საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 12/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
183
07/07/2010
სსმ, 84, 12/07/2010
000000000.00.000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/07/2010 - 14/12/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2010 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.

8. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

 9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №9.

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;

ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სათანადო პირობების შექმნა ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის;

გ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) „სპორტი ყველასათვის“, „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულებებისა და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტული მოძრაობებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;

ე) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;

ვ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა სტატუსის განსაზღვრა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;

ზ) სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

კ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;

ლ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სახელმწიფო პროგრამების მომზადება სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;

მ) ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესება, ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;

ნ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირებისათვის ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;

ო) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;

პ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;

ჟ) დადგენილი წესით მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად თავისი გამგებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

რ) დამკვეთის ფუნქციის შესრულება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით;

ს) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტორული და სარევიზიო მუშაობის განხორციელება;

ტ) კანონით დადგენილი წესით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.

3. თავისი ამოცანების შესრულებისას სამინისტრო:

ა) თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის აპარატში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტებს, ნორმატივებს, მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

დ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს, აუქციონებსა და სხვა ღონისძიებებს.

    მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია

სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;

ბ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების პროგრამების გან-ხორციელებას;

გ) ქმნის პირობებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის;

დ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სპორტის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს სპორტულ დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;

ე) ახორციელებს თავისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს.

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემაში შედიან:

ა) საქვეუწყებო დაწესებულებები;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. ქვეყნის მასშტაბით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი რეალიზების კოორდინაციის მიზნით საქართველოს მთავრობას შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შეუძლია შექმნას სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.

    მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამინისტროს აპარატი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;

ე) სპორტის დეპარტამენტი;

ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;

ზ) რეგიონული დეპარტამენტი.

    მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;

ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;

ვ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ზ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრულებისათვის;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის წესებს და განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;

მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;

ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

პ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;

ჟ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები

1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.

2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დგინდება, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, თუ კანონით ან საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. სამინისტროს აპარატის კომპეტენციაა:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა;

ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;

გ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;

ბ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; სამინისტროს მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვა, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირება, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება;

გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსებისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო ჯილდოებისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;

დ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.

3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგისა და აუდიტორული საქმიანობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა-ანალიზი; სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.

4. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან შესული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.

5. სპორტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების, კვლევისა და ანალიზის შედეგად სპორტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სხვა სამინისტროების მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათთან თანამშრომლობა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, სპორტის დარგში სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა, სამეცნიერო შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობისა და სხვა შეხვედრების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

გ) სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით წინადადებების ანალიზი და მომზადება, მათი ეროვნული საინვესტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად, „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებების კალენდრის შემუშავებისა და მისი შესრულების ანალიზის განხორციელება, სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

დ) სპორტული პროფილის საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ წინადადებების კვლევა და წარდგენა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხების შემუშავება, სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებების პროექტების მომზადება, დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადება და მათი პრაქტიკაში დანერგვა;

ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებთან, სასპორტო სკოლებთან, სპორტულ ბაზებთან, სპორტულ სასწავლებლებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან;

ვ) საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვიანობის ორგანიზება და წარმოება, არსებული მდგომარეობის ანალიზი ძირითადი მონაცემების მიხედვით;

ზ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებსა და სასპორტო სკოლებთან ერთად მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მომზადება;

თ) ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში მონაწილეობა, მწვრთნელთა და სპორტის სფეროში მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;

ი) სპორტის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა;

კ) „სპორტი ყველასათვის“ მიმართულების, ფიზიკური აღზრდის, სპორტული რეზერვის მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად სამუშაოების წარმოება და სპორტული კლუბების ჩამოსაყალიბებლად პირობების შექმნა;

ლ) სპორტული რეზერვების მზადებისათვის ზრუნვა, ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობა, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციული საკითხების მონიტორინგის ჩატარება;

მ) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და მათი სპორტში ჩაბმისათვის პირობების შექმნა;

ნ) საქართველოში „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულების განვითარების საკითხების ხელმძღვანელობა;

ო) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მომზადება, დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;

პ) ეროვნულ ფედერაციებთან, ასოციაციებსა და კლუბებთან თანამშრომლობა; ქვეყნის სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და სხვადასხვა ასაკის (ბავშვების, კადეტების, იუნიორებისა და დიდების) ნაკრები გუნდების დაკომპლექტებაში მონაწილეობა, ოლიმპიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატე-ბისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგმების შედგენაში, ასევე კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა; ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა დოსიეს ყოველგვარი მონაცემებით მომზადება, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზება, შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობის უზრუნველყოფა, „უმაღლესი მიღწევების სპორტისა“ და „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებებისათვის აუცილებელი სახსრების საჭიროების შესახებ განაცხადების მომზადება, ოლიმპიური მოძრაობის კოორდინაცია;

ჟ) „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულების შემუშავებაში მონაწილეობა;

რ) დოპინგსაწინააღმდეგო საკითხების ხელმძღვანელობა. სპორტული ბაზების ეფექტური გამოყენების კვლევა და ანალიზი.

6. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ბავშვების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, საზოგადოებრივ და ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება და განხორციელება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესების, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;

გ) ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) იმ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, რომელთა მიზანია ახალგაზრდული დღეების, თამაშობებისა და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;

ზ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) ქვეყანაში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოპოვებული და გადამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ი) საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნების ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

 კ) ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის განხორციელება, ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

 ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა, ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;

 მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მიზნით სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა.

 7. რეგიონული დეპარტამენტის კომპეტენციაა: საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვებისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ; საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი.

    მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

2. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებითა და თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება, თავიანთი თანხმობით, ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

    მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა

1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“.

2. სამინისტრო იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.

4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა.

5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, კონვერტებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.

    მუხლი 11. სამინისტროს ქონება

სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.

    მუხლი 12. სამინისტროს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია

სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.