დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 92 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.016250 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2011 - 12/07/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 92
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს დადგენილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილებებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.
მუხლი 2. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. საგადასახადო ომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით.
2. განცხადების ან საჩივრის განხილვისას საგადასახადო ომბუდსმენი ნეიტრალურია და არ წარმოადგენს გადამხდელს ან იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების მართლზომიერებაც ეჭვქვეშ არის დაყენებული.
3. საგადასახადო ომბუდსმენი ინტერესთა ბალანსის საშუალებით ცდილობს, მიაღწიოს ყველა მოდავე მხარისათვის მისაღებ კონსენსუსს.
მუხლი 3. საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1. საგადასახადო ომბუდსმენი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.
2. საგადასახადო ომბუდსმენს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება წყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად ცნობის შემთხვევაში;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შემთხვევაში;
ე) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ვ) დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში მის საქმიანობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გაგრძელების შემთხვევაში;
ზ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში;
თ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.
მუხლი 4. საგადასახადო ომბუდსმენისათვის შეუთავსებელი საქმიანობა
1. საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
2. საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.
მუხლი 5. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელება
1. საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.
2. საგადასახადო ომბუდსმენი გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას ახორციელებს ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ საჩივრებზე რეაგირებით, კანონმდებლობაში ან/და პრაქტიკაში სისტემური ხარვეზების გამოვლენითა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით.
3. საგადასახადო ომბუდსმენს თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
4. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, არ გათქვას ის ინფორმაცია, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში აქვს მიღებული.
5. საგადასახადო ომბუდსმენი, ასევე:
ა) ხელმძღვანელობს აპარატს და წარმართავს მის საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იწვევს სპეციალისტებს ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე;
დ) კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;
ვ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;
ზ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს;
თ) ამტკიცებს აპარატში კონკურსის ჩატარების წესს;
ი) თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი
1. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომლის სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენი, აპარატის დებულებით. აპარატი მოქმედებს საგადასახადო ომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.
2. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო ომბუდსმენი.
3. აპარატი:
ა) ხელს უწყობს საგადასახადო ომბუდსმენს კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ასრულებს საგადასახადო ომბუდსმენის ცალკეულ დავალებებს.
4. აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 7. საჩივრის/განცხადების განხილვა
1. საგადასახადო ომბუდსმენი განიხილავს პირთა საჩივრებსა და განცხადებებს, რომლებიც შეეხება გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევას საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან.
2. მომჩივანი ან განცხადების ავტორი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის უფლებებზეც უშუალოდ ახდენს გავლენას მის მიერ მითითებული გადაწყვეტილება.
3. საგადასახადო ომბუდსმენის წინაშე მომჩივანი ან განცხადების ავტორი შეიძლება წარდგენილ იქნეს თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
4. საგადასახადო ომბუდსმენის წინაშე გადამხდელის ინტერესების დასაცავად დანიშნული წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, არსებითად არ განიხილოს საჩივრები/განცხადებები, თუ:
ა) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არსებობს საჩივარში/განცხადებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების საშუალება, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული;
ბ) მომჩივანს/განცხადების ავტორს აღარ სურს წარმოების გაგრძელება;
გ) საჩივარი/განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) საჩივრიდან/განცხადებიდან არ ირკვევა გადასახადის გადამხდელის უფლების დარღვევის ფაქტი;
ე) საჩივარი/განცხადება განმეორებითია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილია ახლად გამოვლენილი გარემოებები ან მტკიცებულებები.
6. საგადასახადო ომბუდსმენი საჩივარს ან განცხადებას განიხილავს საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
7. საჩივრის ან განცხადების განხილვა შეიძლება შეჩერდეს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების საფუძვლით.
8. საჩივრის/განცხადების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საგადასახადო ომბუდსმენი წერილობით მიმართავს იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივნის/განცხადების ავტორის აზრით, გადასახადის გადამხდელის უფლებებს ლახავს.
9. ზეპირი განმარტების მისაღებად საგადასახადო ომბუდსმენი ხვდება იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივნის/განცხადების ავტორის აზრით, გადასახადის გადამხდელის უფლებებს ლახავს.
10. გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ომბუდსმენი მიმართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ.
11. საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მომჩივნის/განცხადების ავტორის დასახელებასა და მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საჩივრის/განცხადების რეგისტრაციის თარიღს;
დ) დარღვეული უფლების აღწერას;
ე) ფაქტების აღწერას;
ვ) მომჩივნის/განცხადების ავტორის არგუმენტაციას;
ზ) სახელმწიფო ორგანო(ები)დან მოპოვებულ ინფორმაციას;
თ) საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციას დარღვეული უფლების აღდგენის საშუალებების შესახებ.
12. საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგების შესახებ ეცნობება მომჩივანს/განცხადების ავტორს.
13. საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს მონიტორინგს თავის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულებაზე, რისთვისაც გამოითხოვს ინფორმაციას სათანადო სახელმწიფო ორგანოდან.
მუხლი 8. კანონმდებლობის ანალიზი
1. გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი აანალიზებს როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ისე კანონპროექტებს.
2. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი განმარტება იმ სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლისაგან, რომელიც ამზადებს კანონპროექტს.
3. კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
4. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, გამოყონ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.
5. ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერის ან კანონპროექტის ნორმის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა შელახოს გადამხდელის უფლება, საგადასახადო ომბუდსმენი წარუდგენს დასკვნას სათანადო სახელმწიფო ორგანოს.
6. დასკვნა უნდა მოიცავდეს ნორმატიული აქტის/კანონპროექტის დასახელებასა და იმ საფუძვლებს, რომლის გამოც საგადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ ნორმატიული აქტის/კანონპროექტის არსებული რედაქცია არღვევს გადამხდელის უფლებებს.
მუხლი 9. პრაქტიკის ანალიზი
1. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს ზეპირი ან წერილობითი განმარტებები იმ ორგანოს წარმომადგენლისგან, რომლის ქმედებაც შესაძლოა ლახავდეს გადამხდელთა უფლებებს.
2. პრაქტიკის ანალიზის დასაწყებად საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც ინდივიდუალური/ჯგუფური საჩივარი, ისე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.
3. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი წერილობითი რეკომენდაციით მიმართავს სათანადო სახელმწიფო ორგანოს.
4. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
5. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ანალიზის დაწყების მიზეზს;
ბ) საგადასახადო ომბუდსმენის ან/და სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;
გ) მიზეზს, რომლის გამოც საგადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ არსებულ პრაქტიკას ნაკლი აქვს და მოითხოვს დახვეწას.
6. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, გამოყონ წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 10. საგანმანათლებლო საქმიანობა
გადამხდელთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და ექსპერტების მოწვევის საშუალებით.
მუხლი 11. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ანგარიში
1. საგადასახადო ომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ საგადასახადო ომბუდსმენი ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს.
2. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგადასახადო ომბუდსმენის მიერ გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით განხილული საჩივრებისა და განცხადებების, საგადასახადო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ნაკლოვანებების, მომზადებული რეკომენდაციებისა და რეკომენდაციებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირების, საგადასახადო სისტემაში გადამხდელთა უფლებების დაცვის ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.
3. საგადასახადო ომბუდსმენის ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო ომბუდსმენის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს აპარატს ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება.
4. საგადასახადო ომბუდსმენმა ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს აპარატის დებულების დამტკიცება და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.
მუხლი 13. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები