საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3612-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.017771
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3612-IIს
28/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
240140000.05.001.017771
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის (შემდგომ – ბიზნესომბუდსმენი) უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.

2. ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და კანონქვემდებარე აქტები.

 

მუხლი 3. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. ბიზნესომბუდსმენი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია. ბიზნესომბუდსმენზე რაიმე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია.

2. ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხე­ლ­მ­ძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერ­ძოებ­ლობისა და კანონიერების პრინციპებით.

3. ბიზნესომბუდსმენი განცხადების განხილვისას ნეიტრალურია და არ წარმოადგენს განმცხადებელს ან იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის გადაწყვე­ტი­ლების/ქმედების მარ­თლზომიერებასაც საეჭვოდ ხდის განმცხადებელი.

4. ბიზნესომბუდსმენი მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას.

5. ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მას, როგორც ბიზნესომბუდსმენს, გაანდეს. ეს უფლება ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.

 

მუხლი 4. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა

1. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იური­დიული ან ეკონომიკური განათლება.

2. ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით.

3. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილება უწყდე­ბა:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;

ბ) საკუთარი უფლებამოსი­ლე­ბის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში განუხორციელებლობის შემთხვევაში;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაც­ვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ე) ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის დაწყების ან თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით;

ზ) პირადი განცხადების საფუძველზე;

თ) გარდაცვალების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

6. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ბიზნესომბუდსმენის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შესრულების პერიოდში სარგებლობს ბიზნესომბუდსმენისთვის მინიჭებული უფლებებითა და სამართლებრივი გარანტიებით.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1828 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

 

მუხლი 5. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა

1. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

2. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

3. ბიზნესომბუდსმენი ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა.

 

მუხლი 6. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება

1. ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.

2. პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს:

ა) ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქ­ტი­კაში ხარვეზების გამოვლენით;

გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.

3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დო­კუმენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან გააფორმოს შეთანხმება ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ;

გ) სამსახურებრივი საჭიროებისთვის განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს სპეციალისტს, სამეცნიერო დაწესებულებას ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას;

დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები;

ე) საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.

4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესომბუდსმენს საქმიანობის განხორციელებაში და წარუდგინოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია/დო­კუმენტი.

5. ბიზნესომბუდსმენი ვალდებულია დაიცვას უფლებამოსილების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოობა.

6. ბიზნესომბუდსმენისთვის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

7. ბიზნესომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) გამოსცემს ინდივიდუ­ალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აფორმებს ხელშეკრულებებს;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იწვევს სპეციალისტს;

დ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს შუამდგომლობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება, თუ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4548 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

 

მუხლი 7. ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მოადგილე

1. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი (შემდგომ – აპარატი). აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.

2. ბიზნესომბუდსმენს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე/ თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს ბიზნესომ­ბუდ­სმენი. ბიზნესომ­ბუდ­სმენის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვრავს ბიზნესომბუდსმენი.

3. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეზე/მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენისთვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

4. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე/მოადგილეები და აპა­რატი მოქმედებენ ბიზნესომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

5. ბიზნესომბუდსმენი:

ა) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქ­მიანობას;

ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავი­სუ­ფ­­ლებს აპარატის თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომ­ლე­ბ­თან აფორმებს შრო­მით ხელშეკრულებებს;

ე) განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციებს;

ვ) აპარატის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;

ზ) ამტკიცებს აპარატში სტაჟირების გავლის წესს.

6. აპარატი:

ა) ხელს უწყობს ბიზნესომბუდსმენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორ­ცი­ელე­ბა­ში;

ბ) ასრულებს ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის/მოადგილეების მითითებებსა და და­ვა­­ლე­ბებს.

7. აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება.

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4384 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №129 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1828 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

 

მუხლი 8. განცხადების განხილვა

1. ბიზნესომბუდსმენი განიხილავს განცხადებას, რომელიც შეეხება პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევას.

2. პირი უფლებამოსილია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს განცხადება ბიზნესომბუდსმენს, თუ განცხადებაში მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე.

3. პირს უფლება აქვს, ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილი ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს. პირის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით წარმომადგენლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არსები­თად არ განიხილოს განცხადება, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია განცხადებაში მითითებული დარღვევის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსწორე­ბის საშუალება, რომელიც გამოყენებული არ ყოფილა.

5. ბიზნესომბუდსმენი განცხადებას არ განიხილავს, თუ:

ა) განმცხადებელმა უარი თქვა განცხადების განხილვაზე;

ბ) განცხადება განმეორებით არის წარდგენილი, მის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება და არ არსებობს ახალი გარემოება/მტკიცებულება;

გ) განცხადება არაუფლებამოსი­ლი პირის მიერ არის წარდგენილი;

დ) განცხადება ანონიმურია ან განმცხადებელთან დაკავშირება შეუძლებელია;

ე) განმცხადებელმა ხარვეზი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილ ვადაში არ გამოასწორა.

6. განმცხადებელს მიეთითება ხარვეზის გამოსწორების თაობაზე და მის გამოსასწორებლად მიეცემა გონივრული ვადა, თუ:

ა) განცხადება (გარდა ელექტრონული ფორმით წარდგენილისა) ხელმოუწერელია;

ბ) განცხადება წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) განცხადებიდან ვერ ირკვევა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი ან/და მოთხოვნის არსი.

7. ბიზნესომბუდსმენი განცხადებას გა­ნიხილავს მისი რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. განცხადების განხილვა ჩერ­დება მასში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტის გამოთხოვის შემთხვევაში. განცხადების განხილვის შეჩერება იწვევს მისი განხილვის ვადის დინების შეჩერებას.

8. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტი გამოითხოვოს იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს განმცხადებლის უფლე­ბებსა და კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს ინფორმაცია/დოკუმენტი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

9. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა. ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს ინფორმაცია/დოკუმენტი უნდა წარედგინოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღისა.

10. ბიზნესომ­ბუდ­­სმენი უფლებამოსილია ზეპირი განმარტების მისაღებად შეხვდეს იმ ადმინისტრაციული ორგანოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს განმცხადებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

11. პირის უფლების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მი­­მართავს პირის დარღვეული უფ­ლების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ რეკომენდაციით.

12. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა შე­იცავდეს:

ა) განმცხადებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტი­ლე­ბის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტებს;

გ) დარღვეული უფლების აღწერას;

დ) ფაქტების აღწერას;

ე) განმცხადებლის არგუმენტაციას;

ვ) ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტს;

ზ) პირის დარღვე­ული უფლების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ რეკომენდაციას.

13. ბიზნესომბუდსმენის მიერ განცხადების განხილვის შედეგები ეცნობება განმცხადებელს.

14. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამ რეკომენდაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობებს ბიზნესომბუდსმენს აღნიშნულის შესახებ და წარუდგენს სათანადო დასაბუთებას.

15. ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულების მონიტო­რინგს, რისთვი­საც იგი უფლებამოსილია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტი.

16. ბიზნესომბუდსმენის მიერ განცხადების განხილვა არ ზღუდავს პირის უფლებას, გამოიყენოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სხვა საშუალებები, მათ შორის, მიმართოს სასამართლოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას. 

 

მუხლი 9. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი

1. ბიზნესომბუდსმენი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის/პირების მიმართვის საფუძველზე აანალიზებს საქართველოს კანონმდებ­ლობას და ნორმატიული აქტების პროექტებს.

2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს.

3. ნორმატიულ აქტში ან ნორმატიული აქტის პროექტში ისეთი ნორ­მის არსებობისას, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს პირის უფლება, ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დას­კვნას წარუდგენს.

4. ბიზნესომბუდსმენის დასკვნა უნდა შეიცავდეს ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პრო­­ექტის დასახელებას და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პრო­­ექტის არსებული რედაქცია პირის უფლებას არღვევს.

5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.

 

მუხლი 10. პრაქტიკის ანალიზი

1. ბიზნესომ­ბუდ­სმენის მიერ პრაქტიკის ანალიზის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის/პირების მიმართვა ან მასობრივი ინფორმაციის სა­შუ­ა­ლებით გავრცელებული ინფორმაცია.

2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზე­პირი და წერილობითი განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

3. პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს რეკომენდა­ციით მიმართავს.

4. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრაქტიკის ანალიზის დაწყების მიზეზს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არღვევს.

5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს წინადადებები პრაქტიკის სრულყოფის მიზნით.

 

მუხლი 11. საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა

პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას, მათ შორის, საინფორმაციო ვიდეორგოლების გავრცელებით, სემინარებისა და შეხვედრების გამართვით, სასწავლო ვიზიტებით და სპეციალისტების მოწვევით.

 

მუხლი 12. ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიში

1. ბიზნესომბუდსმენი ამზა­დებს წლიურ ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიში საჯაროა და მის გამოქვეყნებას ბიზნესომბუდსმენი უზრუნველყოფს.

2. ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის მიერ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხილული განცხადებების, საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების, მომზადებული რეკომენდაციებისა და დასკვნების, რეკომენდაციებსა და დასკვნებზე ადმინისტრაციული ორგანოების რეაგირების, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაო­ბაზე.

3. ბიზნესომბუდსმენი წლიურ ანგარიშს კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3900 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 

მუხლი 13. ბიზნესომბუდსმენის ქონება და დაფინანსება

1. ბიზნესომბუდსმენს საკუთარი უფლებამოსილების შეუფერხებლად განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი.

4. ბიზნესომბუდსმენი განკარგავს მისთვის გამოყოფილ სახსრებს და უზრუნველყოფს გადაცემული ქონების შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებას.

 

 მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საგადასახადო ომბუდსმენი, საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე და საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ინიშნებიან ბიზნესომბუდსმენის, ბიზნესომბუდსმენის მოადგილის და აპარატის შესაბამის თანამდებობებზე.

2. საგადასახადო ომბუდსმენის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ბიზნესომბუდსმენის მიერ მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე.

3. საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის დასახელების შეცვლა არ იწვევს საგადასახადო ომბუდსმენის/საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შეჩერებას ან შეწყვეტას.

4. აპარატის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად განსაზღვრამდე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობისათვის საჭირო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მოსამზადებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში გათვალისწინებას.

5. სახელმწიფოს მიერ ბიზნესომბუდსმენისთვის შესაბამისი ქონების გადაცემამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბიზნესომბუდსმენს და აპარატს უზრუნველყოფს მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ფართობითა და ინვენტარით.

 

 მუხლი 15. დასკვნითი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილება.

 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 მაისი 2015 წ.

N3612-IIს