საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ

  • Word
საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
92
23/02/2011
ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
200250000.10.003.016250
საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2011 - 12/07/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 92

2011 წლის 23 თებერვალი

. თბილისი

საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს დადგენილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრავს საგა­დასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილებებს, საქმიანობის ძი­რი­თად პრინციპებსა და ფორმებს.

    მუხლი 2. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. საგადასახადო ომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხე­ლ­მ­ძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერ­ძოებ­ლობისა და კანონიერების პრინციპებით.

2. განცხადების ან საჩივრის განხილვისას საგადასა­ხა­დო ომბუდსმენი ნეიტრალურია და არ წარმოადგენს გადამ­ხდელს ან იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის გადაწყვე­ტი­ლების მარ­თლზომიერებაც ეჭვქვეშ არის დაყენებული.

3. საგადასახადო ომბუდსმენი ინტერესთა ბალანსის სა­შუ­­­ალებით ცდილობს, მიაღწიოს ყველა მოდავე მხარისათვის მი­საღებ კონსენსუსს.

    მუხლი 3. საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

1. საგადასახადო ომბუდსმენი შეიძლება იყოს მხოლოდ სა­ქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იური­დიული ან ეკონომიკური განათლება.

2. საგადასახადო ომბუდსმენს ნიშნავს საქართველოს პრე­მიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს­თან შეთანხმებით.

3. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება წყდე­ბა:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაც­ვლილად ცნობის შემთხვევაში;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შემთხვევაში;

 ე) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

 ვ) დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში მის საქმიანობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გაგრძელების შემთხვევაში;

ზ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში უფლებამოსი­ლე­ბის განუხორციელებლობის შემთხვევაში;

თ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.

    მუხლი 4. საგადასახადო ომბუდსმენისათვის შეუთავსებელი საქმიანობა

1.  საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება ასრულებ­დეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

2.  საგადასახადო ომბუდსმენი არ შეიძლება იყოს რომე­ლი­მე პოლიტიკური პარტიის წევრი.

 

    მუხლი 5. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელება

1. საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

2. საგადასახადო ომბუდსმენი გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვას ახორციელებს ინდივიდუალურ ან/და ჯგუ­ფურ საჩივრებზე რეაგირებით, კანონმდებლობაში ან/და პრაქ­ტი­კაში სისტემური ხარვეზების გამოვლენითა და საგანმანათ­ლებლო საქმიანობის განხორციელებით.

3. საგადასახადო ომბუდსმენს თავისი საქმიანობის გან­ხორციელების პროცესში უფლება აქვს, კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით სახელმწიფო ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორ­მა­ცია/დო­კუმენტაცია.

4. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, არ გათქვას ის ინფორმაცია, რომელიც თავისი საქმიანობის ფა­რ­გლებში აქვს მიღებული.

5. საგადასახადო ომბუდსმენი, ასევე:

ა) ხელმძღვანელობს აპარატს და წარმართავს მის საქ­მიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუ­ფ­­ლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს თანამშრომ­ლე­ბ­თან შრო­მით ხელშეკრულებებს;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იწვევს სპეციალისტებს ერთჯე­რადი ხელშეკრულების საფუძველზე;

დ) კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუ­ალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას, თანამშრო­მელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;   

ვ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაც­ვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;

ზ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს;

თ) ამტკიცებს აპარატში კონკურსის ჩატარების წესს;     

ი) თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი

1. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის უზრუნველსა­ყოფად იქმნება საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი (შემ­დგომ­­ში – აპარატი), რომლის სტრუქტურასა და მუშაობის წესს გან­საზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენი, აპარატის დე­ბულებით. აპარატი მოქმედებს საგადასახადო ომბუდსმენის სა­ხელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

2. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საგადასახადო ომბუდსმენი.

3. აპარატი:

ა) ხელს უწყობს საგადასახადო ომბუდსმენს კა­ნონ­მდებ­ლობით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორ­ცი­ელე­ბა­ში;

ბ) ასრულებს საგადასახადო ომბუდსმენის ცალკეულ და­ვა­­ლე­ბებს.

4. აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

    მუხლი 7. საჩივრის/განცხადების განხილვა

1. საგადასახადო ომბუდსმენი განიხილავს პირთა საჩივ­რებ­სა და განცხადებებს, რომლებიც შეეხება გადასახადის გა­დამხდელის უფლებების დარღვევას საგადასახადო და სხვა სა­ხელმწიფო ორგანოთა მხრიდან.

 2. მომჩივანი ან განცხადების ავტორი უნდა იყოს გადა­სა­ხადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომად­გე­ნელი, რომლის უფლებებზეც უშუალოდ ახდენს გავლენას მის მიერ მითითებული გადაწყვეტილება.

3. საგადასახადო ომ­ბუდსმენის წინაშე მომჩივანი ან გან­­ცხადების ავტორი შეიძლება წარდგენილ იქნეს თავისი უფლე­ბა­­მო­სილი წარმომადგენლის მიერ.

4. საგადასახადო ომბუდსმენის წინაშე გადამხდელის ინ­ტე­რე­სების დასაცავად დანიშნული წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

5.  საგადასახადო ომბუდსმენს უფლება აქვს, არსები­თად არ განიხილოს საჩივრები/განცხადებები, თუ:

ა) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არსებობს საჩივარში/განცხადებაში მითითებული დარღვევის გამოსწორე­ბის საშუალება, რომელიც არ ყოფილა გამოყენებული;

ბ) მომჩივანს/განცხადების ავტორს აღარ სურს წარმოების გაგრძელება;

გ) საჩივარი/განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსი­ლი პირის მიერ;

დ) საჩივრიდან/განცხადებიდან არ ირკვევა გადასახადის გა­დამხდელის უფლების დარღვევის ფაქტი;

ე) საჩივარი/განცხადება განმეორებითია, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, თუ წარდგენილია ახლად გამოვლენილი გარემოებე­ბი ან მტკი­ცე­ბუ­ლებები.

6. საგადასახადო ომბუდსმენი საჩივარს ან განცხადებას გა­ნიხილავს საჩივრის/განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენ­დარული დღის განმავლობაში.

7. საჩივრის ან განცხადების განხილვა შეიძლება შე­ჩერ­დეს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების სა­ფუძ­­ვლით.

8. საჩივრის/განცხადების შესახებ ინფორმაციის მოსა­პო­­­ვებლად საგადასახადო ომბუდსმენი წერილობით მიმართავს იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვა­ნელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივ­ნის/გან­ცხა­დების ავტორის აზრით, გადასახადის გადამხდელის უფლე­ბებს ლახავს.

9. ზეპირი განმარტების მისაღებად საგადასახადო ომ­ბუდ­­სმენი ხვდება იმ ორგანოს/ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მო­მ­ჩივნის/განცხადების ავტორის აზრით, გადასახადის გადამ­ხდე­ლის უფლებებს ლახავს.

10. გადასახადის გადამხდელის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ომბუდსმენი მი­­მართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფ­ლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესა­ხებ.

11. საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა მო­იცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მომჩივნის/განცხადების ავტორის დასახელებასა და მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტი­ლე­ბის რეკვიზიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) საჩივრის/განცხადების რეგისტრაციის თარიღს;

დ) დარღვეული უფლების აღწერას;

ე) ფაქტების აღწერას;

ვ) მომჩივნის/განცხადების ავტორის არგუმენტაციას;

ზ) სახელმწიფო ორგანო(ები)დან მოპოვებულ ინფორმა­ცი­ას;

თ) საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციას დარღვე­ული უფლების აღდგენის საშუალებების შესახებ.

12. საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგების შესახებ ეცნობება მომჩივანს/განცხადების ავტორს.

13. საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს მონიტო­რინგს თავის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულებაზე, რის­თვი­საც გამოითხოვს ინფორმაციას სათანადო სახელმწი­ფო ორგანოდან.

    მუხლი 8. კანონმდებლობის ანალიზი

1. გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით საგადა­სახადო ომბუდსმენი აანალიზებს როგორც მოქმედ კანონმდებ­ლობას, ისე კანონპროექტებს.

2. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს რო­გორც წერილობითი, ისე ზეპირი განმარტება იმ სახელ­მწი­ფო ორგანოს წარმომადგენლისაგან, რომელიც ამზადებს კა­ნონ­პროექტს.

3. კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასა­ხადო ომბუდსმენი ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

4.  სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, გამო­ყონ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისა­ღე­ბად.

5. ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერის ან კანონპროექტის ნორ­მის აღმოჩენისას, რომელმაც შესაძლოა შელახოს გადამ­ხდელის უფლება, საგადასახადო ომბუდსმენი წარუდგენს დას­კვნას სათანადო სახელმწიფო ორგანოს.

6. დასკვნა უნდა მოიცავდეს ნორმატიული აქტის/კანონ­პრო­­ექტის დასახელებასა და იმ საფუძვლებს, რომლის გამოც სა­გადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ ნორმატიული აქ­ტის/კა­ნონპროექტის არსებული რედაქცია არღვევს გადამხდე­ლის უფლებებს.

    მუხლი 9. პრაქტიკის ანალიზი

1. საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, მიიღოს ზე­პირი ან წერილობითი განმარტებები იმ ორგანოს წარმო­მადგენლისგან, რომლის ქმედებაც შესაძლოა ლახავდეს გადამ­ხდელთა უფლებებს.

2. პრაქტიკის ანალიზის დასაწყებად საგადასახადო ომ­ბუდ­სმენს უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც ინდივიდუ­ალუ­რი/ჯგუფური საჩივარი, ისე მასობრივი საინფორმაციო სა­შუ­ა­ლებებით გავრცელებული ინფორმაცია.

3. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი წერილობითი რეკომენდა­ციით მიმართავს სათანადო სახელმწიფო ორგანოს.

4. პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზ­­ნით საგადასახადო ომბუდსმენი უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომელშიც შესაძლოა ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარ­მომადგენლები.

5. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ანალიზის დაწყების მიზეზს;

ბ) საგადასახადო ომბუდსმენის ან/და სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს;

გ) მიზეზს, რომლის გამოც საგადასახადო ომბუდსმენი თვლის, რომ არსებულ პრაქტიკას ნაკლი აქვს და მოითხოვს დახვეწას.

6. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, გა­მოყონ წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.

    მუხლი 10. საგანმანათლებლო საქმიანობა

გადამხდელთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით საგადასახადო ომბუდსმენი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და ექსპერ­ტების მოწვევის საშუალებით.

    მუხლი 11. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის ანგარიში

1.  საგადასახადო ომბუდსმენის მიერ განხორციელე­ბუ­ლი საქმიანობის შესახებ საგადასახადო ომბუდსმენი ამზა­დებს ყოველწლიურ ანგარიშს.

 2. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგადა­სა­ხადო ომბუდსმენის მიერ გადამხდელთა უფლებების დაცვის მიზნით განხილული საჩივრებისა და განცხადებების, საგადა­სახადო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ნაკ­ლოვა­ნებების, მომზადებული რეკომენდაციებისა და რეკომენ­დაციებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირების, საგადა­სახადო სისტემაში გადამხდელთა უფლებების დაცვის ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაო­ბაზე.

 3. საგადასახადო ომბუდსმენის ანგარიში წარედგინება სა­ქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

    მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების და­ფი­ნანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სა­გადასახადო ომბუდსმენის მიერ წარდგენილი წინადადე­ბების სა­ფუძველზე მოამზადოს შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უზრუნველ­ყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარ­ჯების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლი­ლების შეტანამდე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რე­ბის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს აპა­რატს ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება.

4. საგადასახადო ომბუდსმენმა ერთი თვის ვადაში უზრუნ­ველყოს აპარატის დებულების დამტკიცება და მისი ფუნ­ქცი­ონირებისათვის საჭირო სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტე­ბის მიღება.

 

მუხლი 13. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ნ. გილაური