, თუ მისი გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება არ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სასამართლოს მიერ.

3. საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული თხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოს მიერ უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოწმის, ექსპერტის ან სპეციალისტის თავისუფალი გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ.

    მუხლი 39. საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს ნება დართოს, სტატუტის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. სასამართლოს წარმომადგენელთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაშვების თაობაზე უფლებამოსილი ორგანო აცნობებს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის კომპეტენციაში შედის შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 40. პატიმრობაში მყოფი პირის დროებითი გადაცემა

1. საქართველოს ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირი, სტატუტის 93-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება საერთაშორისო სასამართლოს დროებით გადაეცეს იდენტიფიცირების, დაკითხვის, დაპირისპირების ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

2. პატიმრობაში მყოფი პირი საერთაშორისო სასამართლოს დროებით გადაეცემა, თუ საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს გადაცემული პირის გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას, მის პატიმრობაში დატოვებასა და უკან დაბრუნებას გადაცემის მიზნის შესრულებისთანავე.

    მუხლი 41. მტკიცებულებათა გადაცემა

1. მტკიცებულების მიზნით ამოღებული საგანი, ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, დოკუმენტი, წერილობითი მასალა ან/და სხვა ნივთი, რომელიც სტატუტითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებად შეიძლება იქნეს გამოყენებული, საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა თავისივე თხოვნის საფუძველზე.

2. თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვენ მათი უფლებების დაცვას ამოღებულ საგანზე ან სხვა მტკიცებულებაზე, იგი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლო ვალდებულებას იღებს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ამ საგანს ან სხვა მტკიცებულებას უფასოდ დააბრუნებს.

3. გადაცემა შეიძლება გადაიდოს, თუ საგანი ან სხვა მტკიცებულება საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის საჭიროა და საერთაშორისო სასამართლო, თათბირის შედეგად, ამაზე თანხმობას განაცხადებს.

    მუხლი 42. საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევა

1. საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, რომელიც მტკიცებულების უზრუნველყოფისთვის არის ჩამორთმეული, შესაძლებელია, თავისივე თხოვნის საფუძველზე, გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს ჩამორთმევის, სტატუტის 79-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნობრივი ფონდისთვის გადაცემის ან ანაზღაურების გაცემის პირობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთს წარმოადგენს:

ა) დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი;

ბ) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული საგანი, ფული და ფასეულობა, მიღებული მოგება ან სარგებელი;

გ) საჩუქარი ან სხვა ფულადი საშუალება, რომელიც ემსახურებოდა ან იმისათვის იყო გამოყენებული, რომ ჩადენილიყო დანაშაული ან/და გადაცემული იყო დანაშაულის ჩადენისთვის.

3. საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი ამოღებული და დაყადაღებული უნდა იქნეს მანამ, ვიდრე იგი არ გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანო არ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს გადაცემაზე უარის შესახებ.

4. საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი არ გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს, თუ:

ა) დაზარალებული ცხოვრობს საქართველოში და აღნიშნული საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი მას უნდა დაუბრუნდეს;

ბ) მესამე პირს ამ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთზე აქვს კანონიერი უფლება;

გ) პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია, დაასაბუთებს, რომ მას ამ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთზე სხვა ქვეყანაში ან საქართველოში საკუთრების უფლება კეთილსინდისიერად აქვს მოპოვებული და ამ პირის საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი საქართველოშია;

დ) საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი საჭიროა საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის ან ექვემდებარება ჩამორთმევას საქართველოს ტერიტორიაზე.

5. თუ პირი იყენებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ უფლებას, მაშინ საერთაშორისო სასამართლოსთვის საგნის და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის გადაცემა გადაიდება მანამ, ვიდრე არ გაირკვევა გადასაცემი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა.

 

თავი VII. გასაჩივრება

    მუხლი 43. გასაჩივრება სასამართლოში

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიძლება გაასაჩივროს იმ პირმა, რომელსაც პირადად და უშუალოდ შეეხო გატარებული ღონისძიება ან აქვს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი.

2. თუ გასაჩივრებისთვის უფლებამოსილი პირი ასაჩივრებს იმ საკითხს, რომელსაც სტატუტის შესაბამისად შეფასება შეიძლება მისცეს მხოლოდ საერთაშორისო სასამართლომ, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო საჩივარს უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს, თუ მას ჯერ კიდევ არა აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება.

3. საჩივარი თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1737 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.224

    მუხლი 44. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის აღსრულების გადავადება

1. გასაჩივრება იწვევს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის აღსრულების გადავადებას.

2. სტატუტით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღსრულების გადავადების გაუქმების თაობაზე.

3. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განახლდება საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის აღსრულება.

 

თავი VIII. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება

    მუხლი 45. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პირობები

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, საქართველოში შეიძლება აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გასამართლებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან/და მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრება.

2. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნული ფულადი სახდელი შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ აქვს, მაგრამ საქართველოში აქვს საკუთრება.

3. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება პატიმრობის კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2706 - სსმ I, №12,24.03.2010წ., მუხ.72

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი № 5404  – ვებგვერდი, 10.1 2.201 9 წ.

    მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება

1. საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი ორგანო ამ მოთხოვნის შესრულებაზე დათანხმდება.

2. უფლებამოსილი ორგანო, თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესახებ თავისუფლების აღკვეთის საქართველოში აღსრულების თაობაზე. უფლებამოსილი ორგანო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.

3. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, უფლებამოსილი ორგანო აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოაგზავნოს თავისი წარმომადგენელი საქართველოში, რათა მან შეამოწმოს სასჯელის აღსრულების პირობები, შეხვდეს და ესაუბროს მსჯავრდებულს. საერთაშორისო სასამართლოს და მსჯავრდებულის ურთიერთობა ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს.

4. თუ მსჯავრდებულმა დააყენა შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების, შეწყალების, გასაჩივრების, ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის წარმოების აღძვრის შესახებ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ასეთი შუამდგომლობები ყველა სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს. მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოა უფლებამოსილი შეამციროს მსჯავრდებული პირის პატიმრობის ვადები ან სხვაგვარად შეუმსუბუქოს მას სასჯელის მოხდა.

5. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 47. საგნის ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

საგნის ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოიყენება ამ კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, თუ საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის შესაბამისად მიღებული აქვს გადაწყვეტილება საგნის ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს სთხოვს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

    მუხლი 48. აღსრულების ხარჯები

აღსრულებასთან დაკავშირებული სატრანსპორტო, ასევე სტატუტის მე-100 მუხლით და 103-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება საერთაშორისო სასამართლოს მიერ. საქართველოს მხარე აანაზღაურებს სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, თუ აღსრულება საქართველოში ხორციელდება.

 

თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 49. ამ კანონის ამოქმედებისთვის გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობისთვის აუცილებელი ხარჯები.

    მუხლი 50. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 49-ე მუხლისა, ამოქმედდეს საქართველოსთვის სტატუტის ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ კანონის 49-ე მუხლი ამოქმედდეს კანონის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 14 აგვისტო

№2972-რს